ჭერემის ნაქალაქარი

(გადამისამართდა გვერდიდან ჭერემი (ქალაქი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭერემი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭერემის ნაქალაქარიარქეოლოგიური, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, შუა საუკუნეების ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით. მდებარეობს გომბორის ქედის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ჭერმისხევის (მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა, მაღალ ნაპირზე.

ყოფილი საკათედრო ტაძარი ჭერემში

საისტორიო წყაროებში ქალაქ ჭერემის ლოკალიზაციის, ქრონოლოგიის, საეკლესიო კათედრის დაწესების, სპარსთა ლაშქრობისა და მისი მარშრუტის შესახებ დაცული ცნობები მნიშვნელოვნად შეავსო ნაქალაქარის არქეოლოგიურმა გამოკვლევამ, რომელსაც 1970 წლიდან ათი წლის განმავლობაში ეწეოდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). შედეგად სოფლის ტერიტორიასა და მის შემოგარენში გამოვლინდა ქვის, ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანისა და შუა საუკუნეების ძეგლები.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ქალაქ ჭერემის აგება და იქ საეპისკოპოსოს დაარსება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი ჭერემი გორგასლამდეც არსებულა. ვახტანგს კი აქ „ციხე-ქალაქი მაგარი“ აუშენებია და საეპისკოპოსო დაუარსებია. ვახუშტი ბატონიშვილი ჭერემის შესახებ გადმოგვცემს:

 
„დასავლეთიდამ (ალაზანს) მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთასა და მომდინარე ჭერემამდე ჩდილოთ დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შორის. ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველისციხე და აწ უქმი. ამავ წყალზედ არს, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი; იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალ ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი და ქალაქი მაგარი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით-კახეთისა[1]

ჯუანშერის ცნობით ქალაქი ჭერემი ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ორი ეკლესიით შემოიფარგლებოდა. სავარაუდოდ, ისტორიკოსი ქალაქის ციტადელს გულისხმობს და ეს ეკლესიები უნდა იყოს წმინდა გიორგისა და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიები, მაგრამ თუ ჯუანშერთან ქალაქის ვრცელი ტერიტორიაა ნაგულისხმევი, მაშინ ერთი ეკლესია (დასავლეთით) შეიძლება იყოს წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკლესია, ხოლო მეორე (აღმოსავლეთით) — მისი თანადროული ჭერემის მამა დავითის ეკლესია.

წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში ხდება ჭერემისა აღმოსავლეთიდან მომავალ სავაჭრო გზაზე მდებარე დასახლებების სტრატეგიულ პუნქტებად გადაქცევა, რასაც თან სდევდა საეპიკოპოსო კათედრების დაარსება. საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია კახეთ-ჰერეთის საეკლესიო ცენტრის გადანაცვლებამ ბარიდან მთისკენ. წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში ვახტანგ გორგასალი ჭერემში საეპიკოპოსოს დაარსებასთან ერთად აშენებს ციხესიმაგრეს, რომლის აგებსასთან ერთად იქმნება მთელი ხმარის გამაგრების სისტემაც. აქ ციხეებით ჩაკეტიულია ყველა ხეობა. როგორც ალაზნის, ისე ივრის ველიდან ქალაქ ჭერემსაც თავისი გამაგრების სისტემა ჰქონია. ჭერემის ჩრდილოეთით, ტბაწვერის მთაზე გამოვლენილია კოშკის ნანგრევები, რომელიც V საუკუნეს განეკუთვნება.

გორგასლის გარდაცვალების შემდეგ ჭერემი დაინგრა ირანელების შემოსევების შედეგად. XVII საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება ჭერემის ეპისკოპოსები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჭერემი უკვე აოხრებულია და საჭერემლოს სამწყსოს ნინოწმინდელი ეპისკოპოსი განაგებდა.

