ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი; დ. 27 მარტი, 1873, ვერტყვიჭალა, შორაპნის მაზრა — გ. 23 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი], 1932, თბილისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927–1932 წლებში.
ქრისტეფორე III | |
---|---|
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი | |
პროვინცია | საქართველოს სსრ |
ეპარქია | მცხეთა-თბილისის ეპარქია |
ეკლესია | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ინთრონიზაცია | 1927 |
თანამდებობიდან წასვლა | 1932 |
წინამორბედი | ამბროსი |
მემკვიდრე | კალისტრატე |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი |
დაბადების თარიღი | 27 მარტი, 1873 |
დაბადების ადგილი | ვერტყვიჭალა |
გარდაცვალების თარიღი | 23 იანვარი, 1932 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავების ადგილი | სიონის ტაძარი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
საცხოვრებელი ადგილი | თბილისი |
პროფესია | პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაციცქიშვილთა შტოში მრავლად იყვნენ სასულიერო პირები. მღვდელი იყო მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც. ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან სასულიერო გზა აირჩია. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, 1895–1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში — ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფელ იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898–1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904–1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905–1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918–1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ.
მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი იყო, იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი ქრისტეფორემ იტვირთა. 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.
1920-იან წლებში ქართველ სასულიერო პირთა ნაწილმა გადაწყვიტა ხელისუფლების მიმართ ლოიალური კურსი აერჩია. 1926 წლის 26-27 დეკემბერს ეპისკოპოსების ქრისტეფორესა და დავითის თაოსნობით ქუთაისში გაიმართა საეკლესიო ყრილობა, რომელმაც ეკლესიაზე თავსდამტყდარი უბედურების მიზეზად კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საკათალიკოსო საბჭოს ანტისამთავრობო კურსი მიიჩნია და ხელისუფლებისადმი ერთგულების გამომხატველი დეკლარაცია მიიღო.
კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ ამბროსის მოსაყდრე კალისტრატემ ოფიციალური განცხადებით უარი ეთქვა თანამდებობაზე. 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის ხელმძღვანელობა. სახელმწიფო ძალიან ავიწროვებდა სასულიერო პირებს, დევნიდა მრევლს. ქრისტეფორეს პოლიტიკა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილით გამოირჩეოდა, მაგრამ ეკლესიათა დახურვის და დანგრევის პროცესის შეჩერება ასეთი დიპლომატიითაც ვერ შეძლო. ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე. 1930 წელს მან გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც საბჭოთა მთავრობის სუვერენიტეტი აღიარა და გააკრიტიკა რომის პაპ პიუს XI-ის მოწოდება სსრკ-ის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ მოწყობის შესახებ.[1]
გარდაიცვალა 1932 წლის ძვ. სტ. 10 იანვარს, 57 წლის ასაკში. გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა და მოთავსებული იყო წითელი ჯვრის საავადმყოფოში. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, ისეთი, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: „გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.
ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. მათგან გამოსაყოფია ნაშრომები ძველი ქართული მწერლობის ძეგლის „ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ. ქრისტეფორეს საქმიანობას ჯერ ეპისკოპოსის და შემდეგ პატრიარქის თანამდებობაზე მკაცრად აკრიტიკებდა მისი თანამედროვე დეკანოზი და შემდგომში საერო პირი ნიკიტა თალაკვაძე.
2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი მიენიჭა იტრიის საშუალო სკოლას და ეწოდა ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 164-165, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ციცქიშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 554.
- თალაკვაძე, ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013, ISBN 978-99940-28-77-1.
- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
- თვალთათვის დაფარული მოწამე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1927-1932 წწ. ქრისტეფორე III /ავტ.: დავით ციცქიშვილი. - თბ., 1999 წ
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: ამბროსი |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1927-1932 |
შემდეგი: კალისტრატე |