გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი (ინგლ. United Nations Children’s Fund, UNICEF) — გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია. მოქმედებს გაეროს ეგიდით. ჩამოყალიბდა, როგორც დროებითი ორგანიზაცია ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების ბავშვებისათვის დახმარების გაწევის მიზნით. ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით. 2015 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის შემოსავლების მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 5 009 557 471 აშშ დოლარი. მთავრობები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის საჭიროებების ორ მესამედს. კერძო ჯგუფები და პირები უზრუნველყოფენ დარჩენილ ნაწილს ეროვნული კომიტეტების დახმარებით. გაეროს ბავშვთა ფონდის შემოსავლების დაახლოებით 92 პროცენტი გამოყოფილია პროგრამულ მომსახურებებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამები ყურადღებას ამახვილებს თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებაზე, ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის აქტივობები მოიცავს: იმუნიზაციას, დაავადებათა პრევენციას, ჩვილთა და დედათა მკურნალობას იმუნოდეფიციტური ვირუსის წინააღმდეგ, ჩვილ ბავშვთა მზრუნველობას, სანიტარული პირობების გაუმჯობესებას, განათლების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი United Nations Children's Emergency Fund | |
---|---|
ორგანიზაციის ტიპი | ფონდი |
შემოკლებით | unicef (იუნისეფი) |
თავმჯდომარე | ჰენრიეტა ფორე |
სტატუსი | აქტიური |
დაარსებულია | დეკემბერი 1946 |
ვებ-საიტი | UNICEF official site |
პარტნიორი ორგანიზაცია | ECOSOC |
1950 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად ქვეყნებში. 1953 წელს გახდა გაეროს ერთ-ერთი ორგანო. 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 27 მილიონი ბავშვი დაიბადა, 65,5 მილიონ ბავშვს ჩაუტარდა პენტავალენტური ვაქცინაცია, ორგანიზაციამ აგრეთვე უზრუნველყო 12 მილიონი ბავშვისთვის განათლების მიწოდება, უმკურნალა 4 მილიონ ბავშვს კვებასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემებით და გამოეხმაურა 90 სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ 285 ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციას. გაეროს ბავშვთა ფონდს 1965 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია, 1989 წელს ინდირა განდის პრემია, ხოლო 2006 წელს ასტურიის პრინცის პრემია. გაეროს ბავშვთა ფონდის მანდატი ეფუძნება 1989 წელს მიღებულ, „ბავშვის უფლებათა კონვენციას“, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვის უნივერსალურ, განუყოფელ უფლებებს და მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებმა 2015 წელს მიიღეს და ყველა ქვეყანას ეხება.
გაეროს ბავშვთა ფონდის მუშაობის უმეტესობა ხორციელდება ადგილობრივად 192 ქვეყანაში და ტერიტორიაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ქსელი მოიცავს 150-ზე მეტ ფილიალს, შტაბ-ბინასა და სხვა განყოფილებებს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე 34 ეროვნულ კომიტეტს, რომლებიც ახორციელებენ გაეროს ბავშვთა ფონდის მისიას, მასპინძელ მთავრობებთან ერთად შემუშავებული პროგრამების საშუალებით. შვიდი რეგიონული ოფისი საჭიროებისამებრ ტექნიკურ დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ოფისებს. მისი სათაო ოფისი ამერიკის დედაქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს.
