ლიბერალიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიბერალი)

ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულებების ერთიანობა და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით ადამიანის პიროვნული თავისუფლება არის ძირითადი პოლიტიკური ღირებულება. ლიბერალიზმი დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს სათავეს, თუმცა ამჟამად ტერმინი გაცილებით მრავალფეროვანი პოლიტიკური შეხედულებების ერთიანობას მოიცავს.

რა არის ლიბერალიზმი?

ფართო გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდის უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მემარცხენე ლიბერალები მხარს უჭერენ მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით. ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც უპირატესობას თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თავისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.

საქართველოში ლიბერალური მოძრაობის ისტორიაზე საუბრისას გამოიყოფა ორი პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ქრონოლოგიურადაც და იდეურადაც მკვეთრად განსხვავდება. ლიბერალური მოძრაობის პირველი ეტაპი ქართულ სინამდვილეში თავს იჩენს 1860-იანი წლებიდან და სრულდება 1921 წლის ოკუპაციით, ხოლო მეორე ეტაპი, აღმავლობას იწყებს 1990-იანი წლებიდან და დღემდე გრძელდება. XIX საუკუნის ქართული ლიბერალური მოძრაობა თავისი არსით უფრო პოლიტიკურ ემანსიპაციაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მონარქიული ბიუროკრატიის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული, ნაცვლად ეკონომიკური დოქტრინების ფართოდ გავრცელებისა. XIX-XX საუკუნეების მიჯნის მოღვაწეთაგან განსაკუთრებული როლი ითამაშა სამმა ინტელექტუალმა - ილია ჭავჭავაძემ, არჩილ ჯორჯაძემ და ნიკო ნიკოლაძემ.[1]

ეტიმოლოგია და განმარტება

სიტყვა ლიბერალიზმი სათავეს იღებს ლათინურიდან liber– რაც ნიშნავს „თავისუფლებას“. საუკუნეების განმავლობაში, ლიბერალიზმი გამოიყენებოდა არაპოლიტიკური მნიშვნელობით და ის აღნიშნავდა სულგრძელს, შემწყნარებელს, თავისუფალს და ამასთანავე გამოხატავდა უფრო აღამატებულ ან დიდებულ სტატუსს - როგორც არის მაგალითად „ლიბერალური ხელოვნება“ ან „ლიბერალური განათლება“.

 
უილიამ რობერტსონი, შოტლანდიელი ისტორიკოსი, ენციკლოპედია ბრიტანიკას რედაქტორი

ლიბერალიზმმა, როგორც ფილოსოფიამ შუა საუკუნეებში გამოვლინება ჰპოვა ჰუმანოცენტრულ, რევოლუციურ იდეებში. ამ პერიოდის ლიბერალიზმი იყო რეაქცია შუა საუკუნეების ორი გაბატონებული პარადიგმის წინააღმდეგ, ესენი იყო რელიგიური მიკუთვნებულობა და სოციალური სტატუსი. ერთი მხრივ, ეს იყო ბრძოლა დომინანტური კათოლიკური ეკლესიის და მისი მოძღვრებების წინააღმდეგ, რომელიც მისი ავტორიტეტის მიღმა კრძალავდა წმინდა წერილების ყოველგვარ თავისუფალ, კრიტიკულ ახნსა-განმარტებას ან ინტერპრეტაციას და ცდილობდა ადამიანის აზრებისა და საქმიანობის კონტროლს. და მეორე მხრივ, ილაშქრებდა ადამიანის მიწერილი სტატუსი წინააღმდეგ, რაც გულისხმობდა იმას, რომ პიროვნების სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა არა საკუთარი შესაძლებლობები, არამედ მისი ოჯახი და წარმომავლობა. თუმცა, ლიბერალურმა იდეებმა დიდი ცვლილებების მოტანა და წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს გვიან შუა საუკუნეებამდე, სანამ არ მოხდა კომერციული საქმიანობის მასშტაბების ზრდა, ურბანიზაცია და რენენსანსის სახელით ცნობილი შემოქმედებითი აღორძინება, როდესაც წინა პლანზე წამოვიდა ადამიანი, როგორც ყველაზე სრულყოფილი არსება და ამდენად „სამყაროს ცენტრი“. ამგვარად დაიწყო მონარქიული აბსოლუტიზმის და გაბატონებული თეოცენტრული მოდელის ეროზია და ლიბერალური, ჰუმანოცენტრული პარადიგმის აღზევება.

XVIII საუკუნის ბოლომდე ტერმინი ლიბერალიზმი ინარჩუნებდა პრე-პოლიტიკურ მნიშვნელობას, 1770-იანი წლებიდან კი იწყება ისეთი ცნებების გამოყენება და დამკვიდრება, როგორებიცაა: ლიბერალური პოლიტიკა, ლიბერალური გეგმა, ლიბერალური სისტემა, ლიბერალური შეხედულებები, ლიბერალური პრინციპები და სხვა.

შესაძლოა ითქვას რომ, ლიბერალიზმის როგორ პოლიტიკური კონოტაციის მქონე ტერმინის მასობრივად გამოყენება პირველად დაიწყო შოტლანდიელმა ისტორიკოსმა უილიამ რობერტსონმა. თავის წიგნში „Of the Hanseatic League“ ის საუბრობს თავისუფლებებზე და უფლებებზე და ახალ ლიბერალურ იდეებზე, რომელსაც სათავე დაუდო სავაჭრო საზოგადოებების გაძლიერებამ მთელს ევროპაში.[2] რობერტსონის იდეები კიდევ უფრო განავითარა და საყოველთაოდ ცნობილი გახადა, მისმა მეგობარმა და თანამემამულემ ადამ სმიტმა. 1776 წელს, სმიტი მის მიერ გამოცემულ ცნობილ ნაშრომში „ერების სიმდიდრე“[3] წერდა, რომ „იმ შემთხვევაში თუ ყველა ერი (სახელმწიფო) დანერგავდა ექსპორტისა და იმპორტის ლიბერალურ სისტემას, ისინი მოახერხებდნენ დიდი კოსმოპოლიტური იმპერიის შექმნას, რომელშიც აღარ იარსებებდა შიმშილი და სიღარიბე.“ სმიტი „ლიბერალურ სისტემას“ იყენებდა არა მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში, არამედ შიდა პოლიტიკური სისტემის აღწერის დროსაც, სადაც ის საუბრობდა სამუშაო ბაზარზე არსებული შეზღუდვების უარყოფით შედეგებზე და თავისუფალი, ლიბერალური ბაზრის უპირატესობებზე.[4]

