მალაიტა
მალაიტა (ინგლ. Malaita Island) — ვულკანური კუნძული სოლომონის არქიპელაგში. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების მალაიტას პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Malaita Island | |
---|---|
კუნძულ მალაიტას ადგილმდებარეობა | |
გეოგრაფია | |
9°01′03″ ს. გ. 160°57′14″ ა. გ. / 9.01750° ს. გ. 160.95389° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 4307 კმ² |
სიგრძე | 163 კმ |
სიგანე | 37 კმ |
უმაღლესი წერტილი |
1435 მ კალოურატის მთა |
პროვინცია | მალაიტა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 140 000 (2006) |
სიმჭიდროვე | 32,505 ად. /კმ² |
დასახელება
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კუნძულს ეძახის მალოს (ასევე არსებობს დიალექტური ვარიანტები მარა ან მვალა). სახელი «მალაიტა» პირველად ნახმარი იქნა ესპანური გემების საბორტო ჟურნალებში. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, კუნძულის ტრადიციულ დასახელებას დაემატა დაბოლოვება «ita», რომელიც ბუგოტუს ენაზე ნიშნავს «აქ»[1]. ცნობილი ახალზელანდიელი ეპისკოპოსი ჯორჯ სელუინი კუნძულს ეძახდა «მალანტას»[2]. ბრიტანეთის იმპერიის მფლობელობის პერიოდში კუნძულს ერქვა მალა[3]. დღეისათვის კუნძულის ოფიციალური დასახელებაა «მალაიტა». ზოგჯერ ასევე გამოიყენება «დიდი მალაიტას» დასახელებაც.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული მალაიტა მდებარეობს წყნარი ოკეანეში 80 კმ-ით სამხრეთით კუნძულ სანტა-ისაბელიდან და 50 კმ-ით აღმოსავლეთით კუნძულ გუადალკანალიდან. კუნძულ მალაიტას ფართობი შეადგენს 4307 კმ²-ს (მარამასიკეს კუნძულის ჩათვლით). კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — კალოურატის მთა, რომლის სიმაღლეა 1435 მეტრი.
კუნძულ მალაიტას სიგრძე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ შეადგენს დაახლოებით 163 კმ-ს, ხოლო სიგანე (კუნძულის ყველაზე განიერ ნაწილში) — დაახლოებით 37 კმ-ს[4]. კუნძულიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ინდისპენსეიბლის სრუტე, რომელიც მალაიტას გამოყოფს გუადალკანალის კუნძულისა და ნგელას კუნძულებისგან. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი სანაპირო გარშემორტყმულია წყნარი ოკეანის წყლებით. მალაიტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 212 კმ-ში მდებარეობს ატოლი სიკაიანა, ჩრდილო-დასავლეთით — სანტა-ისაბელი, სამხრეთ-დასავლეთით — კუნძული მარამასიკე (ანუ სამხრეთი მალაიტა), რომელიც გამოყოფილია ვიწრო მარამასიკეს სრუტით.
მალაიტას კუნძულზე კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა. კუნძული მდებარეობს კონვერგენციის შიდა ტროპიკულ ზონაში, რომელიც გამოირჩევა გარდამავალი ამინდით. ამ რეგიონში მზე მდებარეობს ზენიტში (განსაკუთრებით გამორჩეულად ეს შეიმჩნევა ნოემბერში და თებერვალში). პასატები ჭარბობს ზამთრის პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში და აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით სტაბილურად უბერავს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ზაფხულში ბატონობენ მუსონები. მალაიტას კუნძულზე ტემპერატურული ცვალებადობა წლის განმავლობაში უმნიშვნელოა. ხშირად მოდის წვიმა, დამახასიათებელია მაღალი ტენიანობა. ტროპიკული ციკლონები ზოგჯერ აღწევენ დამანგრეველ ძალას[5].
