გრიგოლ IX (ლათ. Gregorius PP. IX; ერისკაცობაში უგოლინო დი სენი; დ. დაახლ. 1145 — გ. 22 აგვისტო, 1241, რომი) — რომის პაპი 1227–1241 წლებში.

გრიგოლ IX

წარმოშობით იტალიელი. გრიგოლ IX პაპად აირჩიეს 1227 წლის 19 მარტს და იყო რომის პაპი გრდაცვალებამდე, 1241 წლის 22 აგვისტომდე. იგი იყო ჰონორიუს III-ის (1216–1227), გრიგოლ VII-ის (1073–1085) და მისი ბიძის ინოკენტი III-ის (1198–1216) მემკვიდრე, ამიტომ გრიგოლ IX აგრძელებდა მათ პოლიტიკას.

დიდ წინააღმდეგობას უწევდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II. პაპი იმპერატორს შეპყრობით ემუქრებოდა, იმპერატორი კი პაპს – გადაყენებით. 1230 წელს პაპი და იმპერატორი შერიგდნენ, მაგრამ ცოტა ხნით. ორივე მსოფლიო მონარქიისათვის იბრძოდა, მაგრამ ორივემ კრახი განიცადა.

პაპის მითითებით შეადგინეს "კანონიკური სამართლის კორპუსი", მონუმენტური იურიდიული დოკუმენტი, რაც პაპობის ჰეგემონიას დაედო საფუძვლად.

ცნობილია გრიგოლ IX-ის 2 საპასუხო წერილი საქართველოს მეფე რუსუდანისა და მისი ძის — დავითისადმი. პირველი წერილით (1233 წლის 11 აპრილი) გრიგოლ IX რუსუდანს სთხოვდა თბილისში მყოფი მინორიტების ორდენის მისიონერთა მფარველობას. გრიგოლ IX-ის მეორე წერილიდან (1240 წლის 13 იანვარი) ვგებულობთ, რომ რუსუდანსა და დავითს პაპისათვის მონღოლების წინააღმდეგ დახმარება უთხოვნია: „პაპი გრიგოლ IX ბრწყინვალე რუსუდანს და შვილს დავითს, საქართველოს დედოფალს და მეფეს... ხოლო ჩვენი სიამოვნება შეასუსტა და სიხარული გაგვიმწარა იმ ამბავმა, რომელიც გვაუწყეთ თქვენის წერილით, რომ კათოლიკე სარწმუნოების მტერნი თათარნი შემოსულან თქვენს სამეფოში და დიდი ვნება მოუყენებიათ თქვენთვის... სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდეთ ჩვენს მხედრობას. ამ თქვენმა ამბავმა ძლივს მოაღწია ჩვენამდე. ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის დაუცხრომელად ვეომებით მტერსა იტალიასა, სირიასა და ესპანეთში, ამიტომ აღარ შეგვიძლია დაგეხმაროთ. რაკი სხვაფრივ ვერ შევიძელით თქვენი შეწევნა, ამიტომ ვინებეთ ამ წერილის გამოგზავნა, რათა ამითი კარგად სცნოთ ჩვენი თქვენდამი სიყვარული, რომელიც ვერ გამოგიხატეთ თქვენ მიერ ნათხოვნის მიცემით“. ამავე წერილიდან ჩანს, რომ პაპს საქართველოში გამოუგზავნია დომინიკელთა ორდენის მისიონერები.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ჰონორიუს III
რომის პაპი

1227-1241
შემდეგი:
ცელესტინ IV