ჩვენებურები

ქართველი მუჰაჯირები თურქეთში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩვენებურები — თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომელთა წინაპრები მუჰაჯირობის შედეგად იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ თურქეთში (ოსმალეთში).

ჩვენებურები

ჩვენებურები თურქეთში
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: თურქეთი თურქეთი ~ 91.000 - 1.000.000[1][2][3]
ენები ქართული ენა, თურქული ენა
რელიგიები ისლამი, ქრისტიანობა

მუჰაჯირობა შეეხო 80 000-მდე აფხაზსა და 150 000-მდე ქართველ მუსლიმანს აჭარიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. XIX საუკუნეში ხსენებული იმპერიების ასპარეზად საქართველოც იქცა. ისტორიული სამხრეთ საქართველოს მოსახლეობამ აყრა-გადასახლების ტკივილი მანამდეც არაერთხელ იწვნია, მაგრამ მუჰაჯირობა ყველაზე მასობრივი და ტრაგიკული იყო. გადასახლების პირველი დიდი ტალღა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომს მოჰყვა, აფხაზთა მუჰაჯირობა 1867 წელს - მეორე ტალღა იყო, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომი გადასახლება — მესამე.

ისტორიული სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მუჰაჯირების უმრავლესობა მუსლიმი ქართველი იყო. მათი შთამომავლები თანამედროვე თურქეთის თითქმის ყველა მხარეში მკვიდრობენ, მაგრამ ყველაზე მეტად შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებში. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებმა, უმეტეს შემთხვევაში, იციან საკუთარი წარმომავლობის, ფესვების შესახებ და ინარჩუნებენ იდენტობას.

სამცხე-ჯავახეთი

რედაქტირება

1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავით, რუსეთმა მიიღო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები (სამცხე-ჯავახეთი, ფოცხოვი და პალაკაციო), ზავის მე-13 მუხლის თანახმად, მოსაზღვრე ტერიტორიების მოსახლეობას 18 თვის განმავლობაში გადასახლება-გადმოსახლების უფლება მიეცა. თურქეთში გადასახლდა დაახლოებით 75 ათასი ქართველი მუსლიმი. მუჰაჯირობის ამ ტალღის კვალი თანამედროვე თურქეთში ძნელად იძებნება. როგორც ჩანს, გარდა ოსმალეთის შიდა რეგიონებისა, სამცხე-ჯავახეთიდან ლტოლვილთა ნაწილი მაინც მახლობელ პროვინციებში დასახლდა. ამ აზრს განამტკიცებს ისიც, რომ XIX საუკუნის 30-იანი წლების აჭარა-ქობულეთის და საზოგადოდ ჭოროხის აუზის მოსახლეობაში დასტურდება ფენა, რომელიც ოფიციალურად იწოდებოდა ახალციხელ მუჰაჯირებად. კერძოდ, 1835 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მასალებში „ახალციხელი მუჰაჯირებიც“ არიან მოხსენიებული. ქართულ გარემოში დასახლებულნი შეინარჩუნებდნენ ქართულ იდენტობას, მაგრამ, როგორც, ჩანს არაქართულ გარემოში დასახლებულნი საკუთარ მიწა-წყალს მოწყვეტილი მესხები საბოლოოდ კარგავდნენ კავშირს წინაპრებთან და ასიმილაციას განიცდიდნენ. ესაა, ალბათ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე თურქეთში მესხ მუჰაჯირთა კვალი ძალიან ძნელად იძებნება, თუმცა არის ვარაუდი, რომ შავშეთ-კლარჯეთის მოსახლეობის ის ფენა, რომელილიც თავს „ახისხადან მოსულებს“, ახალციხელ თურქებს უწოდებს, ნაწილი მაინც, სწორედ ასიმილირებული ქართველების შთამომავალია. სამწუხაროდ, დღეს ძველი რეალობის სურათის აღდგენა შეუძელებელია.

1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბერლინის ტრაქტატის ძალით, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ბათუმისა და ყარსის ოლქები (აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ტაოს ნაწილი). მთელი ეს ტირიტორია დაექვემდებარა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, როგორც სამხედრო, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებში.

