დიპლომატიასაგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. სხვაგვარად, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა და საგარეო ურთიერთობის ორგანოთა ოფიციალური საქმიანობა საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საზღვარგარეთ. მეთოდი, რომლითაც ამ ურთიერთობებს არეგულირებენ და აწარმოებენ ელჩები ან დესპანები. ტერმინი „დიპლომატია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „diplōma“ — წარწერებიანი ორკეცი დაფა, რომელიც ძველ საბერძნეთში რწმუნებულების საბუთად ეძლეოდა სხვა ქვეყანაში გაგზავნილ დესპანს; თანამედროვე მნიშვნელობით დამკვიდრდა XVIII საუკუნის ბოლოს. დიპლომატია წარმოიშვა სახელმწიფოსთან ერთად. მისი მიზანდასახულობა და მეთოდები შეესაბამება სახელმწიფოს არსს და პოლიტიკურ რეჟიმს.[1]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა.
Ger van Elk, Symmetry of Diplomacy, 1975, Groninger Museum.

დიპლომატია ხორციელდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივი დიპლომატია გულისხმობს ურთიერთობას ორ სახელმწიფოს შორის. მრავალმხრივი დიპლომატია კი მოიცავს რამდენიმე ქვეყანას შორის, ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუციონალიზებულ გარემოში კონტაქტს. ამ ტიპის დიპლომატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინა. ამის მიზეზი კი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სუვერენულ სახელმწიფოთა სწრაფი ზრდა და მათ შორის კომპლექსური ურთიერთობების ჩამოყალიბება იყო. ამ ყველაფერს თან დაერთო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღებული ვალდებულებებისა და ამოცანების მრავალფეროვნება და გაზრდილი რაოდენობა.

მონათმფლობელური სახელმწიფოს დიპლომატია ემსახურებოდა ერთ ქვეყანასთან კავშირის შეკვრას მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა ელჩების გაგზავნისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების პრაქტიკა. მანევრირებითა და ცბიერებით გამოირჩეოდა ანტიკური რომის დიპლომატია; ფეოდალიზმის ეპოქაში ეს ტრადიციები განავითარა ბიზანტიისა და რომის პაპების დიპლომატიამ; ბიზანტიამ შემოიღო მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობანი საზღვარგარეთ და რთული დიპლომატიური ეტიკეტი.[1] მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV საუკუნის იტალიაში წარმოიშვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.[2]

დიპლომატიის მოკლე ისტორია

რედაქტირება

ბერძნული დიპლომატია

რედაქტირება

თანამედროვე დიპლომატიის დაბადება პოსტ-რენესანსულ ევროპაში უკავშირდება ძველ საბერძნეთს. ბერძნული დიპლომატიის საწყისი წყაროები გვხვდება ლიტერატურაში, მაგალითად ჰომეროსის "ილიადასა" და "ოდისეაში". შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობების პირველი ელემენტები უკავშირდება ოლიმპიურ თამაშებს 776 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის შუა პერიოდში, სპარტა უკვე ქმნიდა ალიანსებს.

ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა დიპლომატიური აქტორების იერარქია. პირველ ადგილზე იდგა მაუწყებელი (Herald), რომელიც მარტო მოქმედებდა და იყო ხელშეუხებელი. ითვლებოდა, რომ მას ღმერთები იცავდნენ. სხვა წარმომადგენლობითი თანამდებობებიდან აღსანიშნავია დესპანები (envoys) და შიკრიკები (messengers), რომლებიც დიპლომატიურ მისიებში იყვნენ განწესებულნი და არ სარგებლობდნენ პრივილეგიებით. მაუწყებლისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელნი მუშაობდნენ დიდ ჯგუფებში და წარმოადგენდნენ სხვადასხვა მხარეს.

რომაული დიპლომატია

რედაქტირება

რომაელები არ მიიჩნევდნენ დიპლომატიას სახელმწიფო მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ისინი დიპლომატიას იყენებდნენ ყოველდღიური საქმისწარმოებისათვის და ძირითადად საკუთარ პროვინციებს შორის სამართლებრივი და კომერციული საქმიანობის შესასრულებლად. რომაელები იშვიათად იყენებდნენ დიპლომატიას საკუთარი უზენაესობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. ამის ნაცვლად, საგარეო პოლიტიკის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ძლიერი სამხედროები და მათი უპირატესობა ომში.

