წმინდა ცეცხლი

the holy fire წმინდა ცეცხლი
(გადამისამართდა გვერდიდან წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა)

წმინდა ცეცხლი (ბერძნულ ტრადიციაში ბერძ. Ἃγιον Φῶς, წმინდა ნათელი) — ცერემონია, რომლის დროსაც იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, დიდ შაბათს, ყოველწლიურად - მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს - ცეცხლი გამოაქვთ.

წმინდა ცეცხლი 2018 წელს.
კუვუკლია, რომელშიც შედის იერუსალიმის პატრიარქი.

აღწერა მართლმადიდებლური ეკლესიის თანახმად რედაქტირება

 
წმინდა ცეცხლი თვითმფრინავით ჩამოაქვთ ათენში, 2013.

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, წინდა ცეცხლის გარდამოსვლა ხდება ყოველწლიურად, მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს. გადმოცემის თანახმად, წარსულში იესოს აკლდამაში, კონკრეტულად კი, მარმარილოს ფილიდან, რომელიც მის განსასვენებელ ქვის ფილას ფარავს, ჩნდებოდა ლურჯი ფერის სინათლე. აღნიშნული მარმარილოს ფილა ამჟამად ძველ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარშია განთავსებული. ადრე ითვლებოდა, რომ აღნიშნული სინათლე იღებდა ცეცხლის სვეტის ფორმას, რომლიდანაც სანთლები ინთებოდა.[1] ასევე, არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად წმინდა ნათელი სპონტანურად ანთებს ეკლესიაში არსებულ სანთლებს და კანდელებს.[2] მომლოცველები და სამღვდელოება ხშირად ამობენ, რომ წმინდა ცეცხლი მათ არ წვავს.[3][4]

ცეცხლის ანთებამდე პატრიარქი ეკვდერში, ქვის წინაშე იჩოქებს, ხოლო მრევლი გარეთ ელოდება. ცეცხლის ანთების შემდეგ პატრიარქი ხალხის წინაშე ორი ანთებული სანთლით გამოდის.[5] ცერემონიას იერუსალიმში ათასობით მომლოცველი და ადგილობრივი, სხვდასხვა დენომინაციის წარმომადგენელი ქრისტიანი ესწრება.[6][7]

შემდგომ ამისა ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით მიაქვთ საბერძნეთში[8] და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ასევე, ქვეყნებში, რომლებშიც მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური სამრევლოებია. ასეთებია: სირია, საქართველო, ბულგარეთი, ლიბანი, რუმინეთი, ეგვიპტე, კვიპროსი, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო, ბელარუსი, უკრაინა და რუსეთი. ხშირია ცეცხლის დახვედრის ცერემონიები ოფიციალური საეკლესიო და სახელმწიფო პირების მხრიდან.

ისტორია რედაქტირება

ჩვ. წ. 328 წლით დათარიღებულ პანეგირიკში, „კონსტანტინეს ცხოვრება“, რომაელი ისტორიკოსი ევსები კესარიელი საუბრობს საინტერესო მოვლენაზე, რომელიც იერუსალიმში, 162 წელს, აღდგომა დღეს მოხდა. როცა ეკლესიის მნათეები აღდგომის მსახურების წინ კანდლების ასანთებად ემზადებოდნენ, მათ შენიშნეს, რომ კანდლებში ჩასასხმელი ზეთი გამოლეულიყო. ეპისკოპოსმა ნარკის იერუსალიმელმა მათ უბრძანა, კანდლები წყლით აევსოთ და აენთოთ, რის შემდეგაც ყველა კანდელი ისე აინთო და იწვოდა, თითქოს მათში ზეთი ყოფილიყო ჩასხმული.[9] მართლმადიდებლური გადმოცემით, აღნიშნული შემთხვევა კავშირშია წმინდა ცეცხლის სასწაულთან, მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრის საფლავის ტაძარი გაცილებით გვიან, მე-4 საუკუნეში აშენდა და ევსები კესარიელის მიერ გადმოცემული შემთხვევა ერთჯერადი მოვლენა იყო, ხოლო წმინდა ცეცხლის სასწაული ყოველწლიურია. მიუხედავად ამისა, მათ აერთიანებთ ცეცხლის არსებობა ისეთ ვითარებაში, რომელშიც, ლიგიკურად, მისი არსებობა გამორიცხულია.

