სიგიზმუნდ კორიბუტი
სიგიზმუნდ კორიბუტი (ლიეტვ.: Žygimantas Kaributaitis; ბელარ.: Жыгімонт Карыбутавіч; პოლ.: Zygmunt Korybutowicz; ჩეხ.: Zikmund Korybutovič; უკრ.: Жиґимонт Корибутович ან Сигізмунд Корибутович, დ. დაახლოებით 1395, ნოვგოროდ-სევერსკი — გ. 1435 წლის სექტემბერი, ვილკომირი) — ლიტვის დიდი სამთავროს მთავარი, ჰუსიტების არმიის სამხედრო ლიდერი, ბოჰემიისა და პრაღის გუბერნატორი ჰუსიტური ომების დროს, ჩეხეთის მეფის ნაცვალი. ჩერნიგოვ-სევერსკის მთავრის კორიბუტ — დიმიტრი ოლგერდოვიჩის ვაჟი გედიმინოვჩების დინასტიიდან.[1][2][3]
სიგიზმუნდ კორიბუტი | |
---|---|
სიგიზმუნდ კორიბუტი და მისი ჯარები ლიეტუვის დროშით | |
დაბადების თარიღი |
1395 ნოვგოროდ-სევერსკი |
გარდაცვალების თარიღი |
1435 უკმერგე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ნოვგოროდ-სევერსკში. მამა — ნოვგოროდ-სევერსკის მთავარი, დიმიტრი კორიბუტი, დედა — ანასტასია, რიაზანის დიდი მთავრის, ოლეგის ქალიშვილი. 1404 წლიდან იგი იზრდებოდა ბიძის, პოლონეთის მეფის ვლადისლავ II იაგაილოს სამეფო კარზე. მონაწილეობდა გრიუნვალდის ბრძოლაში. გრიუნვალდის შემდეგ იაგაილოს დიდი ნდობით სარგებლობდა. 1411-1417 წლებში მას ჰქონდა ცალკე სამეფო კარი კრაკოვში და ითვლებოდა იაგაილოს შესაძლო მემკვიდრედ. ვიტოვტისან ერგო ნოვგოროდ-სევერსკის მამისეული სამთავრო (1418-1422).
1418 წელს მთავარ ფიოდორ ოსტროჟსკისთან ერთად ჩავიდა ჩეხეთში ჰუსიტებთან, რომლებმაც ის მეფედ გამოაცხადეს. სიგიზმუნდი ცდილობდა დაერწმუნებინაიაგაილო ჰუსიტების მხარეზე გადასულიყო, მაგრამ წარუმატებლად, ამიტომ გაიქცა ორდენის მიწებზე, სადაც ორდენის ჯარებს ასწავლიდა ჰუსიტური ომის წამოების მეთოდებს. 1419 წელს ჩეხეთის მეფის ვენცლასის გარდაცვალების შემდეგ ჰუსიტები აჯანყდნენ ტახტის პრეტენდენტის, ლუქსემბურგის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ის წინააღმდეგ და ჩეხეთის გვირგვინი შესთავაზეს იაგაილოს. იაგაილომ უარის განაცხადა, ამის შემდეგ გვირგვინი შესთავაზეს ვიტოვტს, რომელიც, დათანხმდა, მაგრამ უარი თქვა ჩეხეთში გამგზავრებაზე.
1420 წლის 14 ივლისს იან ჟიჟკამ დაამარცხა იმპერატორ სიგიზმუნდის ჯარები პრაღის მახლობლად (ბრძოლა ვიტკოვოს გორაზე). 1421 წელს ჩეხეთის სეიმმა ვიტოვტი ჩეხეთის ტახტიდან გადააყენა [წყარო არ არის მითითებული]. 1422 წელს ვიტოვტმა გაგზავნა 5000-კაციანი არმია ჩეხეთში და დანიშნა სიგიზმუნდ კორიბუტი თავის ნაცვლად ჩეხეთის რესპუბლიკაში. მათი თავდასხმის შედეგად, ჩეხეთის ტახტის კიდევ ერთი კანდიდატის—იმპერატორ სიგიზმუნდის ჯარებმა უკან დაიხიეს უნგრეთში.
1422 წლის 16 მაისს სიგიზმუნდ კორიბუტი შევიდა პრაღაში, სადაც გამოცხადდა ჩეხეთის მმართველად. სიგიზმუნდისთვის მთავარი პრობლემას ჰუსიტების ორი ფრთის — ზომიერი ჩაშნიკების და რადიკალი ტაბორიტების შერიგება წარმოადგენდა. სიგიზმუნდის ავტორიტეტს აღიარებდნენ ჩაშნიკები, პრაღელები და ზომიერი ტაბორიტები. ამასობაში რომის პაპი მარტინ V ზეწოლას ახორციელებდა ვიტაუტასსა და იაგაილოზე, რომ სიგიზმუნდ კორიბუტს ჩეხეთი დაეტოვებინა. 1423 წლის 24 დეკემბერს, იაგილოსა და იმპერატორ სიგიზმუნდის შეთანხმების შესაბამისად, კორიბუტმა ჯართან ერთად დატოვა პრაღა. მისი წასვლისთანავე დაიწყო სამოქალაქო ომი ჰუსიტების ბანაკებს შორის.
1424 წელს ჩეხეთის ელჩებმა ვიტაუტასს მიმართეს თხოვნით, მათთან გაეგზავნა სიგიზმუნდ კორიბუტი, რათა მისთვის გვირგვინი დაედგათ. მაგრამ ვიტაუტასმა, იმპერატორთან შეთანხმებით უარი განაცხადა. შემდეგ ჩეხებმა პირდაპირ მიმართეს სიგიზმუნდს, რომელიც 1424 წლის 29 ივნისს შევიდა პრაღაში 1500 კაციანი რაზმით . ის მეფედ გამოაცხადეს, მაგრამ გვირგვინი არ დაუდგიათ. ამის გამო იაგაილომ სიგიზმუნდ კორიბუტს ოჯახის ქონება ჩამოართვა, ხოლო პაპის ლეგატმა იგი განკვეთა ეკლესიიდან, ვიტოვტმა საჯაროდ თქვა უარი მასზე. ამის მიუხედავად, სიგიზმუნდი და ვიტოვტი აგრძელებდნენ მიმოწერას, სადაც პირველმა მეფე დაარწმუნა, მისთვის მხარი დაეჭირა პრაღის მმართველის პოსტზე სიგიზმუნდ კორიბუტმა დაშალა ძველი საქალაქო საბჭო, მოიწვია ახალი, რითაც მოხსნა წინააღმდეგობები ჩაშნიკებსა და იან ჟიჟკას შორის და შესაძლებელი გახადა წარმატებული სამხედრო კამპანია ჩატარებულიყო იმპერატორ სიგიზმუნდის წინააღმდეგ მორავიაში. ჟიჟკას გარდაცვალების შემდეგ, კორიბუტი გახდა ჰუსიტების ჯარების უმაღლესი მეთაური, პროკოპ ტიტველთან ერთად იგი სარდლობდა ბრძოლა ჰუსიტებისთვის უსტი-ნად-ლაბეში 1426 წლის 16 ივნისს. სიგიზმუნდ კორიბუტმა დაიწყო მოლაპარაკება იმპერატორთან კათოლიკეებისა და ჰუსიტების შერიგების განზრახვით. ვიტოვტისადმი მიწერილ წერილებში იგი სთხოვდა მას გამხდარიყო შუამავალი ამ მოლაპარაკებებში. საიდუმლო მიმოწერა რადიკალ ტაბორიტებს ჩაუვარდათ ხელში და 1427 წლის ბოლოს სიგიზმუნდ კორიბუტი ოთხი თვით დააპატიმრეს ვალდშტეინის ციხესიმაგრეში. მაგრამ მისი პოპულარობა ხალხში იმდენად დიდი იყო, რომ ტაბორიტებმა, აჯანყების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს მისი ესკორტით გაგზავნა პოლონეთში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის გახლდათ რაციბორსკ-კრნოვის სამთავროში დასთან, ელენასთან ერთად. აქ მან შეკრიბა თავისი მომხრეები: ჰუსიტები, პოლონელები, რუსეთ-ლიეტუვის რაზმები, მას შეუერთდნენ ფიოდორ ოსტროჟსკის ჯარები.
1430 წლის აპრილიდან სიგიზმუნდ კორიბუტი მონაწილეობდა სილეზიაში ჰუსიტურ მოძრაობაში, სადაც ცდილობდა ფეხის მოკიდებას. მან დაიკავა ქალაქი გლივიცე და თავის რეზიდენციად გამოაცხადა. თუმცა, კონრად IV ოლესნიცკი თავს დაესხა ქალაქს და გადაწვა. 1431 წელს ლიეტუვის ახალმა დიდმა მთავარმა სვიდრიგაილო ოლგერდოვიჩმა სამსახურში გამოიძახა სიგიზმუნდ კორიბუტი. მიმოწერა ჩავარდა იაგაილოს ხელში, რამაც ამ უკანასკნელს საშუალება მისცა დაედანაშაულებინა სვიდრიგაილო ჰუსიტებთან კავშირში.
ლიპანის ბრძოლის შემდეგ ჰუსიტური მოძრაობის დაცემამ აიძულა სიგიზმუნდი დაბრუნებულიყო ლიტვის დიდ სამთავროში 1434 წელს შემოვლითი გზით (გერმანიის სამთავროების, ბალტიის ზღვისა და რიგის გავლით), სადაც იმ დროს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა სიგიზმუნდს კეისტუტოვიჩსა და სვიდრიგაილო ოლგერდოვიჩს შორის. სიგიზმუნდ კორიბუტმა სვიდრიგაილოს მხარე დაიკავა. პოლონელი მემატიანე იან დლუგოშის თქმით, სიგიზმუნდ კორიბუტი ცდილობდა სიგიზმუნდ კეისტუტოვიჩისა და სვიდრიგაილოს შერიგებას და შემრიგებელი სასამართლოს მოწყობას პაპის, იმპერატორის ან სხვა ვინმეს ხელმძღვანელობით. 1435 წლის 1 სექტემბერს ვილკომირის მახლობლად გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც დასრულდა სვიდრიგაილოს მომხრეების დამარცხებით, სიგიზმუნდ კორიბუტი დაიჭრა, ტყვედ ჩაიგდეს პოლონელებმა და დიდი მთავრის სიგიზმუნდის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chłędowski Kazimierz. Zygmunt Korybut: szkic historyczny (1420–1428). Warszawa, 1864.
- Grygiel Jerzy. Życie i działalność Zygmunta Korybutowicza. Studium z dziejów stosunków polsko-czeskich w pierwszej połowie XV wieku // PAN, oddział w Krakowie. Wydawnictwo Ossolineum. Wrocław, 1988. (პოლ.)
- Nikodem Jarosław. Polska i Litwa wobec husyckich Czech w latach 1420–1433. Studium o polityce dynastycznej Władysława Jagiełły i Witolda Kiejstutowicza // Instytut Historii UAM. Poznań, 2004. (პოლ.)
- Józef Wójcicki: Dzieje Polski nad Bałtykiem. Wyd. 3. Warszawa: Książka i Wiedza, 1989. ISBN 83-05-11952-1. (პოლ.)
- Kazimierz Chłędowski, Zygmunt Korybut : szkic historyczny (1420-1428), Warszawa 1864[მკვდარი ბმული] (პოლ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Biography of Žygimantas Kaributaitis (ლიეტ.)
- ↑ Zygmunt Korybutowicz // MAK (პოლონ.)
- ↑ Žygimantas Kaributaitis In: . Abgerufen am 3. April 2022.