დიპლომატიის გამოყენების მეთოდები განსხვავდებოდა მმართველობის სისტემის მიხედვით. რესპუბლიკაში დიპლომატია ეყრდნობოდა პერსონალურ კონტაქტებს. რომაელები აფასებდნენ გამართულ საჯარო საუბარს და არგუმენტებით დარწმუნების უნარს. დიპლომატიის ფუნქციები მოიცავდა მშვიდობის დამყარებას, დოვლათის გადანაწილების ორგანიზებას, სავაჭრო დავების მოგვარებასა და ვაჭრობის დარეგულირებას. რომის იმპერიაში კი იმპერატორი წყვეტდა, როდის გამოცხადებულიყო ომი, ან როდის გამოეყენებინა დიპლომატია. ამ დროს არ იყო განვითარებული მეთაურობის იერარქია, ყველა მოხელე ანგარიშს აბარებდა იმპერატორს. სწორედ იმპერატორი გასცემდა დეტალურ ინსტრუქციას რწმუნებულებისთვის (governor) და ეს უკანასკნელნი საჭიროებს შემთხვევაში აწარმოებდნენ საგარეო ურთიერთობებს.

ვენის კონგრესი

რედაქტირება

1813-1814 წლებში კოალიციამ დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ავსტრიისადა პრუსიის ლიდერობით დაამარცხა ნაპოლეონ ბონაპარტე, რამაც ამ ძალებს გაუჩინა ევროპის დასტაბილურების შესაძლებლობა. ეს უნდა მომხდარიყო საფრანგეთის ძალაუფლების შეკავებითა და დიდ სახელმწიფოებს შორის ძალთა გადანაწილებით. შესაბამისად, 1814-1815 წლებში ჩატარებული ვენის კონგრესი გულისხმობდა ევროპაში ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგის დამყარებას საფრანგეთის რევოლუციის შედეგად ორ ათწლეულზე მეტი არეულობისა და ომის შემდეგ.

1814-1815 წლებში ჩატარებული ვენის კონგრესი ითვლება კონგრესების სისტემის საწყისად, რომელთაც ატარებდნენ სახელმწიფო ან მთავრობის მეთაურები. აღნიშნული კონგრესი შეიკრიბა არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გადაეწყვიტა სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა ტერიტორიული დავები, არამედ სურდა მრავალმხრივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა მთელი კონტინენტისათვის. ამ კონგრესის მთავარი მიღწევა იყო სამხედრო ძალით დაპყრობის დელეგიტიმაცია, რაც იმას ნიშნავდა, რომ სუვერენიტეტის მოპოვება შეუძლებელი იყო, ვერც დაპყრობით და ვერც დამპყრობელზე გადაცემით, დამარცხებული მხარის თანხმობის გარეშე.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

რედაქტირება

1919 წლის 18 იანვარს დაიწყო პარიზის სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაესრულებინა პირველი მსოფლიო ომი. 4 გამარჯვებული ქვეყნის, „დიდი ოთხეულის“ (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და იტალია), ლიდერებიდან ვუდრო ვილსონის აზრით, გერმანია მკაცრად არ უნდა დასჯილიყო. მისგან განსხვავებით, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები მიიჩნევდნენ, რომ გერმანიის ადეკვატურად დასჯა და მისი კიდევ უფრო დასუსტება იყო ერთადერთი გზა ომის უდიდესი ფასის გამართლებისათვის. პარიზის სამშვიდობო კონფერენციის შედეგი იყო 1919 წლის 28 ივნისს ხელმოწერილი ვერსალის შეთანხმება, რომელმაც გააერთიანა კონფერენციაზე მიღწეული კომპრომისები. საბოლოოდ მოკავშირეები შეთანხმდნენ გერმანიის დასჯასა და ერის იმგვარად დასუსტებაზე, რომ ის მომავალში საფრთხე აღარ ყოფილიყო. სწორედ ამ კონფერენციის გახსნით სიტყვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა წარმოადგინა თოთხმეტ პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომლის მეთოთხმეტე პუნქტი ითვალისწინებდა ერთა ასოციაციის შექმნას, რომელიც იქნებოდა წევრთა პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ერთიანობის გარანტი. ეს პუნქტი დაედო საფუძვლად ერთა ლიგის შექმნას.

