საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ან წმიდა სინოდის მიერ მღვდელმთავართაგან გამორჩეული პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. იმ შემთხვევაში, თუ კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეში არ არის გამორჩეული და ცნობილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოვებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 პატრიარქობის კანდიდატს. წმიდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, მათ შორის მოსაყდრესაც, წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც დადგენილია 2017 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ.[1].
მოსაყდრეები
რედაქტირებასახელი | სურათი | მოსაყდრეობის პერიოდი | წარმდგენი | თანამდებობა | |
---|---|---|---|---|---|
1 | ლეონიდე (ოქროპირიძე) | 12 მარტი, 1917 - 23 თებერვალი,1919 | პირველი საეკლესიო კრება | მოსაყდრე | |
2 | ამბროსი (ხელაია) | 17 ივლისი, 1921 - 5 სექტემბერი, 1921 | საკათალიკოსო საბჭო | მოსაყდრე | |
3 | კალისტრატე (ცინცაძე) | 30 ოქტომბერი, 1925 - 30 დეკემბერი, 1926 | ამბროსი ხელაია | მოსაყდრე | |
4 | დავითი (კაჭახიძე) | 21-27 ივნისი, 1927 - 12 თებერვალი, 1930 | მეოთხე საეკლესიო კრება | მოსაყდრე | |
5 | კალისტრატე (ცინცაძე) | 10 იანვარი, 1932 - 21 ივნისი, 1932 | საკათალიკოსო სინოდი | მოსაყდრე | |
6 | მელქისედეკი (ფხალაძე) | სექტემბერი, 1943 - 5 აპრილი, 1952 | კალისტრატე ცინცაძე | მოსაყდრე | |
7 | დავითი (დევდარიანი) | 24 ივლისი, 1959 - 10 იანვარი, 1960 | მელქისედეკ III | მოსაყდრე | |
8 | ეფრემი (სიდამონიძე) | 10 იანვარი, 1960 - 20 თებერვალი, 1960 | წმინდა სინოდი | მოსაყდრე | |
9 | დავითი (დევდარიანი) | 7 აპრილი, 1972 - 1 ივნისი, 1972 | ეფრემ II | მოსაყდრე | |
10 | ილია (შიოლაშვილი) | 9 ნოემბერი, 1977 - 25 დეკემბერი, 1977 | წმინდა სინოდი | მოსაყდრე | |
11 | შიო (მუჯირი) | 23 ნოემბერი, 2017 - დან | ილია II | მოსაყდრე |
ლიტერატურა
რედაქტირება- სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.). თბილისი, 2017.
- მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.
- ,,საქართველოს ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება", მცხეთა, სვეტიცხოველი, 1995.