ალექსანდრე ორლოვი

ალექსანდრე მიხეილის ძე ორლოვი (რუს. Александр Михайлович Орлов; დ. 21 აგვისტო, 1895 — გ. 25 მარტი, 1973),— საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის რეზიდენტი ესპანეთის მეორე რესპუბლიკაში; 1938 წელს,მოსალოდნელი სასჯელის შიშით, მან უარი თქვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა; მისი სახელი დაკავშირებულია ესპანეთის ოქროს რეზერვების საბჭოთა კავშირში ტრანსპორტირების საქმესთან; ცნობილია გახმაურებული წიგნით „სტალინის დანაშაულების საიდუმლო ისტორია“.

ალექსანდრე ორლოვი

ალექსანდრე ორლოვი; 1930-იანი წლების ფოტო, განკუთვნილი ყალბი პასპორტისთვის
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1895
ბობრუისკი, რუსეთის იმპერია
გაუჩინარდა 1938
აშშ
შინსახკომის ყოფილი აგენტი
გარდაცვალების თარიღი 25 მარტი, 1973
კლივლენდი
სხვა სახელები ლეიბა ლაზარეს ძე ფელდბინი (დაბადების სახელი), ლევ ლაზარეს ძე ნიკოლსკი, იგორ კონსტანტინეს ძე ბერგი, ლევ ლეონიდის ძე ნიკოლაევი.
ეთნიკურად ებრაელი

ადრეული წლები

რედაქტირება

ალექსანდრე ორლოვის დაბადების სახელია ლეიბა ლაზარეს ძე ფელდბინი (რუს. Лейба Лейзерович Фельдбин); ის დაიბადა ბელარუსიის ქალაქ ბობრუისკში 1895 წლის 21 აგვისტოს, ებრაულ ოჯახში; სწავლობდა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში; ორი სემესტრის შემდეგ გადავიდა სამართლის ფაკულტეტზე მოსკოვის უნივერსიტეტში, რუსეთი საიმპერატორო არმიაში გაწვევის გამო მალევე მოუხდა სწავლის შეწყვეტა. 1918 წელს რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, ალექსანდრე ორლოვი წითელ არმიაში შევიდა და მალე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი გახდა; ის ხელმძღვანელობდა დივერსიულ ოპერაციებს უკრაინის ტერიტორიაზე, თეთრგვარდიელების წინააღმდეგ; მოგვიანებით ის მსახურობდა ქალაქ არხანგელსკში, გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში.

1921 წელს, წითელი არმიიდან გათავისუფლების შემდეგ, ის მოსკოვში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. 1920 წლიდან ლეიბა ფელდბინის ოფიციალური სახელი ლევ ნიკოლსკი გახდა. სწორედ ამ სახელით მოეწყო ის საბჭოთა კავშირის უშიშროების ორგანოებში; 1924 წელს, მისი ბიძაშვილის დახმარებით და საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის ფინანსური სექციის მე-6 განყოფილების ოფიცერი გახდა. მალე მისი ბიძაშვილი ამიერკავკასიაში გადაიყვანეს სამუშაოდ და ორლოვს ოჯახთან ერთად, თბილისში მოუხდა სამუშაოდ გადასვლა. აქ მისი ქალიშვილი რევმატიზმით დაავადდა, რის გამოც თავის ძველ მეგობარს და კოლეგას, არტურ არტუზოვს სთხოვა საზღვარგარეთ სამუშაოდ გაგზავნაში დახმარებოდა, რათა ქალიშვილის მკურნალობის საშუალება ჰქონოდა.

სადაზვერვო საქმიანობა საბჭოთა საზღვრებს გარეთ

რედაქტირება

1926 წელს ლევ ნიკოლსკი მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უცხოურ განყოფილებაში გადაიყვანეს და საფრანგეთში გაგზავნეს. მისი რეალური მისია საბჭოთა კავშირის სავაჭრო დელეგაციის წევრის სტატუსით იყო შენიღბული. საბჭოთა მზვერავი, იგივე მისიით გადაიყვანეს ბერლინში, ხოლო 1930 წელს მოსკოვში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ ის გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილი ამერიკული პასპორტის მისაღებად, რომელიც თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემდა; ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვამ მოხდინა მისი, როგორც აგენტის იდენტიფიცირება; 1932 წლის ნოემბერში აგენტი ევროპაში, ვაიმარის რესპუბლიკაში დაბრუნდა. 1933 წელს ორლოვი ნიკოლაევის სახელით გაემგზავრა ვენაში, სამი თვის შემდეგ პრაღაში წავიდა, მოგვიანებით ჟენევაში, ხოლო 1934 წელს კოპენჰაგენში გაგზავნეს ადგილობრივი რეზიდენტის დასახმარებლად.