ახალი დიპლომატია

რედაქტირება

1914 წლამდე გერმანული საფრთხის თავიდან ასაცილებლად შექმნილი საფრანგეთის, ინგლისისა და რუსეთის ალიანსი ითვლება ძველ დიპლომატიად. 1919 წლის ივნისის ერთა ლიგის შეთანხმებამ შექმნა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობებს სახელმწიფოთა შორის. ეს არის ახალი დიპლომატია, რომელიც მოიცავს ორ იდეას. ერთია წარსულის ორმხრივი ალიანსების ჩანაცვლება სახელმწიფოთა უნივერსალური ან ნახევრად უნივერსალური გაერთიანებით, რომელიც საერთაშორისო სამართალში მოცემული ზოგადი პრინციპებთანაა შესაბამისობაში და მეორე, უარის თქმა ძალის პოლიტიკაზე, რაც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების ძალის გამოყენებით მოგვარებას.

მიიჩნევა, რომ ახალი დიპლომატია დაკავშირებულია დემოკრატიასთან. შეიცვალა საერთაშორისო ურთიერთობების ბუნება და საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე მნიშვნელოვან როლს ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკონომიკა, ეროვნული ძალაუფლება (ლიდერობა, მთავრობის სტრუქტურა, საზოგადოებრივი კონსენსუსის და ერთიანობის დონე). გარდა ამისა, ახალი დიპლომატიის მთავარი ასპექტია მრავალმხრივი დიპლომატია და სამიტების ინსტიტუტი.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება

რედაქტირება

სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობები შესაძლოა არსებობდეს მათ მთავრობებს შორის მეგობრული კონტაქტებით, თუმცა მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს მხოლოდ დიპლომატიური მისიის დაფუძნებით ან დიპლომატიური მისიების გაცვლით. ეს უკანასკნელნი ეფუძნება ორმხრივ თანხმობას და მისიის მიერ შესასრულებელი ფუნქციების საერთო გაგებას. სახელმწიფო, რომელსაც სურს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, მიმართავს მეორე სახელმწიფოს, რომლის საგარეო ურთიერთობების სამსახური განიხილავს თხოვნას. განხილვის პროცესში პირველ რიგში ყურადღება ექცევა, რამდენად შეუძლია ამ სახელმწიფოს საკუთარი მისიის გაგზავნა და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს მეორე სახელმწიფოში. ინტერესები განისაზღვრება იმით, თუ რამდენი მისი მოქალაქე ცხოვრობს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, რა ინვესტიციებს ახორციელებენ ისინი და ვაჭრობის განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს მათ შორის. შესაძლოა, მეორე სახელმწიფო არ წარმოადგენდეს ინტერესის სფეროს, თუმცა, საყურადღებოა, რომ თითოეული ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ერთ ხმას ფლობს, რაც აძლიერებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე თანხმობას.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნას წინ უსწრებს აგრემანის ანუ თანხმობის, კონფიდენციალურად გამოთხოვა მიმღები სახელმწიფოსგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი აცხადებს თანხმობას კონკრეტულ პიროვნებაზე, მიიღოს ის დიპლომატიური მისიის მეთაურად. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო უარს განაცხადებს პიროვნების მიღებაზე, ვალდებული არაა, დაასაბუთოს უარის მიზეზი. თანხმობის მიღების შემთხვევაში კი მისიის ხელმძღვანელი წარუდგენს რწმუნებათა სიგელს იმ სახელმწიფოს მეთაურს, რომელშიც უნდა იყოს აკრედიტებული. ამის შემდეგ კი მისიის ხელმძღვანელი იწყებს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

გამგზავნ სახელმწიფოს შეუძლია მისიის ხელმძღვანელის ან დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრის აკრედიტაცია ერთ ან მეტ ქვეყანაში მიმღები სახელმწიფოების თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება ხდება მაშინ, როდესაც მიმღები სახელმწიფოები გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს არიან, როდესაც მააკრედიტებელ სახელმწიფოს სურს ხარჯების შემცირება, ან როდესაც მისი ეკონომიკურ ინტერესები მიმღებ ქვეყანაში არც ისე მაღალია.