გაეროს ბავშვთა ფონდის მომარაგების ოფისი მდებარეობს კოპენჰაგენში და ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი საგნების განაწილების ძირითად პუნქტებს, როგორიცაა ვაქცინების მიწოდება, ანტივირუსული მედიკამენტები შიდსით დაავადებული ბავშვებისა და დედებისათვის, საკვები დანამატების, გადაუდებელი დახმარების თავშესაფრებისა და სასწავლო მასალების შეძენა
ორგანიზაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 36 წევრისგან. აღნიშნული საბჭო უფლებამოსილია შეიმუშავოს ზოგადი პოლიტიკა, განიხილოს და დაამტკიცოს სხვადასხვა პროგრამები, ზედამხედველობა გაუწიოს ადმინისტრაციულ და ფინანსურ გეგმებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ არჩეული ორგანიზაციის წევრი, სახელმწიფოს მთავრობების წარმომადგენლები, როგორც წესი, სამწლიანი ვადით.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიზნები
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდი ყოველდღიურად ცდილობს მოახდინოს ბავშვების ცხოვრებაში ცვლილებები გლობალურ დონეზე. არსებული მდგომარეობის მიხედვით ორგანიზაცია წარმატებით თანამშრომლობს 190 სახელმწიფოსა და ტერიტორიულ ერთეულთან ბავშვების გადარჩენის, მათი უფლებების დაცვისა და პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით.
იუნისეფის ძირითადი მიზნებია:
- ბავშვების დაცვა და ინკლუზიური გარემოს შექმნა.იუნისეფი აქტიურად თანამშრომლობს მის პარტნიორებთან მსოფლოს გარშემო იმისთვის რომ შექმნას ისეთი სერვისები, რომლებიც განამტკიცებს ყველა ბავშვის დაცვასა და მათ უსაფრთხოებას.
- ბავშვების გადარჩენა. გაეროს ბავშვთა ფონდმა მნიშვნელოვნად შეამცირა ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი ხარისხი მთელს მსოფლიოში. ამ მიზნის მისაღწევად ფონდი აქტიურად არის ჩართული ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ვაქცინაცია, იმუნიზაცია, კვების პრობლემები, ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობა.
- განათლების მიწოდება. ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, თუმცა, ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა, ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი ცდილობს ყველა ბავშვისთვის შექნას ის პირობები რაც აუცილებელია თვითგანვითარებისთვის.
- სოციალური კეთილდღეობა. იუნისეფის სოციალური პოლიტიკის ფარგლებში დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სოციალური კეთილდღეობის, უთანასწორობისა და სიღარიბის დაძლევის საკითხი, რომლის მისაღწევადაც ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მის პარტნიორებთან მსოფლიოს მასშტაბით.
- საგანგებო სიტუაციებში დახმარების აღმოჩენა. ორგანიზაციის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ბავშვთა დახმარება კრიტიკულ სიტუაციამდე, პროცესში და მის შემდგომ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გაერს ბავშვთა ფონდი მუდმივად არის ჩართული საგანგებო ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებში მსოფლიოს მასშტაბით.
- გენდერული თანასწორობა. მიუხედავად იმისა რომ პროგრესული მსოფლიო აღიარებს გენდერულ თანასწორობას, მსოფლიოში დღემდე არის ცალკეული რეგიონები სადაც ქალების აქვთ შეზღუდული უფლებები. ამიტომ გაეროს ბავშვთაა ფონდის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ქალთა გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის გზით.
- ინოვაციური გამოსავალი ბავშვებისთვის. ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ფონდი მუდმივად ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით იპოვოს ინოვაციური გამოსავალი და ამ გზით გაზარდოს ეფექტურობის ხარისხი.
- კვლევებისა წარმოება და შედეგების შეფასება. პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტები მუდმივად ახდენენ ცოდნის გაზიარებას, ბავშვთა მდგომარეობის შესახებ კვლევების წარმოებას და შედეგების შეფასებას.
სტრუქტურა
რედაქტირებასამოქმედო გეგმის აღსრულების მიზნით, იუნისეფის მუშაობის წესი წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი ოფისებთან თანამშრომლობის პრინციპს ემყარება. სამოქმედო გეგმა ე.წ პროგრამა გრძელდება 5 წლის ვადით და მიმართულია პრაქტიკული სტრატეგიის შემუშავებაზე ბავშვთა და ქალთა უფლებათა დასაცავად. აღნიშნულ სამუშაოს ზედამხედველობას უწევს რეგიონული ოფისი, რომელიც პასუხისმგებელია ადგილობრივი ოფისების ტექნიკურ მხარდაჭერაზეც.