როგორც არქიპელაგის სხვა კუნძულები, მალაიტას კუნძულიც მდებარეობს ანდეზიტური ხაზის გვერდით და ამიტომ წყნარი ოკეანის გეოსინკლინალური სარტყელის ნაწილია. კუნძულზე ხშირად ხდება მიწისძვრები, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს თანამედროვე ვულკანური აქტიურობის კვალი. მალაიტას ცენტრში მდებარეობს მთის ქედი, რომელიც გადაჭიმულია კუნძულის სიგრძის გასწვრივ. სოფელ აუკისა და კვაის უბეს შორის მდებარეობს გორაკიანი ადგილი, რომელიც ქედს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთის და სამხრეთის. ჩრდილოეთის ნაწილი უფრო ვაკიანია, ვიდრე სამხრეთისა. გეოლოგიურად მალაიტას კუნძული ჩამოყალიბებულია ბაზალტისაგან, რომელიც ბევრ ადგილებში დაფარულია დანალექი ქანების ფენით (უპირატესად კირქვული)[6].
მალაიტას კუნძულზე ბევრი ნაკადული და პატარა მდინარეებია. კუნძულის მთიან ნაწილში ყველგან გვხვდება მცირე ჩანჩქერები, ხოლო ზოგიერთ ადგილებში იქმნება კანიონები. სანაპიროებთან სიახლოვეს მდინარეების დინების სიჩქარე იკლებს, ხოლო მათი სიღრმე იზრდება. ამ ადგილებში გავრცელებულია დიდი რაოდენობით დაჭაობებული მანგროს ტყეები, ასევე ყალიბდება ალუვიური დანალექები კენჭებისგან, ქვიშისგან და ტალახისგან.
სანაპირო დაბლობი საკმაოდ ვიწროა. ნიადაგი ძირითადად შავმიწა ან წითელმიწიანია[7].
მალაიტაზე გამოირჩევა მცენარეულობის რამდენიმე ზონა ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით. სანაპიროზე, რომელიც წარმოადგენს კლდოვან და ქვიშოვან პლაჟებს, ხარობს პანდანუსები, ქოქოსის პალმები. ჭაობიან ადგილებში — მანგროს ტყეები და საგოვანები. მთიან ადგილებში 760 მეტრ სიმაღლემდე ჭარბობს ფართეფოთლიანი ტყეები, რომლებშიც იზრდება ბენგალური ფიკუსი, კანარიუმი, ბამბუკი. 760 მეტრზე უფრო მეტ სიმაღლეზე ნოტიო ტროპიკული ტყეებია.
როგორც წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე მალაიტას ფაუნა საკმაოდ ღარიბია. ღამურების რამდენიმე სახეობასთან ერთად კუნძულზე ბუდობენ ადამიანის მიერ შემოყვანილი ღორები, ვირთხები. დაჭაობებულ მანგროს ტყეებში გვხვდება დუგონები (ლათ. Dugongidae). მალაიტაზე დარეგისტრირებულია დიდი რაოდენობით ფრინველები, რომელთაგან ზოგიერთი ენდემებია — ქვეწარმავლები და ამფიბიები.
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია და კუნძულის აღმოჩენა ევროპელების მიერ
რედაქტირებაროგორც სოლომონის არქიპელაგის სხვა კუნძულები, მალაიტა დასახლდა ავსტრონეზიულ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებით, დაახლოებით 5000-3500 წლის წინ; პაპუასურ ენებზე მოლაპარაკე ხალხმა მხოლოდ არქიპელაგის დასავლეთ ნაწილს მიაღწია[8]. მიუხედავად ამისა მალაიტაზე არ ჩატარებულა რაიმე დიდი არქეოლოგიური გათხრები, ამიტომ კუნძულის ადრეულ ისტორიაზე საკმაოდ ცოტა რამეა ცნობილი[9].
ადგილობრივი ლეგენდების თანახმად კუნძულის ყველა მკვიდრი მოსახლის უძველესი მამაა კვარააე, რომელიც სულ თავიდან დასახლდა გუადალკანალის კუნძულზე, მაგრამ შემდგომში გადასახლდა კუნძულ მალაიტას ცენტრალურ ნაწილში. ამის შემდეგ მისი შთამომავლები დასახლდნენ კუნძულის სანაპირო ტერიტორიებზე[10].
