თომას ედვარდ ლოურენსი

თომას ედვარდ ლოურენსი (ლოურენს არაბი) (დ. 16 აგვისტო, 1888 — გ. 19 მაისი, 1935) — ბრიტანული არმიის ოფიცერი და მზვერავი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქული მმართველობის წინააღმდეგ 1916-1918 წლებში არაბული აჯანყების ინსპირირებაში[1]. 1922 წელს გამოცემულმა მისმა ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა „სიბრძნის შვიდი სვეტი“ მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1966 წელს გადაღებულ ფილმში „ლოურენს არაბი“ მისი როლი შეასრულა პიტერ ო'ტულმა.

თ. ე. ლოურენსი, 1917

ლოურენს არაბის მოღვაწეობა

რედაქტირება

ლოურენს არაბი დაიბადა 1888 წელს და გაიზარდა დიდი ბრიტანეთის მიწებზე. უკვე 15 წლის ასაკში, ის და მისი სკოლის მეგობარი კირილ ბისონი დადიოდნენ სხვადასხვა სოფლებში, ინახულებდენ დანგრეულ და მიტოვებულ ნაგებობებს, ძირითადად ეკლესიებსა და ციხე-სიმაგრეებს და სწავლობდნენ ანტიკურ მონუმენტებს, მოპოვებულ ინფორმაციასა და არტეფაქტებს კი აწვდიდნენ მუზეუმს. 1906 და 1907 წლის ზაფხულებში ლოურენსმა ბისონთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, სადაც მათ შეაგროვეს უძველესი ფრანგული კოშკების სურათები და ჩანახატები. 1907 წლიდან 1910 წლამდე ლოურენსი კითხულობდა ისტორიას ოქსფორდის ერთ-ერთ კოლეჯში. 1909 წლის ზაფხულში მან ფეხით გაიარა 1600 კილომეტრი და აღწერა ჯვაროსნების ლაშქრობების მიერ აღებული ციხე სიმაგრეები ოტომანების სირიაში. მან დაწერა თეზისი „ჯვაროსნების გავლენა ევროპულ სამხედრო არქიტექტურაზე მეთორმეტე საუკუნის ბოლოსთვის“[2].

1910 წელს ლოურენსს მიეცა შანსი გამხდარიყო არქეოლოგიური ჯგუფის წევრი კარკემიშში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. ამისთვის მან დეკემბერში გაცურა ბეირუთში და ჩავიდა ბიბლოსში, სადაც მან შეისწავლა არაბული ენა. იგი 1914 წლამდე აქტიურად იყო ჩართული არქეოლოგიურ გათხრებში ზემოხსენებულ რეგიონში. 1914 წელს ლოურენსი აიყვანეს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ბრიტანული არმიის დანაყოფში ნეგევის უდაბნოზე არქეოლოგიური სამხედრო დაკვირვებისა და აღწერის ჩასატარებლად, იმიტომ, რომ ეს ტერიტორია გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ოტომანების მხრიდან ეგვიპტეზე თავდასხმისთვის, მათ მოუწევდათ ამ ტერიტორიის გადალახვა.

1914 წლის ბოლოსთვის იგი გამოიძახეს ქაიროში და გაწევრიანდა გენერალურ სამხედრო სერვისში, რომელსაც სათავეში ედგა გილბერტ კლეიტონი, რომელიც ბრძანებებს პირდაპირ იღებდა ეგვიპტის უმაღლესი კომისარისგან, ჰენრი მაკმაჰონისგან. 1915 წლისთვის სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ დაძაბული შეიქნა. არაბული ნაციონალისტური ძალები უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ. მათ საერთო კონტაქტი ჰქონდათ მექას ემირთან, შარიფ ჰუსეინთან, რომელიც ბრიტანელებს არაბი ხალხის ოტომანთა წინააღმდეგ აჯანყებას სთავაზობდა გეგმად, სანაცვლოდ კი ბრიტანელების დახმარებას ითხოვდა დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს შექმნაში, რომელსაც უნდა მოეცვა ჰეჯაზი, სირია და მესოპოტამია - შუამდინარეთი. მოლაპარაკებები საკმაოდ წარიმართებოდა, რომ არა საფრანგეთის პრეტენზია, რომელსაც სირია საფრანგეთის პროტექტორატად წარმოედგინა და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სიტუაცია დაიძაბა 1915 წლის ბოლოსთვის, როდესაც შარიფ ჰუსეინმა მოითხოვა ბრიტანეთის უშუალო ჩარევა საქმეში, უკიდურეს შემთხვევაში კი მარტო მოქმედებას მიჰყოფდა ხელს, რაც ბრიტანეთისთვის არა მხოლოდ არასასურველი, არამედ საფრთხის შემცველიც იქნებოდა. ბრიტანელებმა მის მოთხოვნას მასთან მაკმაჰონის მიმოწერით უპასუხეს, რამაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად დაალაგა.