ახლადშექმნილი ოლქი ერთ სანავსადგურო ქალაქად (ბათუმი) და სამ ოკრუგად (ბათუმის, ართვინის, აჭარის) დაიყო. შექმნილი ვითარება მოსახლეობისთვის უაღრესად რთული აღმოჩნდა. ამის ნათელი დასტური მუჰაჯირობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მაშინვე გაიხიზნა ოსმალეთის შიდა პროვინციებში არა მხარეთა სპონტანური გადაწყვეტილების ან მოსახლეობის საომარ მოქმედებათა ზონიდან თავის გარიდების გამო, არამედ ეს იყო ორი დიდი იმპერიის მიერ ცივი გონებით განსჯილი და თავისივე ინტერესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.

1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) რუსეთ-ოსმალეთს შორის სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების 21-ე მუხლის თანახმად, რუსეთის გამგებლობაში მოქცეული ტერიტორიების მოსახლეობას 3 წლის ვადაში თავისუფალი მიგრაციის უფლება ეძლეოდა. ბერლინის კონგრესმა (1878 წლის ივნისი-ივლისი) სან-სტეფანოს ზავის ბევრი დეტალი გადააჯგუფა, მაგრამ ხსენებული მუხლის მიმართ პრეტენზია არცერთ მხარეს გამოუთქვამს. შესაბამისად, 1879 წლის 27 იანვარს (8 თებერვალს), სტამბოლში რუსეთ-ოსმალეთს შორის გაფორმდა საზავო ხელშეკრულება, რომლის მე-7 მუხლის თანახმად რუსეთის ახალ ქვეშევრდომებს საზღვარგარეთ გადასახლების უფლება მიეცათ. გადასახლების ოფიციალურ ვადად დადგინდა: 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე. სინამდვილეში, აყრა-გადასახლების პროცესი უფრო ადრე, ომის პერიოდში დაიწყო და დაწესებული ვადის შემდგომაც დიდი ხსნის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ყველაზე დიდი ტალღა სწორედ დასახლებულ ოფიციალურ პერიოდზე მოდის.

ომისგან გაპარტახებული მოსახლეობისთვის მუჰაჯირობა ახალ ტრაგედიად იქცა. შავიზღვისპირა რეგიონიდან ოსმალეთის შიდა რაიონებში მრავალი ადგილობრივი გადასახლდა. გადასახლების პროცესი მეოცე საუკუნეშიც გრძელდებოდა, პრაქტიკულად, მთელი პერიოდის, 1878-1921 წლების განმავლობაში. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დაძაბული პირველი მსოფლიო ომის პერიოდი იყო, როცა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების საკმაოდ მასშტაბურმა ტალღებმა გადაიარა. ამ პერიოდში, საკმაოდ ბევრი ოჯახი გაიხიზნა, თუმცა ნაწილი მალევე დაბრუნდა უკან. 1915 წელს გაზეთი „თანამედროვე აზრი“ რადიკალურად აფასებდა ვითარებას და ამის თაობაზე წერდა:

 
„ყველაზე მეტად განადგურებულია გონიოს უჩასტკა, შავი ზღვის პირათ მცხოვრებნი და მდ. ჭოროხის პირათ მდებარე სოფლები აჭარისწყლიდან - ართვინამდე. აქ მცხოვრებნი თითქმის აღარ არიან - ვინც არ მოკლეს, - ტყვედ წაასხეს.“

1878 წლიდან 1880-იანი წლების ჩათვლით გადასახლებულთა რიცხვი 22-დან 25 ათასამდე მერყეობს. 1906 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ მოხსენებაში ართვინის ოკრუგის უფროსი ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს მოახსენებდა, რომ ადგილობრივ მკვიდრთა გადასახლება საადგილმამულო საკითხის მოუწესრიგებლობითა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით იყო გამოწვეული. მიზანმიმართულად შექმნილი გამოუვალი პირობების გამო, მარტო 1906 წლის მეორე ნახევარში ართვინის ოკრუგიდან ოსმალეთში წასულა 420 სული, ხოლო წასასვლელად მზად ყოფილა 1200 ადამიანი.

