გაეროს ბავშვთა ფონდი

(გადამისამართდა გვერდიდან იუნისეფი)

გაეროს ბავშვთა ფონდი (ინგლ. United Nations Children’s Fund, UNICEF) — გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია. მოქმედებს გაეროს ეგიდით. ჩამოყალიბდა, როგორც დროებითი ორგანიზაცია ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების ბავშვებისათვის დახმარების გაწევის მიზნით. ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით. 2015 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის შემოსავლების მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 5 009 557 471 აშშ დოლარი. მთავრობები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის საჭიროებების ორ მესამედს. კერძო ჯგუფები და პირები უზრუნველყოფენ დარჩენილ ნაწილს ეროვნული კომიტეტების დახმარებით. გაეროს ბავშვთა ფონდის შემოსავლების დაახლოებით 92 პროცენტი გამოყოფილია პროგრამულ მომსახურებებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამები ყურადღებას ამახვილებს თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებაზე, ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 1950 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად ქვეყნებში. 1953 წელს გახდა გაეროს ერთ-ერთი ორგანო. გაეროს ბავშვთა ფონდს 1965 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია, 1989 წელს ინდირა განდის პრემია, ხოლო 2006 წელს ასტურიის პრინცის პრემია.

Unicef-ის ლოგო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი
United Nations Children's Emergency Fund
ორგანიზაციის ტიპი ფონდი
შემოკლებით unicef (იუნისეფი)
თავმჯდომარე ჰენრიეტა ფორე
სტატუსი აქტიური
დაარსებულია დეკემბერი 1946
ვებ-საიტი UNICEF official site
პარტნიორი ორგანიზაცია ECOSOC

გაეროს ბავშვთა ფონდის მუშაობის უმეტესობა ხორციელდება ადგილობრივად 192 ქვეყანაში და ტერიტორიაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ქსელი მოიცავს 150-ზე მეტ ფილიალს, შტაბ-ბინასა და სხვა განყოფილებებს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე 34 ეროვნულ კომიტეტს, რომლებიც ახორციელებენ გაეროს ბავშვთა ფონდის მისიას, მასპინძელ მთავრობებთან ერთად შემუშავებული პროგრამების საშუალებით. შვიდი რეგიონალური ოფისი საჭიროებისამებრ ტექნიკურ დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ოფისებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მომარაგების ოფისი მდებარეობს კოპენჰაგენში და ემსახურება ისეთი მნშივნელოვანი საგნების განაწილების ძირითად პუნქტებს, როგორიცაა ვაქცინების მიწოდება, ანტივირუსული მედიკამენტები შიდსით დაავადებული ბავშვებისა და დედებისათვის, საკვები დანამატების, გადაუდებელი დახმარების თავშესაფრებისა და სასწავლო მასალების შეძენა

სტრუქტურარედაქტირება

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი საბჭო შედგება 36 წებრისაგან, რომელიც ადგენს ფონდის პოლიტიკას, ამტკიცებს პროგრამებს და აკონტროლებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ გეგმებს. აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებსაც ირჩევს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო 3 წლით. გამგეობის სამდივნო განთავსებულია ნიუ-იორკში, აქვს ევროპის და სხვა რეგიონული განყოფილებები, აგრეთვე წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

აღმასრულებელი საბჭო ატარებს ყოველწლიურ სესიებს. ფონდის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამდივნო და აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლის 1 იანვრიდან აღმასრულებელი დირექტორი არის ჰენრიეტა ფორე.

ისტორიარედაქტირება

გაეროს ბავშვთა ფონდი შეიქმნა 1946 წლის 11 დეკემბერს და ეწოდებოდა „გაეროს ბავშვთა დაცვის საგანგებო ფონდი“ (ინგლ. United Nations International Children's Emergency Fund)[1]. ფონდი გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა, როგორც დროებითი დამხმარე ორგანიზაცია ბავშვების დასახმარებლად, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაზარალებულებისთვის[2]. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ლიუდვიკ რაიხმანი. 1953 წელს გაერომ ორგანიზაცია მუდმოვმოქმედად გადააქცია და გააფართოვა მისი მოქმედების არეალი, ხოლო ფონდმა მიიღო თავისი ამჟამინდელი სახელწოდება და შეინარჩუნა თავისი ძველი აბრევიატურა UNICEF[2].