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი საბჭო შედგება 36 წევრისაგან, რომელიც ადგენს ფონდის პოლიტიკას, ამტკიცებს პროგრამებს და აკონტროლებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ გეგმებს. აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებსაც ირჩევს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო 3 წლით. გამგეობის სამდივნო განთავსებულია ნიუ-იორკში, სწორად აქ ხდება ფონდის გლობალური პოლიტიკის შემუშავება. აქვს ევროპის და სხვა რეგიონული განყოფილებები, აგრეთვე წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
აღმასრულებელი საბჭო ატარებს ყოველწლიურ სესიებს. ფონდის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამდივნო და აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლის 1 იანვრიდან აღმასრულებელი დირექტორი არის ჰენრიეტა ფორე. მის მუშაობას კოორდინაციას უწევს ბიურო, რომელიც შედგება პრეზიდენტისგან და 4 ვიცე-პრეზიდენტისგან, თითოეული ოფიცერი წარმოადგენს ხუთი რეგიონული ჯგუფიდან ერთ-ერთს. აღნიშნული 5 ოფიცრის არჩევა ხდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ ყოველწლიურად საბჭოს შემადგენლობიდან. პრეზიდენტის არჩევა ყოველწლიური როტაციის პრინციპს ემყარება რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლებს შორის. წესის თანახმად, უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები არ შეიძლება იყვნენ აღმსრულებელი საბჭოს ოფიცრები.
აღმასრულებელი საბჭოს მდივნის აპარატი ხელს უწყობს აღმასრულებელ საბჭოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის სამდივნოს შორის ეფექტური ურთიერთობის შენარჩუნებას და ორგანიზებას უწევს სამუშაო ვიზიტებს საბჭოს წევრებს შორის.
გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული ოფისები:
- ამერიკის და კარიბის რეგიონული ოფისი, ქალაქი პანამა, პანამის რესპუბლიკა.
- ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი, ქალაქი ჟენევა, შვეიცარია
- აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის რეგიონული ოფისი, ქალაქი ბანგკოკი, ტაილანდი
- აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის რეგიონული ოფისი, ქალაქი ნაირობი, კენიაში
- ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული ოფისი, ქალაქი ამანი, იორდანია
- სამხრეთ აზიის რეგიონული ოფისი, ქალაქი კატმანდუ, ნეპალი
- დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის რეგიონული ოფისი, ქალაქი სენეგალი, სენეგალის რესპუბლიკა
გაეროს ბავშვთა ფონდის ეროვნული კომიტეტები
რედაქტირებასულ 35 ეროვნული კომიტეტია განვითარებად ქვეყნებში. თითოეული მათგანი დაფუძნებულია როგორც დამოუკიდებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღნიშნული ორგანიზაციების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სექტორიდან სახსრების შეგროვება, რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის ფუნქციონირება მთლიანად არის დამოკიდებული ნებაყოფლობით შენატანებზე.
ეროვნული კომიტეტებზე ჯამურად საერთო ბიუჯეტის 1/3 მოდის, სხვადასხვა კორპორაციების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, 6 მილიონამდე ინდივიდუალური დონორის შემოწირულობების დახმარებით.
ისტორია
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდი შეიქმნა 1946 წლის 11 დეკემბერს და ეწოდებოდა „გაეროს ბავშვთა დაცვის საგანგებო ფონდი“ (ინგლ. United Nations International Children's Emergency Fund)[1]. ფონდი გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა, როგორც დროებითი დამხმარე ორგანიზაცია ბავშვების დასახმარებლად, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაზარალებულებისთვის[2]. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ლიუდვიკ რაიხმანი. 1953 წელს გაერომ ორგანიზაცია მუდმოვმოქმედად გადააქცია და გააფართოვა მისი მოქმედების არეალი, ხოლო ფონდმა მიიღო თავისი ამჟამინდელი სახელწოდება და შეინარჩუნა თავისი ძველი აბრევიატურა UNICEF[2].