სმიტის იდეების და ნაშრომების გავრცელების კვალდაკვალ, მოხდა ტერმინ ლიბერალის ექსპორტი ბრიტანეთიდან კონტინენტურ ევროპასა და ამერიკაში. სმიტის გარდაცვალების შემდეგ, მისმა თანამოაზრეებმა და სტუდენტებმა, განსაკუთრებით კი დუგალდ სტიუარტმა გააგრძელეს ტერმინის აკადემიურ დისკურებში შემოტანა და გავრცელება. 1820-იან წლებში ტერმინს ემატება მიმდინარეობის აღმნიშვნელი სუფიქსი „ზმი“ და ჩნდება ცნება „ლიბერალიზმი“. ამავე პერიოდში იწყება პირველი ლიბერალური პოლიტიკური პარტიების ფორმირებაც თავდაპირველად ესპანეთში და შემდეგ ბრიტანეთში.[5] ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით: „ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალიზმი დაკავშირებულია ფრანკლინ დელანო რუზველტის ადმინისტრაციის პროგრამასთან - „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო“, მაშინ როდესაც ევროპაში ეს უკანასკნელი ასოცირდება ხელისუფლების შემცირებისა და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებთან“.[6] შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კლასიკური ლიბერალიზმის იდეები ინდივიდუალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის შესახებ ითვლება განვითრებადი სკოლის - ლიბერტარიანული იდეების[7] საწყისებად, რომელიც ამერიკული კონსერვატიზმის ძირითად ოპონენტად იქცა.

ძირითადი მახასიათებლები

ლიბერალიზმი ძირითადად წარმოსდგება დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ორი ურთიერთდაკავშირებული იდეიისგან. პირველი, ეს არის ინდივიდუალიზმის დასავლური გაგება. კაცობრიობის ისტორიის ძირითადი ნაწილი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ შეერწყა და თანდათან დაექვემდებარა ადამიანის ინდივიდუალიზმის ნაწილი კლანს, ტომს, ეთნიკურ ჯგუფსა თუ სახელმწიფოს. ლიბერალიზმი არის იმ დასავლური განვითარების კულმინაცია, რომელმაც წარმოშვა ინდივიდუალიზმის უზენაესობის განცდა და მიზნად დაისახა ადამიანის გათავისუფლება იმ სხვადასხვა ჯგუფების, წეს-ჩვეულებებისა თუ ავტორიტეტების ბრმა მსახურებისგან, რომლებსაც გავლენა აქვთ ინდივიდის ცხოვრებაზე. ამ ჭრილში ლიბერალიზმი ადამიანთა ემანსიპაციას ემსახურება.

მეორე, ეს არის კონკურენცია. ლიბერალიზმი აღიარებს აზრების, იდეების და პრაქტიკების ჯანსაღ და თავისუფალ კონკურენციას. ლიბერალიზმი კონკურენციის გულმხურვალე მხარდამჭერია - პოლიტიკაში პარტიების და იდეების ელექტორალური კონკურენციის, მართლმსაჯულებაში მბრალდებლისა და ბრალდებულის, საბაზრო ეკონომიკაში მწარმოებლებისა და პროდუქტების, რაც მთლიანობაში ქმნის დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სოციალურ წესრიგს. კონკურენტული სისტემები არ გაჩენილა მყისიერად და მისი უპირატესობის გააზრებას ტრადიციულ სისტემებთან მიმართებით დასჭირდა ხანგრძლივი ბრძოლა. ჯერ კიდევ პლატონიდან მოყოლებული, მიიჩნეოდა რომ სახელმწიფო არის ორგანული სტრუქტურა და ფუტკრების სკის მსგავსად არსებობს სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის გადანაწილებელი და ურთიერთშემავსებელი როლები.[8] რწმენა იმისა, რომ კონკურენცია არის პოლიტიკური სისტემის ორგანული ნაწილი და რომ კარგი მმართველობა თავის თავში გულისხმობს ძლიერ ოპოზიციასაც, XIX საუკუნის დასაწყისის ევროპაშიც კი უცნაურად და მიუღებლად მიიჩნეოდა. კონკურენციას, ლიბერალური რწმენით, საფუძვლად უდევს ადამიანის რაციონალურობა. ყველა ინდივიდს, გამომდინარე გონის რაციონალურობიდან, სურს პირადი კეთილდღეობისა და ბედნიერებისკენ სწრაფვა. ჯანსაღ გარემოში ეს წარმოქმნის თავისუფალ კონკურენციას, პოლიტიკურ სისტემებში კი პლურალიზმს. შესაბამისად, ადამიანებსა და სახელმწიფოებს შეუძლიათ პოლიტიკური უთანხმოების და კონფლიქტების დიალოგის და კომპრომისის გზით აღმოფხვრა. ლიბერალიზმის ეს ასპექტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ერთა ლიგა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო.

 
ისაია ბერლინი, ბრიტანელი სოციოლოგი და პოლიტიკური თეორისტი, ნეგატიური თავისუფლების იდეიის დამცველი

ლიბერალიზმი ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული დემოკრატიასთან. თუმცა, ერთი შეხედვით ამ მონათესავე პარადიგმებს შორისაც ხშირად წარმოიქმნება გარკვეული კონფლიქტი. დემოკრატიის ცენტრში დგას წარმომადგენლობითობის და არჩევნების იდეა, სადაც ხელისუფლების და ძალაუფლების წყაროა ხალხი. ლიბერალიზმი უფრო მეტად აქცენტს აკეთებს მთავრობის საქმიანობის მასშტაბსა და შინაარსზე. შესაბამისად ლიბერალიზმს ამოძრავებს „შიში“, რომ დემოკრატია შესაძლოა იქცეს უმრავლესობის ტირანიად, ამიტომაც ლიბერალიზმი უფრო მეტად კონცენტრირებულია ხელისუფლების დანაწილებაზე, ინსტიტუციურ ბალანსზე და უმცირესობათა უფლებებსა და თავისუფლებებზე. თანამედროვე დასავლურ სამყაროში უფრო მეტად გავრცელებულია ლიბერალური დემოკრატიის მოდელი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ამ ორი იდეის ძირითად მახასიათებლებს.[9]

ტრადიციულად, ლიბერალიზმში გამოარჩევენ ნეგატიურ და პოზიტიურ თავისუფლებას. ნეგატიური თავისუფლება გულისხმობს თავისუფლებას ყოველგვარი ძალდატანებისა და გარეგანი შემზღუდველი ფაქტორებისგან. ნეგატიური თავისუფლების კონტექსტში, ინდივიდს აქვს თავისუფლება აკეთოს ნებისმიერი რამ რაც სურს, თუ ამით ის არ ლახავს სხვა ინდივიდის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას. ეს არის ერთგვარი შესაძლებლობების კონცეფცია, სადაც ჩვენი თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს ჩვენს წინაშე არსებული არჩევანის მრავალფეროვნება, მიუხედავად იმისა ვიყენებთ ამ არჩევანს თუ არა. ნეგატიური თავისუფლების იდეეის ერთ-ერთი თვალსაჩინო დამცველი იყო ისაია ბერლინი.[10]

