ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

(გადამისამართდა გვერდიდან ხელნაწერთა ინსტიტუტი)

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) — ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავი საქართველოში. დაარსდა 1958 წლის 30 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
შეიქმნა 1958 წელი, 30 ივნისი
სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ტიპი სამეცნიერო, კვლევითი
მიზანი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელის შეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა, ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის პროპაგანდის მხარდაჭერა[1].
მდებარეობა თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 1/3
დირექტორი ზაზა აბაშიძე
მთავარი ორგანო სამეცნიერო საბჭო
მშობელი ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ატარებს სახელს კორნელი კეკელიძე
ქვეყანა საქართველო
manuscript.ge

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის“ სახელწოდებით ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. ილია აბულაძევე გახდა ინსტიტუტის პირველი დირექტორი. 1962 წელს ინსტიტუტს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელი მიენიჭა. 1968 წლიდან 1989 წლამდე ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელენე მეტრეველი იყო, 1989—2006 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზაზა ალექსიძე. 2006–2015 წლებში — ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა.

2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი გაუქმდა და მის ნაცვლად კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი დაარსდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით[2]. 2007 წლის 23 მაისიდან ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეწოდა; სახელის შეცვლის ინიციატივა, რომელიც თავად ინსტიტუტის კოლექტივს ეკუთვნოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, განიხილა და დააკმაყოფილა მთავრობის სხდომამ[3]. 2015 წლიდან კი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეწოდა.

2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის დოქტორი ზაალ აბაშიძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა

რედაქტირება

1966 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის სპეციალურად აშენდა საცავი. პროექტის ავტორები იყვნენ: გიორგი ლეჟავა, ვ. ცუხიშვილი, თ. თოდრაძე. ინჟინერი ვ. გეგენავა.

სტრუქტურა

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას დირექტორი განსაზღვრავს, სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს კი ცენტრის სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს. გარდა ამისა, ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია დეპარტამენტები და ლაბორატორიები. ამჟამად ფუნქციონირებს რვა დეპარტამენტი (კოდიკოლოგიის, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის, არქივთმცოდნეობის, ფონდების მართვის, გამოფენის, განათლების, ბიბლიოთეკის, ხელოვნების ისტორიის) და ორი ლაბორატორია (რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის).

დირექტორი

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელობს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. იგი ცენტრის ოფიციალურ წარმომადგენელია მესამე პირებთან ურთიერთობისას და აკისრია პასუხისმგებლობა ცენტრის საქმიანობაზე — მის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე[4].

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების თანახმად, დირექტორი ოთხი წლის ვადით აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ; აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სტაჟი[5].

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს. ამჟამად ცენტრის დირექტორია ზაალ აბაშიძე, ხოლო მოადგილე — გია ახალაძე[6]

სამეცნიერო საბჭო

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო დირექტორთან ერთად ცენტრის მმართველი ორგანოა. იგი სამეცნიერო განვითარებისა და მართვის საკითხებს განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს კენჭისყრის საფუძველზე.

სამეცნიერო საბჭოს წევრებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება ირჩევს ხუთი წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტები, ლაბორატორიები) რაოდენობაზეა დამოკიდებული; ყოველ ერთეულს საბჭოში ერთი ან ორი (თუ ერთეულში ათზე მეტი მეცნიერი თანამშრომელია) მეცნიერი წარმოადგენს.

სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს მისივე წევრების მიერ ხუთი წლის ვადით არჩეული საბჭოს თავმჯდომარე. იგი იწვევს საბჭოს სხდომებს, ორგანიზებას უწევს მის მუშაობას და მეთვალყურეობს გადაწყვეტილებათა შესრულებას. ამჟამად სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა შალვა გლოველი[7][8][9].

სტრუქტურული ერთეულები

რედაქტირება

კოდიკოლოგიის დეპარტამენტი

რედაქტირება

კოდიკოლოგიის დეპარტამენტი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს; ამზადებს ძველი ქართული მწერლობის როგორც ნათარგმნ, ისე ორიგინალურ ძეგლებს თანდართული ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ხასიათის გამოკვლევითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონ-საძიებლით. გარდა ამისა, კოდიკოლოგიის დეპარტამენტი აღწერს საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა საცავებში, მათ შორის იერუსალიმში, სინის მთაზე, ათონზე, პარიზში, პეტერბურგში დაცული ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერებს, ქმნის კატალოგებსა და მონაცემთა ბაზას[10].

