წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკლესია

წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის ჩრდილო-დასავლეთით 3,5-4 კილომეტრზე. წვეროდაბალის ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში. შემაღლებულ ადგილას. განეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას.

ძეგლი სტრუქტურული თვალსაზრისით სამეკლესიიანი ბაზილიკაა და როგორც ჩანს, პროექტითაც ასე იყო გააზრებული. თუმცა ამ ტიპის სანიმუშოდ აღიარებული ნაგებობებისგან რამდენადმე განსხვავდება, რაც, როგორც ეს ეკლესიის გაწმენდის შემდეგ გაირკვა, მშენებლობის პროცესშივე მიღებულმა ცვლილებებმა განსაზღვრა. შენობის აგებულებასა და თარიღთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრება: გ. ჩუბინაშვილი მას სამეკლესიიან ბაზილიკად მიიჩნევს და VI-VII საუკუნეების მიჯნით ათარიღებს. მისი აზრით იგი ერთდროულად, ერთიანი გეგმის მიხედვით აგებული ნაგებობაა.

ნ. ჩუბინაშვილი, რომელმაც ეკლესია აზომა 1980 წელს, 1981 წელს არქეოლოგ ნ. მაღალაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების შედეგებზე დაყრდნობით გამოთქვამს მოსაზრებას, რომეკლესია არ არის სამეკლესიიანი ბაზილიკა და იგი დარბაზული ტიპის ეკლესიაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან სამკვეთლო, ხოლო სამხრეთიდან ღია სამლოცველო-სასანთლე აქვს მიდგმული.

1984 წელს ეკლესია მთლიანად გაიწმინდა მიწისა და ჩამონაშალი ქვებისგან, რამაც მკვლევარებს განსხვავებული დასკვნების გამოტანის საშუალება შეუქმნა. გამოვლენილი მასალის საფუძველზე რ. გვერდწითელი ეკლესიისადმი მიძღვნილ ნაშრომში აღნიშნავს, რომ იგი არ არის სამეკლესიიანი ბაზილიკა და არც მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი სათავსი წარმოადგენს ღია სამლოცველო-სასანათლეს. მისი თვალსაზრისით წვეროდაბალის ეკლესია არის დარბაზული ტიპის ეკლესია სამკვეთლოთი ჩრდილოეთიდან გაურკვეველი დანიშნულების სათავსით. სამხრეთიდან და გარშემოსაველით მხოლოდ სამხრეთიდან და დასავლეთიდა. იგი ვარაუდობს, რომ ეკლესიის მშენებლობა განხორციელდა სამ ეტაპად: თავდაპირველად აიგო აღმოსავლეთ ფასადი მთლიანად. მომდევნო ხანებში ეკლესიის სამი დანარჩენი კედელი, ბოლოს კი მინაშენები.

სარესტავრაციო სამუშაოების დროს, მთავარი ეკლესიის კონქის თავზე არსებულ სამალავში აღმოჩნდა კრამიტის ნაწილი სამსტრიქონიანი ნუსხური წარწერით, რომელიც ვ. სილოგავს აზრით დაახლოებით X-XI საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით არქეოლოგი ნ. მამაიაშვილი ვარაუდობს, რომ „ტაძარი X-XI საუკუნეებში, შეკეთების შემდეგ, კრამიტით გადახურს“. ამავე ხანას მიაკუთვნებს იგი ეკლესიის სამხრეთით მდებარე გალავანის ნაშთს და ამ უკანასკნელის სამხრეთით შემორჩენილ ნაგებობის ნანგრევს და ფიქრობს, რომ „სწორედ მაშინ მოხდა წვეროდაბალის დარბაზული ტიპის ეკლესიის სამეკლესიიანი ბაზილიკად გადაკეთება“.

შენობის კედლები შიგნით და გარედან საგულდაგულოდაა გამოყვანილი სუფთად ნათალი მოყვითალო შირიმის კვადრებით. რომლებიც დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვან რიგებად. მინაშენის სამხრეთ და დასავლეთ ფრთებისკედლები ნაწყობი იყო, ადგილობრივი მთის ქანების მოზრდილი კვადრების დაახლოებით სწორი რიგებით.

ეკლესიის მთავარი სადგომი აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდს აქვს ოდნავ დაგრძელებული ბოლოები, რომლებიც აფსიდის კუთხეებიდან 40-იოდე სანტიმეტრის მანძილზე ერთმანეთის პარალელურია და მხოლოდ შემდგომ გადადიან მრუდხაზოვან მოხაზულობაში.