კუნძულ მალაიტას პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ესპანელი ზღვაოსანი ალვარო მენდანია დე ნეირა, რომელმაც იგი 1568 წელს აღმოაჩინა. ზღვაოსანმა კუნძულს დაარქვა «მალაიტა», მისი ადგილობრივი სახელის პატივსაცემად, და საფუძვლიანად გამოიკვლია კუნძულის სანაპირო (ჩრდილოეთ სანაპიროს გარდა). მარამასიკეს სრუტე ესპანელებმა მდინარედ ჩათვალეს. უცხოელებს კუნძულელები შეხვდნენ საკმაოდ მტრულად: კანოეებით და ისრებით. ასევე მათ შორის გაიხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ესპანელებმა დაჭრეს და მოკლეს რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე[11].
მონათა ვაჭრობა და მისიონერობა
რედაქტირებაXVIII საუკუნის ბოლოდან მალაიტას კუნძულთან ხშირად უშვებდნენ ღუზას ვეშაპდამჭერი გემები, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა გახდა მონათვაჭრობის ობიექტი. მაგრამ უცხოელებთან კონტაქტს დადებითი მხარეც ჰქონდა. მაგალითად, გამოჩნდა განათლების მიღების საშუალება. კუნძულის პირველი მაცხოვრებლები, რომლებმაც ისწავლეს კითხვა და წერა, გახდნენ ჯოზეფ ვატე (ინგლ. Joseph Wate) და ვატეჰოუ (ინგლ. Watehou), რომლებმაც განათლება მიიღეს ოკლენდის (ახალი ზელანდია) ერთ-ერთ სკოლაში[12]. მოგვიანებით საზღვარგარეთ მომუშავე ბევრმა კუნძულელმა, ასევე მიიღო განათლება და გაქრისტიანდა.
პირველი კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერების მოღვაწეობა იყო საკმაოდ სახიფათო და უნაყოფო. მისიონერთა დიდი რაოდენობა კუნძულელებმა მოკლეს[13]. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, რომლებიც უცხოეთში პლანტაციებში მუშაობდნენ, მიიღო ქრისტიანობა, მაგალითად, პიტერ ამბუოფა (ინგლ. Peter Ambuofa), რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალაიტაზე დააარსა ქრისტიანული თანასაზოგადოება. XX საუკუნის დასაწყისში კუნძულზე გამოჩენა დაიწყეს მუდმივმა ქრისტიანულმა მისიებმა[14], მათ შორის კუინზლენდის კანაკების მისიის წარმომადგენლებმა.
1920-იანი წლებისათვის ათასობით ადგილობრივი მოსახლე შრომობდა სოლომონის არქიპელაგის სხვა კუნძულებზე[15].
კოლონიალური პერიოდი
რედაქტირებაამ პერიოდში მალაიტას კუნძულზე არ არსებობდა ერთიანი ცენტრალიზებული ხელისუფლება. ამის მაგივრად კუნძულზე ხდებოდა ხშირი შიდა ომები, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდა მალაიტაზე ევროპული ცეცხლსასროლი იარაღისა და ასევე ლითონის ნაკეთობების გამოჩენის შემდეგ, რომელთა მეშვეობით ადგილობრივი მაცხოვრებლები მიწაზე მუშაობისას ნაკლებ დროს ხარჯავდნენ[16]. დაახლოებით 1880 წელს მალაიტას ერთ-ერთი ბელადი კვაისულია (Kwaisulia), შეუთანხმდა მონების ვაჭრებს, გადაეცა მათთვის კუნძულელთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მისაღებად. ამან განსაკუთრებით გააძლიერა ბელადის ხელისუფლება კუნძულზე[17]. ავსტრალიის პლანტაციებში სამუშაოდ ადგილობრივი მაცხოვრებლების იძულებით გაგზავნა ყოველთვის უპრობლემოდ არ მიმდინარეობდა. მაგალითად, 1886 წელს გემზე «Young Dick» კუნძულელებმა იერიში მიიტანეს, ხოლო ეკიპაჟის დიდი ნაწილი დახოცეს[18]. 1886 წელს ბრიტანეთის იმპერიამ სოლომონის კუნძულები, მათ შორის მალაიტას კუნძული, ჩართო თავისი ინტერესების სფეროში. მალაიტაზე ცენტრალიზებული მმართველობა დაწესდა 1893 წელს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დაამყარა პროტექტორატი სოლომონის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე, რითაც ბოლო მოეღო ადგილობრივ კონფლიქტებს და ადგილობრივი მაცხოვრებლების ძალდატანებით სამუშაოდ გაგზავნას[18].