თავის მხრივ, პოზიტიური თავისუფლება ეს არის ინდივიდის ავტონომიურობის, თვით-მართვადობის კონცეფცია. პოზიტიური თავისუფლების კონცეფცია დგას ორ იდეაზე. პირველი ეს არის საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრება, რომ „ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი“. და მეორე, განსხვავებით ნეგატიური თავისუფლებისა, პოზიტიური თავისუფლება აქცენტს აკეთებს მოქმედების თავისუფლებაზე და არა შემზღუდავ თუ ხელისშემშლელ გარეგან ფაქტორებზე. თუკი, ინდივიდს აქვს რესურსები (მატერიალური თუ არამატერიალური) და შესაძლებლობა ამ რესურსების გამოყენებით განავითაროს მისი პოტენციალი, მიუხედავად სხვა აქტორების ჩარევისა თუ წინააღმდეგობისა, მაშინ ის იმყოფება პოზიტიური თავისუფლების მდგომარეობაში. ინდივიდის თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს მისი უნარი და შესაძლებლობა იმოქმედოს საკუთარი შეხედულებებისა და თავისუფალი ნების შესაბამისად.[11]

ლიბერალურმა ფილოსოფიამ აღიარაება მოიპოვა სხვადასხვა გონივრული პროექტის საფუძველზე. ლიბერალიზმის მორალური და პოლიტიკური განზრახვა ეფუძნებოდა ისეთ ტრადიციებს, როგორიცაა ბუნებრივი უფლებები და უტილიტალისტური თეორია, მიუხედავად ამისა ლიბერალისტები ხშირად ემხრობიან მეცნიერულ და რელიგიურ წარმოდგენებს.

კლასიკური ლიბერალიზმი

აბსოლუტიზმის და კათოლიკური ეკლესიის დომინაციის დასრულების შემდეგ, ევროპაში გამეფდა მერკანტილიზმი, ეკონომიკური მოძღვრება რომლის მიხედვითაც ქვეყნების კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ექსპორტზე. მერკანტილიზმი გულისხმობდა ხელისუფლების აქტიურ ინტერვენციას ეკონომიკაში სახელმწიფო სიმდიდრის დაგროვების და შესაბამისად სახელმწიფოს ძლიერების გაზრდის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი ინტერვენციები ძირითადად ემსახურებოდა მმართველი ხელისუფლების და მათთან დაახლოებული ჯგუფების ინტერესებს, მას გამოუჩნდნენ ოპონენტები ახლადწარმოქმნილი საშუალო კლასის სახით. ეს წინააღმდეგობები დაედო საფუძვლად ინგლისში და საფრანგეთში დიდ რევოლუციებს XVII და XVIII საუკუნეებში, 1688 წლის დიდი რევოლუცია და 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, ასევე ამერიკულ რევოლუციას 1775-1783 წლებში. კლასიკური ლიბერალიზმი სწორედ ამ დაპირისპირებების და ისტორიული კატაკლიზმების პირმშო და ნაყოფია.

პოლიტიკური საფუძვლები

 
პირველი პიროვნება, რომელმაც განავითარა ლიბერალური ფილოსოფა (მათ შორის საკუთრების უფლება) იყო ჯონ ლოკი

ინგლისის სამოქალაქო ომში საპარლამენტო ძალებმა დაამარცხეს აბსოლუტური მონარქია და შექმნეს პირველი კომპლექსური ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, როდესაც ძალაუფლება გადანაწილდა მეფეს, პარლამენტსა და მინისტრებს შორის. ეს სისტემა გახდა შემდგომში მოდელი ლიბერალური პოლიტიკური მოძრაობებისთვის. იმ პოლიტიკური იდეების ფორმალური გამოხატვა, რომლებითაც იყო შთაგონებული ეს რევოლუციები, მოხდა ორი ბრიტანელი ფილოსოფოსის ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის ნაშრომებში, რომლებიც სამართლიანად მიიჩნევიან ლიბერალიზმის მამებად. 1651 წელს გამოცემულ წიგნში „ლევიათანი“[12] ჰობსმა პირველად ისაუბრა სოციალური კონტრაქტის და სუვერენისთვის ნებაყოფლობით გადაცემული ძალაუფლების სისტემის შესახებ. სოციალური კონტრაქტის სისტემაში, სუვერენი ძალაუფლება არ არის აბსოლუტური, არამედ ის არის წარმომადგენლობითი და მისი ამოცანა დაიცვას მისი დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება და საკუთრება და უზრუნველყოს მათი ბუნებრივი უფლებების რეალიზაცია. ლოკმა განავრცო ჰობსის იდეეები და დადგინა, რომ იმ შემთხვევაში თუ სუვერენი ვერ ახერხებს ამ მოვალეობების განხორციელებას, მაშინ დაქვემდებარებულებს უფლება აქვთ აუჯანყდნენ მას და მოაწყონ რევოლუცია. საგულისხმოა რომ ლოკის მთავარი ნაშრომი - ორი ტრაქტატი მმართველობის შესახებ, დაიწერა 1690 წელს დიდი რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ და ის ამ რევოლუციის სულისკვეთების და იდეების ერთგვარ რეფლექსიას წარმოადგენდა.[13]

სწორედ ლოკის ტრაქტატების გამოცემის პერიოდში დაიწყო ინგლისის პოლიტიკური სისტემის ორპარტიული ისტორია. ამ დროს ფორმირდებიან ვიგები და ტორები, შესაბამისად დღევანდელი ლიბერალური და კონსერვატიული (ლეიბორისტული) პარტიები. ლოკი იყო ვიგების მხარდამჭერი და წევრი. ლიბერალური იდეები ამ პერიოდში ძირითადად მომდინარეობდა ვიგი არისტოკრატების მხრიდან, რომლებსაც ჰქონდათ კომერციული ინტერესები და კავშირები. ვიგების პარტია დომინირებდა ინგლისის პოლიტიკაში თითქმის მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში.

ლიბერალიზმს და მის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკური სისტემის მოდელს ჰქონდა სამი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც ფორმირდებოდა დღის წესრიგი.

ადრეული ლიბერალების ერთ-ერთი პირველი გამოწვევა იყო აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის შემდეგ ძალაუფლების გადანაწილების და ბალანსის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამასთანავე მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების პრინციპის დანერგვა. შედეგად, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია გამოხატავდეს ყველას ინტერესს, ის უნდა წარმოადგენდეს უმრავლესობის ნების აღმსრულებელს და ამის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი კი უნდა ყოფილიყო პერიოდული არჩევნები. აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა საარჩევნო უფლებებზე. ემანსიპაციის იდეით გამსჭვალული რევოლუციის მხარდამჭერები ემხრობოდნენ საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლებას, თუმცა მათი ოპონენტები მიიჩნევდნენ რომ ხმის მიცემის უფლება უნდა ყოფილიყო შეზღუდული, ძირითადად ქონებრივი ასპექტით. ამერიკის დამფუძნებელი მამები - ბენჯამინ ფრანკლინი და ჯონ ადამსი სწორედ ამ უკანასკნელი იდეების დამცველები იყვნენ. ლიბერალების ამ ნაწილს ჰქონდათ გარკვეული შიში საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლების და ე.წ სახალხო სუვერენიტეტის მიმართ. ხმის მიცემის უფლების მიბმა ქონებრივ ცენზთან საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა და მრავალ რევოლუციას და მოძრაობას გაუძლო. საბოლოოდ საყოველთაო საარჩევნო უფლების დამკვიდრება ევროპაში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო.

საარჩევნო ხმის უფლებასთან ერთად, ლიბერალების მთავარი გამოწვევა იყო დემოკრატიულად არჩეული უმრავლეობების ძალაუფლების ლიმიტირება. ამგვარად, წარმოიქმნა ხელისუფლების დანაწილების და დაბალანსების პრინციპები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ამერიკის კონსტიტუციასა და ფედერალისტთა წერილებში.

ლიბერალიზმის მესამე გამოწვევა იყო ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. უმრავლესობის მმართველობის პირობებში, იმისთვის რომ გადაწყვეტილებები და მათი აღსრულება იყოს ლეგიტიმური ადამიანებს უნდა ქონდეთ აზრის თავისუფლად გამოთქმის (გამოხატვის თავისუფლება), თვითორგანიზების და გაერთიანებების შექმნის უფლება. ამასთან ერთად ინდივიდის უსაფრთხოება და საკუთრება უნდა იყოს დაცული და მას უნდა ქონდეს წვდომა სამართლიან და მიუკერძოებულ მართლმსაჯულებაზე. ამ ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარდა ადამიანს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი პირადი ცხოვრების უფლება. ეს გულისხმობს სახელმწიფოს ჩაურევლობას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა რელიგიის და რწმენის თავისუფლება, ხელოვნება და მშობლების მიერ ბავშვების აღზრდა საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. ამ იდეებმა ასახვა პოვეს სხვადასხვა კონსტიტუციებსა და უფლებათა ბილებში.[14]

ეკონომიკური საფუძვლები

თუ ლიბერალიზმის სხვადასხვა ფორმებს გააჩნიათ მეტნაკლებად მსგავსი შეხედულებები პოლიტიკური სისტემის და მისი ფუნქციონირების შესახებ, ეკონომიკა არის ის სფერო რომელიც ავლებს მკვეთრ ზღვარს ლიბერალიზმის სხვადასხვა სკოლასა და მიმდინარეობას შორის.

მერკანტილიზმის ეპოქაში საერთაშორისო ვაჭრობა განიხილებოდა, როგორც ნულოვან-ჯამიანი თამაში, სადაც ერთი ქვეყნის წარმატება მეორეს წარუმატებლობას ნიშნავდა და პირიქით. ეს პრაქტიკა მოექცა ლიბერალების კრიტიკის ქვეშ. მერკანტილიზმის პირველი ლიბერალური ეკონომიკური ალტერნატივა შემოგვთავაზეს ფიზიოკრატებმა - საფრანგეთში არსებულმა მოაზროვნეთა ჯგუფმა. ფიზიოკრატები ფიქრობდნენ რომ საუკეთესო გზა სიმდიდრის დასაგროვებლად ეს იყო შეუზღუდავი და თავისუფალი კონკურენცია. მათი მთავარი რჩევა ხელისუფლებისთვის იყო „აცადეთ, აკეთონ ის რაც სურთ“ (laissez-faire), რაც შემდგომში კლასიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმის ერთგვარ დოქტრინად იქცა.[14]

 
ადამ სმიტის 1776 წლის ნაშრომის „ერების სიმდიდრის“ პირველი გვერდი

კლასიკური ლიბერალიზმის ეკონომიკური მოდელი დგას საზოგადოების ატომისტურ ხედვაზე, სადაც ინდივიდი იმყოფება ნეგატიური თავისუფლების მდგომარეობაში, როდესაც პიროვნება არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და არ გააჩნია არავითარი ვალდებულება არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს წინაშე. სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდების ეკონომიკურ საქმიანობაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია. სახელმწიფო განიხილება, როგორც „აუცილებელი ბოროტება“ და მისი ფუნქციაა უზრუნველყოს გარკვეული სტაბილურობა, უსაფრთხოება და „თამაშის დადგენილი წესების“ შესრულებაზე კონტროლი. ასეთ სახელმწიფოს ლიბერალები უწოდებენ „გუშაგ სახელმწიფოს“, რომლის საქმეც მოქალაქეების სხვა მოქალაქეებისგან დაცვაა.[15]

ეს იდეები, პირველად, მწყობრად თავის ნაშრომში „ერების სიმდიდრე“ (1776) გადმოსცა ადამ სმიტმა. სმიტის აზრით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკურენცია ზრდის როგორც პროდუქციის წარმოების მასშტაბებს, ისე ხარისხს და არეგულირებს ფასებს. პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინდივიდი, ასევე ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას, რადგანაც ის პასუხობს მომხმარებლების მოთხოვნებს. ეკონომიკური მოდელის ამ ხედვის მხარდაჭერებს, ღრმად წამს, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია მხოლოდ აბსოლუტური თავისუფალი ბაზრის პირობებში და რომ, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევა გამოიწვევს რეცესიას და ეკონომიკურ სტაგნაციას. საბაზრო ეკონომიკაში, განსხვავებით სხვა ეკონომიკური მოდელებისგან, წარმოებული პროდუქციის სახეობას, ასევე მის გადანაწილებას და გავრცელებას არეგულირებს ფასწარმოქმნის მექანიზმი. მწარმოებლების და მომხმარებლების თავისუფალი არჩევანი და მოთხოვნა-მიწოდების ზომა განსაზღვრავს პროდუქციის რეალურ ღირებულებას. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ამ უნარს, რომ მოახდინოს თვითრეგულაცია, სმიტმა უწოდა „უჩინარი ხელი“. უჩინარი ხელის კონცეფცია დღემდე საკმაოდ აქტუალურია.[4]

კლასიკური ლიბერალური ეკონომიკის გამზიარებლები ითხოვდნენ ქვეყნებისგან თავისუფალის საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, წარმოებაზე და მუშახელზე დაკისრებული შეზღუდვების და რეგულაციების გაუქმებას და საერთაშორისო ვაჭრობაში სატარიფო ბარიერების მოხსნას. სმიტის მიერ დანერგილმა ეკონომიკურმა პრინციპებმა კიდე ერთხელ განამტკიცა თავისუფალი ბაზრის კონცეფცია, რამაც გამოიწვია ინდოეთში ბრიტანული ოსტინდოეთის კომპანიის ჰეგემონობის დასრულება 1858 წელს.[16] სმიტის იდეები განავრცო მისმა მიმდევარმა ბრიტანელმა ეკონომისტმა დეივიდ რიკარდომ, ასევე ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ჯონ სტიუარტ მილმა. ეკონომიკური სისტემის ეს ხედვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბრიტანეთში ინდიუსტრიული რევოლუციის პერიოდში, როდესაც მასობრივად გაიზარდა წარმოების ოდენობა და ბრიტანეთი გადაიქცა მსოფლიოს „საამქროდ“. შექმნილი ჭარბი პროდუქციის რეალიზაციისთის ბრიტანეთისთვის ხელსაყრელი იყო თავისუფალი ვაჭრობა და შესაბამისად ლიბერალური ეკონომიკური იდეები პოპულარული გახდა პოლიტიკურ და ბიზნეს ისტებლიშმენტში.

 
ჯონ სტიუარტ მილი, ბრიტანელი ფილოსოფოსი და პოლიტიკური ეკონომისტი

ეკონომიკურ ცხოვრებაში, ისევე როგორც პოლიტიკურში, კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრები მთავრობის ჩარევის მაქსიმალურად შეზღუდვის მომხრეები იყვნენ. ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთამმა ხატოვნად შეაჯამა ეს მოძღვრება როგორც ლაკონიური რჩევა სახელმწიფოს „იყავი ჩუმად“.[17]

ბენთამმა, ჯონ სტიუარტ მილმა და მისმა შვილმა ფილოსოფოსმა ჯეიმზ მილმა ეკონომიკური ხედვის ამ მოდელის აპლიკაცია მოახდინეს პოლიტიკური სისტემაზე, რაც საფუძვლად დაედო უტილიტარიზმის დოქტრინას. უტილიტარიზმის მიხევიდვით ნებისმიერი კანონმდებლის ან რეგულაციის მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი სიკეთის მოიტანა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთის. ამის მისაღწევად საუკეთესო გზა კი იყო წარმომადგენლობითი დემოკრატია. მსგავსად ეკონომიკური თავისუფლებისა, უტილიტარიანული პოლიტიკური სისტემა მის მოქალაქეებს სთავაზობს ინდივიდუალური თავისუფლების მაქსიმალურ ხარისხს. უტილიტარიანისტები მხარს უჭერდნენ განათლებას, პირად თავისუფლებას, საარჩევნო ხმის უფლებას და პერიოდულ არჩევნებს. სწორედ ეს იდეები ითვლება თანამედროვე დემოკრატიული სისტემის საფუძვლად. უტილიტარიზმის იდეები ყველაზე კარგად გადმოსცა ჯონ სტიუარტ მილმა, საკუთარ ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“ (On Liberty).[18]

უტილიტარისტული ფილოსოფია საფუძვლად დაედო პოლიტიკურ ლიბერალიზმს და დიდი გავლენია იქონია შემდეგი ლიბერალური მოაზროვნეებისა და ზოგადად ლიბერალიზმის პოლიტიკური პროექტის განვითარებაზე.

განვითარების ეტაპები

XIX საუკუნე

 
შარლ ლუი დე მონტესკიე, ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი
 
ჯეიმზ მედისონი, აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტი

როგორც იდეოლოგია და პრაქტიკა, ლიბერალიზმი XIX საუკუნეში იქცა რეფორმების მოძრაობად. მისი გავლენა, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებული იყო იქ არსებული მონარქიების სიძლიერეზე, ინდუსტრიალიზაციის დონეზე და სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბზე. რელიგიური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობდა ამ პროცესში. კათოლიკურ ქვეყნებში ლიბერალიზმმა მიიღო ანტიკლერიკული ფორმა, როდესაც მისი მომხრეები თანახმა იყვნენ სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობით შეზღუდვაზეც კი კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ პერიოდის ლიბერალებმა საფუძველი ჩაუყარეს სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევების იდეას. როგორც განმანათლებლების მემკვიდრეები, ლიბერალები თვლიდნენ, რომ ნებისმიერი სოციალური თუ პოლიტიკური წყობა წარმოდგება ადამიანთა ურთიერთკავშირისგან და არა ღვთის ნებისგან.[19] ბევრი ლიბერალი ღიად ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ რწმენას, მაგარ უმეტესი მათგანი უფრო მეტად არ აღიარებდა რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლების გაერთიანებას. ამით იმას ამტკიცებდნენ, რომ რწმენა თავისთავადია, თვითმყოფადი, რასაც სახელმწიფოს კონტროლი არ სჭირდება.[19]

ხელისუფლების შეზღუდვის იდეის მიმდევრებმა, როგორებიც იყვნენ მონტესკიე და ჯეიმზ მედისონი, ჩამოაყალიბეს ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ლიბერალების რწმენით, მთავრობებს უნდა გაეანალიზებინათ, რომ არათანმიმდევრული და სუსტი მმართველობის შემთხვევაში ხალხი უფლებასომისი იყო ნებისმიერი ხერხით შეეცვალა ასეთი მთავრობა, მათ შორის ძალმომრეობითა და რევოლუციით.[20]

ბრიტანეთში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ვიგების პარტია გადაიქცა ლიბერალურ პარტიად და მათი იდეები და რეფორმები იქცა მოდელად ლიბერალური მოძრაობებისა მთელს ევროპაში. ლიბერალებმა დაიწყეს ხანგრძლივი კამპანია „მონებით ვაჭრობის შეთანხმების“ გაუქმებისთის და 1807 წელს მოახერხეს მიზნის მიღწევა ბრიტანეთში, ხოლოს 1833 წელს ბრიტანეთის დომინიონებში.

