ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალოის მუზილი (ჩეხ. Alois Musil; დ. 30 ივნისი, 1868, რიხტარჟოვი ვიშკოვთან ახლოს, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი — გ. 12 აპრილი, 1944, ოტრიბი, ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატი) —  ჩეხი მეცნიერი,  მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ბიბლეისტიკოსი, მწერალი და კათოლიკე მღვდელი. ითვლება მე-19 და მე-20 საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს აღმოსავლეთმცოდნედ და არაბისტად.[1]

ალოის მუზილი
დაბადების თარიღი 30 ივნისი 1868
ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 აპრილი 1944 (75 წლის)
ოტრიბი, ბოჰემიის პროტექტორატი მორავიაში
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
ბოჰემიის პროტექტორატი მორავიაში
პროფესია მწერალი, მეცნიერი, თეოლოგი
აღმოსავლეთმცოდნე, არაბისტი, პედაგოგი
ჯილდოები ჩარლზ დეილის სახელობის მედალი (1927)

ბრიტანელმა სოციალურმა ანთროპოლოგმა ერნესტ გელნერმა მას შეარქვა  ლოურენს მორავიელი (თომას ლოურენსის პატივსაცემად). [2][3][4][1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ალოის მუზილი დაიბადა 1868 წელს რიხტარჟოვში ვიშკოვთან, მოკრძალებული ფერმერის ოჯახში.  მისი უახლოესი ნათესავი გახლდათ ჩეხური წარმოშობის ცნობილი ავსტრიელი მწერალი რობერტ მუზილი.[5]

სწავლობდა  კრომერჟიჟის, ბრნოსა და ვისოკე მიტოშის გიმნაზიებში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1887-1891 წლებში სწავლობდა ოლომოუცის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. სკოლის დამთავრების შემდეგ 1891 წელს აკურთხეს მღვდლად და 1895 წელს მიიღო ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება. თეოლოგიური კვლევების გაღრმავების მცდელობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ დაინტერესდა არაბული სამყაროთი. 1895-1898 წლებში სწავლობდა დომინიკელების ბიბლიურ სკოლაში იერუსალიმში და წმინდა იოსების სახელობის იეზუიტთა უნივერსიტეტში  ბეირუთში. 1898 წელს იორდანიაში ჩატარებული კვლევის დროს, პეტრას მიდამოებში  აღმოაჩინა კუსაირ-ამრას ციხე, რომლის შესახებაც მოგვიანებით დაწერა და გამოსცა რამდენიმე წიგნი.[6][7]

სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

1904 წელს გახდა ოლომოუცის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტის პროფესორი, ხოლო 1909 წელს  — ვენის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტის პროფესორი. ვენისა და პრაღის სწავლული საზოგადოების მხარდაჭერით, 1908-1912 წლებში  ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ექსპედიციებს პალესტინაში, სირიასა და ერაყში, სადაც ჩაატარა ტოპოგრაფიული კვლევა, შეისწავლა პრეისლამური და ისლამური არქეოლოგიური ადგილები, ეთნოგრაფია და ფოლკლორი.  შექმნა ტერიტორიის პირველი  დეტალური რუქები. იგი დიდხანს ცხოვრობდა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ბედუინების რუვალას ტომში და გახდა მისი წევრი შეიხ მუსა არ რუაილის სახელით. ასევე შეისწავლა ადგილობრივი ენები და დაეუფლა ოცდათხუთმეტ არაბულ დიალექტს (კლასიკური და თანამედროვე მსოფლიო ენების გარდა).[8]

პირველი მსოფლიო ომის დროს ალოის მუზილიმ  ჩაატარა რამდენიმე ფარული პოლიტიკური მისია ოსმალეთის იმპერიის არაბულ პროვინციებში, რათა მოეპოვებინა არაბული ტომების მხარდაჭერა, შეეზღუდა ბრიტანეთის გავლენა რეგიონში და ხელი შეეწყო ავსტრია-უნგრეთის ეკონომიკური გავლენის ზრდისთვის ახლო აღმოსავლეთში. მისი გავლენა საგრძნობლად გაიზარდა იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის გარდაცვალებისა და იმპერატორ ჩარლზ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, რადგან ის იყო იმპერატრიცა ციტას პირადი აღმსარებელი. ის მონაწილეობდა იმპერატორის ინიციატივაში, რომ დადებულიყო ცალკე სამშვიდობო შეთანხმება ანტანტის ქვეყნებთან და მხარი დაუჭირა ჩეხი პოლიტიკოსების: კარელ კრამარჟის, ალოის რაშინისა და ვაცლავ კლოფახის, ასევე კოტორის აჯანყების წევრების ამნისტიას.[9]