საკურთხეველი დარბაზის მიმართ შემაღლებულია. თლილი ქვით ნაწყობი სამი საფეხურით. აფსიდში გაჭრილია განიერი, პარალელურწირთხლებიანი სარკმელი. იგი ნალისებრი თაღითაა გადახურული და გარედან გაწყობილია ორი გრეხილი ლილივით შედგენილი ნალისებრი მოხაზულობის თავსართით, რომელსაც ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. აფსიდის კედელს, მთელ სიგრძეზე, დაბალი საფეხური გასდევს. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი დასრულებულია შირიმის ნათალი ქვებით ნაწყობი კონქით. კონქის თაღი ნალისებრია. იგი საგულდაგულოდაა ნაწყობი და დაყრდნობილია მაღალ იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და ოდნავ დახრილი წრეთარგი შეადგენს კონქის თაღის ზემოთ. კამარის წვერამდე, ადის შვეული კედელი, რომლის უკან, კონქის თავზე არსებული სამალავია. სამალავში ასასვლელი ჩვეულებრისამებრ აფსიდის კედლის სისქეში კი არ არის მოწყობილი, არამედ მას პატარა შესაძვრომი აქვს „შუბლის“ მხრიდან სამხრეთ კედელში.

მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი გარედან ბრტყლადაა გადახურული. შიგნით ჩალისებრი თაღით. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოწყობილი ყოფილა ნახევარწრიული ლუნეტი. დასავლეთ შესასვლელი გარედან ერთიმეორეზე დადებული ორი თხელი ქვითაა გადახურული. სამხრეთ კედელში ორი პარალელურწირთხლებიანი სარკმელია, რომლებიც იმდენად მაღლა მდებარეობენ, რომ მათი თვი კამარის ქუსლის დონეზეა. დარბაზის კედლები სადაა, სამივეს მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. შიგნით ეკლესია გადახურული იყო დადაბლებული პროპოციების კამარით.

ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში სწორკუთხა კარია, რომელიც საკურთხევლის ჩრდილოეთით მოწყობილ განცალკევებულ სათავსში, სამკვეთლოში გადის. კარის დასავლეთ კედელთან ერთ სიბრტყეშია. სათავსი უაფსიდოა, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელზეც გამოყვანილია კუთხის პილასტრებზე დაყრდნობილი ნალისებრი თაღი. აქვე სამხრეთ კედელში განიერი, ღრმა ნიშაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსი სიგრძით ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სამკვეთლოს ტოლია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ჩალისებრი აფსიდით. მთავარი საკურთხევლის აფსიდის მსგავსი ბოლოებით. ძეგლის გაწმენდის შემდგომ გამოჩნდა კედლის ნაშთი შესასვლელით შუაში, რომლითაც სათავსი მინაშენის დანარჩენი ნაწილისგან იყო გამიჯნული. ამ კედლის სამხრეთი ბოლო მინაშენის გარე კედელს წყობით უკავშირდება. ჩრდილოეთისა კი მთავარი ეკლესიის სამხრეთ კედელზეა მიყრდნობილი. სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილი, როგორც ჩანს, კარიბჭეს წარმოადგენდა ორმალიანი თაღოვანი შესასვლელით სამხრეთიდან. კარიბჭის სამხრეთ კედელი დანგრეულია. შემორჩენილი ნაწილები ნაგებობის ძირითადი ნაწილებისგან როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხასიათითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. მინაშენი გადახურული იყო კამარით, რომლის ჩრდილოეთი ქუსლი მთავარი ეკლესიის კედლიდან გამოშვერილ კონსოლებს ეყრდნობოდა. მსგავსი კონსოლებია შემორჩენილი მთავარი ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზეც. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი იყო დაკბილული ლავგარდნის ორი ქვა. ხოლო ერთი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი გაწყობილია ნალისებრი თავსართით, რომელსაც ბოლოებში თარაზული გადანაკეცები აქვს. იგი შედგება ორმაგი გრეხილი ლილვისგან, რესტავრაციის დროს გაირკვა, რომ თავსართი ჩვეულებისამებრ სარკმლის გადამხურავ ქვაში კი არის გამოკვეთილი, არამედ მასზეა მიმაგრებული ლურსმნებით. ეკლესიის სამხრეთით ხუთიოდე მეტრზე შემორჩენილია ზღუდის ნაშთი. მისგან სამხრეთით კი დაახლოებით იმავე მანძილზე ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით ნაგები შენობის ნაშთები სამრიგად. ერთიმეორის გასწვრივ. განლაგებული სამ-სამი კვადრატული სვეტი. 1981 წელს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის დროს, აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების სტელა. რომელიც 1920 წელს გ. ჩუბინაშვილის მიერ აღმოჩენილი სტელის ფრანგმენტის მსგავსია.

ლიტერატურა

რედაქტირება