1909 წელს დაარსდა დასახლება აუკი, რომელიც გახდა მალაიტას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ამ დროიდან კოლონიალურმა ხელისუფლებამ დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია ან კონფისკაცია, სულადობის გადასახადის აკრეფა, ადგილობრივი ბელადების ავტორიტეტთან ბრძოლა. 1927 წელს მალაიტაზე მოხდა დიდი სისხლისღვრა, რომელიც გამოიწვია ტომ კვაიოს მაცხოვრებლების მიერ საოლქო კომისრის უილიამ ბელის მკვლელობამ. შედეგად მოკლული იქნა 60 კვაიოს ტომის წარმომადგენელი[19], დაახლოებით 200 ადამიანი დააკავეს ქალაქ ტულაგიში (პროტექტორატის ადმინისტრაციულ ცენტრში)[20], ხოლო ბევრი წმინდა ადგილი და კუნძულელთა საგნები განადგურდა[21]. ეს მოვლენა ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ დავიწყებიათ, და 1983 წელს კვაიოს ლიდერებმა მოთხოვეს დიდ ბრიტანეთს კომპენსაცია $1000 მილიონის ოდენობით. როდესაც ხელისუფლებამ ეს ფაქტი უარყო, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ 1986 წლის ეროვნული არჩევნებისათვის[22].
მეორე მსოფლიო ომი, რომლის მოქმედებებიც ასევე მიმდინარეობდა სოლომონის კუნძულების ტერიტორიაზე, პრაქტიკულად არ შეხებია კუნძულ მალაიტას. აუკის დასახლება დროებით გახდა ბრიტანეთის პროტექტორატის დედაქალაქი, როდესაც ქალაქი ტულაგი დაიპყრო იაპონიის ჯარმა. შემდგომში იაპონელები გადასხდნენ მალაიტაზეც, მაგრამ რაიმე დიდი ბრძოლები არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, მალაიტას მოსახლეობა, რომლებიც იბრძოდნენ ბატალიონებში, ომის წლებში დააფუძნეს კუნძულის თვითგამორკვევისთვის მოძრაობა, ცნობილი როგორც «მაასინა რურუ». თანდათან მან მოიპივა ფართე მხარდაჭერა მკვიდრ მოსახლეობას შორის, ხოლო თვითონ მოძრაობა გამოდიოდა ბრიტანელებთან რაიმე თანამშრომლობის წინააღმდეგ[23], იბრძოდა ტრადიციული კულტურის და კლანების შესანარჩუნებლად[24]. მალაიტა დაიყო ცხრა ოლქად[25], რომელთაგან თითოეულში არჩეული იქნა მეთაური. დაარსდა სასამართლოები, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ტრადიციული ბელადები, ანუ ალაჰაოჰუ[26]. თავიდანვე ბრიტანული ხელისუფლება სიფრთხილით ეპყრობოდა «მაასინა რურუს»[26], მაგრამ, როდესაც გასაგები გახდა, რომ ურთიერთგაგება კოლონიალურ ხელისუფლებასა და მოძრაობას შორის არ მოხდებოდა, ბრიტანეთმა ბრალდება წაუყენა მოძრაობის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს და მოითხოვა, რომ ბელადებს დაეთმოთ თავიანთი უფლებამოსილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააპატიმრებდნენ. ზოგიერთი ასეც მოიქცა. მაგრამ უკვე 1947 წლის სექტემბერში ბელადთა უმრავლესობა დააკავეს ქალაქ ჰონიარაში ტერორიზმის ან აურზაურის ბრალდებით, ხოლო შემდეგ მიუსაჯეს კატორღული სამუშაოები[27].