1916 წლის 11 თებერვალს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს ქართველმა დეპუტატმა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან აკაკი ჩხენკელმა ქართველ მუსლიმთა ინტერესების დასაცავად სიტყვა წარმოთქვა და გაიხსენა 1915 წლის 15 იანვარი, როცა რუსმა მხედართმთავარმა უთხრა, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისაგან დავალებული ჰქონდა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისგანაც გაეწმინდა.

ქართველ მაჰმადიანთა ოსმალეთის იმპერიის შიდა რაიონებში გადასახლების ერთ-ერთი არსებითი მიზეზი რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა იყო. გადასახლების ცალკეული შემთხვევები 1921 წლის შემდეგაც იყო: კომუნისტური რეჟიმისგან თავის დაღწევის მიზნით, მოქალაქეები ქვეყნიდან გარბოდნენ და თურქეთის შიდა პროვინციებში სახლდებოდნენ.

ქართველ მუჰაჯირთა განსახლების არეალი თურქეთში

რედაქტირება

ქართველები თურქეთის თითქმის ყველა მხარეში სახლობენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებები კონცენტრირებულია ანატოლიის ორ რეგიონში - შავიზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვისპირეთში.

ყველაზე მეტი ქართული დასახლება ართვინის, ორდუს, ქოჯაელის, სიქარიის და ბურსის პროვინციებშია. აგრეთვე, შეიძლება დასახელდეს ამასიის, ბალიქესირის, დუზჯეს, თოქათის, იალოვას, სინოპის, სამსუნისა და სხვა პროვინციები.

დიარბექირის პროვინციის ერგანის რაიონის ორთაიაზი მუჰაჯირობის ჟამს შავშეთიდან წასულთა დასახლებაა.

ქართველი მუჰაჯირები თურქეთის შავი ზღვის რეგიონში

რედაქტირება

შავი ზღვის რეგიონში დაახლოებით 280 ქართული სოფელია, მათ შორის უმრავლესობა მხოლოდ ქართველებითაა დასახლებული, არის შერეული სოფლებიც. ქართველებთან ერთად თანაცხოვრობენ ლაზები და თურქები. საზოგადოდ, შავი ზღვის რეგიონში დასახლებულთა შორის სჭარბობს აჭარიდან, კერძოდ, ჭარისწყლის ხეობიდან, მაჭახლიდან, ბათუმის მახლობელი სოფლებიდან, ჩაქვიდან და ქობულეთიდან გადასახლებულთა სოფლები.

სხვადასხვა დოკუმენტის და საველე სამუშაოებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზით, გადასახლებულები, თავდაპირველად, შავიზღვისპირეთში ჩასულან და, როგორც ჩანს, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, მერე ხდებოდა მათი გაგზავნა უფრო დასავლეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში.

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებით დასახლებული პროვონციებია:

  1. ამასიის პროვინცია — ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების 11 ქართული სოფელია.
  2. დუზჯეს პროვინცია — 23 ქართული სოფელია.
  3. გირესუნის პროვინცია — 20 სოფელია ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებული.
  4. ორდუს პროვინცია — ქართველ მუჰაჯირთა 129 სოფელი.
  5. რიზეს პროვინცია — 1 სოფელია.
  6. სამსუნის პროვინცია — 37 სოფელია.
  7. სინოპის პროვინცია — 40 სოფელი.
  8. თოქათის პროვინცია — 18 ქართული სოფელია.
  9. კასთამონუს პროვინცია — 1 სოფელი.

აღნიშნული პროვინციის სოფლებში ძირითადად სახლობენ აჭარიდან (ქედა, ხულო, შუახევი), მაჭახელიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, კლარჯეთიდან (ნიგალი) და შავშეთიდან წასული მუჰაჯირთა შთამომავლები.

საერთო ჯამში, დოკუმენტებზე დაყრდნობით, მუჰაჯირობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (50 %) გადასახლდა.