1965 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. 1989 წელს კი ბავშვთა ფონდის ეგიდით მიმდინარეობდა პროგრამა „ბავშვთა წელი“. 1989 წელს ფონდმა მიიღო ინდირა განდის პრემია, ხოლო 2006 წელს ასტურიის პრინცის პრემია.
მოღვაწეობა
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდი არ ყოფს დედათა და ბავშვთა დახმარებას ცალ-ცალკე. ფონდის ძირითადი მიზანი 2010 წელს იყო: 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის შემცირება 1/3-ით; დედების სიკვდილიანობის შემცირება 50 %-ით და ბავშვების 80 %-სათვის განათლების ხელმისაწვდომობა. ამ მიზნების მიღწევაში გაეროს ბავშვთა ფონდს 180-ზე მეტი კეთილი ნების ელჩი ეხმარებოდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩები ლიდერები არიან ისეთ გასართობი ინდუსტრიაში, როგორიცაა კინო, ტელევიზია, მუსიკა და სპორტი. ისინი ხელს უწყობენ ბავშვების საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იყენებენ თავიანთ ნიჭსა და პოპულარობას თანხების შესაგროვებლად[3].
ფინანსები
რედაქტირებაფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით.
გაეროს ბავშვთა ფონდის ემბლემა განთავსებული იყო ბარსელონის საფეხბურთო კლუბის მაისურებზე, თუმცა ეს არ განთავსებულა, როგორც კლუბის სპონსორის ემბლემა. კატალონიური კლუბი გაეროს ბავშვთა ფონდს ყოველწლიურად, საკუთარი ბიუჯეტიდან ურიცხავს 1,5 მლნ ევროს, ბავშვების დახმარების მიზნით.
გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს 191 სახელმწიფოსა და ტერიტორიულ ერთეულთან თანამშრომლობს. მის საქმიანობაში არ არის ჩართული მხოლოდ ცხრა ქვეყანა (ბაჰამის კუნძულები, ბრუნეი, კვიპროსი, ლატვია, ლიხტენშტეინი, მალტა, მავრიკი, მონაკო, სინგაპური და ტაივანი.
საკუთარი მიზნების მისაღწევად გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ადგილობრივ მთავრობებთან, მულტილატერალურ ორგანიზაცებთან, ევროკავშირთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, კორპორატიულ სექტორთან და ეროვნულ კომიტეტებთან.
ბევრ განვითარებად ქვეყანაში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ეროვნული კომიტეტები ზრუნავენ. აღნიშნული კომიტეტები ფუნქციონირებენ როგორც არასამთავრებო ორგანიზაციები და ისინი უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელნი არიან ფონდების მოძიებაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის შექმნაზე, ბავშვთა უფლებათა დაცვაზე და სხვა ტიპის მხარდაჭერის გაწევაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ფონდი ორგანიზაციის ეროვნული კომიტეტებიდან ყველაზე ძველია, ის 1947 წელს შეიქმნა.
განათლების პროგრამებისთვის ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი , როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
2004 წლიდან ორგანიზაციას მხარს უჭერს გერმანული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია “Montblac” , რომლის მხარდაჭერითაც იუნისეფი ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ბავშვებისთვის უზრუნველყოს განათლების მიწოდება.
2013 წელს ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცეპტული კომპანია „Merck & Co”-ს მხარდაჭერით, სამხრეთ აფრიკაში საგრძნობლად შემცირა დედათა სიკვდილიანობის, შიდსისა და ტუბერკულოზის შემთხვევები. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ 500 მილიონი აშშ დოლარი გამოყო მსოფლიოს მასშტაბით მომავალი დედებისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2010 წლის მაისში ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ „Crucell N.V” გამოყო 110 მილიონი აშშ დოლარი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდასაჭერად, განვითარებად ქვეყნებში პენტავალენტური ვაქცინის გავრცელების მიზნით.