მაგრამ ამ მოვლენებმა ვერ შეძლეს მოძრაობის გაუქმება. ახალმა ლიდერებმა «მაასინა რურუს» სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ფედერალური საბჭო[28]. უმაღლესმა კომისარმა, რომელიც ესტუმრა მალაიტას, წამოაყენა წინადადება ჩამოყალიბებულიყო კუნძულის საბჭო, რომელშიც იარსებებდა საბჭოს წევრების მიერ არჩეული პრეზიდენტის პოსტი. ამ დათმობების სანაცვლოდ ადგილობრივ ადმინისტრაციას უნდა ეღიარებინა კოლონიალური მთავრობის ხელისუფლება და წასულიყო მათთან თანამშრომლობაზე[29]. კუნძულის საბჭოს შექმნა გახდა პირველი ნაბიჯი სოლომონის კუნძულებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების გზაზე[30]. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს სალანა გაა (ინგლ. Salana Ga'a)[29].
საბჭოს შექმნით ადგილობრივი მოსახლეობის აღტკინება ცოტათი ჩაქრა. პირველი ორი წლის არსებობის პერიოდში ახალმა ორგანომ მიიღო დაახლოებით 70 რეზოლუცია და რეკომენდაცია სოლომონის კუნძულების უმაღლესი კომისრისადმი[31].
თანამედროვე ისტორია
რედაქტირება1978 წელს სოლომონის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა. 1981 წელს ქვეყანაში ჩატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, რის შედეგადაც მალაიტა გახდა ამავე დასახელების პროვინციის მთავარი კუნძული. მალაიტა, მიუხედავად მოსახლეობის მნიშვნელოვანი მიგრაციისა, დღემდე რჩება სოლომონის კუნძულების ყველაზე დასახლებულ კუნძულად. მალაიტას მკვიდრი მოსახლეობის სოფლები არსებობენ ქვეყნის ბევრ კუნძულებზე, ხოლო ჰონიარას, სოლომონის კუნძულების დედაქალაქის, მოსახლეობის 15 %-ს, შეადგენენ მალაიტას კუნძულიდან გადმოსახლებულები[32].
მალაიტას მოსახლეობამ, რომლებიც კუნძულ გუადალკანალზე დასახლდა, მიიღო აქტიური მონაწილეობა 1999 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომში. შეიქმნა სამხედრო ორგანიზაცია «Malaita Eagle Force» წარმომადგენლობებით მალაიტაზე და გუადალკანალზე. ბოლო წლებში კუნძულს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სოლომონის კუნძულების დახმარების რეგიონალურმა მისიამ (ინგლ. Regional Assistance Mission to the Solomon Islands)[33].
მოსახლეობა
რედაქტირებასაერთო დახასიათება
რედაქტირება2006 წელს მალაიტას კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 140 ათასი ადამიანი.[34] მთავარი დასახლებაა — სოფელი აუკი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.
ენები
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობა ლაპარაკობს რამდენიმე მალაიტურ ენაზე, რომლებიც ეკუთვნიან მალაიურ-პოლინეზიურ ენებს. კუნძულ მალაიტას ენებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა.
გამოირჩევა შემდეგი ენები:
- არეარე (17 800 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში);
- ბაეგუ (5900 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში);
- ბაელელეა (8800 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში);
- ვალა (6938 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში);
- დორიო (2406 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში);
- კვაიო (13 249 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში);
- კვარააე (32 433 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში);
- ლაუ (16 937 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში);
- ოროჰა (38 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში);
- ტოაბაიტა (12 572 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში);
- ფატალეკა (6703 მოლაპარაკე 1999 წელს)[35].