არქეოლოგიური ძეგლები

რედაქტირება

არქეოლოგიური ძეგლებიდან უძველესია სოფლის ტერიტორიაზე აკრეფილი ქვის ხანის კაჟისაგან დამზადებული იარაღები. სოფლის განაპირას, კვირიკეს გორაზე, აღმოჩნდა გვიანდელი ენეოლითური ხანის ნამოსახლარის ნაშთები, რომლებიც ძირითადად სამეურნეო ორმოებსა და შენობების ქვის ფრაგმენტებს შეიცავს. სოფლის დასავლეთით ადგილ საღანძილეში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელთან და სოფლის აღმოსავლეთით, წვეროდაბალის ბორცვზე გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანის რამდენიმე ნამოსახლარი გამოავლინა. ამავე ტერიტორიაზე არის ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ძეგლებიც.

დღევანდელი სოფლის ტერიტორიასა და წვეროდაბალის ბორცვზე, სადაც გორგასლისეული ქალაქ ჭერემის უბნების არსებობაა დადასტურებული, გამოავლინეს და შეისწავლეს III-IV საუკუნეების ქალაქური ტიპის დასახლება და სამაროვანი. სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა: მინის ჭურჭელი, მძივები, სხვადასხვა სამკაულები და მონეტები აღმოსავლეთთან დაკავშირებულ სავაჭრო გზაზე მიუთითებს. ამ გზას უნდა გულისხმობდეს ჯუანშერი, როდესაც აღწერს სპარსეთის ლაშქრის მარშრუტს. სწორედ ამ გზამ შეუწყო ხელი ჭერემისა და ამ გზაზე მდებარე სხვა პუნქტების (ხორნაბუჯი, ველისციხე, უჯარმა) წინ წამოწევასა და გაქალაქებას. როგორც ირკვევა ქალაქი ჭერემი ვახტანგ გორგასლამდე არსებული პუნქტი იყო და რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა. მისი ერთ-ერთი უბანი კი დღევანდელი სოფლის ტერიტორიასაც მოიცავდა, სადაც მომდევნო საუკუნეებში ინტესიური ცხოვრების კვალი ჩანს.

სოფელ ჭერემის ტერიტორიაზე, სკოლის მშენებლობის დროს, გამოვლინდა და გაითხარა III-VII საუკუნეების სამაროვანი. სამარხები კოლექტიური ქვისსამარხებია. გამონაკლისს წარმოადგენს ქვის ფილით გადახურული 4 ორმოსამარხი. III-IV საუკუნეების სამარხებში საკმაოდ მდიდრული ინვენტარია წარმოდგენილი: თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი ან სწორი დანა; მრავლადაა სამკაულიც. ყველა სამარხში გვხვდება ბეჭდები. მათ შორის რამდენიმე გემიანიც. გემები რომაულია. სამაჯურები ორი ტიპისაა: თავებგადახვეული და თავებგახსნილი. შედარებით მცირეა საყურეები. გვხვდება „წიწიბოსებრი“ საყურე და ორწილადი საყურის სხვადასხვა ვარიანტი. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი კონუსური მოყვანილობის, როგორც სადა, ისე დაფანჯრული ზარაკები. სამარხებში დიდი რაოდენობით იყო მძივები. სამოსელთან დაკავშირებული ნივთებიდან აღსანიშნავია: ვერცხლისა და რკინის ერთწილადი და ორწილადი საკინძები. ცოტაა მშვილდსაკინძები. სამარხებში გვხვდება მონეტები: ავგუსტუსისა და გოტარზესი. არის ავგუსტუსის მინაბაძიც (1 ც). IV და IV-V საუკუნეების სამარხებში ინვენტარი კლებულობს. კერამიკა უკვე სამარხის აუცილებელი ინვენტარი აღარ არის. იშვიათად გვხვდება მშვილდსაკინძი და ერთი მასალისგან დამზადებული საკინძები. მძივების რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს. გვხვდება ოთხკუთხაფარაკიანი ბეჭედი, რომელიც III-IV საუკუნეების სამარხებში არ ჩანდა. V-VI საუკუნეების დასაწყისის სამარხებში კიდევ უფრო კლებულობს ინვენტარი. გვხვდება ორწილადი საყურეები, სამაჯურები, მშვილდსაკინძები[2].