დიპლომატიური მისიების ფუნქციები

რედაქტირება

1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მესამე მუხლი აღწერს დიპლომატიური მისიის ზოგადი ფუნქციებს:

  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წარმომადგენლობა/წარმოდგენა და დაცვა საერთაშორისო სამართლით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში;
  • ადგილსამყოფელ ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კანონიერი/სამართლებრივი მეთოდებით ინფორმაციის მოპოვება და გამგზავნი სახელმწიფოსათვის წარდგენა;
  • გამგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა და ურთიერთობების განვითარება ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების მიმართულებით.

დიპლომატიური რანგები

რედაქტირება

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები იყოფა სამ კლასად: ელჩი, რომელიც აკრედიტებულია სახელმწიფო მეთაურის მიერ; დესპანი, რომლის აკრედიტაციასაც ასევე უზრუნველყოფს მიმღები სახელმწიფოს მეთაური და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

დიპლომატიის სახეები/ფორმები

რედაქტირება

კომერციული/სავაჭრო დიპლომატია - დიპლომატიური სტატუსის მქონე სახელმწიფო წარმომადგენლების საქმიანობა გამგზავნ და მასპინძელ ქვეყნებს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. კომერციული დიპლომატები ახორციელებენ ბიზნესის გამარტივების აქტივობებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.

ეკონომიკური დიპლომატია

რედაქტირება

ეკონომიკური დიპლომატია - დიპლომატიის ფორმა, რომელიც დაინტერესებულია ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებით, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაფინანსებულ კონფერენციებში დელეგაციების მონაწილეობით. სავაჭრო/კომერციული დიპლომატიისგან განსხვავებით, ეკონომიკური დიპლომატია მოიცავს მიმღებ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკისა და მოვლენების მონიტორინგსა და ანგარიშგებას და გამგზავნი სახელმწიფოსათვის რჩევის მიცემას ამ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით. გარდა ამისა, ამ ტიპის დიპლომატია იყენებს ეკონომიკურ რესურსებს - ჯილდოს ან სანქციებს - საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

პრევენციული დიპლომატია

რედაქტირება

პრევენციული დიპლომატია - ქმედება, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი, ხელი შეუშალოს არსებულ დაპირისპირების კონფლიქტში გადაზრდას, ან იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება მაინც გადაიზრდება კონფლიქტში, თავიდან აირიდოს მისი ფართოდ გავრცელება. ამ ტიპის დიპლომატიის მიზანია კონფლიქტის მოგვარება მანამ, ვიდრე ის გადაიზრდება ძალადობაში. ის მოითხოვს ნდობის აღდგენას და საჭიროებს ადრეულ გაფრთხილებას ინფორმაციის მოგროვებით, ფორმალური ან არაფორმალური ფაქტების მოპოვებით. პრევენციული დიპლომატია მოიცავს საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ აქტორებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. გაერო და სხვა გარე აქტორები აღარ არიან ერთადერთი განმახორციელებელი პრევენციული დიპლომატიისა. მთავრობები და ადგილობრივი საზოგადოება უფრო პროაქტიული გახდა პრევენციული ინიციატივების განხორციელებაში, რასაც ხელს უწყობენ საერთაშორისო აქტორები.

კულტურული დიპლომატია

რედაქტირება

კულტურული დიპლომატია - ქმედებათა კურსი, რომელიც ეფუძნება და იყენებს იდეების, ფასეულობების, ტრადიციებისა და კულტურისა თუ იდენტობის სხვა ასპექტების გაცვლას ურთიერთობების გასამყარებლად, სოციო-კულტურული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და ეროვნული ინტერესების გასატარებლად.