სოციალური მოწყობა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ მალაიტას კუნძულის მოსახლეობას საკმაოდ საერთო კულტურა აქვთ, ისინი მაინც იყოფიან რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფად, რომელიც დამოკიდებულია მათ ენაზე. კოლონიამდელ დროს ადგილობრივი მოსახლეობის დასახლებული პუნქტები საკმაოდ კომპაქტური იყო და ხშირად ერთმანეთში ითქვიფებოდნენ. როგორც აგნატური, ასევე კოგნატური ნათესაობა დღემდე მთავარ როლს ასრულებენ კუნძულელების ცხოვრებაში. წარმოშობა განსაზღვრავს პიროვნების უფლებას იცხოვროს განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვს უფლება გამოიყენოს მიწა. მალაიტას ჩრდილოეთ ნაწილში მემკვიდრეობითი ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან რიტუალურ იერარქიებში, მნიშვნელოვნად ავტონომიურები არიან და საკუთარ თავს თვლიან ფრატრიებად. ცენტრალურ რაიონებში მემკვიდრეობითი ჯგუფები მთლიანად ავტონომიურები არიან, თუმცა დღემდე რიტუალებთან არიან დაკავშირებულები. სამხრეთში ტომ არეარეს წარმომადგენლებს აქვთ უფრო განვითარებული იერარქიული ორგანიზება და კულტურული ტრადიციები[36]. საერთო წესებიდან გამონაკლისი არიან კულტურები, რომლებიც მალაიტაზე გაჩნდა შედარებით ახლო პერიოდში. მაგალითად, ტომ ლაუს წარმომადგენლები, რომლებიც დასახლდნენ კუნძულის სამხრეთი ნაწილის ზოგიერთ სანაპირო რაიონებში დაახლოებით 200 წლის წინ[37].
რელიგია
რედაქტირებაკუნძულელთა ტრადიციული რელიგია წარმოადგენს წინაპართა თაყვანისცემის კულტს. ადრეული ტრადიციების თანახმად, მალაიტას კუნძულის პირველმა დასახლებულებმა იცოდნენ ღმერთის სახელი, რომელმაც შექმნა კუნძული, მაგრამ, ჩათვალეს რა, რომ ეს სახელი ღვთიურია, მშობლებმა გადაწყვიტეს არ ეთქვათ ეს საკუთარი შვილებისათვის. ამის მაგივრად მათ სთხოვეს შვილებს თაყვანი ეცათ საკუთარი წინაპრებისათვის, რომლებიც, მშობლების თქმით, დადგებოდნენ შუამავლად მთავარ ღმერთთან ურთიერთობაში[38]. მალაიტას ზოგიერთი ტომი კუნძულის შემქმნელ ღმერთს ეძახის აგალიმაეს (Agalimae)[38]. ამასთან ერთად ტომები ატარებენ სხვადასხვა რიტუალებს, რომლებიც ეძღვნება ტრადიციული ღვთაებების თაყვანისცემას. კუნძულელების ბევრი საღვთო ადგილები დაცულია არა მარტო იმიტომ, რომ ისინი წმინდა ადგილებია, არამედ ემსახურება მალაიტას რომელიმე ტომის ტერიტორიას შემზღუდავი ნიშნების სახით[39].
კუნძულებზე კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერების გამოჩენამ თანდათან ბევრი მკვიდრი მოსახლეობა გააქრისტიანა. ბოლო დროს იზრდება მეშვიდე დღის ადვენტისტების და იეჰოვას მოწმეების რაოდენობა[40]. ახალ რელიგიებს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევენ კვაიოს ტომების წარმომადგენლები[41].
