ვალერიან კანდელაკი (დრამატურგი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

ვალერიან ლაზარეს ძე კანდელაკი (დ. 19 ივლისი, 1918, სუფსა, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 აპრილი, 1983, თბილისი) — ქართველი დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წელს შეიყვანეს პირველდაწყებით სკოლაში, ბათუმში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. 1936-1938 წლებში სწავლობდა ბათუმის ლენინის სახელობის საშუალო სკოლაში, 1938-1940 წლებში კი სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში, 1940 წლიდან კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში მეოთხე კურსამდე

1940 წლიდან მუშაობდა ბათუმში ქალაქის აღმასკომის იურისტად, შემდგომში კი ბათუმის თეატრის მსახიობად. იმ პერიოდში ბათუმის თეატრს სათავეში ედგა არჩილ ჩხარტიშვილი, რომლის სპექტაკლების გამო კანდელაკმა დაიწყო პიესების წერა. თეატრმა მოიწონა და 1944 წელს დადგა მისი რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი პიესა „ბაბუა თევდორე“, რომელიც ასევე წარმატებით იდგმებოდა ჭიათურის თეატრის სცენაზე. 1945 წლიდან იყო აჭარის დამცველთა კოლეგიის წევრი. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი „ამაღლებული სოფელი“.

ამას მოჰყვა „სარეველა“ (1953), „მაია წყნეთელი“ (1955), „ქართლის ჩირაღდნები“ (1960), „ნაკრძალში“ (1966), „დრო-24 საათი“ (1970), „გრძელი დღე“ (1974), „ოქროს საწმისი“, „აიეტი“ (1975) და სხვა. დრამატურგს ეკუთვნის „მაია წყნეთელის“ (1959) კინოსცენარი, რომელიც რეზო ჩხეიძემ გადაიღო. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისივე სცენარით განხორციელდა სატელევიზიო დადგმები „მოლოდინი“ (1967) და „იხატებოდა სურათი“ (1968).

დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.
  • ვალერიან კანდელაკი // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. II, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 573-576, ISBN 978-99940-28-85-6.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 202, თბილისი, 1994
  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.62

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება