გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო

გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (რუს. Объединённое государственное политическое управление , შემოკლებით ОГПУ) — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საიდუმლო პოლიცია 1923 წლის ნოემბრიდან 1934 წლის ივლისამდე; პასუხისმგებელი იყო სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე; მას 1926 წლამდე ხელმძღვანელობდა ფელიქს ძერჟინსკი, ხოლო შემდეგ, არსებობის დასასრულამდე, ვიაჩესლავ მენჟინსკი; 1934 წელს სტრუქტურა ჩაანაცვლა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში მყოფმა სახელმწიფო უშიშროების მთავარმა სამმართველომ.

გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ლოგო; 1932 წელი.

გაერთიანებულმა სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინის მეთაურობით განხორციელებულ სოფლის მეურნეობის იძულებით კოლექტივიზაციაში, წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობაში, იძულებითი შრომის ბანაკებში (გულაგი) მილიონობით გლეხის დეპორტაციაში. გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო მოქმედებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, დევნიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, საბჭოთა დისიდენტებს და ანტიკომუნისტებს.

დაარსება

რედაქტირება

1922 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ, მმართველმა სსრკ კომუნისტურმა პარტიამ ერთიანი სადაზვერვო სამსახურის არსებობის აუცილებლობა დაინახა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას მთელი გაერთიანების ტერიტორიაზე გააკონტროლებდა. იმ დროს არსებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) საიდუმლო პოლიციას წარმოადგენდა და ე.წ. საგანგებო კომისიის (ჩეკა) მემკვიდრე იყო .

1923 წლის 15 ნოემბერს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო დაიშალა და გადაკეთდა გაერთიანებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოდ, რომლის იურისდიქცია მთელ საბჭოთა კავშირს მოიცავდა. მისი ოფიციალური სრული სახელი იყო „სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო“ (Объединённое государственное политическое управление при СНК СССР ). სამმართველოს პირველ ხელმძღვანელად ფელიქს ძერჟინსკი დაინიშნა. [1]

გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო თავდაპირველად თავშეკავებულად მოქმედებდა (განსხვავებით ე.წ. "ჩეკასგან"), თუმცა მისი უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაიზარდა 1926 წელს, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შემდეგ, რომელიც შეეხებოდა ანტისახელმწიფოებრივ ტერორიზმს. დებულებები ბუნდოვნად იყო დაწერილი და ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. გაერთიანებულმა სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ შექმნა ტრიბუნალები, რომლებიც ტერორიზმის იშვიათ შემთხვევებზე, როგორც წესი, მოწმეების გამოძახების გარეშე იმართებოდა. დროთა განმავლობაში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ფაქტობრივი უფლებამოსილებები კიდევ უფრო გაიზარდა. სამმართველოს აგენტებმა დასავლეთ ევროპაში განახორციელეს ოპერაცია „ნდობა“ (The Trust). მათ ადგილობრივ ანტიკომუნისტებს თავი გააცნეს, როგორც ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრებმა, ამ გზით მოახერხეს ერთ-ერთი წამყვანი ანტიკომუნისტის - სიდნი რეილის საბჭოთა კავშირში შეტყუება, რომელიც 1925 წლის სექტემბერში სიკვდილით დასაჯეს. 1926 წელს ძერჟინსკი გარდაიცვალა, იგი შეცვალა მისმა მოადგილემ ვიაჩესლავ მენჟინსკიმ.

1927 წლიდან 1929 წლამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო აწარმოებდა ინტენსიურ გამოძიებას ოპოზიციური გადატრიალების შესახებ. საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა გამოსცა საჯარო განკარგულება, რომლის მიხედვით ნებისმიერი ოპოზიციური შეხედულება უნდა ჩათვლილიყო სახელმწიფოსათვის საშიშად; განკარგულებამ გაერთიანებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოს „მტრული ელემენტები“ ძიების უფლებამოსილება მისცა. ამას მოჰყვა 1928 წლის მარტში „შახტის სასამართლო პროცესი“ , სადაც ე. წ. ინდუსტრიულ დივერსანტებს მტრული შეთქმულების მოწყობაში დასდეს ბრალი. ეს პროცესი პირველი იყო სტალინის მმართველობის დროს გამართული არაერთი სასამართლო პროცესიდან. გაერთიანებულმა სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ დაგეგმა და შექმნა გულაგის სისტემა; ის ასევე გახდა საბჭოთა ხელისუფლების დასაყრდენი რელიგიური ჯგუფების დევნაში; იყო პასუხისმგებელი ადრეულ საბჭოთა კავშირში ანარქისტების და სხვა დისიდენტური მემარცხენე ფრაქციების აღმოჩენაზე, დაკავებასა და ლიკვიდაციაზე; მან განახორციელა განკულაკების კამპანიები პირველი ხუთწლიანი გეგმის განმავლობაში ადგილობრივი აგენტების, კომუნისტური პარტიის ოფიციალური პირების და სახელმწიფო პროკურორებისაგან ჩამოყალიბებული სპეციალური ტროიკების მეშვეობით, რომელთაც ეჭვმიტანილების გადასახლების ან სიკვდილით დასჯის უფლება ჰქონდათ, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.[2]

გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელობის დროს მენჟინსკის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა. სტალინს ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა მის პირველ მოადგილესთან, ჰენრიხ იაგოდასთან , რომელიც არსებითად ხელმძღვანელობდა სტრუქტურას 1920-იანი წლების ბოლოს. მენჟინსკიმ ბოლო წლები ინვალიდობაში გაატარა და 1934 წლის მაისში გარდაიცვალა.

1934 წლის ივლისში, მენჟინსკის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო დაიშალა და ხელახლა ჩაერთო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატშის დაქვემდებარებში, ის გარდაიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარ სამმართველოდ, ჰენრიხ იაგოდას ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, 1954 წელს, გადაკეთდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტად (ე. წ. კაგებე)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Степаков, Виктор (2002) Spetsnaz Rossii, Серия "Досье. Спецслужбы мира" (ru). ОЛМА Медиа Групп, გვ. 14. ISBN 9785765424254. „[...] 1921 г. при Президиуме ВЧК был создан Отряд особого назначения (ОСНАЗ). Он включал в себя: штаб батальона, три стрелковые роты, команду связи, хозяйственную команду, обоз батальона и кавалерийский эскадрон, всего 1097 бойцов [...].“ 
  2. Snyder, Timothy (2010). Bloodlands: Europe between Hitler and Stalin (en). Basic Books. ISBN 978-0-465-03147-4.