1935 წელს ორლოვი, უილიამ გოლდინის სახელით, ლონდონის რეზიდენტი გახდა, თუმცა არ დასტურდება მისი კავშირი „კემბრიჯის ხუთეულის“ გადაბირებასთან. რამდენიმე თვის შემდეგ, ის მოსკოვში დააბრუნეს საკმაოდ მოკრძალებული პოზიციაზე. [1]

სადაზვერვო მისია ესპანეთის სამოქალაქო ომში

რედაქტირება

1936 წლის სექტემბერში ორლოვი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა მადრიდში გაგზავნა, ესპანეთის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული მისიით. როგორც ავტორი დონალდ რეიფილდი აღნიშნავს „ესპანეთში გაგზავნილი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აგენტები უფრო მეტად დაკავებული იყვნენ რესპუბლიკელ ლიდერებსა და საერთაშორისო ბრიგადების მეთაურების გატაცებებით და მკვლელობებით, ვიდრე ფრანსისკო ფრანკოსთან ბრძოლით“. [2]

ორლოვი დაკავებული იყო ესპანელი ნაციონალისტების ზურგში დივერსიების ორგანიზებით, ისევე როგორც ამას აკეთებდა რუსეთის სამოქალქო ომის პერიოდში, უკრაინის ტერიტორიაზე. 1936 წლის ოქტომბერში ორლოვს ესპანური ოქროს რეზერვების საბჭოთა კავშირში გადაზიდვა დაევალა. რესპუბლიკური მთავრობა დათანხმდა 510 ტონა ოქრო მოსკოვში, საბჭოთა სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ავანსად გაეგზავნა. ოქროს მარაგი, კარტახენას პორტში, ოთხ სხვადასხვა საბჭოთა ხომალდზე დატვირთეს, გერმანული ავიაციის თავდასხმის შიშით და ოდესისაკენ გაგზავნეს. წარმატებული ოპერაციისათვის ორლოვმა ლენინის ორდენი მიიღო. ზოგიერთი ისტორიკოსის შეფასებით, ორლოვის როლი მოლაპარაკებებში გადაჭარბებულია და მას მხოლოდ ლოჯისტიკური მისია ჰქონდა. ორლოვი აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი ანარქისტების, ტროცკისტების, ნაციონალისტთა მხარდამჭერების დაპატიმრებებსა და მკვლელობებში. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის არქივებში ორლოვის მიერ ესპანეთში ჩადენილი არაერთი დანაშაულის მტკიცებულებაა. ორლოვი პირდაპირი იყო ჩართული ცნობილი მემარცხენე პოლიტიკოსის, ანდრეი ნინას გატაცებასა და მკვლელობაში.

საბჭოთა კავშირში დიდი წმენდის დაწყების შემდეგ ორლოვმა მიიღო ინფრმაცია მისი არაერთი მეგობრის და თანამშრომლის დაპატიმრების, წამების და გაუჩინარების შესახებ. 1938 წელს ის მოსკოვში გაიწვიეს. ორლოვი მიხვდა, რომ შემდეგი მსხვერპლი თავად იქნებოდა, ამიტომ ბრძანებას არ დაემორჩილა და ოჯახთან ერთად კანადაში გაფრინდა, საიდანაც აშშ-ში გადავიდა. ამერიკის კონტინენტზე გამგზავრებამდე მან პარიზში, საბჭოთა კავშირის ელჩს ორი წერილი დაუტოვა, რომლებიც იოსებ სტალინისა და ნიკოლაი ეჟოვისათვის იყო განკუთვნილი. ის ემუქრებოდა საბჭოთა ლიდერებს, რომ საჯაროს გახდიდა შინსახკომის ოპერაციების შესახებ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, თუკი მასსა და მისსავე ოჯახთან მიმართებაში რაიმე ღონისძიება იქნებოდა გატარებული. გარდა ამისა, ორლოვმა წერილი მიწერა ლევ ტროცკის და მისი ვაჟის, ლევ სედოვის გარემოცვაში ჩანერგილი საბჭოთა აგენტის შესახებ აცნობა. ტროცკიმ წერილი პროვოკაციად აღიქვა. მიუხედავად სტალინის ბრძანებისა, საბჭოთა დაზვერვამ ორლოვის ადგილსამყოფელის დადგენა 1969 წლამდე ვერ შეძლო.