VI-VII საუკუნეების სამარხებში იცვლება ინვენტარის ტიპები. განსხვავებულია სამაჯურები. გვხვდება სამაჯური წვრილი ღეროთი და დაბრტყელებული, გახსნილი ბოლოებით; სამაჯური ოთხწახნაგა ღეროთი, რომელიც ბოლოებისკენ თხელდება, მრგვალდება, იკეცება და მთავრდება კონუსური თავებით. ჩნდება საკინძთა ახალი ტიპები – სხვადასხვა ფორმისა და მასალის (ქარვის, მარგალიტის, მინის და სხვ.) საკინძისთავებით. გვხვდება ერთი მასალისგან – ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ბირთვისებურთავიანი საკინძიც. მშვილდსაკინძიც უკვე სხვა სახისაა – ბუდემთლიანი, მუხლსახსრიანი, ჭვინტიანი. სხვაგვარია აბზინდებიც – ერთწილადი, ჰერალდიკულფარაკიანი, ოთხკუთხა საქამრე ჩარჩოთი. ბეჭდებიც იცვლის ფორმას – გვხვდება სასანური ტიპის ბეჭდები. მათი ღერო უშუალოდ თვალბუდის გვერდებზეა მირჩილული და არა ბრტყელ ფარაკზე, რომელსაც ღეროს დაბრტყელებული ბოლოები ქმნიდა. საყურის მავთულის თავგახსნილ რგოლზე უკვე მძივებისაგან შედგენილი 2 საკიდია წამოცმული; ჩნდება ორწილადი სასაფეთქლე რგოლები. მძივები, ისეთივე, როგორც V-VI საუკუნეების სამარხებში, ცოტაა. სამაროვნის მასალა ინახება ჭერემის მუზეუმსა და ჭერემის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე[3].

ნაეკლესიარები

რედაქტირება
 
წმინდა მარინეს სახელობის ნაეკლესიარი

დღევანდელი სოფლის ცენტრალურ ნაწილში საკათედრო ტაძრის გალავნის შიგნით, ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდგარა პატარა, გუმბათიანი ნაგებობა. იგი 1924 წელს ანტირელიგიური კამპანიის დროს დაუნგრევიათ. გ. ჩუბინაშვილის აზრით აღნიშნული ნაგებობა უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფლის განაპირას გამოავლინეს III-IV საუკუნეების ნამოსახლარი ბორცვი, რომელიც დღესაც წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ადგილობრივების გადმოცემით აქ მდგარა წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია, რომლის შემორჩენილი კედლები 1934-1935 წლებში დაუნგრევიათ. გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ეკლესია დარბაზული ყოფილა (5,9 X 4 მ), ნახევარწრიული აფსიდით დასავლეთიდან შესასვლელით. ნაგები ყოფილა მოზრდილი ზომის თლილი ქვით. ნაეკლესიართან ადრინდელი შუა საუკუნეების ქვის სამარხებია გამოვლენილი.

კომპლექსი

რედაქტირება
 
წმინდა ბარბარეს ეკლესია

ქალაქ ჭერემის მრავალი უბნიდან, ზღუდე მხოლოდ გორგასლისეულ ციტადელს ჰქონია, რომელიც დღევანდელი სოფლის დასავლეთით 4-5 კმ-ზე, ე. წ. წვეროდაბალის ბორცვზე მდებარეობს. შეისწავლეს და გაწმინდეს ციხე-დარბაზი, სასახლე და სამეურნეო ეზო. გაიწმინდა და აღადგინეს წმინდა ბარბარეს კარის ეკლესია და საკათედრო ტაძარი[4]. შემორჩენილი კედლის მცირე ნაწილების მიხედვით, ციტადელის ზღუდე სწორკუთხა ჩანს და მას ეკავა მოზრდილი ბორცვი, რომელიც დასავლეთ ნაწილში ღრმა ხევებით შემოფარგლული კლდოვანი კონცხით მთავრდებოდა. მასზე ციხე-დარბაზი იყო გაშენებული. კონცხი ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაო-რკინის ხანაში თავდაცვითი თხრილით გამოყოფილ ნამოსახლარ ბორცვს წარმოადგენდა, ხოლო III-IV საუკუნეებში მძლავრი ნამოსახლარი იყო. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებაზე საკათედრო ტაძარი იდგა. ტაძარსა და ციხე-დარბაზს შორის მოქცეული ტერიტორია სასახლის კომპლექსს ეკავა.