1916 წლის გაზაფხულისთვის ლოურენსი წავიდა მესოპოტამიაში, ბრიტანული ჯარის დასახმარებლად კუტის დასახლების აღებაში, რამაც პრინციპში დაიწყო არაბული აღმავლობა. აღსანიშნავია, რომ პარალელურად იდება საიქს-პიკოს შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რომლის შესახებაც ახლო აღმოსავლეთში განლაგებულმა ბრიტანულმა დანაყოფებმა, მათ შორის ლოურენსსმაც არაფერი იცოდა. შეთანხმების მიხედვით სირიის დიდი ნაწილი საფრანგეთის ხელთ რჩებოდა, რაც ეწინააღმდეგებოდა ჰუსეინისა და ლოურენსის სურვილებს. რაც შეეხება უშუალოდ არაბულ აჯანყებას, ის დაიწყო 1916 წელს. ლოურენსი გაგზავნილ იქნა ჰეჯაზში, სადაც მან დაკითხა ჰუსეინის შვილები, რომელთაგან არაბული აჯანყების ლიდერის კანდიდატურაზე ყველაზე მეტად მესამე ვაჟი, ფაისალი მოიწონა. 1916 წლის ბოლოსთვის ფაისალმა და ლოურენსმა გადაანაწილეს არაბული სამხედრო ძალები, რათა ოტომანებს მაქსიმალურად გაჭირვებოდათ მედინასკენ წაწევა და არ შექმნოდა საფრთხე რკინიგზას, რომელიც სირიაში გადიოდა. ამას გარდა, ლოურენსი უშუალოდ ჩაერთო რამდენიმე შეტაკებაშიც მათ შორის ჰეჯაზზე თავდასხმაში, აბა ელ ნაამის რკინიგზაზე თავდასხმაში, რას ბაალბეკში სარკინიგზო ხიდზე თავდასხმაში და ასე შემდეგ... 1917 წლის ივნისში ლოურენსი პირადად გაემგზავრა ხუთასი კილომეტრით ჩრდილოეთში, დამასკოს შემოგარენში და იორდანიაში, რათა შეხვედროდა ადგილობრივ არაბ ნაციონალისტებს და ეთხოვა, რომ აჯანყება და თავდასხმები ოტომანთა პოსტებზე თავიდან აერიდებინათ ფაისალის ძალების ჩამოსვლამდე[3].

1917 წელს ლოურენსს შესთავაზეს ქალაქი აქაბას აღება, რაც საკმაოდ რთულ მისიას წარმოადგენდა. მა არ შეატყობინა ბრიტანელებს თავდასხმის შესახებ, რადგანაც მათ შესაძლოა უარი ეთქვათ საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე. 9 მაისს, შარიფ ნაზირის მეთაურობით და ლოურენსის მონაწილეობით დაიწყო აქაბას აღების ექსპედიცია და წარმატებით დასრულდა 6 ივლისს. ქალაქის აღების შემდეგ, ახლადდანიშნულმა ეგვიპტური დანაყოფის მეთაურმა, გენერალმა სერ ედმუნდ ალენბიმ დათანხმება განაცხადა აჯანყებასთან დაკავშირებით და ომის შემდეგ ლოურენსზე თქვა: „I gave him a free hand. His cooperation was marked by the utmost loyalty, and I never had anything but praise for his work, which, indeed, was invaluable throughout the campaign. He was the mainspring of the Arab movement and knew their language, their manners and their mentality.[4] ეს ოფიციალური განცხადება მეტყველებს, თუ რამდენად ღირსეულ ადამიანად მიაჩნდა არა მხოლოდ არაბულ ხალხებს, არამედ მთელი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ლოურენს არაბი. ლოურენსი ასევე გარეული იყო დამასკოს დაცემის საკითხშიც. იმის მუხედავად, რომ ის იქ არ იმყოფებოდა, მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ მოვლენის დაგეგვმაში. ის ჩავიდა დამასკოში მოვლენებიდან ოდნავ დაგვიანებით, 1918 წლის პირველ ოქტომბერს, თუმცა მისი სურვილი, შექმნილიყო დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფო ჩაიშალა, რადგანაც 1920 წელს დამასკოში შევიდა ფრანგული არმია.

ომის შემდგომ ლოურენსი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში. ის გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს ბათის ორდერის კომპანიონის მედლით. ასევე განიხილებოდა მისი ვიქტორიას ჯვრით დაჯილდოება, რაც ბრიტანულ ორდენთა სისტემაში ყველაზე დიდ წოდებას წარმოადგენს. ომის შემდგომ პერიოდში ლოურენსმა დაწერა რამდენიმე წიგნი თავის განვლილ გამოცდილებასთან დაკავშირებით, მათ შორის სიბრძნის შვიდი სვეტი[5]. იგი 1935 წელს მოტო-ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ექვსი დღის შემდეგ, 19 მაისს გარდაიცვალა.

სიბრძნის შვიდი სვეტი

რედაქტირება

ლოურენსი ვრცელ ჩანაწერებს აკეთებდა არაბულ აჯანყებაში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, შედეგად შეიქმნა წიგნი, რომელსაც ჩარლზ ჰილმა უწოდა „ავტობიოგრაფიით შენიღბული რომანი“. ნაწარმოების სათაურს საფუძვლად დაედო ბიბლიური „იგავთა წიგნის“ სიბრძნის შვიდი სვეტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Seven Pillars of Wisdom, "სიბრძნის შვიდი სვეტი", ოქსფორდის სრული ტექსტი (1922). ISBN 0-9546418-0-9
  • Revolt in the Desert, "ამბოხი უდაბნოში", შემოკლებული ვერსია (1927). ISBN 1-56619-275-7
  • Crusader Castles, "ჯვაროსანთა სასახლეები", ოქსფორდის სრული ტექსტი (1988). ISBN 9780198229643
  • Lawrence of Arabia: The Authorized Biography of T.E. Lawrence, "ლოურენს არაბის ბიოგრაფია", სრული ტექსტი (1989). ISBN 9780434872350
  1. Richard Aldington, Lawrence of Arabia. A Biographical Enquiry, London, Collins, 1955.
  2. Crusader Castles. Thomas Edward Lawrence. ISBN 9780198229643
  3. Lawrence of Arabia: The Authorized Biography of T.E. Lawrence ISBN 9780434872350 (1989)
  4. The True Story of Lawrence of Arabia https://www.smithsonianmag.com/history/true-story-lawrence-arabia-180951857/ (July, 2014)
  5. Seven Pillars of Wisdom ISBN 0-9546418-0-9 (1922)