სახალხო დიპლომატია

რედაქტირება

სახალხო დიპლომატია - ტრადიციული განმარტებით, სახალხო დიპლომატია არის სუვერენული სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომლის მიზანია ინფორმაციის მიწოდება და გავლენის მოხდენა ხალხზე იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას. ბოლო წლებში სახალხო დიპლომატია აღარაა მხოლოდ სახელმწიფოზე ორიენტირებული და მის წარმოებაში მონაწილებენ არასახელმწიფოებრივი აქტორებიც (საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგჯერ კერძო კომპანიებიც).

დიპლომატიური იმუნიტეტი და პრივილეგიები

რედაქტირება

დიპლომატიური იმუნიტეტი არის დიპლომატიური პერსონალისათვის მინიჭებული სტატუსი, რომელიც ათავისუფლებს მათ უცხო ქვეყნის იურისდიქციისგან. 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ უზრუნველყოფს დიპლომატების სრულ დაცვას ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობებისგან. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული დიპლომატები ექვემდებარებიან გამგზავნი ქვეყნის კანონმდებლობას. გამგზავნ ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა მასპინძელ ქვეყანას დიპლომატის გასამართლება საკუთარი (უცხო ქვეყნის) კანონმდებლობის შესაბამისად.

დიპლომატებისათვის მინიჭებული იმუნიტეტი ასევე ეხება მისიის უძრავ ქონებას, რომელშიც მოიაზრება მისიის მიზნების განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობები, მისიის ხელმძღვანელის რეზიდენცია. დოკუმენტები, კორესპონდენცია და დიპლომატების ქონებაც ხელშეუხებელია. ამასთანავე, დიპლომატი არაა ვალდებული მისცეს ჩვენება, როგორც მოწმემ.

დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი უცხო ქვეყნის მისიების წარმომადგენლებს ენიჭებათ იმ მიზნით, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმის თავისუფლად და ეფექტურად შესრულება და იყვნენ დაცულნი მიმღები სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევისაგან. საპასუხოდ, დიპლომატები ვალდებულნი არიან პატივი სცენ მიმღები ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს და არ გამოიყენონ საელჩოები სხვა მიზნებისათვის.

დიპლომატია, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილებისა და კონფლიქტის მოგვარების საშუალება

რედაქტირება

ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, დიპლომატია არის მოლაპარაკება იმ პოლიტიკურ ერთეულთა შორის, რომლებიც აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას. 21-ე საუკუნეში კონფლიქტის გაზრდილი ღირებულების გამო, სახელმწიფოთა მთავრობები თავს იკავებენ ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციებისგან და მიმართავენ პრევენციულ დიპლომატიას. ძალადობრივი კონფლიქტის პრევენციისათვის სახელმწიფოები იყენებენ დიპლომატიას მედიაციის/შუამავლობის, ფასილიტაციის, ფაქტების გამოვლენის, კონსულტაციებისა და მონიტორინგის გზით. მრავალმხრივ დონეზე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, მაგალითად გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის დანიშვნა გაეროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სპეციალურ წარმომადგენლად სირიის კრიზისში. რეგიონულ დონეზე აღსანიშნავია 2009 წელს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დაარსება, რომელიც მოიცავს კონფლიქტის პრევენციის, მშვიდობის მშენებლობისა და მედიაციის ინსტრუმენტების სამმართველოს.

კონფლიქტების პრევენციისა ან გადაწყვეტისათვის აქტიურად გამოიყენება კონფერენციის დიპლომატია, რომლის სამ სახეობას გამოყოფენ:

  1. სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც მოჰყვებოდა დიდ კონფლიქტს, ან იმართებოდა იმისათვის, რომ ომები დასრულებულიყო მოლაპარაკებების მეშვეობით. მაგალითად, 1648 წელს ვესტფალიის მშვიდობა, 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენცია და სირიის სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით გამართული ჟენევის მეორე კონფერენცია.
  2. მეორე ტიპის კონფერენციების მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობას (1899 წლის ჰააგის პირველი კონფერენცია და 1907 წელს ჰააგის მეორე კონფერენცია)
  3. გლობალური კონფერენციები, რომლებიც სათავეს 1960-იან წლებში იღებს და მათ მიზანს კონფლიქტის იმ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა წარმოადგენს, როგორიცაა სიღარიბე, კულტურული განსხვავებები და ა.შ.