ბრიტანეთისგან განსვაავებით, კონტინენტურ ევროპაში ლიბერალიზმს არ ჰქონდა იმხელა სახალხო მხარდაჭერა და პოპულარობა, ასევე არ არსებობდნენ ძლიერი ლიბერალური პარტიები. ლიბერალების ძირითადი გამოწვევა იყო, შეექმნათ უნიფიცირებული, დამოუკიდებელი კონსტიტუციური სახელმწიფოები საკუთარი პარლამენტებითა და კანონდმებლობით. ლიბერალიზმის თვალსაჩინო გამოვლინებები იყო: დამფუძნებელი მამები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიმონ ბოლივარი სამხრეთ ამერიკაში, რისორჯიმენტო იტალიაში და ლახოს კოსუთი უნგრეთში. თუმცა ლიბერალებმა ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა გერმანულ სახელმწიფოებში, გამომდინარე პრუსიის მილიტარისტული რეჟიმის სიძლიერისა. ასევე ვატიკანის და ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა იტალიის გაერთიანება XIX საუკუნის ბოლომდე.

კონტინენტურ ევროპაში, ლიბერალიზმა ბრიტანულისგან განსხვავებული სახე მიიღო. ევროპულმა ლიბერალიზმმა მისი ფილოსოფიური საზრდო ჰპოვა XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებლობის იდეებში. ევროპული ლიბერალიზმი, განსხვავებით ბრიტანულისგან იყო არა პოლიტიკური დოქტრინა, არამედ უფრო ფილოსოფია და ცხოვრების წესი, რომელიც სათავეს იღებდა რენე დეკარტის რაციონალისტური ფილოსოფიიდან. შემდგომ ეს იდეები განავრცეს ვოლტერმა და ჟან-ჟაკ რუსომ, რომლებიც ევროპული, კონსტრუქციული ლიბერალიზმის მამათავრებად არიან მიჩნეულნი. ევროპული ლიბერალიზმი იყო ზოგადი გონებრივი მიდგომა, რომელიც წინა პლანზე წამოწევდა რაციონალიზმს და ცდილობდა ყოველგვარი ცრურწმენებისა და დოგმებისგან ინდივიდის განთავისუფლებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შტატებს არ ჰქონდათ არც მონარქიის, არც არისტოკრატიის და არც დომინანტური ეკლესიის გამოცდილება, ლიბერალიზმი იქცა ამერიკის პოლიტიკური სისტემის ორგანულ და განუყოფელ ნაწილად. ლიბერალიზმი ღრმად იყო ფესვგადგმული როგორც ამერიკის კონსტიტუციურ სტრუქტურებში, ისე პოლიტიკურ კულტურასა და მართლმსაჯულებაში.

ევროპაში, ლიბერალიზმი მთელი XIX საუკუნის განმავლობაში იყო ტრანსფორმაციული ძალა. კლასიკურმა ლიბერალიზმმა შეუქმნა იდეოლოგიური საფუძვლები ინდუსტრიალიზაციისა და მოდერნიზაციის მოძრაობებს და მათ მიერ გამოწვეულ ცვლილებებს. ფეოდალური სისტემები დაემხო, არისტოკრატიამ დაკარგა პრივილეგიები, ხოლო კაპიტალიზმა ჩაანაცვლა შუა საუკუნეების სტატიკური ეკონომიკური სისტემები.

XX საუკუნე

XIX საუკუნის ბოლოს ინდუსტრიული რევოლუციის და მისგან მიღებული სიკეთეების რევიზია დაიწყო ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც გააჩინა კითხვები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, როგორც ინდუსტრიული რევოლუციის ეკონომიკური საფუძვლის მიმართაც. ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დოვლათის დიდი ნაწილის თავმოყრა მოხდა ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში. წარმოების უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად, პროცესში ჩართული ადამიანების უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებდა მისგან დიდი ბენეფიტების მიღებას და რჩებოდნენ სიღარიბეში. ამას გარდა, მასობრივი წარმოების პირობებში, ბევრი პროდუქტი გახდა ხელმიუწვდომელი მოსახლეობის ფართო მასებისთვის, რასაც თან ერთვოდა პერიოდული ეკონომიკური სტაგნაციები, რომლებიც ცნობილი იყო როგორც „დეპრესია“. და ბოლოს, მეწარმეთა იმ ჯგუფს, რომლებიც ფლობდნენ წარმოების საშუალებებს, დაუგროვდათ იმხელა სიმდიდრე და ძალაუფლება, რომ მათ შეეძლოთ მთავრობებზე გავლენის მოხდენა და კონტროლიც კი.[21] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კლასიკური ლიბერალიზმი მიილტვოდა სოციალური და ეკონომიკური თავისუფლებისა და პროგრესისკენ, ძალა და ენერგია რომელიც წარმართავდა მას, ახლა უკვე იქცა ამ თავისუფლების და პროგრესის შემაფერხებლად მისი ასიმეტრიული კონცენტრაციის გამო.

შესაბამისად დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს როლის გადააზრება, ისეთი გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორებიც იყო სიღარიბე, ჯანდაცვა და სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია. ამ იდეებს აკადემიური საფუძველი მისცა ტომას ჰილ გრინმა, ბრიტანელმა პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და სოციალური ლიბერალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა. გრინის აზრით, სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე დაყვანით ან გაქრობით ახალი რისკების წინაშე დადგა საზოგადოება და საჭირო იყო ამ როლის ხელახალი გადააზრება. ახალი ლიბერალური პროგრამის დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს ძალაუფლების ზრდა ინდივიდების თავისუფლების შეკვეცის ხარჯზე. გაჩნდა მოწოდებები განათლების, ჯანდაცვის და შრომის რეგულირების საკითხებში სახელმწიფოს როლის ზრდის შესახებ.[22] ამ მიდგომამ, მალევე მოიპოვა საყოველთაო მხარდაჭერა ლიბერალების დიდ ნაწილს შორის, თუმცა რჩებოდნენ გავლენიანი ლიბერალური მოაზროვნეები რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მას. ესენი იყვნენ სოციალური დარვინისტები, ჰერბერტ სპენსერი და უილიამ გრაჰამ სამნერი. ისინი საზოგადოების, პოლიტიკის და ეკონომიკის ევოლუციონისტურ ხედვას იზიარებდნენ და წინააღმდეგი იყვნენ ხელოვნური ჩარევების.