ქართველი მუჰაჯირები მარმარილოს ზღვის რეგიონში

რედაქტირება

ქართველ მუჰაჯირთა დასახლებები თურქეთის მარმარილოს ზღვის რეგიონის დაახლოებით 140 სოფელშია. ბელიქესირის ყველაზე დიდი ქართული დასახლება გონენია. იქ მცხოვრებ 75 000 მოსახლედან 3 000 ქართველია. ბელიქესერის ქართველები კლარჯეთიდან გადასახლებულ მუჰაჯირთა შთამომავლები არიან. უმრავლესობა - მურღულელები, აგრეთვე, ბორჩხის მახლობელი ჭოროხის მარცხენა სანაპიროს სოფლების მოსახლეობა. ბურსაში ქართველთა უმრავლესობა აჭარიდან წასული მუჰაჯირებია. ძირითადად, ზემო აჭარადიან - ხულოსა და შუახევის რაიონებიდან. გაცილებით ნაკლებია ზღვისპირელები - ჩაქვისა და მახინჯაურის მიდამოებიდან. არის მაჭახლიდან, კარნათი მარადიდიდან, მურღულიდან და კლარჯეთის სხვა რაიონებიდან გადასახლებულთა სოფლებიც.

იალოვის პროვინციის 6 რაიონიდან სამ რაიონში (არმუთლუ, თერმალი, ჩინარჯიქი) გურჯებისა და ლაზების სოფლებია. იალოვაში ცხოვრობენ მაჭახლიდან და კლარჯეთიდან გადასახლებულები, ასევე ლაზები. ქართველთა რაოდენობა ამ პროვინციაში სავარაუდოდ 10 000-ს არ გადააჭარბებს.

საქარიის პროვინციის 13 რაიონიდან 8 „ქართულია“. ყველაზე მეტი დასახლებული პუნქტი ჰენდექშია — 23, მათგან 9 მხოლოდ გურჯებისა, 10 — შერეული, 4 — ლაზებისა. ნიშანდობლივია, რომ ჰენდეკში 10 აფხაზური სოფელია. ჰენდეკში, ძირითადად, კლარჯ მუჰაჯირთა შთამომავლები არიან. საფანჯას რაიონის ქართულ მოსახლეობაში სჭარბობს ნიგალელ მუჰაჯირთა შთამომავლები, იქ აჭარისწყლის რეგიონებიდან გადასულებიც ცხოვრობენ, მაგრამ უმრავლესობა, მარადიდის, კირნათის, ხებას, ბუღლევანის მუჰაჯირები არიან.

ქოჯაელის პროვინციის 12 რაიონიდან 6-ში ქართველთა კომპაქტური დასახლებებია. ქართული მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ქოჯაელის პროვინციაში კლარჯეთიდან გადასახლებულთა შთამომავლები არიან. ქართველთა რაოდენობა ქოჯაელის პროვინციაში ასეულ ათასს სჭარბობს.

XIX საუკუნის ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ქართველ მუსლიმთა ცხოვრების ამსახველი წერილები. ბევრი მათგანი გადასახლების სწორედ იმ ტკივილიან პროცესს ეხებოდა. რომელიც „მუჰაჯირობის“ სახელით შემორჩა ხალხის მეხსიერებასა და საისტორიო ლიტერატურას. ქართველ მუსლიმთა მოამაგის სერგეი მესხის 1881 წლის პუბლიკაცია გაზეთ „დროებაში“ სწორედ ხსენებულ ტკივილს ეხება და მის ემოციურ გამოვლინებას აღწერს:

 
„საშინელ სურათს წარმოადგენს თურმე ამ ხალხის გადასახლება: მნახველთ უამბიათ და მოუწერით ჩვენთვის, რომ ესენი დედამიწას ჰკოცნიან, ხეეებს, სახლებს, ყველაფერს, სულიერს და უსულოს, რასაც კი სტოვებენ, ცხარე ცრემლის ღვრით, გულდამწვავ ტირილით ეთხოვებიან და ისე მიდიანო.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩვენებურები“-დან