საიდუმლო ისტორია

რედაქტირება

ორლოვს ეშინოდა, რომ სხვა აგენტების ბედს გაიზაირებდა, რომლებიც გაქცევის შემდეგ საბჭოთა დაზვერვამ მოკლა, მაგალითად იგნას რეისი. ის, თავის წერილში სტალინის დაპირდა, რომ არ გამოქვეყნებდა საიდუმლო ინფორმაციას, თუკი ბელადი მას და მის ოჯახს დაინდობდა. მან შეასრულა პირობა და თავისი ნაშრომი „სტალინის დანაშაულების საიდუმლო ისტორია“ დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის აპრილში გამოაქვეყნა. მისი გაქცევიდან 15 წელი იყო გასული. ნაშრომი ოთხ ნაწილად გამოქვეყნდა ჟურნალ Life-ში.

საიდუმლო ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეშფოთებული დარჩა იმით, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მაღალი რანგის ოფიცერი ფარულად, 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა აშშ-ს ტერიტორიაზე. ორლოვი ადმინისტრირებას სწავლობდა კლივლენდის ერთ-ერთ კოლეჯში, იგივე შენობაში იყო განთავსებული გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისი, თუმცა ბედის ირონიით, ბიუროს თანამშრომლებს არასოდეს მიუქცევით ყურადღება უფროსი ასაკის სტუდენტისათვის, რომელიც ყოველდღე მგზავრობდა მათთან ერთად ლიფტით.

ორლოვი დაკითხული იქნა ფედერალური ბიუროს მიერ. 1956 წელს მან ახალი წიგნი გამოქვეყნა სტალინის შესახებ, სადაც ამტკიცებდა, რომ სტალინი რუსეთის იმპერიის უსაფრთხოებისა და წესრიგის პოლიციის ( „ოხრანკა“) მიერ იყო გადაბირებული და ამ ინფორმაციის ცოდნა გახდა მარშალ მიხეილ ტუხაჩევსკის დახვრეტის მიზეზი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ორლოვი მიჩიგანის უნივერსიტეტში, კვლევით სამუშაოზე მუშაობდა. ის არასოდეს მალავდა თავის ზიზღს სტალინის მიმართ და მას კიდევ რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა; ცხოვრების ბოლო წლებში, თავის ოჯახთან ერთად, ცხოვრობდა ოჰაიოს შტატში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1973 წელს.

ორლოვის მონათხრობში გარკვეული ფაქტები საეჭვოა: შესაძლოა, ამ გზით, ორლოვს სურდა გაემყარებინა მისი შეხედულებები და დასავლურ საზოგადოებაში განემტკიცებინა თავისი სტატუსი."[3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Orlov, Alexander (1953). The Secret History of Stalin's Crimes. New York: Random House
  • Orlov, Alexander (1963). Handbook of Intelligence and Guerrilla Warfare. Ann Arbor: University of Michigan Press.
  • Orlov, Alexander (September 22, 1993). „The Theory and Practice of Soviet Intelligence“ (PDF). Studies in Intelligence. 7 (2).
  • Orlov, Alexander (2004). The March of Time: Reminiscences. London: St. Ermin's Press.
  1. Trahair, R. C. S. (2004). Encyclopedia of Cold War Espionage, Spies, and Secret Operations. Greenwood Publishing Group, გვ. 249–250. ISBN 978-0-313-31955-6. 
  2. Donald Rayfield, Stalin and his Hangmen: The Tyrant and Those Who Killed for Him, Random House, 2004. Pages 362-363.
  3. Andrew, Christopher (1999). The Sword and the Shield. The Mitrokhin Archive and the Secret History of the KGB. United States of America: Basic Books, გვ. 59–60. ISBN 0-465-00310-9.