სოციალური ლიბერალიზმი

 
ვერსალის ხელშეკრულება

ლიბერალების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებდა საბაზრო ეკონომიკის სიკეთეებს და ხედავდნენ იმ საფრთხეებს რაც სახელმწიფოს როლის ზრდას შეიძლება მოჰყოლოდა, ამიტომაც მათ განიზრახეს არა ძველი სისტემის გაუქმება და მისი ახლით ჩანაცვლება, არამედ მისი ტრანსფორმაცია. ლიბერალიზმის ამ ახალი ფორმის მიმდევრებმა გააცნობიერეს და სწორედ ეს არის ის მთავარი, რაც განასხვავებს კლასიკურ და თანამედროვე ლიბერალებს, რომ ბაზრის ფუნქციონირებას სჭირდება კორექტირება და შევსება. გამომდინარე იქიდან, რომ საბაზრო ეკონომიკისგან მიღებული დოვლათის გადანაწილება ხდებოდა ასიმეტრიულად, დღის წესრიგში დადგა რედისტრიბუციის მექანიზმების შემუშავება, ასევე საზოგადოების იმ წევრების დახმარება, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა საკუთარი საბაზისო მოთხოვნილებები. პრაქტიკაში ამ იდეებმა ასახვა ჰპოვეს ორი მიმართულებით. პირველი, ეს იყო პროფკავშირების და მუშათა გაერთიანებების შექმნა, რომლებსაც უნდა დაეცვათ დასაქმებულთა ინტერესები და მეორე, შეიქმნა მთელი რიგი სოციალური სერვისები, როგორებიცაა საყოველთაო უფასო განათლება, უმუშევრობის შემწეობა, მინიმალური ანაზღაურება და ა.შ.[14]

ახალი სოციალური სერვისები საჭიროებდა ფინანსურ რესურსებს და მის მისაღებად შემოიღეს საშემოსავლო და ქონების გადასახადი, რომლებიც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოსახლეობის შეძლებულ ფენას დააწვა. ლიბერალიზმის ეს ტალღა ევროპაში შეანელა პირველმა მსოფლიო ომმა. თუმცა, მისი დასრულების და იმპერიული დინასტიების დაშლის შემდეგ, ლიბერალიზმმა ახალი ძალით იფეთქა ევროპასა და ამერიკაში. ვერსალის ხელშეკრულებამ საფუძველი დაუდო ერთა თვითგამორკვევის პრინციპს და შეიქმნა ახალი, მრავალი, ეთნიკურად ჰომოგენური სახელმწიფოები ევროპაში. იქმნება ერთა ლიგა, რომელსაც დიდი იმედით შეჰყურებდა სამყარო, როგორც ომების დასრულების გარანტორს. თუმცა, ომის ტრავმებმა და 20-იან წლებში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისებმა მალევე ჩააცხრო ლიბერალური ეიფორია და გზა გაუხსნა ნაცისტების აღზევებას გერმანიაში.

თუკი ლიბერალიზმის პოლიტიკური მოდელი გახდა თავდასხმის ადრესატი, როგორც მემარჯვენე ნაციონალისტური, ისე მემარცხენე კომუნისტური ძალების მხრიდან, მისი ეკონომიკური, საბაზრო მოდელი საერთოდ განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. დიდი დეპრესიის არნახულმა მასშტაბებმა, წარმოების შემცირებამ და უმუშევრობის დონის ზრდამ დააბნია კლასიკური ლიბერალიზმის მხარდაჭერებიც კი და დანერგა საერთო პესიმიზმი საბაზრო ეკონომიკის მიმართ.

 
დიდი დეპრესია, დოროთეა ლანჯის ფოტო „მიგრანტი დედა“

დიდი დეპრესიის მასშტაბებმა და შედეგებმა დაარწმუნეს დასავლური პოლიტიკური წრეები, რომ საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დოზით ეკონომიკის დაგეგმარება და ამისთის საჭირო ინსტრუმენტების და მექანიზმების არსებობა. პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა (1933-1939) მიიღო ე.წ „ახალი კურსი“ (New Deal), რომელიც გულისხმობდა მთავრობის როლის ზრდას ეკონომიკაში და ბიზნესის გაზრდილ რეგულირებას. ლიბერალიზმის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების პასუხად ბრიტანელმა სოციალისტმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა თავის ცნობილ ნაშრომში „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“ საზოგადოებას წარუდგინა ახალი ეკონომიკური თეორია. კეინზი ამტკიცებდა, რომ მთავრობის ჩარევას ეკონომიკაში შეეძლო დადებითი როლი ეთამაშა ბიზნესისა და წარმოების ციკლის განვითარებისთვის და მინიმუმამდე დაეყვანა უმუშევრობის დონე.[23]

 
ფრანკლინ დელანო რუზველტი, ფოტო გადაღებულია ტაიმისთვის
 
ჯონ მეინარდ კეინზი, ბრიტანელი ეკონომისტი

მეორე მსოფლიო ომმა და მასში დასავლური ბლოკის გამარჯვებამ ხელახალი ბიძგი მისცა ლიბერალური დემოკრატიის ბუმს მსოფლიოში. ომის შემდგომმა პროცესებმა და განსაკუთრებით ცივი ომის დაპირისპირებამ კომუნიზმსა და კაპიტალისტურ სამყაროს შორის შექმნა მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის არნახული პერიოდი დასავლურ სამყაროში. კეინზიანიზმით შთაგონებული მთავრობები ცდილობდნენ საკუთარი ინდუსტრიული შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებას და ეკონომიკების გაფართოებას საგადასახადო ტვირთის ზრდისა და საგარეო თუ საშინაო ვალების საშუალებით. ლიბერალური ეკონომიკის ამ მოდელს, სადაც მთავრობის ჩარევით ხორციელდებოდა დოვლათის რედისტრიბუცია, სოციალური სერვისების ზრდა და მდგრადი განვითარება ეწოდა კეთილდღეობის სახელმწიფო. კეთილდღეობის სახელმწიფო უზრუნველყოფდა არა მარტო საბაზისო სოციალური სერვისების მიწოდებას, არამედ პენსიებს, უმუშევრობის შემწეობას, სუბსუდირებულ ჯანდაცვას, ოჯახების დახმარების პროგრამებს, უფასო უმაღლეს განათლებას და ა.შ. ლიბერალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ზენიტი იყო აშშ-ში პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის (1963-1969) ადმინისტრაცია და მისი „დიადი საზოგადოების“ (Great Society) კონცეფცია ხოლო ბრიტანეთში კლემენტ ეტლის (1945-1951) ლეიბორისტული მთავრობა. 60-იან წლებში კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი გავრცელდა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავიაში, ასევე იაპონიასა და კანადაში.

თანამედროვე ლიბერალიზმი

თანამედროვე ლიბერალიზმი ევროპაში აერთიანებს კლასიკური, სოციალური და ნეოკლასიკური ლიბერალიზმის ეკონომიკურ და სოციალურ ელემენტებს და მჭიდროდაა დაკავშირებული XX საუკუნის ბოლოს დაწყებულ თანასწორობის ახალ მოძრაობებთან. თანამედროვე ლიბერალიზმის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სოციალური სამართლიანობისთვის და უფლებრივი თანასწორობისთვის ბრძოლა. ამის ყველაზე კარგი გამოხატულებაა ევროკავშირი, რომელიც თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსით ერთგვარ შერეულ ლიბერალურ მოდელს გვთავაზობს რომელიც აერთიანებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს (სავაჭრო ბარიერების გაუქმება, ადამიანის, კაპიტალის, საქონლის და სერვისების თავისუფალი გადაადგილება) და კეთილდღეობის სახელმწიფოს ელემენტებს (რეგიონული და სექტორული გათანასწორების პოლიტიკები, სამომხმარებლო და საწარმოო რეგულაცოები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ.) და ამასთანავე იბრძვის ინდივიდების სრული უფლებრივი ემანსიპაციისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრისთვის.

