ჭერემის მამა დავითის ეკლესია
ჭერემის მამა დავითის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.
ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, სამმხრივი გარშემოსასვლელით. მისი ჩრდილო და სამხრეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, ხოლო დასავლეთისა – გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელ დერეფანს. ჩრდილოეთი ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია უაფსიდო, გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდებოდა.
შენობა ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული, ოდნავ წაგრძელებული ქვიშაქვის კვადრების თარაზული წყობით – მცირე დუღაბზე.
ძლიერაა დაზიანებული: თითქმის მთლიანადაა დანგრეული გვერდითი ეკლესიები და მათი დამაკავშირებელი დასავლეთ დერეფანი. მთავარი ეკლესიიდან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აფსიდია შემორჩენილი: სამხრეთ და დასავლეთ ჩრდილოეთ კედლები კი 2,5–3 მეტრ სიმაღლეზეღა დგანან.
შუა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით, რომელშიც პარალელურწირთხლებიანი, ნალისებრი თაღით გადახურული მაღალი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის თაღი, ისევე როგორც წირთხლები შირიმითაა გამოყვანილი. აფსიდის კედელს ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის თაღი და წყობის უმეტესი ნაწილი შირიმის ნათალი ქვისაა. კონქის თაღი ნალისებრი მოხაზულობისაა. იგი დაყრდნობილია შირიმისავე იმპოსტებზე, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. თაღს ზემოთ აყვანილია მაღალი შვეული კედელი ეგრეთ წოდებული ,,შუბლი“, რომლის უკან, კონქის თავზე, მოწყობილი ყოფილა სამალავი.
მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთი კარი შიგნიდან შირიმის ნათალი ქვით ნაწყობი ნალისებრი თაღითაა დასრულებული, გარედან კი თარაზულად ყოფილა გადახურული (ზღუდარი და წყობა მის ზემოთ ჩამოშლილია). დასავლეთიდან კარს გადახურვა ჩამოშლილი აქვს.
მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ბრტყლად გადახურული კარია, რომელიც ჩრდილო–აღმოსავლეთ სათავსში გადის. იგი ეკლესიის ძირითად კორპუსს წყობით უკავშრდება, სათავსიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. მათგან აღმოსავლეთ კედელზე განიერი ნიშის ნაშთია, რომელიც, როგორც ჩანს, აფსიდის ფუნქციას ასრულებდა; სათავსის სამხრეთ კედელში მოწყობილია მაღალი, ღრმა ნიშა.
ჩრდილოეთ ეკლესიიდან საძირკველიღაა შემორჩენილი.
სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით (შემორჩენილია 1,5– 1,8 მეტრ სიმაღლეზე), რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედელში, როგორც შემორჩენილი წყვილი კვადრატი ბურჯის მიხედვით ჩანს, მოწყობილი იყო სამმალიანი შესასვლელი.
გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელ დერეფანს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, რომელიც შენობის ღერძიდან სამხრეთითაა გადაადგილებული.
ეკლესიას დაკბილული ლავგარდანი ჰქონია (შემორჩენილია ფრაგმენტები).
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 235–236.