1965 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. 1989 წელს კი ბავშვთა ფონდის ეგიდით მიმდინარეობდა პროგრამა „ბავშვთა წელი“. 1989 წელს ფონდმა მიიღო ინდირა განდის პრემია, ხოლო 2006 წელს ასტურიის პრინცის პრემია.

მოღვაწეობარედაქტირება

გაეროს ბავშვთა ფონდი არ ყოფს დედათა და ბავშვთა დახმარებას ცალ-ცალკე. ფონდის ძირითადი მიზანი 2010 წელს იყო: 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის შემცირება 1/3-ით; დედების სიკვდილიანობის შემცირება 50 %-ით და ბავშვების 80 %-სათვის განათლების ხელმისაწვდომობა. ამ მიზნების მიღწევაში გაეროს ბავშვთა ფონდს 180-ზე მეტი კეთილი ნების ელჩი ეხმარებოდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩები ლიდერები არიან ისეთ გასართობი ინდუსტრიაში, როგორიცაა კინო, ტელევიზია, მუსიკა და სპორტი. ისინი ხელს უწყობენ ბავშვების საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იყენებენ თავიანთ ნიჭსა და პოპულარობას თანხების შესაგროვებლად[3].

ფინანსებირედაქტირება

ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით.

გაეროს ბავშვთა ფონდის ემბლემა განთავსებული იყო ბარსელონის საფეხბურთო კლუბის მაისურებზე, თუმცა ეს არ განთავსებულა, როგორც კლუბის სპონსორის ემბლემა. კატალონიური კლუბი გაეროს ბავშვთა ფონდს ყოველწლიურად, საკუთარი ბიუჯეტიდან ურიცხავს 1,5 მლნ ევროს, ბავშვების დახმარების მიზნით.

ფონდი და საქართველორედაქტირება

გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს თავის პროგრამას მსოფლიოს 157 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ფონდი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 2016-2020 წლების ეროვნული პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა განხორციელებაში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ბავშვების სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის აღმოფხვრის გზით[4].

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგებნლობის პრიორიტეტებია: ოჯახების დახმარება ბავშვისათვის მზრუნველი გარემოს შესაქმნელად; ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა; ხარისხიანი სკოლამდელი და დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა; დაუცველი ოჯახების დახმარება ბავშვზე მორგებული სოციალური სერვისების მიწოდებით; აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების დახმარება ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურებების მიწოდებით.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოს არასრულწლოვანთა დაწესებულებებში დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის ერთობლივი მუშაობით ავლენს მოზარდთა სასწავლო და სარეაბილიტაციო საჭიროებებს და რისკების ინდივიდუალურად შეფასებას ახდენს[5].

კრიტიკარედაქტირება

გაეროს ბავშვთა ფონდს აკრიტიკებენ, რომ იგი ფოკუსირებულია კონკრეტულ, სპეციფიკურ პოლიტიკაზე. 2004 წელს ჟურნალ „ლანცეტ“-ის რედაქციამ განაცხადა, რომ ფონდის პოლიტიკა ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეესაბამება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკას, ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვების სიცოცხლისა და გარდაცვალების საკითხებს.

რიგი მართლმადიდებელი ეკლესიებისა აკრიტიკებს გაეროს ბავშვთა ფონდს, იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირა ერთსქესიანი ქორწინების აღიარებას.

ასევე აკრიტიკებს კათოლიკური ეკლესიაც (ვატიკანი ზოგჯერ იუნისეფს უწყვეტს დაფინანსებას) ამერიკის ცხოვრების ლიგის და სხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოიყენა ეს თანხა სტერილიზაციისა და აბორტების დასაფინანსებლად. კათოლიკური ეკლესია ასევე ადანაშაულებს იუნისეფს აბორტების მხარდაჭერისათვის 1987 წელს კენიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მხარს უჭერდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გამტკიცების საკითხებს.

ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ფინანსურად დაუჭირა მხარი ჩინეთის მიერ საკუთარ ქვეყანაში განხორციელებულკ „ერთი შვილის” პოლიტიკას. 1993 წელს დაფიქსირდა შემოწირულების ზრდა 2-დან 5 მილიონ დოლარამდე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. FAQ. UNICEF. ციტირების თარიღი: 2019-05-11.
  2. 2.0 2.1 Детский фонд ООН (ЮНИСЕФ). www.mid.ru (2011-10-11). ციტირების თარიღი: 2019-05-11.
  3. UNICEF Ambassadors. UNICEF. ციტირების თარიღი: 28 April 2016.
  4. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში
  5. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)