ავსტრია-უნგრეთის დაშლის დაწყების და ჩეხოსლოვაკიის შექმნის შემდეგ იგი ვენიდან პრაღაში გადავიდა. 1920 წელს გახდა კარლოვის უნივერსიტეტის პროფესორი და იქ დარჩა 1938 წლამდე. მუზილიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1922 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებაში, ხოლო ინსტიტუტის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ, 1927 წელს გახდა მისი ერთ-ერთი პირველი წევრი. 1923-1924 და 1925-1928 წლებში ეწვია ნიუ-იორკს, სადაც ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეწარმე ჩარლზ კრეინის მხარდაჭერით თარგმნა და გამოსცა თავისი ნაწარმოებები.[10][11]

1929-1932 წლებში ალოის მუზილიმ გამოაქვეყნა თავისი ნამუშევრების გამარტივებული ვერსიები რვა ტომად ჩეხურ ენაზე და პრეზიდენტ მასარიკის ინიციატივით დაიწყო მრავალტომეული ნაშრომის  „დღევანდელი აღმოსავლეთი“-ს  გამოცემა, რომელშიც ასახულია არაბეთის ნახევარკუნძულზე, ეთიოპიაში, ერაყში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ირანში, ავღანეთში, პალესტინაში, სირიაში, ლიბიაში, თურქეთსა და სუდანში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები.  ნაშრომი გამოიცა თერთმეტ ტომად, მუზლიმ ვერ დაასრულა ბოლო ტომი, რომელიც მიეძღვნა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკას.

ცხოვრების ბოლო წლები

რედაქტირება

მუზილის სამეცნიერო მოღვაწეობამ არაბული კვლევების დარგში დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი გახლდათ მრავალი ევროპული სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 1928 წელს ამერიკის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააჯილდოვა ჩარლზ პ დალეის ოქროს მედლით. იგი შეიყვანეს დიდების დარბაზში მარკო პოლოსა და დევიდ ლივინგსტონთან ერთად.  მუზილიმ დაწერა ოცი სათავგადასავლო წიგნი, სადაც მოვლენები ვითარდება არაბულ სამყაროში.  ნაწარმოებებში ახსნილია არაბული და ისლამური ტრადიციები. 1933 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ბონის უნივერსიტეტში. 1936 წელს იგი პენსიაზე გავიდა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ოტრიბიში, ჩესკი-შტერნბერკის მახლობლად.[12]

გარდაცვალება

რედაქტირება

ალოის მუზილი გარდაიცვალა 1944 წლის 12 აპრილს ოტრიბიში, ჩეშკი-შტერნბერკის მახლობლად. 1948 წლის თებერვლის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აკრძალეს მისი წიგნები, ასევე აკრძალული იყო მეცნიერის ხსენება.[4]

  1. 1.0 1.1 Геллнер. Э. А. Times Literary Supplement. — М. : 19. 8. 1994, чис. 4768. — 12-14 с. — ISSN 0307-661X.
  2. "English".
  3. Hall, M.G., "The great Austrian writer Robert Musil", Virtual Vienna [Digital Resource], Online: Archived 2013-06-17 at the Wayback Machine.
  4. 4.0 4.1 Detailed biography of Musil
  5. Matriky - ACTA PUBLICA (ჩეხ.)
  6. Fowden, Garth (20 September 2004). Qusayr 'Amra: Art and the Umayyad Elite in Late Antique Syria. University of California Press. p. 198. ISBN 978-0-520-92960-9.
  7. The great Austrian writer Robert Musil | Virtual Vienna
  8. První český beduín (ჩეხ.)
  9. "From Moravia to Arabia". Archived from the original on 2013-12-02. Retrieved 26 November 2013.
  10. "Alois Musil".
  11. Harrigan, P., "From Moravia to Arabia", Aramco World [Magazine], November–December, 2009, Online:
  12. Original publication of 1918
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალოის_მუზილი“-დან