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი

რედაქტირება

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღიდან არსებობს. იგი საქართველოს ისტორიის ამსახველი წერილობითი წყაროების ცენტრის მდიდარ ბაზაზე მუშაობს. ამ მასალას წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი აღნუსხავს, აღწერს, ქმნის და სრულყოფს საძიებო სისტემებს, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობით ბაზას. გარდა ქართულისა, დიდი ადგილი ეთმობა იმ აღმოსავლური — სომხური, არაბული, სპარსული, თურქული წყაროების კვლევასა და პუბლიკაციას, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს შეიცავენ[11].

არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი 2007 წელს შეიქმნა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა იმ პირად არქივთა ბაზაზე, რომლებიც ცენტრშია დაცული. დეპარტამენტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს:

  • ამუშავებს პირად არქივებს, რაც გულისხმობს აღწერილობათა შედგენას და გამოსაცემად მომზადებას;
  • გადაამუშავებს უკვე დამუშავებულ არქივებს;
  • ქმნის არსებული ფოტოკოლექციის ერთიან ელექტრონულ ბაზას;
  • უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაციას;
  • მოიზიდავს ახალ არქივებს[12].

ფონდების მართვის დეპარტამენტი

რედაქტირება
 
ფონდები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების მართვის დეპარტამენტი მართავს ხელნაწერი წიგნების, საისტორიო დოკუმენტების, პირადი არქივების ფონდებს და ფონდების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილ სხვა ფონდებს; განსაზღვრავს ამ ფონდებთან დაკავშირებულ საკითხებს. საბიბლიოთეკო წიგნად ფონდებს, მემორიალური კაბინეტების და მემორიალურ ნივთთა ფონდებს, კარტოგრაფიის ფონდებს (ასევე სხვა ფონდებს რომლებიც ინახება საბიბლიოთეკო დეპარტამენტში) მართავს და აკონტროლებს საბიბლიოთეკო დეპარტამენტი, მაგრამ ფონდის შექმნის, ფონდების ინტეგრირების ან გაყოფის შემთხვევაში საკითხს ათანხმებს ფონდების მართვის დეპარტამენტთან[13].

გამოფენის დეპარტამენტი

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის დეპარტამენტი ახორციელებს საგამოფენო პროექტებს, რითაც პოპულარიზაციას უწევს ცენტრში დაცულ კულტურულ მემკვიდრეობას. დეპარტამენტი აწყობს როგორც სტაციონალურ, ისე მოძრავ გამოფენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, გამოფენის დეპარტამენტი ხელს უწყობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სისტემის განვითარებასა და საერთაშორისო საგამოფენო სტანდარტებთან დაახლოებას[14].

განათლების დეპარტამენტი

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტი საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამებისა და სერვისების შეთავაზებით ახორციელებს ცენტრში დაცული კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას. ამ მემკვიდრეობასთან თანაზიარებითა და ინტერაქციით დეპარტამენტი ხელს უწყობს საზოგადოების წევრების, ჯგუფების თვითრეალიზაციასა და შესაძლებლობების განვითარებას[15].

ბიბლიოთეკის დეპარტამენტი

რედაქტირება
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მდიდარი ბიბლიოთეკა გააჩნია; მის ფონდში დაცულია 10935 ქართულენოვანი, 11654 რუსულენოვანი და 6496 სხვა უცხოენოვანი წიგნი, აგრეთვე 3096 ქართულენოვანი, 7285 რუსულენოვანი და დაახლოებით 4000 სხვა უცხოენოვანი პერიოდული გამოცემა.

ბიბლიოთეკის კუთვნილი მასალის დიდი ნაწილი საცავებში ინახება, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და საცნობარო ლიტერატურა კი — ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. ბიბლიოთეკის გაერთიანებული კატალოგი ძირითადი ფონდების კატალოგების გარდა, მემორიალურ კაბინეტებში დაცულ წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებსაც მოიცავს[16].

ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი

რედაქტირება

ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი ხელნაწერი წიგნის ხელოვნების საკითხებს იკვლევს, მუშაობს ხელნაწერებში ჩართული მინიატიურების კორპუსის შედგენასა და გამოცემაზე. ხელნაწერის გაფორმების კვლევა ხდება ქრონოლოგიური, სივრცული და თემატური კუთხით, რაც სხვადასხვა სკრიპტორიუმისათვის, ეპოქისათვის ან თემატიკისათვის დამახასიათებელი მხატვრული სტილის დადგენას გულისხმობს. დეპარტამენტი ხელნაწერებს პიროვნულ ჭრილშიც შეისწავლის და იკვლევს საკითხებს გადამწერებთან, მხატვრებთან და შემმოსველებთან დაკავშირებით[17].

რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია

რედაქტირება
 
წიგნის რესტავრაციის პროცესი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია 2006 წელს ჩამოყალიბდა და შეცვალა მანამდე არსებული ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილება. რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

  • ქაღალდსა და ეტრატზე შესრულებული ხელნაწერების, ძველნაბეჭდი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო მასალის, ცენტრის ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნებისა და კერძო კოლექციებში დაცული მასალების რესტავრაცია და კონსერვაცია;
  • დაძველებული და დესტრუქციული ფურცლის გამაგრება;
  • გაქვავებული და ერთმანეთთან შეწებებული ფურცლების დაშლა;
  • დეფორმირებული ფურცლის გასწორება და რესტავრაცია;
  • ნაკლული ადგილების შევსება;
  • დაშლილი ხელნაწერების აკინძვა, ორიგინალური ტვიფრული ტყავის გარეკანის რესტავრაცია და კონსერვაცია;
  • ცენტრის ფონდებში დაცული ან ახლად შემოსული მასალის დეზინფექცია და გაწმენდა.

დიგიტალიზაციის ლაბორატორია

რედაქტირება
 
ხელნაწერი წიგნის დიგიტალიზაციის პროცესი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებობს დიგიტალიზაციის ლაბორატორია, რომელიც ახდენს ცენტრის მასალების სკანირებას, ახარისხებს მათ და კომპიუტერულ ფორმატში გადაჰყავს. ხელნაწერების, მინიატიურების, დოკუმენტებისა და ფოტომასალის დიგიტალიზებით ცენტრი ხელს უწყობს მათ ფიქსაციასა და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანას. დიგიტალიზაცია წარმოადგენს არსებული მასალის დაცვის საშუალებასაც — იმ მასალის აღდგენა, რომელიც დროთა განმავლობაში ზიანდება, შესაძლებელია დიგიტალური ასლის დახმარებით მოხდეს[18].

კოლექცია

რედაქტირება
 
მოქვის ოთხთავი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდიდან
 
ვეფხისტყაოსნის ბეგთაბეგისეული ნუსხა ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდიდან

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და საარქივო ფონდს. ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფონდები ენების მიხედვით დაყოფილია ქვეფონდებად, საარქივო ფონდში კი ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა, აგრეთვე ორგანიზაციების არქივებია თავმოყრილი.

ხელნაწერები

რედაქტირება

ხელნაწერთა ფონდი იყოფა ქართულ, აღმოსავლურ, ბერძნულ, რუსულ და უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდებად. ამათგან ყველაზე დიდია ქართულ ხელნაწერთა ფონდი, რომელიც V—XIX საუკუნეებით დათარიღებულ ათასობით ხელნაწერს მოიცავს, მათ შორის უძველეს პალიმფსესტებსაც.

ქართულ ხელნაწერთა ფონდი დაყოფილია A[19], H[20], Q[21] და S[22] ქვეფონდებად, რომლებშიც თავმოყრილია როგორც საეკლესიო, ისე საერო ლიტერატურის ძეგლებიც. ეროვნული საეკლესიო მწერლობიდან აღსანიშნავია „შუშანიკის წამების“, „ევსტათი მცხეთელის წამების“, „აბო თბილელის წამების“ ხელნაწერები. გარდა ქართული თხზულებებისა, ამავე ფონდშია დაცული ექვთიმე მთაწმიდელის, გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ მცირის, არსენ იყალთოელისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა მიერ ნათარგმნი საეკლესიო მწერლობის ბიზანტიური ძეგლები. საერო მწერლობიდან აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის არაერთი ნუსხა, აგრეთვე ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო შინაარსის ხელნაწერები[23].

აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი ძირითადად არაბულ, სპარსულ და თურქულენოვანი ხელნაწერებისაგან შედგება, დაცულია აგრეთვე სამასამდე სომხური, ებრაული, სირიული და ერთადერთი ეთიოპიური ხელნაწერი[24].

ბერძნული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია ძველ და ახალ ბერძნულ ენაზე შესრულებული 51 ხელნაწერი, რომლებიც IX-XVIII საუკუნეებით თარიღდება. საწერ მასალად გამოყენებულია როგორც ქაღალდი, ისე ეტრატი. შინაარსობრივად ძირითადად სასულიერო თემატიკის ძეგლებია წარმოდგენილი, მათ შორის საღვთისმეტყველო თხზულებები, ფსალმუნები, საგალობლები და სხვა, აგრეთვე სამკურნალო ხასიათის ხელნაწერები[25].

რუსული ხელნაწერების ფონდში წარმოდგენილია ხუთასზე მეტი ხელნაწერი. მათი უმეტესობა გვიანდელია და XVI-დან XIX საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება. ფონდში დაცულია ქართველი მეფეების, მთავრებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმოწერის რუსულ ენაზე ნათარგმნი პირები, ლევ ტოლსტოისა და კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის ავტოგრაფები, სასულიერო თემატიკის ხელნაწერები და სხვა[26].