დაახლოებით 385 წელს პალესტინაში იმოგზაურა ესპანელმა არისტოკრატმა ქალმა და პილიგრიმმა, ეგერიამ. თავისი მოგზაურობის აღწერაში იგი გადმოგვცემს ცერემონიის შესახებ, რომელიც ქრისტეს საფლავთან სრულდება და რომლის დროსაც ნათელი „გამოედინება“ (ejicitur) საფლავის გარშემო არსებული პატარა ეკვდერიდან, შემდეგ კი მთელი ეკლესია „უსასრულო სინათლით“ (ლათ. lumen infinitum) ივსება.[9]

მიუხედავად ამ ადრეული გადმოცემებისა, ითვლება, რომ წმინდა ცეცხლის პირველი აღწერა ეკუთვნის ფრანკ ბერს და პილიგრიმს, ბერნარ ბრძენს (Bernardus Monachus) და იგი 867 წლით თარიღდება.[10][11][12]

ჯვაროსნების პერიოდი რედაქტირება

ბალდუინ I-ის მეფობის დროს მაცხოვრის საფლავის ტაძარი კათოლიკე სამღვდელოების ხელში გადავიდა. ჯვაროსნული ლაშქრობების მკვლევრის, კრისტოფერ ტაიერმანის მიხედვით, ტაძარში ბერძენი მღვდელმსახურები მას შემდეგ დაუშვეს, რაც „1101 წელს ლათინთა ხელში ფიასკო განიცადა რეგულარულმა სააღდგომო სასწაულმა, ყოველწლიურმა რიტუალმა, რომლის დროსაც ზეციდან წმინდა ცეცხლი უნდა გადმოვიდეს და მღვდლების სანთლები უნდა აანთოს. ... როგორც ჩანს, ახალმოსულებმა ხრიკი ვერ ისწავლეს“.[13]

სხვა წყაროების თანახმად, ამ წელს ცეცხლი ეკვდერის გარეთ, კვირას, აღდგომა დღეს გადმოვიდა, როცა მსახურებას ბერძენი და სხვა მართლმადიდებლები აღასრულებდნენ. მაცხოვრის საფლავის ტაძარი ამ დროს არქიეპისკოპოს დაიმბერის ბრძანებით, დაკეტილი იყო.[14]

ოსმალების პერიოდი რედაქტირება

1834 წელს ეგვიპტის გუბერნატორის, იბრაჰიმ-ფაშას თანდასწრებით, აღტყინებული მომლოცველებით გადაჭედილ, ჩაბნელებულ და კვამლით სავსე ტაძარში ჭყლეტა დაიწყო. მდგომარეობა გააუარესა იმან, რომ ფაშას მცველებმა მის სამშვიდობოს გასაყვანად ხალხში გზა ხმლებით გაიკვალეს. როგორც ინგლისელი მოგზაური რობერტ კურზონი თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით გადმოგვცემს, იმ დღეს ტაძარში ოთხასი ადამიანი დაიღუპა.[15][16]

თანამედროვე პერიოდი რედაქტირება

2002 წლის ცერემონიას ჩრდილი მიადგა ბერძენ პატრიარქსა და მის თანმხლებ სომეხ ეპისკოპოსს შორის წარმოშობილი უთანხმოების გამო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გამოსულიყო პირველი ეკვდერიდან ცეცხლით ხელში. კამათი მათ თანმხლებ მომლოცველთა შორის ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბერძენმა პატრიარქმა სომეხ ეპისკოპოსს სანთელი ორჯერ სულის შებერვით ჩაუქრო, ხოლო თავად პატრიარქს ფეხსაცმელი გასძვრა. საბოლოოდ, ტაძარში ისრაელის პოლიცია შევიდა და წესრიგი აღადგინა.[17]

