სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეჟავა.

გიორგი ილიას ძე ლეჟავა (დ. 4 ივლისი, 1903, სოფ. ლახუნდარა, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1977, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და დაიწყო მუშაობა თბილისის საპროექტო ინსტიტუტში. 1931 წელს ხანგრძლივი ვადით სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში და ჩაირიცხა X არქიტექტურულ სახელოსნოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ხუროთმოძღვარი აკადემიკოსი ალექსი შჩუსევი. აქ მის მიერ შექმნილი პროექტები არაერთხელ აღინიშნა პრემიებით. 1941 წლიდან იგი არქიტექტურის აკადემიის ასპირანტია. მაგრამ ომმა თავისი კორექტივები შეიტანა მის ცხოვრებაში და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი არქტიტექტორი არტილერისტი გახდა. ასპირანტურა მან მხოლოდ ომის შემდეგ დაამთავრა.

1946 წელმა გიორგი ლეჟავას დიდი შემოქმედებითი გამარჯვება მოუტანა. არქიტექტორ ვ. კოკორინთან ერთად შექმნილმა საქართველოს მთავრობის სასახლის წინა კორპუსის არქიტექტურულმა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა. მომდევნო წელს კი მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსშიც მოიპოვა გამარჯვება. მისივე პროექტებით აშენდა ფიზიკის, ხელნაწერთა, მათემატიკის ინსტიტუტები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკა, რკინიგზის პავილიონი ახალ ათონში და სხვა.

პრაქტიკულ სამიანობას გ. ლეჯავა წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. იგი ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ თუ აზომვით ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. სახელდობრ მან აზომა და მეცნიერულად შეისწავლა საცხოვრებელი სახლები მთა-თუშეთსა და სვანეთში. 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მთავარ არქიტექტორად. მის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი გამოკვლევები მცხეთის, უფლისციხის, საჩხერის, სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა შესახებ. გ. ლეჟავამ თავისი მეუღლე მ. ჯანდიერთან ერთად გამოსცა ორი მონოგრაფია — „სვანეთის არქიტექტურა“ და „მთიანი საქართველოს არქიტექტურა“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 234, თბ., 1994