აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები — ორმხრივი საგარეო კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის. თბილისში არის აზერბაიჯანის საელჩო და ასევე საქართველოს საელჩო – ბაქოში. ორივე სახელმწიფო არის ევროსაბჭოს, ეუთოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი.

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Georgia

აზერბაიჯანი

საქართველო
ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის გვერდით მდებარე ბაქოს ქუჩა - სახელი დარქმეულია აზერბაიჯანის დედაქალაქის - ბაქოს პატივსაცემად.
მემორიალური დაფა თბილისში, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში, სადაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას მოეწერა ხელი.

დიასპორები

რედაქტირება

აზერბაიჯანელები საქართველოში ძირითადად ქვემო ქართლსა და კახეთში ცხოვრობენ, უმეტესად სოფლებში. (საკმაო რაოდენობით – თბილისშიც). შეადგენენ საერთო მოსახლეობის 6.5%(ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობა). მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში უმრავლესობას წარმოადგენენ. მათი საერთო რაოდენობა 280–290 ათასია. მათთან შედარებით ქართველები აზერბაიჯანში გაცილებით მცირერიცხოვნად არიან. ძირითადად კახის (ყველაზე მეტი), ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში.

ქართველ მეფეებს ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ სახანოებთან, რომლებიც ხან შედარებით დამოუკიდებლები – ხანაც სპარსეთის შემადგენლობაში იყვნენ.

სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა პირველად 1918 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დამყარდა. 1919 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერა ერთობლივ თავდაცვით ხელშეკრულებას გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ. ამ ორ ქვეყანას შორის პრობლემატური იყო ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი, ასევე აზერბაიჯანის მხარდაჭერა სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის მიმართ, თუმცა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. 1920 წელს ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ იქაური პოლიტიკური ელიტის ნაწილი თბილისში გადმოვიდა, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა საქართველოც დაიპყრო. 1922 წლის 30დეკემბერს ორივე ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც 1936 წელს გაუქმდა და შეიქმნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ–ები.

თანამედროვე ეპოქა

რედაქტირება

1991 წელს საქართველომ და აზერბაიჯანმაც დამოუკიდებლობა აღიდგინეს და 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა. 1997 წლის 10 ოქტომბერს სუამის დამფუძნებელი წევრები გახდნენ. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა, TRACECA). ორივე ქვეყანა ჩართულია ნატოს პროგრამაში – პარტნიორობა მშვიდობისათვის. ზვიად გამსახურდიას დროს, 1990 წლის დეკემბერში, ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურულ, ეკონომიკურ და სამეცნიერო–ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა ასევე 1993 წლის თებერვალში, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ აზერბაიჯანულ გაზსა და ნავთობს სომხეთში არ გაიტანდა. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობდა საქართველო შეერთებოდა მის მიერ სომხეთისთვის გამოცხადებულ ბლოკადას, თუმცა უშედეგოდ.

2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციად გაერთიანების იდეა.[1]

საქართველო აზერბაიჯანში ახორციელებს ცემენტის, ლოკომოტივების, სარკინიგზო მოწყობილობების, ქიმიური ნაწარმის, მინის, მინერალური წყლების, ალკოჰოლური სასმელისა და ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტს. აზერბაიჯანულიდან შემოდის ნავთობი, ბენზინი, დიზელი, ბუნებრივი აირი, პლასმასის ნაწარმი, ავეჯი და სამშენებლო მასალები.

საზღვარი

რედაქტირება

საქართველოს და აზერბაიჯანს 446 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ არაა დელიმიტირებული. განსაკუთრებით მწვავედ დგას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემა რომელიც დღევანდელი მდგომარეობით საზღვრით ორადაა გაყოფილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის შესახებ, აზერბაიჯანის მხარეზე მდებარე, დავით გარეჯის ნაწილის სანაცვლოდ, ვინაიდან კომპლექსი ქართველებისთვის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს. ოფიციალურმა ბაქომ გამორიცხა ამის შესაძლებლობა და მიზეზად სადავო ტერიტორიის სამხედრო–სტრატეგიულ მნიშვნელობა დასახელა. გარდა ამისა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, 2007 წლის აპრილში, განაცხადა რომ მონასტერი კავკასიელი ალბანელების (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარსულში მობინადრე გადაშენებული ერი) საცხოვრებელი იყო. პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ამ განცხადებას "აბსოლუტურად გაუგებარი" უწოდა და აზერბაიჯანელ დიპლომატს მსოფლიო ისტორიის გადაკითხვა ურჩია. მოგვიანებით ბაქომ გამოთქვა მზადყოფნა კომპლექსის საერთო ტურისტულ ზონად გადაქცევის თაობაზე, თუმცა ამ იდეის გაჟღერებამ ქართულ საზოგადეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ილია II მ განაცხადა: "მონასტერი ქართული სიწმინდეა და ის მთლიანად ქართულ ნიადაგზე უნდა იდგეს".

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე სამი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი მდებარეობს: წითელი ხიდი (ყველაზე მსხვილი), დედოფლისწყარო და ლაგოდეხი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 349, ISBN 978-9941-0-5972-8.