გარდა ამისა, კონფლიქტის მოსაგვარებლად ხშირად გამოიყენება იძულებითი დიპლომატია, რაც გულისხმობს მუქარის ან შეზღუდული ძალის გამოყენებას მოწინააღმდეგე მხარის დასარწმუნებლად, არ შეცვალოს სტატუს კვო მათ სასარგებლოდ, ან უარი თქვას უფლებების დარღვევაზე. მუქარა გამოიყენება ან იძულებისათვის, ან შეკავებისათვის. იძულება ნიშნავს მცდელობას, შეაცვლევინო ოპონენტს ქცევა. მისი ერთ-ერთი მაგალითია 1990 წელს გაეროს მუქარა სამხედრო ძალის გამოყენებაზე იმ შემთხვევაში, თუ სადამ ჰუსეინი არ გაიყვანდა ჯარს ქუვეითიდან. შეკავება აქტუალური იყო ცივი ომის დროს, როდესაც აშშ და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და საბჭოთა კავშირი და ვარშავის პაქტი ერთმანეთთან კომუნიკაციისას ხაზს უსვამდნენ, რომ სამხედრო ინტერვენცია ორივე მხარისათვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

დიპლომატიური თანამდებობები

რედაქტირება

უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა: მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი, გენერალური კონსული; საგანგებო დავალებათა ელჩი. უფროსი დიპლომატიური თანამდებობებია: სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; მინისტრის სამდივნოს უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი; უფროსი მრჩეველი; კონსული; მრჩეველი; თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობებია: ვიცე-კონსული; პირველი მდივანი; საკონსულო აგენტი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი; ატაშე; თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები.

დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული კატეგორიები

რედაქტირება

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები იყოფა სამ კლასად: ელჩი, რომელიც აკრედიტებულია სახელმწიფო მეთაურის მიერ; დესპანი, რომლის აკრედიტაციასაც ასევე უზრუნველყოფს მიმღები სახელმწიფოს მეთაური და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

  • უმაღლესი დიპლომატიური რანგები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
  • უფროსი დიპლომატიური რანგები: უფროსი მრჩეველი; მრჩეველი; უმცროსი მრჩეველი.
  • უმცროსი დიპლომატიური რანგები: პირველი მდივანი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი, ატაშე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Andrew F. Cooper, Jorge Heine, Ramesh Thakur. 2013. The Oxford Handbook of Modern Diplomacy. Oxford: Oxford University Press.
  • Bernhardt, Rudolf. 1987. Encyclopedia of Public International Law. Amsterdam: Elsevier Science Publishers B.V.
  • Berridge, G.R., Alan James. 2003. A Dictionary of Diplomacy. Basingstoke, New York: Palgrave Macmillan.
  • Campbell, Brian. 2001. "Diplomacy in the Roman world (c.500 BC‐AD 235)." Diplomacy & Statecraft (Routledge) 1-22.
  • Christen Jionsson, Martin Hall. 2005. The Essence of Diplomacy. Basingstoke, New York: Palgrave Macmillan.
  • Feltham, R.G. 1998. Diplomatic Handbook. London, New York: Longman.
  • G.R. Berridge, Lorna Lloyd. 2012. The Palgrave Macmillan Dictionary of Diplomacy. Basingstoke,: Palgrave Macmillan.
  • Ismail, Muhammad-Basheer .A. 2016. Islamic Law and Transnational Diplomatic Law. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan.
  • Jacob Bercovitch, Victor Kremenyuk, I William Zartman. 2009. The Sage Handbook of Conflict Resolution. Sage Publications.
  • Sen, B. 1965. A Diplomats Handbook of International Law and Practice. Hague: Martinus Nijhoff.
  • Sofer, Sasson. 1988. "Old and New Diplomacy: a Debate Revisited." Review of International Studies, July 1988: 195-211.
  • Watson, Adam. 1982. Diplomacy: the Dialogue between States. Routledge.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ჟვანია გ., ნაკაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 563-564.
  2. დიპლომატია – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი