პოლარული ურალი (რუს. Полярный Урал) — ურალის მთათა სისტემის ჩრდილოეთი ნაწილი, რუსეთში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგსა და კომის რესპუბლიკაში. სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაჭიმულია 380 კმ-ზე მთა კონსტანტინოვ-კამენიდან მდინარე ხულგის ზემო წელამდე. სიგანე 5–7 კმ-დან 125 კმ-მდე. მდინარეთა ხშირი ქსელით ჩაჭრილი დასავლეთი ციცაბო კალთები მკვეთრად აწყდება მთისწინეთებს. დამრეცი აღმოსავლეთი კალთა თანდათან დაბლდება დასავლეთ ციმბირის ვაკისკენ, სადაც უვალების ფართო ზოლით მთავრდება. პოლარული ურალის აღმოსავლეთი მთისწინეთია მცირე ურალის ქედი, რომელიც მერიდიანული მიმართულებითაა გადაჭიმული.[1]

პოლარული ურალი
პოლარული და პოლარეთისპირა ურალი. თანამგზავრული სურათი
პოლარული და პოლარეთისპირა ურალი. თანამგზავრული სურათი
კოორდინატები: 67°30′ ჩ. გ. 66°00′ ა. გ. / 67.500° ჩ. გ. 66.000° ა. გ. / 67.500; 66.000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი
კომის რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი პაიერი
სიმაღლე 1472 
სიგრძე 380 კმ
სიგანე 125 კმ
პოლარული ურალი — რუსეთი
პოლარული ურალი
პოლარული ურალი — ურალის ფედერალური ოკრუგი
პოლარული ურალი
სურათები ვიკისაწყობში

რელიეფის ხასიათიდან გამომდინარე გამოიყოფა პოლარული ურალის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი. ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს ღრმა და გამჭოლი განივი ხეობებით დანაწევრებული ქედები და მასივები და უღელტეხილების უმნიშვნელო სიმაღლე (არაუმეტეს 300 მ-სა). განვითარებულია მოკლე, საშუალომთიანი ქედები და მასივები პლატოსებრი ან გუმბათისებრი მწვერვალებით. ღერძულ ზონაში ალპური ტიპის მაღალმთიანი ქედებია დაკბილული თხემებით, კარლინგებით, ღრმა ცირკებითა და კლდოვანი ფრიალო კალთებით. მწვერვალებზე ტიპურია კურუმები. მყინვარული ცირკები ტბებით, თოვლნარებით და დეგრადაციის სტატიაზე მყოფი მცირე მყინვარებითაა ამოვსებული.[2]

პოლარული ურალის სამხრეთი ნაწილი ვრცელდება მდინარე სობიდან მდინარე ხულგის ზემო წელამდე. წარმოადგენს ვიწრო, 30 კმ სიგანის მქონე პლატოს, რომელიც ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ციცაბოკალთიანი წყალგამყოფი ქედი გაყოფილია ცალკეულ მასივებად, მათ შორისაა ვოიკარსინსკის მასივი, სადაც მდებარეობს პოლარული ურალის უმაღლესი წერტილი პაიერი (1472 მ), რომელზედაც ტროგები და ცირკებია წარმოდგენილი.[2]

დასავლეთით და აღმოსავლეთით ქედების ციცაბო კალთები იძირება ურალის მიმდებარე ვაკეთა ფხვიერი დანალექების ქვეშ. მთიანი სისტემის ღერძული ნაწილი წარმოდგენილია ურალთაუს ანტიკლინორიუმით, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში გართულებულია შუაპალეოზოური ინტრუზიებით. ანტიკლინორიუმის აღმოსავლეთით გადაჭიმულია ტაგილ-მაგნიტოგორსკის სინკლინორიუმის ვიწრო ზოლი. დასავლეთით ვრცელდება შუა და ზედა პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურების ურალის ზონა. მასში შედის ჩერნიშევის სერის ანტიკლინიც. ქედების აგებულებაში ძირითადად მონაწილეობს კვარციტები, ფიქლები, პერიდოტიტები და გაბრო.[3][4]

პოლარული ურალის ქედების კალთებზე არის კარული და კალთებისპირა ტიპის თანამედროვე მყინვარები. პოლარულ ურალში ცნობილია დაახლოებით 90 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 20 კმ². ისინი ქმნიან ცალკეულ კერებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლარული ურალი ნაკლები სიმაღლისაა, ვიდრე პოლარეთისპირა ურალი, აქ მყინვარები მეტია, როგორც რაოდენობით, ისე სიდიდით. ეს აიხსნება პოლარული ურალის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობით. მყინვარები ორი ტიპისაა — კარული და მიყდნობილი. ისინი განლაგებულია ყველაზე მაღალ ქედებზე, მეტწილად აღმოსავლეთ ექსპოზიციის კალთებზე. ზოგიერთი მყინვარი ამჟღავნებს აქტიური მოძრაობის ნიშნებს. მაინც მეტწილ მყინვარებზე აკუმულაციას ჭარბობს მოდნობა და უკან დახევა. მყინვართა ბოლოები მდებარეობს 630–970 მ-ზე. პოლარულ ურალში მდებარეობს მთლიანად ურალის უდიდესი მყინვარი იგანი, რომლის სიგრძეა 1 კმ, ხოლო ფართობი 1 კმ²-ზე ნაკლები. მნიშვნეოვანია აგრეთვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყინვარი, რომელიც 2008 წელს გადაიქცა კალთებისპირა მყინვარად, ხოლო 2013 წლისათვის თავისი არსებობა ფაქტობრივად დაასრულა.[5]

პოლარული ურალის კლიმატი მკაცრია, იცის ძლიერი ქარბუქი და ქარი. დამახასიათებელია ხანგრძლივი (ოქტომბერი–აპრილი) და ცივი ზამთარი; იანვრის საშუალო ტემპერატურაა –20 °C. ზაფხული მოკლეა და ცივი, ხშირია სუსხი; ივლისის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 10 °C. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამია დაახლოებით 800 მმ. თოვლი დნება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში. ფართოდაა გავრცელებული მრავალწლოვანი მზრალობა.[1]

პოლარული ურალის მდინარეები განეკუთვნება პეჩორის, ობისა და ბაიდარატის უბის აუზს. მთის მდინარეებს ახასიათებთ ჭორომი, ჩქერი და წყალდიდობა, მიედინებიან ფართო ტროგულ ხეობებსა და კანიონებში. წელიწადში 8 თვემდე მდინარეები გაყინულია. ბევრი მათგანი ფსკერამდე იყინება, რის გამოც წარმოიქმნება მინაყინი და ყინულის ბორცვები. პოლარულ ურალში 3000-ზე მეტი ტბაა, რომელთა დიდი ნაწილი მყინვარული წარმოშობისაა; ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა ბოლშოე-შჩუჩიე, რომლის სიღრმე 136 მ-ს აღწევს.[6] მნიშვნელოვანია აგრეთვე ტბათა სისტემა ხადატაიოგანლორი.[7]

ნიადაგური საფარი სუსტად არის განვითარებული, რადგან შეზღუდულია წვრილმიწით დაფარული ფართობები. ნიადაგები ხასიათდება ცუდად გამოხატული პროფილით. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ხავსიან-მღიერიანი და ქვიანი მთის ტუნდრით, რომლის ქვეშ განვითარებულია მთის ტუნდრის ნიადაგები. პოლარული ურალის სამხრეთ ნაწილში, მდინარეთა ხეობებში არის მეჩხერი დაბალტანიანი ნაძვნარ-ლარიქსიანი ტყეები ხავსნარ-ბალახოვანი საფარით და რაყებით, რომელსაც ქმნის ქონდარა არყი, ტირიფი და სხვა. ტყის ქვეშ მეტწილად განვითარებულია მთა-ტყის კორდიანი და ჭაობის ნიადაგები, რომლის ქვეშ დაახლოებით 40–50 მ სიღრმეზე ჩაწოლილია მრავალწლოვანი მზრალობა. სამხრეთ კალთებზე ლარიქსის ტყე ვრცელდება 210 მ სიმაღლემდე, ჩრდილო კალთებზე ტყის გავრცელების ზემო საზღვარი დაწეულია. მდინარეთა ხეობები, რომელთა ძირი 300 მ-ზე უფრო მაღლა მდებარეობს, უტყეოა. ტყის ცალკეული მასივები გვხვდება იშვიათად. განვითარებულია სამთო-სათხილამურო და წყლის ტურიზმი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Полярный Урал | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-08-25.
  2. 2.0 2.1 სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. გვ. 518–520.
  3. Материалы по геологии и полезным ископаемым Урала, в. 6, М., 1958
  4. Лазько Е. М., Региональная геология СССР, т. 1 – Европейская часть и Кавказ, М., 1975
  5. Иванов М.Н. Эволюция оледенения Полярного Урала в позднем голоцене. М., 2013. — 200 с.
  6. Троицкий Л.С. и др. Оледенение Урала. М.: Наука, 1966. — 306 с.
  7. А. О. Кеммерих. Полярный Урал. Реки, озёра и ледники