 
ევროკავშირის დროშა

შეიძლება ითქვას რომ დღეს ევროპაში მეინსტრიმ ლიბერალიზმი ცენტრიდან უფრო მარცხნივ გადაიხარა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში და სოციალ-დემოკრატიის ფორმა მიიღო. ამის კარგი მაგალითებია გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რემ-ი საფრანგეთში, ცენტრის პარტია ფინეთში. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტუაცია უფრო რადიკალურია. შტატებში ლიბერალიზმი გადაიქცა თითქმის მთლიანად მემარცხენე მოძრაობად. ჯონ ლოკის იდეებიდან ჯონ დიუის და ჯონ როულსის იდეებამდე. ლიბერალიზმი და ლიბერტარიანიზმი იქცნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ დოქტრინებად, მიუხედავად იმისა რომ მათი შეხედულებები სოციალურ საკითხებზე თითქმის იდენტურია. საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკელი ლიბერალები ცდილობენ გაემიჯნონ სოციალ-დემოკრატიას, მიუხედავად მათ შორის არსებული უამრავი მსგავსებისა. ამერიკაში მემარცხენეობა, როგორც ფორმა და არა როგორც შინაარსი, არც ისე პოზიტიურად აღიქმება, ამიტომაც ამერიკელი ლიბერალები ამჯობინებენ ერქვათ პროგრესული ლიბერალები, ან ლიბერალ დემოკრატები მაგრამ არა მემარცხენე ან სოციალური ლიბერალები.[24] თუ სოციალურ საკითხებზე არსებობს მეტნაკლებად იდენტური შეხედულებები ლიბერალიზმის ყველა ფორმაში, კლასიკური და ნეოკლასიკური ლიბერალიზმის ეკონომიკური მოდელი უფრო მეტად კონსერვატიულ და ლიბერტარიანულ პარტიებში ინკორპორირდა.

ლიტერატურა

ქართულენოვანი

უცხოენოვანი

  • Adams, Ian. Ideology and politics in Britain today. Manchester: Manchester University Press, 1998. ISBN 0-7190-5056-1.
  • Alterman, Eric. Why We're Liberals. New York: Viking Adult, 2008. ISBN 0-670-01860-0.
  • Ameringer, Charles. Political parties of the Americas, 1980s to 1990s. Westport: Greenwood Publishing Group, 1992. ISBN 0-313-27418-5.
  • Amin, Samir. The liberal virus: permanent war and the americanization of the world. New York: Monthly Review Press, 2004.
  • Antoninus, Marcus Aurelius. The Meditations of Marcus Aurelius Antoninus. New York: Oxford University Press, 2008. ISBN 0-19-954059-4.
  • Arnold, N. Scott. Imposing values: an essay on liberalism and regulation. New York: Oxford University Press, 2009. ISBN 0-495-50112-3.
  • Auerbach, Alan and Kotlikoff, Laurence. Macroeconomics Cambridge: MIT Press, 1998. ISBN 0-262-01170-0.
  • Barzilai, Gad. Communities and Law: Politics and Cultures of Legal Identities University of Michigan Press, 2003. ISBN 978-0-472-03079-8.
  • Bell, Duncan. "What is Liberalism?" Political Theory, 42/6 (2014).
  • Brack, Duncan and Randall, Ed (eds.). Dictionary of Liberal Thought. London: Politico's Publishing, 2007. ISBN 978-1-84275-167-1.
  • George Brandis, Tom Harley & Donald Markwell (editors). Liberals Face the Future: Essays on Australian Liberalism, Melbourne: Oxford University Press, 1984.
  • Alan Bullock & Maurice Shock (editors). The Liberal Tradition: From Fox to Keynes, Oxford: Clarendon Press, 1967.
  • Chodos, Robert et al. The unmaking of Canada: the hidden theme in Canadian history since 1945. Halifax: James Lorimer & Company, 1991. ISBN 1-55028-337-5.
  • Coker, Christopher. Twilight of the West. Boulder: Westview Press, 1998. ISBN 0-8133-3368-7.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ჯავახიშვილი, 2020
  2. The Origin of Liberalism, Daniel Klein, Feb.13, 2014 https://www.theatlantic.com/politics/archive/2014/02/the-origin-of-liberalism/283780/
  3. Mills, pp. 63, 68
  4. 4.0 4.1 Smith, Adam, and Edwin Cannan. The Wealth of Nations. New York, N.Y.: Bantam Classic, 2003
  5. Emil J. Kirchner, Liberal Parties in Western Europe, Cambridge University Press, 1988, ISBN 978-0-521-32394-9
  6. "Liberalism", Encyclopædia Britannica.
  7. Rothbard, The Libertarian Heritage: The American Revolution and Classical Liberalism.
  8. Plato. Plato's The Republic. New York :Books, Inc., 1943.
  9. Liberalism and Democracy, Gordon Graham,Journal of Applied Philosophy Vol. 9, No. 2 (1992), pp. 149-160
  10. Negative Liberty, Stanford Encyclopedia of Philosophy, Liberalism, First published Thu Nov 28, 1996; substantive revision Mon Jan 22, 2018
  11. Positive Liberty, Stanford Encyclopedia of Philosophy, Liberalism, First published Thu Nov 28, 1996; substantive revision Mon Jan 22, 2018
  12. Hobbes, Thomas, 1588-1679. Leviathan. Baltimore :Penguin Books, 1968
  13. Locke, John, 1632-1704. Two Treatises on Civil Government. London :G. Routledge and sons, 1887.
  14. 14.0 14.1 14.2 Liberalism, Encyclopedia Britanica.
  15. ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
  16. Mills, p. 69
  17. Bentham on the proper role of government: “Be Quiet” and “Stand out of my sunshine” (1843)
  18. Mill, John Stuart. On Liberty. London: Longman, Roberts & Green, 1869; Bartleby.com, 1999
  19. 19.0 19.1 Gould, p. 4.
  20. Young 2002, p. 32.
  21. Liberalism, Encyclopedia Britanica
  22. Reprints of Green's criticism of Hume, Spencer, G. H. Lewes - THE BOOK OF THOMASES
  23. Keynes, John Maynard, 1883-1946. The General Theory of Employment, Interest and Money. London :Macmillan, 1936.
  24. The Conflicted Soul of Modern Liberalism, Waren Berckman, January 2019