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია ნატურალური სოფლის მეურნეობით. ძირითადი კულტურებია ტარო და ბატატი. მალაიტას დასავლეთ სანაპიროზე, ბაუნანის დასახლებიდან შორიახლოს, მდებარეობს პლანტაცია. მიუხედავად ამისა ძირითადი პლანტაციური მეურნეობები მდებარეობენ სოლომონის კუნძულების სხვა კუნძულებზე (ამასთან მათში მუშაობს კუნძულ მალაიტადან წამოსული ადამიანების დიდი რაოდენობა).
საცალო ვაჭრობაში ძირითადად დაკავებულები არიან ჩინელები[23].
კულტურა
რედაქტირებამალაიტას კუნძულს აქვს მდიდარი კულტურული ტრადიციები. კუნძულის მუსიკა და ცეკვები, რომლებიც რიტუალების მთავარი ნაწილია, ცნობილია მალაიტას ფარგლებს გარეთ. მაგალითად, კუნძულის ზოგიერთი ტომი, არეარეს ჩათვლით, ცნობილია თავისი ანსამბლებით, რომლებშიც უკრავენ პანის ფლეიტებზე. ტრადიციული ცეკვების შესრულება მკაცრად რეგლამენტურია[42].
ტრადიციული ფულადი საშუალება მალაიტაზე არის ფული, რომელიც შეგროვებულია ლანგალანგას ლაგუნაში ზღვის ნიჟარებისგან. ისინი წარმოადგენენ გასალაშინებულ დისკს, რომლის ცენტრში მდებარეობს ღრეჩო, ხოლო თვითონ ფული ასეთი ფორმით ჩამოკიდებულია თოკზე[43]. ფულის გარდა ასევე ხშირად გამოიყენება დელფინების კბილები[43].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ W.G. Ivens. Melanesians of the South-east Solomon Islands. London: Kegan Paul, Trench, Trubner, & Co., 1927; 22-23.
- ↑ Ivens, 23.
- ↑ Ivens, 22.
- ↑ Ross, 24.
- ↑ Ross, 24-36
- ↑ Ross, 36-38
- ↑ Ross, 38-40
- ↑ Alex Rukia, "Digging, " in Ples Blong Iumi, 4.
- ↑ Rukia, 13.
- ↑ Rukia, 3-4.
- ↑ Journal of Gallego, in Guppy, 219.
- ↑ Joseph Waleanisia, «Wrigin I,» in Ples Blong Iumi, 34-35.
- ↑ Ross, 56-57
- ↑ Fugui and Butu, 89.
- ↑ Alasia, 116.
- ↑ Keesing, 22.
- ↑ Kent, 101—102.
- ↑ 18.0 18.1 Kent, 102.
- ↑ Keesing and Corris, 178.
- ↑ Keesing and Corris, 184.
- ↑ Keesing and Corris, 202—203
- ↑ Alaisa, "Politics, " in Ples Blong Iumi, 142.
- ↑ 23.0 23.1 Ross, 58-59.
- ↑ Keesing and Corris, 199.
- ↑ Kent, 145.
- ↑ 26.0 26.1 Kent, 146.
- ↑ Kent, 148.
- ↑ Kent, 148—149.
- ↑ 29.0 29.1 Kent, 149.
- ↑ Alaisa, 142.
- ↑ Kent, 150.
- ↑ Alasia, 118.
- ↑ To’abaita Authority for Research and Development (TARD)
- ↑ The National Statistics Office gives the estimated 2007 population of the whole province, including Small Malaita and other outlying islands, as 149,180.
- ↑ Ethnologue. სოლომონის კუნძულების ენები. (ინგლისური)
- ↑ Keesing 10-11
- ↑ Sam Alasia, "Population Movement," in Ples Blong Iumi, 114.
- ↑ 38.0 38.1 Leslie Fugui and Simeon Butu, "Religion," in Ples Blong Iumi, 76.
- ↑ Lawrence Foanaota, "Social Change," in Ples Blong Iumi, 68.
- ↑ Ross, 57.
- ↑ Keesing, 1.
- ↑ Ross, 129.
- ↑ 43.0 43.1 Romano Kokonge, 63.