საფეხბურთო კლუბების მხარდაჭერა იუნისეფისთვის
რედაქტირება2006 წლის 7 სექტემბერს შედგა შეთანხმება გაეროს ბავშვთა ფონდსა და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას შორის, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბი ორგანიზაციას ყოველწლიურად 1,5 მილიონ ევროს გადაურიცხავდა 5 წლის ვადით. შეთახმების თანახმად, საფეხბურთო კლუბი სათამაშო მაისურის წინა მხარეს დაიტანდა გაეროს ბავშვთა ფონდის ლოგოს, ყვითელ ფერში.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საფეხბურთო კლუბმა დააფინანსა ორგანიზაცია, ასევე პირველი შემთხვევა იყო ბარსელონას ისტორიაში, როდესაც მათ სხვა ორგანიზაციის ლოგო თავიანთი სპორტული მაისურის წინა მხარეს დაიტანეს. 2016 წელს გუნდმა ახალი შეთანხმება გააფორმა გაეროს ბავშვთა ფონდთან, რომლის მიხედვითაც ისინი ორგანიზაციას 1,58 მილიონ ფუნტს ურიცხავდნენ ყოველწლიურად და სთავაზობდნენ უფასო რეკლამას.
2007 წლის 14 აპრილს შვედურმა საფეხბურთო გუნდმა Hammarby IF-მ გადარიცხა სოლიდური თანხა ფონდის ანგარიშზე და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მსგავსად დაიტანა ორგანიზაციის ლოგო გუნდის მაისურის წინა მხარეს. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდასაჭერ კამპანიაში დანიური საფეხბურთო კლუბი „Brøndby IF“ -ც იყო ჩართული 2008 დან 2013 წლამდე.
ავსტრალიის ა-ლიგის საფეხბურთო კლუბმა „სიდნეიმ“ სხვა გუნდების მსგავსად, მიიღო გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის თაობაზე და გაუწია ფინანსური დახმარება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის დასახელების დატანა საფეხბურთო მაისურზე 2011-2012 წლის ლიგის სეზონის დარჩენილი პერიოდებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობას 2013 წელს შეუერთდა საბერძნეთის საფეხბურთო კლუბი „ოლიმპიაკოსი“, რომელმაც მსგავსად სხვა საფეხბურთო გუნდებისა გაუწია ფინანსური მხარდაჭერა ორგანიზაციას და დაიტანა ორგანიზაციის ლოგო საფეხბურთო მაისურზე.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდი უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან მათი სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანის გზით. ორგანიზაციისთვის აგრეთვე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა უფლებათა პატივისცემა, როგორც სამუშაო ბაზარზე ასევე საზოგადოებრივ სფეროში.
2012 წელს იუნისეფმა შეიმუშავა ბავშვთა უფლებებისა და ბიზნესის პრინციპები სხვადასხვა კომპანიებისთვის, რომლებიც ერთგვარ რეკომენდაციას წარმოადგენს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
იუნისეფის პროექტი „გოგონა ვარსკვლავი“
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდის პროექტი გოგონა ვარსკვლავი გულისხმობს ფილმების სერიას, რომლებიც დოკუმენტურად ახდენს ინდოეთის ხუთი შტატის ყველაზე დაუცველი თემების წარმომადგენელი გოგონების ისტორიის ასახვას. სიუჟეტის მიხედვით, გოგონები განათლების საშუალებით ახერხებენ სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების დარღვევას და წარმატების მიღწევას თვითრეალიზების გზით. მათი გზა წარმატებისკენ იქცა სხვა ახალგაზრდა გოგონების ინსპირაციად იმისთვის რომ მიიღონ განათლება და აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია.