კრიტიკა და წინააღმდეგობა რედაქტირება

1009 წელს ფატიმიდმა ხალიფამ, ალ-ჰაკიმ ბი-ამრ ალაჰმა, მაცხოვრის საფლავის ტაძრის და მასთან დაკავშირებული ნაგებობების დანგრევა ბრძანა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, იყო მისი განრისხება წმინდა ცეცხლის „სასწაულებრივი“ გარდამოსვლის რიტუალთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ქრისტიანი ბერების თაღლითობად თვლიდა. ჟამთააღმწერელ იაჰიას მიხედვით, მხოლოდ ის გადარჩა, რისი დანგრევაც ზედმეტად რთული აღმოჩნდა. მსახურება აიკრძალა, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პალესტინაში არსებული ტაძრების და მონასტრების უმეტესობა დაიხურა, ან ეკლესიას ჩამოერთვა.[18] 1238 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ დაგმო წმინდა ცეცხლი, როგორც თაღლითობა და ფრანცისკანელ ბერებს ცერემონიაში მონაწილეობა აუკრძალა.[19] სასწაულს სკეპტიკურად უყურებს ბევრი თანამედროვე ქრისტიანიც.[20] შიჰაბ ალ-დინ ალ-ყარაფის მიხედვით, XIII საუკუნეში ეგვიპტის აიუბიდმა მმართველმა, ალ-მუაზამ თურანშაჰმა (მ. 1249–1250) წმინდა ცეცხლთან დაკავშირებული თაღლითობა აღმოაჩინა, თუმცა, გასამრჯელოს სანაცვლოდ ბერებს ცერემონიის ჩატარების უფლება შეუნარჩუნა.[21] ოსმალი მოგზაური ევლია ჩელები (1611–1682) ამბობდა, რომ ცერემონიის დროს დამალული ბერი თუთიის ქილიდან ლიგროინს (ერთგვარი ნავთობპროდუქტი)[22] ასხამდა, რომელიც ჯაჭვზე ჩამოედინებოდა.[23] ედვარდ გიბონი (1737–1794) თავის ნაშრომში „რომის იმპერიის დაკნინების და დაცემის ისტორია“ მძაფრად კრიტიკულია აღნიშნულ „ფენომენთან“ დაკავშირებით:

ეს ფარისევლური გაიძვერობა, რომელიც პირველად მეცხრე საუკუნეში გამოიგონეს, ჯერ კათოლიკე ჯვაროსნების აღფრთოვანების საგანი იყო, ხოლო ახლა მას ყოველწლიურად იმეორებს ბერძნული, სომხური და კოპტური სექტების სამღვდელოება, რომლებიც ზემოქმედებენ გულუბრყვილო მაყურებელზე თავის და თავიანთი ტირანი მმართველების სასარგებლოდ.[24]

მე-19 საუკუნის ინგლისელი გამომცემელი ტომას ტეგი 1828 წელს გამოსულ „ლონდონურ ენციკლოპედიაში“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოვლენაში ზებუნებრივი არაფერია და ცერემონია ფინანსური ინტერესითაა განპირობებული.[25]

წმინდა ცეცხლის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი არაერთი ბერძენიც, მათ შორის, მკვლევარი და ლიტერატორი ადამანტიოს კორაისი (1748–1833). ტრაქტატში „იერუსალიმის წმინდა სინათლის შესახებ“ მან დაგმო ცერემონია, როგორც მიზანმიმართული თაღლითობა. ტექსტში იგი საუბრობს „გაიძვერა მღვდლების მაქინაციებზე“ იერუსალიმის „უწმინდურ ნათელზე“, რომელიც „მომხვეჭელთა სასწაულია“. 2005 წელს საბერძნეთის ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში[26] მწერალმა და რელიგიის ისტორიკოსმა მიქაელ კალოპულოსმა სამი სანთლის თავი თეთრი ფოსფორის ხსნარში დაასველა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ სანთლები თავისით აინთო, რადგანაც ჰაერთან კონტაქტისას თეთრ ფოსფორს თვითაალება ახასიათებს. კალოპულოსის ვებგვერდზე ვკითხულობთ:

თუ ფოსფორს შესაბამის ორგანულ გამხსნელში გავაზავებთ, თვითაალება შეყოვნდება, ვიდრე გამხსნელი თითქმის სრულად არ აორთქლდება. არაერთგზის ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია აალების შეყოვნება ნახევარი საათით ან მეტი დროით, რაც ხსნარის კონცენტრაციაზე და გამოყენებულ გამხსნელზეა დამოკიდებული.

კალოპულოსი, ასევე, ამბობს, რომ ამგვარი ქიმიური რეაქციები უძველეს დროშიც იყო ცნობილი. იგი ციტირებს სტრაბონს: „ბაბილონში ნავთის ორი წყაროა, თეთრი და შავი. თეთრია ის, რომელსაც ცეცხლი ეკიდება“ (სტრაბონი,„გეოგრაფია“, 16.1.15.1-24). მეცნიერი, ასევე, ამბობს, რომ ფოსფორს მსგავი მიზნებით ჩვ. წ.-მდე V საუკუნის ქალდეველი ჯადოქრები და ძველი ბერძნებიც იყენებდნენ.[27]