VIII-IX საუკუნეებში, როგორც ჩანს, ქალაქის ციტადელში ცხოვრების შესუსტების გამო, რაც 502 წლის სპარსთა ლაშქრობის შედეგად გამოწვეული ნგრევით უნდა ყოფილიყო განპირობებული, კათედრალი გადაიტანეს დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე, სადაც ქალაქის ერთ-ერთი უბანი იყო როგორც III-IV საუკუნეებში, ისე მომდევნო ხანაშიც. აქ VIII-IX საუკუნეებში საკათედრო ტაძარი და ეპისკოპოსის სასახლე აუგიათ.

გორგასლის წინარე ეპოქის ქალაქში ორი უბანი მაინც არსებობდა, რომლის დასავლეთ ნაწილი შემდგომი დროის ციტადელის ტერიტორიაზე იყო განლაგებული, აღმოსავლეთ ნაწილი კი მისგან 4-5 კილომეტრით დაშორებულ დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. გორგასლისეული ქალაქი უფრო გაზრდილია, იგი შედგება უკანუბნის, წვეროდაბლის, დღევანდელი სოფლის და მამა დავითის ეკლესიის უბნებისგან. არ არის გამორიცხული სხვა უბნების არსებობაც. ამ ადრექრისტიანული ხანის ქალაქის ყოველ უბანს თავისი ეკლესია გააჩნდა. უფრო გვიან VIII-IX საუკუნეებში და შემდგომ ჭერემი ძირითადად დღევანდელ სოფლის ტერიტორიაზე იყო კონცენტრირებული და მისი ისტორია საეპისკოპოსოს ისტორიასთანაა დაკავშირებული. დანარჩენი უბნები კი საჭერემლოში შემავალ ერთეულებს წარმოადგენდა.

განვითარებულ შუა საუკუნეებში ჭერემის ციტადელში მონასტერი იყო განთავსებული. ვახტანგ გორგასლისეული სასახლის ნანგრევებზე მონასტრის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებია გამოვლენილი. მათ შორისაა წრიული გალავნით შემოზღუდული, მოზრდილი ქვის ფილებით მოგებული სამეურნეო ეზო, რომლის დასავლეთ ნაწილში სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა მთელი კომპლექსია – მარანი და მისგან ვიწრო მოფილაქნებული გზით გამოყოფილი ხაროებიანი სათავსი. რომლის დასავლეთით და სამხრეთით სხვა სათავსებია, ჩრდილოეთით კი – ორსაწნახლიანი მარანი.

ციხე-დარბაზი

რედაქტირება

ციხე-დარბაზი ძირითადად ორი ფრთისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით უერთდებიან. ორივე ფრთაში სათავსოები ერთრიგადაა განლაგებული. სათავსები ერთმანეთს და ეზოს თითო კარით უკავშირდებიან. ციხე-დარბაზის ჩრდილოეთი ფრთა სწორ ადგილზეა აგებული, აღმოსავლეთისა კი სამხრეთისაკენ ეშვება. აღმოსავლეთის ფრთას სამხრეთიდან ბლაგვი კუთხით უერთდება დიდი ოთხკუთხა კოშკი, რომელსაც შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს. ციხე-დარბაზის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები ყრუა და გალავნის დანიშნულებას ასრულებს.

ციხე-დარბაზი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. ნაგებობა გადახურული ყოფილა ღარისებრი და ბრტყელი კრამიტით. ციხე-დარბაზის შესასვლელს სამხრეთის მხრიდან ოთხკუთხა კოშკი იცავდა.

 
ჭერემის სასახლის ნანგრევები

სამეურნეო ეზოს აღმოსავლეთით გამოვლინდა და გაიწმინდა სასახლე, რომელიც ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ციხე-დარბაზი. შენობის პარამეტრებია 30,5X15,7 მ და მასში განთავსებულია ერთმანეთისაგან ვიწრო დერეფნებით გამიჯნული სამი დარბაზი. სამივეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნაგებობა, როგორც ჩანს ორსართულიანი ყოფილა და მის ქვედა სართულს სამეურნეო დანიშნულება ჰქონია, რაზედაც სამეურნეო დანიშნულების ორმოები და მოზრდილი ჭურჭელი მიუთითებს.