სოციალური მონიტორინგის საშუალება - U-report
რედაქტირებაU-report არის უფასო SMS სოციალური მონიტორინგის საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ჩართულობასა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად. ამ გზით შესაძლებელია როგორც საჭირო ინფორმაციის გავრცელება, აგრეთვე საზოგადოებრივი გამოკითხვების წარმოება და იდეების ინიციირება. გამოკითხვები ძირითადად ეხება ისეთ თემებს როგორიცაა: ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, წყლის მიწოდება, სანიტარია და ჰიგიენა, ახალგაზრდების უმუშევრობა, ქრონიკული დაავადებები და ა.შ. აღნიშნული ინიციატივა უკვე წარმატებით ოპერირებს 41 ქვეყანაში და მოიცავს 3 მილიონზე მეტ ადამიანს. U-report-ის საშუალებთ უკვე 9 მილიონმა ადამიანმა შეძლო საკუთარი პოზიციის გაჟღერება ადგილობრივ ლიდერებთან ცვლილებების მოხდენის მიზნით.
ინოსენტის კვლევითი ცენტრი
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდის ინოსენტის კვლევითი ცენტრი იტალიაში ქალაქ ფლორენციაში დაარსდა 1988 წელს. აღნიშნული ცენტრს ოფიციალურად მოიხსენიებენ როგორც ბავშვთა განვითარების საერთაშორისო ცენტრს, რომლის უმთავრეს სამიზნეებს წარმოადგენს:
- ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება
- ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობა ბავშვთა მდგომარეობათა გაუმჯობესების მიზნით.
- გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის იმპლემენტაცია ინდუსტრიალიზებულ და განვითარებად ქვეყნებში.
კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხების წინა პლანზე წამოწევა საზოგადოებრივ ასპარეზზე. კვლევით სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდის შესაბამისი სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც რეგიონული დონის აკადემიური წრეებისა და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გზით ემსახურებიან შემდეგ მიზნებს:
- სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება ბავშვთა უფლებათა რეალიზაციისთვის
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
- გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა.
იუნისეფის ხედვა ეთიკურ საკითხებთან მიმართებით
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ორსულობის უსაფრთხოდ შეწყვეტის, ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
2011 წლის ერთობლივ დეკლარაციაში გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სელექციური აბორტების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. სამოქმედო გეგმის მიხედვით შემუშავდა ორსულობის უსაფრთხოდ შეწყვეტის სერვისები და ოჯახის დაგეგმვის პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს აბორტების რაოდენობას.
2013 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “WHO”-სთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო, ე.წ ინტეგრირებული გეგმა პნევმონიითა და დიარეით გამოწვეული ჩვილების სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით, აგრეთვე, ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.
გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მხარს უჭერს ლგბტ თემის უფლებების აღიარებას, კანონიერ ქორწინებასა და ერთსქესიან პირთა მიერ შვილის აყვანის საკითხს.
შვილად აყვანის პროგრამა
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდის ერთიანი პოზიციის მიხედვით ბავშვი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაიმე სხვა ალტერნატივა არ არსებობს. იუნისეფი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ფართომასშტაბიანი თავშესაფრების შექმნას ბავშვებისთვის, რადგან ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული იყო ბავშვებს ქონოდათ შესაძლებლობა ეპოვნათ საცხოვრებელი ოჯახებში, ადგილობრივ თემებში, ყველგან სადაც შესაძლებელი იქნებოდა. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია სკეპტიკურად იყო განწყობილი საერთაშორისო შვილად აყვანის ინიციატივის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა მიუსაფარ ბავშვთა პრობლემების გადაჭრას განვითარებად ქვეყნებში. გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, რომ ბავშვებზე თავიანთ ქვეყანაში ეზრუნათ, ვიდრე უცხოელ მშობლებს ეშვილათ.
ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, განსაკუთრებით სუბსაჰარული აფრიკის რეგიონში. 2013 წლის მონაცემებით რეგიონში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ხარისხი ფიქსირდებოდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 92 ყოველ 1000 ახალშობილზე. თუმცა, აღსანიშნავია რომ ბოლო წლებში კლების ტენდენცია შეინიშნება, 2017 წლის მონაცემით გარდაცვლილთა რაოდენობა 87-ს უტოლდებოდა.
2005 წელს სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“-ის რედაქტორის, რიჩარდ ჰორტონის განცხადებით, გარდაცვლილთა შემთხვევების 60%-ის პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი ინტერვენციის შემთხვევაში, თუმცა, სამწუხაროდ მსგავსი ტიპის ჩართულობის საკმაოდ დაბალი ხარისხია იმ 42 ქვეყანაში , რომელიც პასუხისმგებელია გარდაცვლილთა შემთხვევების 90%-ზე.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იუნისეფის ფოკუსი ბავშვთა უფლებებზე იდეალისტურად გამოიყურება მაშინ როდესაც პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვების გადარჩენა. ამის გათვალისწინებით, ისინი მიიჩნევენ, რომ იუნისეფმა ირიბად ხელი შეუწყო ბავშვთა სიკვდილიანობის კრიზისის წარმოშობას.
ინოვაცია ბავშვებისთვის
რედაქტირებათანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველდღიურად ცდილობს ბავშვთა პრობლემების გადაჭრას ახალი ინოვაციური გზებით. იუნისეფი ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მიდგომებს სამი უმთავრესი მიზნის მისაღწევად იყენებს:
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მარტივად და ეფექტურად გასავრცელებლად. ორგანიზაცია იყენებს ახალ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს იმისთვის რომ გაზარდოს საჭირო სერვისებზე წვდომა და მწირი რესურსებით შეძლოს ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.
- ახალგაზრდების ჩართვა ცვლილებების მოსახდენად. ტექნოლოგიებისა და ახალი მიდგომების გამოყენება ხელს უწყობს მსოფლიოს გარშემო ახალგაზრდათა ჩართულობას, გლობალური ქსელი აკავშირებს მათ ადგილობრივ მთავრობებთანაც, შედეგად მათ ეძლევათ რეალური შესაძლებლობა ცვლილებების მოსახდენად.
- დააკმაყოფილოს დაუცველ ბავშვთა საჭიროებები დღეს და ხვალ. ახალი ინოვაციური მიდგომა იძლევა შესაძლებლობას კვლევისა და ექსპერიმენტების გზით ადრეულ საფეხურზე მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავლის პოვნა.
ფონდი მუდმივად მუშაობს იმისთვის რომ ბავშვებმა რეალური სარგებელი მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებით და ამავდროულად დაცული იყვნენ შესაძლო ტექნოლოგიური რისკებისგან. აღნიშნული მიზნების მისაღწევად გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან.
გაეროს ბავშვთა ფონდის შედეგები
რედაქტირება- 2014 წლიდან 2018 წლამდე გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 195 მილიონზე მეტ ბავშვს ჩაუტარდა წითელას ვაქცინაცია.
- 2019 წლის მონაცემით იუნისეფის დახმარებით 17 მილიონმა ბავშვმა შეძლო სკოლამდელი, ადრეული და საშუალო განათლების მიღება.
- 2018 წლიდან 2019 წლამდე კი დაახლოებით 37 მილიონს მიეწოდა სუფთა სასმელი წყალი.
- 2019 წლის მონაცემებით 281 საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციას გამოეხმაურა 96 ქვეყანაში.
- 2019 წელს ფონდმა უმკურნალა 4 მილიონზე მეტ ბავშვს კვებასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემებით.
- ბილი და მელინდა გეიტსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ბავშვების თითქმის 1/2-თვის ჩატარებულიყო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.
- საყოველთაო განათლების მიწოდების მიზნით კი მსოფლიო ბანკმა 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო ბავშვებისთვის.
