მარი ელიზაბეტ დე ვალუა (ფრანგ. Marie Elisabeth de Valois; დ. 27 ოქტომბერი, 1572, პარიზი — გ. 2 აპრილი, 1578, პარიზი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ IX-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ერთადერთი შვილი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

მარი ელიზაბეტ დე ვალუა
Marie Elisabeth de Valois Clouet.jpg
წოდებები
საფრანგეთის პრინცესა
დაიბადა 27 ოქტომბერი, 1572
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 2 აპრილი, 1578, (5 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო ვალუები
მამა შარლ IX, საფრანგეთის მეფე
დედა ელიზაბეთ ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

მარი ელიზაბეტი დაიბადა 1572 წლის 27 ოქტომბერს პარიზში, ლუვრის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ერთადერთი საერთო შვილი. მიუხედავად იმისა, რომ მისმა სქესმა ბევრს გაუცრუა იმედი, იგი მაინც ძალიან უყვარდათ მის მშობლებს. აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და დედოფალ ეკატერინე მედიჩის, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და დედოფალ მარია ესპანელის შვილიშვილი იყო.

დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ, 1573 წლის 2 თებერვალს, სენ-ჟერმენში კათოლიკედ მონათლეს. მიუხედავად პოლიტიკურ-რელიგიური დაპირისპირებებისა, რომელიც წმინდა ბართლომეს ღამეს (რომელიც მის დაბადებამდე ორი თვით ადრე მოხდა) მოწყობილი პროტესტანების ხოცვამ გამოიწვია, მარი ელიზაბეტის ნათლია ინგლისის ანგლიკანი დედოფალი, ელისაბედ I გახდა. მას სახელი თავისი ნათლიების: დედოფალ ელისაბედ I-ისა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ესპანელის პატივსაცემად ეწოდა. მისი კიდევ ერთი ნათლია იყო სავოიის ჰერცოგი ემანუელე ფილიბერტო, რომელიც აგრეთვე იყო მამამისის მამიდის მეუღლე. ნათლობის შემდეგ იგი აღსაზრდელად იზაბელ დე კრისეს მიაბარეს.

როდესაც მარი ელიზაბეტი ორი წლის იყო, 1574 წელს მამამისი, მეფე შარლ IX გარდაიცვალა. მისი უვაჟობის გამო ტახტი მისმა ძმამ, ანრი III-მ დაიკავა. ამ ამბიდან წელიწადნახევარში დედამისი, დედოფალი ელიზაბეთი მშობლიურ ვენაში დაბრუნდა მამამისის, იმპერატორ მაქსიმილიანის მოთხოვნით. ამ დროს დედა-შვილმა უკანასკნელად ნახეს ერთმანეთი. გამოსამშვიდობებლად ისინი ერთმანეთს 1575 წლის 28 აგვისტოს, ამბუაზის სასახლეში შეახვედრეს.

საფრანგეთის სამეფო კარის მატიანე პიერ დე ბორდოვილი თავის ჩანაწერებში მარი ელიზაბეტზე საუბრობს. იგი პატარა პრინცესას აღწერს როგორც ლამაზ და უჩვეულო ინტელექტუალური მონაცემებით დაჯილდოვებულ გოგონას. რამდენადაც ცნობილია, მან თავისი გენეოლოგია ზეპირად იცოდა, როგორც ვალუას, ისე ჰაბსბურგთა მხარის, რის გამოც ყველას ამაყად ეუბნებოდა, რომ იგი ევროპის ორი უძლიერესი დინასტიის შთამომავალი იყო.

დინასტიური თვალსაზრისით მარი ელიზაბეტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ანრი II-ის შვილიშვილი იყო და მამრობითი სქესისა და უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის შემთხვევაში, იგი დაიკავებდა საფრანგეთის ტახტს და ვალუას დინასტიაც განაგრძობდა არსებობას, ასეთ შემთხვევაში კი საფრანგეთში ბურბონები არ გამეფდებოდნენ, რასაც შესაძლოა ბურჟუაზიული რევოლუციაც კი აეცილებინა თავიდან, თუმცა ეს მხოლოდ ალტერნატიული ისტორიაა. მას რომ ზრდასრულობამდე ეცხოვრა, შესაძლოა თავისი ქორწინებით შეექმნა მნიშვნელოვანი დინასტიური კავშირი და მსგავსად თავისი მამიდის, მარგარიტა ვალუასი, საფრანგეთის დედოფალი გახდებოდა. ამრიგად, მის ნაადრევ გარდაცვალებას უკავშირდება ისტორიულ მოვლენათა მთელი ის ჯაჭვი, რაც შემდეგ საფრანგეთში განვითარდა.

თავდაპირველად მარი ელიზაბეტი ამბუაზისა და ბლუას სასახლეებში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი პარიზში გადაიყვანეს. პარიზში ჩასვლიდან მალევე, 1578 წლის 2 აპრილს, ანჟუს სასახლეში 5 წლის მარი ელიზაბეტი გარდაიცვალა. საფრანგეთის სამეფო კარი დიდად გლოვობდა მის დაკარგვას, რის შემდეგაც, 1578 წლის 10 აპრილს იგი სენ-დენის ბაზილიკაში დაკრძალეს, მამის გვერდით.

წინაპრებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Orieux, Jean (2007). Caterina de' Medici. Un'italiana sul trono di Francia. Milano: Arnoldo Mondadori. ISBN 88-04-30464-2.
  • Stephens, Henry Morse (1903). The story of Portugal. G.P. Putnam's Sons. pp. 125, 139, 279. Retrieved 11 July 2018.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Joanna" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Priebatsch, Felix (1908), "Wladislaw II.", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 54, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 688–696
  • Whale, Winifred Stephens (1914). The La Trémoille family. Boston, Houghton Mifflin. p. 43.
  • Press, Volker (1990), "Maximilian II.", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 16, Berlin: Duncker & Humblot, pp. 471–475
  • Cokayne, G. E. C. (1959). "Earl of Worcester". In White, G. H. (ed.). The Complete Peerage. XII, part 2 (2nd ed.). London: St. Catherine Press. p. 853.
  • Brantôme, Vie des dames illustres, o. c., II, article XIII, pp. 313-315.
  • Anselme de Sainte-Marie, Père (1726). Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France [Genealogical and chronological history of the royal house of France] (in French). 1 (3rd ed.). Paris: La compagnie des libraires. pp. 133–134.