 
ჭერემის ნაქალაქარის მარანი

მარინი გეგმით კვადრატულია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში კირის ხსნარის სქელი ფენით მოლესილი საწნახლებია ჩაშენებული. მათ წინ მთელ სიგრძეზე ასევე მოლესილი თაროებია. უკეთაა შემონახული დასავლეთ საწნახელი და თარო. თაროს შუა ნაწილში თახჩაა. მასში დგამდნენ ჭურჭელს, რომელშიც ისხმებოდა საწნახლიდან თიხის მილით გადმონადენი ტკბილი. შემდეგ ამ ჭურჭლით ტკბილს იქვე მოთავსებულ ქვევრში ასხამდნენ. მარანში სამი ქვევრია შემორჩენილი, მარნის სამხრეთით, მოფილაქნებული გზის გადაღმა სამეურნეო დანიშნულების ხაროებიანი სათავსია. მის დასავლეთ კედელს მთელ.სიგრძეზე გასდევს თარო. ჩრდილოეთ, ნაწილში ორი სხვადასხვა ზომის ქვით მოპირკეთებული მსხლისებრი ხაროა. ასევე ქვითაა მოპირკეთებული შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან გარედან მიდგმული ხაროც. სამეურნეო ეზოს დასავლეთით მდებარე ტერიტორიაც სამეურნეო დანიშნულებისაა. აქ გამოვლინდა ქვით მოპირკეთებული მარცვლეულის შესანახი ორმო, დიდი ქვევრები, თონიანი სათავსი და სხვა. წვეროდაბალის ბორცვზე, წმ. გიორგის ეკლესიის სამხრით ქვის ნაგებობათა ნანგრევებია, რომლებიც შესაძლოა, ბერების საცხოვრებელი შენობების ნაშთს წარმოადგენდეს. ხოლო წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გამოვლენილი ქვის ფილით გადახურული ორმოსამარხები – მათ საფლავებს.

განათხარ ფართობზე მრავლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა) განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება (კერძოდ XII-XIII საუკუნეები) და მონასტერს ამავე ხანით ათარიღებს. მონასტერი მონღოლებს გაუნადგურებიათ. უფრო გვიანდელი დროის კვალი ციტადელის ტერიტორიაზე არ დადასტურებულა თუ არ ჩავთვლით წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის იატაკზე გამოვლენილ გვიანდელი შუა საუკუნეების დროინდელ ფიალას.

ეკლესიები

რედაქტირება

წმინდა ბარბარეს ეკლესია

რედაქტირება

სასახლის აღმოსავლეთით სამოციოდე მეტრზე დგას წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, იგი ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ციხე-დარბაზი და სასახლე. ნიკოლოზ ჩუბინაშვილი მას V საუკუნის ბოლო მესამედის ძეგლად მიიჩნევს. ეკლესია დარბაზულია ზომებით 6,8 X 4,3 მ.

წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკლესია

რედაქტირება
 
წვეროდაბალის ეკლესია

წმინდა ბარბარეს ეკლესიის აღმოსავლეთით ბორცვზე დგას წმინდა გიორგის სახელობის (წვეროდაბალის) ეკლესია. სწორედ ეს ეკლესია უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული საკათედრო ტაძარი.

საეპისკოპოსო ტაძარი

რედაქტირება

საეპისკოპოსო ტაძარი (წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) მდებარეობს სოფ. ჭერემის ცენტრში. იგი ამჟამად სამეკლესიანი ბაზილიკაა, რომლის შუა, მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან შიგნით ნალისებური, გარედან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდა აქვს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდებით ბოლოვდება. შუა ეკლესია მოპირკეთებულია შირიმის ფოროვანი ქვით, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები აგებულია რიყის ქვით. გიორგი ჩუბინაშვილი ეკლესიას დეკორაციული ფორმების მიხედვით X-XI საუკუნეებს მიაკუთვნებდა და ფიქრობდა, რომ იგი აგებულია უფრო ძველი ტაძრის ადგილას, რომლის პირველად ფორმად მიიჩნევდა სამნავიან ბაზილიკას, შვერილი ხუთწახნაგა აფსიდით[4].