- 2019 წელს 181 ქვეყანაში აღინიშნა ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლის თავი. აღნიშნული კონვენცია გაერის გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს იქნა მიღებული, რომელმაც შეცვალა ბავშვების მიმართ აღქმაც და დამოკიდებულებაც.
ფონდი და საქართველო
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს თავის პროგრამას მსოფლიოს 157 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ფონდი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 2016-2020 წლების ეროვნული პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა განხორციელებაში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ბავშვების სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის აღმოფხვრის გზით[4].
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგებნლობის პრიორიტეტებია: ოჯახების დახმარება ბავშვისათვის მზრუნველი გარემოს შესაქმნელად; ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა; ხარისხიანი სკოლამდელი და დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა; დაუცველი ოჯახების დახმარება ბავშვზე მორგებული სოციალური სერვისების მიწოდებით; აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების დახმარება ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურებების მიწოდებით.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოს არასრულწლოვანთა დაწესებულებებში დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის ერთობლივი მუშაობით ავლენს მოზარდთა სასწავლო და სარეაბილიტაციო საჭიროებებს და რისკების ინდივიდუალურად შეფასებას ახდენს[5].
კრიტიკა
რედაქტირებაგაეროს ბავშვთა ფონდს აკრიტიკებენ, რომ იგი ფოკუსირებულია კონკრეტულ, სპეციფიკურ პოლიტიკაზე. 2004 წელს ჟურნალ „ლანცეტ“-ის რედაქციამ განაცხადა, რომ ფონდის პოლიტიკა ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეესაბამება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკას, ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვების სიცოცხლისა და გარდაცვალების საკითხებს.
რიგი მართლმადიდებელი ეკლესიებისა აკრიტიკებს გაეროს ბავშვთა ფონდს, იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირა ერთსქესიანი ქორწინების აღიარებას.
ასევე აკრიტიკებს კათოლიკური ეკლესიაც (ვატიკანი ზოგჯერ იუნისეფს უწყვეტს დაფინანსებას) ამერიკის ცხოვრების ლიგის და სხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოიყენა ეს თანხა სტერილიზაციისა და აბორტების დასაფინანსებლად. კათოლიკური ეკლესია ასევე ადანაშაულებს იუნისეფს აბორტების მხარდაჭერისათვის 1987 წელს კენიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მხარს უჭერდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გამტკიცების საკითხებს.
ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ფინანსურად დაუჭირა მხარი ჩინეთის მიერ საკუთარ ქვეყანაში განხორციელებული „ერთი შვილის” პოლიტიკას. 1993 წელს დაფიქსირდა შემოწირულების ზრდა 2-დან 5 მილიონ დოლარამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNICEF - ოფიციალური საიტი
- UNICEF 2018 Annual Report, downloadable in several languages
- United Nations Rule of Law: The United Nations Children's Fund დაარქივებული 2010-02-03 საიტზე Wayback Machine. , on the rule of law work conducted by the United Nations Children Fund.
- UNICEF, Office of Research-Innocenti, Florence
- United Nations Children's Fund, United Nations System Chief Executives Board for Coordination
- Our Mandate
- UNICEF Partnerships
- UNICEF’s ‘Rights’ Focus Is All Wrong
- WHAT WE DO NEW დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine.
- 6 ways UNICEF gets results
- What do we do – Our programmes
სქოლიო
რედაქტირება- ↑ FAQ. UNICEF. ციტირების თარიღი: 2019-05-11.
- ↑ 2.0 2.1 Детский фонд ООН (ЮНИСЕФ). www.mid.ru (2011-10-11). ციტირების თარიღი: 2019-05-11.
- ↑ UNICEF Ambassadors. UNICEF. ციტირების თარიღი: 28 April 2016.
- ↑ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში
- ↑ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-01. ციტირების თარიღი: 2020-06-29.