გარდა ამ ფონდებისა, არსებობს უცხოურ ხელნაწერთა ფონდი, რომელიც შერეულია და მოიცავს XV-XX საუკუნეებში გადაწერილ სხვადასხვა ევროპულ ენაზე შესრულებულ ნიმუშებს, მათ შორის ძველ გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, ფრანგულენოვან ხელნაწერებს[27].

ისტორიული დოკუმენტები

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული დოკუმენტების ფონდი მოიცავს ქართულ, არაბულ, ოსმალურ, სომხურ და სპარსულ დოკუმენტებს. მათი რაოდენობა საერთო ჯამში 30 000-ს აღემატება და X-XIX საუკუნეებით თარიღდება. ქართულ ხელნაწერ დოკუმენტთა ფონდში თავმოყრილია როგორც საეკლესიო, ისე საერო ხასიათის დოკუმენტები[28].

არაბული დოკუმენტები დაღესტნური წარმომავლობისაა და მათში დოკუმენტურად აღწერილია XVIII-XIX საუკუნის ადგილობრივ კავკასიელ ხალხთა ყოფა-ცხოვრება; ერთ-ერთ საბუთში დაცულია ცნობები იმამ შამილის მოძრაობის შესახებ. კოლექცია მოიცავს საქართველოსა და დაღესტნის ურთიერთობათა ამსახველ რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტსაც[29].

კოლექციაში თავმოყრილია ორასამდე სომხურენოვანი ისტორიული საბუთი, რომლებიც აგრეთვე XVIII-XIX საუკუნეებითაა დათარიღებული. სომხურ დოკუმენტები სხვადასხვა სახის ოქმებს, ნასყიდობისა და ვალის წიგნებს, სომეხ სამღვდელო პირთა ოფიციალურ მიმოწერასა და სხვაგვარ საბუთებს მოიცავს[30].

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სპარსული და თურქული (ოსმალური) დოკუმენტები, მათ შორის შაჰის ფირმანები, ოქმები, არზები, ნასყიდობის წიგნები და სხვა. ეს დოკუმენტები საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებას ასახავს, აგრეთვე კავკასიის რეგიონში რუსეთისა და სპარსეთის დაპირისპირებას. მათი ნაწილი მნიშვნელოვანია მოხატულობის თვალსაზრისითაც; სპარსული ხელნაწერი დოკუმენტები სპარსული ილუმინაციის ტრადიციების დაცვით, სინატიფითა და ფერადოვნებით ხასიათდება[28].

საარქივო ფონდი

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში თავმოყრილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ემიგრაციის მოღვაწეების, სასულიერო პირების, აგრეთვე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების და სინოდის კანცელარიის არქივები. ჯამში საარქივო ფონდების რაოდენობა 179-ია; აქედან, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 111 ფონდი. დანარჩენი 68 საარქივო ფონდი დამუშავების პროცესშია[31].

არქივში დაცული მასალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის კუთვნილი კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ძვ. წ. II-XV საუკუნეებით დათარიღებული 170-მდე პაპირუსი.

დანარჩენ ფონდებში დაცულია XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრება-შემოქმედებასთან დაკავშირებული ქართული, ლათინური, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა უცხოენოვანი ორიგინალური საბუთები; მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა; მრავალრიცხოვანი ფოლკლორული ჩანაწერები; უნიკალური ფოტონამუშევრები; სამხრეთ კავკასიის ახალი და უახლესი ისტორიის ამსახველი მასალა პოლიტიკის, ეკონომიკის, საეკლესიო ცხოვრების, ჟურნალისტიკის, თეატრის, მუსიკისა და სხვა სფეროებიდან[32].

ღონისძიებები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ჩვენი ხელნაწერთა ახალი საცავი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 27-30
  • აბაშიძე ზ., კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-09. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  2. ისტორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  3. ახალი სახელწოდება — ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-9 მუხლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-09. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-10 მუხლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-09. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  6. სტრუქტურა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2019.
  7. სამეცნიერო საბჭო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  8. სამეცნიერო საბჭოს უფბელა-მოვალეობანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  9. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-4—მე-6 მუხლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-09. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  10. კოდიკოლოგიის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  11. წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  12. არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  13. ფონდების მართვის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  14. გამოფენის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-11-30.
  15. განათლების დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  16. ბიბლიოთეკის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  17. ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-10.
  18. დიგიტალიზაციის ლაბორატორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-04.
  19. ქართული ხელნაწერების A ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  20. ქართული ხელნაწერების H ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  21. ქართული ხელნაწერების Q ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  22. ქართული ხელნაწერების S ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  23. ქართულ ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  24. აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  25. ბერძნული ხელნაწერების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  26. რუსულ ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  27. უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი, ხლნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  28. 28.0 28.1 ისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  29. არაბული დოკუმენტების კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  30. სომხური დოკუმენტების კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  31. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პირად არქივთა საერთო ნუსხა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-07.
  32. საარქივო ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2012-12-07.