რუსი სკეპტიკოსი იგორ დობროხოტოვი[28] თავის საიტზე სავარაუდო სასწაულია საფუძვლიან კვლევას გვთავაზობს, სადაც მოჰყავს უძველესი წყაროების[29] და თანამედროვე ფოტო-ვიდეო მასალის ანალიზი.[30] დობროხოტოვი და სხვა კრიტიკოსები, მათ შორის, მართლმადიდებლობის რუსი მკვლევარი ნიკოლაი უსპენსკი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრ მუსიკი და ზოგიერთი ძველმართლმადიდებელი ეყრდნობიან ეპისკოპოს პორფირეს (უსპენსკი) (1804–1885) დღიურებს, სადაც ის ამბობს, რომ იერუსალიმელმა სამღვდელოებამ იცოდა, რომ წმინდა ცეცხლი ყალბი იყო.[31]

ჟურნალისტ დიმიტრის ალიკაკოსს თავის წიგნში მოყვანილი აქვს ინტერვიუ იერუსალიმის საპატრიარქოს მეჭურჭლესთან (სკევოფილაქსი), არქიეპისკოპოს ისიდოროსთან, რომელიც აღიარებს, რომ „ჩაუქრობელ კანდელს“, რომელსაც ეკვდერში თავად ათავსებს, თვითონვე, სანთებელათი ანთებს.[1]:75[32][33] იგივეს ამბობს ყოფილი (1984–1988) მეჭურჭლე არქიეპისკოპოსი ნიკიფოროსი, იმ განსხვავებით, რომ თავად ასანთს იყენებდა.[1]:89 იმავე წიგნში არქიეპისკოპოსი გერასონ თეოფანისი ამბობს, რომ წმინდა ცეცხლი არა სასწაულებრივად, არამედ ჩვეულებრივად ინთება, ხოლო შემდეგ მას პატრიარქი აკურთხებს. ის დასძენს: „ჩვენ ვატყუებთ მორწმუნეებს, როცა ვეუბნებით, რომ ეს სასწაულია. ეს მიუღებელია და ჩვენ არ შეგვშვენის“.[1]:86 თეოფანისის თანახმად, ეს „სასწაული“ პირველად ჯვაროსნებმა გამოიგონეს, შემდეგ კი ბერძენმა მართლმადიდებლებმა გააგრძელეს.[32][34] გარდა ამისა, პეტრას მიტროპოლიტი კორნილიოსიც, რომელიც 2001 წელს იერუსალიმის საპატრიარქოს მოსაყდრე იყო, ადასტურებს მისივე ძველ ინტერვიუში ნათქვამს, რომ ეკვდერში შესვლისას სანთლებს ისიც ჩვეულებრივად, სხვა სანთლებიდან ანთებს და ამასთან, დეტალურად აღწერს ეკვდერის შიგნით მიმდინარე რიტუალს.[1]:101–106 ბოლოს, ჟურნალისტს მოჰყავს 2018 წლის 23 ივნისს პატრიარქ თეოფილე III-ის ბრძანებით ოფიციალური ვებგვერდიდან სიტყვა „სასწაულის“ წაშლის ფაქტი.[1]:29–47

ერთმა სომეხმა მეჩირაღდნემ (მოვალეობა, რომელიც, როგორც წესი, მამიდან შვილზე ან ახლო მამრობითი სქესის ნათესავზე გადადის), აღიარა, რომ მამამისის გადმოცემით, წმინდა ცეცხლის წყარო უძველესი და სიმბოლურია, მაგრამ არა სასწაულებრივი. „ბერძენ მღვდლებს მოაქვთ კანდელი, რომელიც 1500 წელია, ჩაუქრობლად ანთია და წმინდა ცეცხლს მისგან ანთებენ. რწმენით სავსე მომლოცველებისთვის იგი ზეციური ცეცხლია, ნამდვილი სასწაული. თუმცა, არა ჩვენთვის.“[35]