 
საეპისკოპოსო ტაძრის წარწერა

ტაძრის ჩრდილოეთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ქვედა ნაწილში ქვაზე ამოკვეთილ წარწერას ლეონ მელიქსეთ-ბეგი შემდეგნაირად კითხულობდა: „კათალიკოზი მელქისედეკ“ და შესაძლებლად მიიჩნევდა იგი მიეწეროს XI საუკუნის კათოლიკოს მელქისედეკს[5]. თ. ბარნაველი კი შემდეგნაირად კითხულობდა ზემოთ დასახელებულ წარწერას: „ესე საფლავი მელქისედეკისი“. ის მეორადი გამოყენებით მოხვედრილა კედელში. პალეოგრაფიულად წარწერის მელქისედეკი არ უნდა იყოს კათოლიკოსი მელქისედეკ I (1010-1033)[6][7].

მამა დავითის ეკლესია

რედაქტირება
 
ჭერემის მამა დავითის ეკლესია

მამა დავითის ეკლესია სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი. წლების წინ მამა დავითის ტაძარი ძეგლთა დაცვის მიერ გაიწმინდა. იგი სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. ნაგებობის ჭერი მთლიანად ჩაქცეულია. შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ცენტრალური ნაწილი, საკურთხევლის მთელი სიმაღლით. ეკლესია VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკის ჯგუფს მიეკუთვნება[8].

ჭერემის საეპისკოპოსო

რედაქტირება

ჭერემის საეპისკოპოსო, სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად, ვახტანგ გორგასლის დროს დაარსდა. ჭერემის ეპისკოპოსი 506 წელს დვინის საეკლესიო კრების მონაწილეა. საქართველოს ერთიანობის ხანაში, ჭერემის ეპისკოპოსი 45 იერარქის წმ. დასის იერარქიულ მწკრივში ოცდამეჩვიდმეტეა.

ჭერემის საეპისკოპოსო მონღოლებს გაუპარტახებიათ. გიულდენშტედტის გადმოცემით ჭერემი შაჰ აბასსაც აუოხრებია. XVII-XVIII საუკუნეების საბუთებში მოხსენიებულნი არიან ჭერმელი ეპისკოპოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ გუჯრებს ან იყვნენ მოწმენი გადამწერნი ფიცისა და პირობის წიგნისა.

XVIII საუკუნის შუა ხანებში ჭერემის საეპისკოპოსო განლაგებული იყო გომბორის ქედის ორივე მხარეს, შიდა კახეთში მას ეკავა ტერიტორია კონდოლიდან ვეჯინამდე, გარე კახეთში კი – მელაანიდან შიბლიანამდე. 1757 წელს მეფე თეიმურაზ II-მ დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის საეპისკოპოსოს ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს დაუნაწილა.

კატეგორია

რედაქტირება

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ნაქალაქარს და მის ტერიტორიაზე მდებარე X-XI საუკუნეების სამეკლესიიან ბაზილიკას, V საუკუნის წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკლესიას, VIII-IX საუკუნეების მცირე გუმბათიან ეკლესიას, სასახლეს, გალავანასა და სხვა ნაგებობებს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[9].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მამაიაშვილი ნ.,„ჭერემის არქეოლოგიური ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 66 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984 წელი. — გვ. 33-36
  • მამაიაშვილი ნ., ქალაქი ჭერემი, თბ. 2004
  • მამაიაშვილი ნ., ჭერემის ნაქალაქარი, საქართველო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, თბ., 1999

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართლის ცხოვრება, ტ. IV თბ., 1973, გვ., 545-546
  2. გამყრელიძე გ. და სხვები, 2013, გვ. 630
  3. მამაიაშვილი ნ., ჭერემის არქეოლოგიური ძეგლები, ძეგლის მეგობარი, № 66, გვ., 33-36
  4. 4.0 4.1 გამყრელიძე გ. და სხვები, 2013, გვ. 631
  5. გამყრელიძე გ. და სხვები, 2013, გვ. 631-632
  6. გამყრელიძე გ. და სხვები, 2013, გვ. 632
  7. ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962, გვ., 140
  8. ჭერემი
  9. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-24.