ბონდო გოგინავა
ბონდო გოგინავა (დ. 3 აპრილი, 1930 — გ. 17 აპრილი, 1994) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980).[1]
ბონდო გოგინავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 აპრილი, 1930 ცხაკაიას რაიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი |
გარდაცვალების თარიღი | 17 აპრილი, 1994 (64 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს დამსახურებული არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფელ ბერთემში, ცხაკაიას რაიონი (სენაკი). 1949 წელს დაამთავრა ცხაკაიას რკინიგზის 26-ე საშუალო სკოლა.
1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში (თეატრალური განყოფილება).
1957 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუბიელი (ბერნარდ შოუს „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“), ქარიყლაპია (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ბაბილო (ნოდარ დუმბაძის, გიგა ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), იესე (მ. ჯაფარიძის „ბუღარა“), სავლე (აკაკი გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“), ბონდო მილიციელი (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), შერმაზან ჩოლოყაშვილი (ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“), სერგო (ი. გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის „შენი მიწა“), ჯო (ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“), ფილე, აქილევსი (ფრიდრიხ დიურენმატის „ავარია“, „რომულუს დიდი“), სერაფიონი (დავით კლდიაშვილის „უბედურება“), ვახუშტი (ალექსანდრე ჩხაიძის „ჩემი ეიფელის კოშკი“), ჰალენი (ჯ. სმიტისა და ნ. დუგლასის „გადაჯაჭულნი“), ბონდო დოლაბერიძე (გ. ჩარკვიანის, რ. ებრალიძის „ფეოლა“) და სხვა.
იგი წარმატებით მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც. მას შესრულებული აქვს როლები: საულია („განძი“), გიორგი („ჯილდო“), გიორგი („წარსულის ფურცლები“), ართილაყვა („პალიასტომი“), ფრონტელი („ჯარისკაცის მამა“), თიყვა ძაძუა („დათა თუთაშხია“), ბონდოია („ნერგები“), მეეტლე („სინემა“) და სხვა. 1963 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მონაწილეობას იღებდა ტელეგადაცემებშიც.
ფილმოგრაფია
რედაქტირება
|
|
ლიტერატურა
რედაქტირება- საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1990. — გვ. 23.