მაცხოვრის საფლავის ტაძრის სომეხი ეპისკოპოსი, სამველ აგოიანი, წმინდა ცეცხლის ცერემონიაში სამჯერ იღებდა მონაწილეობას. ისრაელის მე-12 არხზე 2018 წლის 10 მარტს გასულ ახალი ამბების სეგმენტში აგოიანმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობის დროს ბერძენმა პატრიარქმა ცეცხლი კანდელიდან აანთო.[36]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Alikakos, Dimitris (2019). Λύτρωση - Περί του Αγίου Φωτός. Athens. ISBN 9786185076276. 
  2. Description of the Miracle of Holy Fire that happens every year in Jerusalem. holyfire.org.
  3. Niels Christian Hvidt. (1998)The Miracle of the Holy Fire in Jerusalem. Orthodox Christian Information Center.
  4. Photos and videos of the Holy Fire miracle. holyfire.org.
  5. "Light at the Holy Sepulchre, Great Miracle Given by God, Only to the Orthodox Church", The Christian Life. 1 January – 31 March 1999 (Vol. 42 / No. 1-3)
  6. Christian pilgrims gather in Jerusalem for 'holy fire' ritual.
  7. Holy Fire Rite Brings Thousands to Jerusalem - Jerusalem Articles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-14. ციტირების თარიღი: 2017-01-30
  8. The Holy Fire Arrives in Athens From Jerusalem By Areti Kotseli on 14 April 2012 in News. Greek Reporter. http://greece.greekreporter.com/2012/04/14/the-holy-fire-arrives-in-athens-directly-from-jerusalem/
  9. 9.0 9.1 Meinardus, Otto. The Ceremony of the Holy Fire in the Middle Ages and to-day. Bulletin de la Société d'Archéologie Copte, 16, 1961-2. Page 242-253
  10. (2010) Palestine Under the Moslems: A Description of Syria and the Holy Land from A.D. 650 To 1500, reprint, Cosimo, Inc., გვ. 202. ISBN 9781616405212. 
  11. (2002) Four Paths to Jerusalem: Jewish, Christian, Muslim, and Secular Pilgrimages, 1000 BCE to 2001 CE, illustrated, McFarland, გვ. 77. ISBN 9780786412648. 
  12. (2009) The Crusades and the Christian World of the East: Rough Tolerance, illustrated, University of Pennsylvania Press, გვ. 212. ISBN 9780812220834. 
  13. Tyerman, Christopher (2006). God's War: A New History of the Crusades. Harvard University Press. ISBN 9780674023871. 
  14. (1888) The pilgrimage of the Russian abbot Daniel in the Holy Land, 1106-1107 A.D.. London: [Palestine Pilgrims' Text Society]. 
  15. Sebag Montefiore, Simon (2011). Jerusalem: The Biography, chapter The Albanian Conquest 1830–40: Ibrahim the Red. Accessed 15 April 2023.
  16. Igniting Holy Fires, David Rapp for Haaretz, 29 April 2005. Accessed 15 April 2023.
  17. Clark, Victoria. (25 April 2003) Holy Fire sets Orthodox rivalry ablaze in Jerusalem. ციტირების თარიღი: 11 August 2018
  18. Robert Ousterhout, "Rebuilding the Temple: Constantine Monomachus and the Holy Sepulchre" in The Journal of the Society of Architectural Historians, Vol. 48, No. 1 (March, 1989), pp. 66–78
  19. „Sparks from the Holy Fire“. 3 მაისი 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2012.
  20. Hunt Janin (2002). Four Paths to Jerusalem: Jewish, Christian, Muslim, and Secular Pilgrimages, 1000 BCE to 2001 CE, illustrated, McFarland, გვ. 77. ISBN 9780786412648. 
  21. (2015) Muslim-Christian Polemics across the Mediterranean: The Splendid Replies of Shihāb al-Dīn al-Qarāfī, Parts 684-1285. Brill, გვ. 61. ISBN 9789004285606. 
  22. ლიგროინი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  23. Jerusalem: The Biography, page 305, Simon Sebag Montefiore, Weidenfeld & Nicolson, 2011. ISBN 978-0297852650
  24. Edward Gibbon. The History of the Decline and Fall of the Roman Empire. Vol. VI. Chapter LVII. Everyman's Library. p. 34.
  25. Thomas Tegg (1829). London Encyclopaedia Volume 16, page 449, in the article on Palestine. N. Hailes.
  26. Archived at Ghostarchive and the Wayback Machine: Μιχάλης Καλόπουλος πείραμα - Άγιο Φως.
  27. The "Holy" Light of Jerusalem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2009
  28. Igor Dobrokhotov ru.
  29. ИСТОРИЯ БЛАГОДАТНОГО ОГНЯ ru.
  30. ОБСУЖДЕНИЕ ФОТОСВИДЕТЕЛЬСТВ ru.
  31. Епископ Порфирий ru.
  32. 32.0 32.1 ANT1 NEWS 20-03-2019 ΣΤΙΣ 19:30 el. ციტირების თარიღი: 2019-08-07
  33. Iefirmerida.ge, Newsroom. (2019-03-19) Σάλος με το Αγιο Φως -"Ποιο θαύμα; Το ανάβω με αναπτήρα" λέει σκευοφύλακας του Πανάγιου Τάφου [βίντεο | ΕΛΛΑΔΑ] el. ციტირების თარიღი: 2019-08-07
  34. Κύμα αντιδράσεων από τις μαρτυρίες για την Αφή του Αγίου Φωτός – Binteo el (20 March 2019). ციტირების თარიღი: 2019-08-07
  35. Mystery of Jerusalem's Holy Fire comes to light (16 April 2001).
  36. Source