გამოხატვის თავისუფლება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებისაქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლება, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის თავისუფლება.

ჯორჯ ორუელის ძეგლი

ინტერნეტის თავისუფლება 20172018 წლების კონსტიტუციური კანონების მიღების შედეგად ჩაემატა, იგი სოციალურ უფლებას წარმოადგენს და პირს ეხმარება მისი ძირითადი უფლების განხორციელებაში-თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, რაც გამოხატვის თავისუფლების აუცილებელ კრიტერიუმს წარმოაგდენს. აზრის, მისი გამოხატვის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებათა კატეგორიას წარმოადგენს. ზოგადად ადამიანის უფლებები განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ადამიანს შორის ურთიერთობას და არა ადამიანებს შორის ურთიერთობებს, იგი სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს, რომ ნეგატიურის შემთხვევაში არ ჩაერიოს და ხელი არ შეუშალოს პირს ამ უფლებებით სარგებლობაში, პოზიტიურის შემთხვევაში კი ხელი შეუწყოს პირს ამ უფლებების სრულყოფილად გამოყენებაში იმით, რომ საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ნორმები და ამასთანავე ფაქტობრივი ღონისძიებებიც განახორციელოს უფლების უზრუნველსაყოფად.

აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება

რედაქტირება

აზრის თავისუფლების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ძირითადი უფლების შემთხვევაში, ჩვეულებრივი და ორგანული კანონები უნდა შეესაბამებოდეს ამ უფლებას და ისე უნდა განიმარტოს, რომ ამ უფლებას აზრს არ უკარგავდეს, შინაარსს არ აცლიდეს. ადამიანის უფლებათა უმეტესობა არაა აბსოლუტური და შეზღუდვებიც საკანონმდებლო დონეზეც სწორედ ამ უფლების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. აზრის თავისუფლება ყველა ადამიანის უფლებაა, იგი მხოლოდ მოქალაქეს არ ენიჭება.“ფიზიკური პირების გარდა, იგულისხმება აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირები. რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ და თავის უფლებათა დასაცავად დაეყრდნონ აზრის თავისუფლების ძირითად უფლებას“.[1] იგი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს გამოხატულებას წარმოადგენს. “დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია თავისუფალი და კარგად ინფორმირებული აზრის გარეშე... აზრის თავისუფლება შეიცავს ადამიანის ღირსებისა და ზოგადი პიროვნული უფლების პატივისცემიდან გამომდინარე კომპონენტებს, რადგან ადამიანის ელემენტარულ მოთხოვნილებას წარმოაგდენს თავისი აზრის გამოთქმა, საკუთარი ცოდნის გაფართოება იმისთვის, რომ ამით განვითარდეს, როგორც პიროვნება“.[2]

აზრის გამოთქმა

რედაქტირება

აზრის გამოთქმა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა საშუალებებით: წერილობით, ზეპირად, აუდიოჩანაწერით და სხვა. ეს უფლება გულისხმობს აზრის როგორც გამოთქმას, ისე მისი გამოთქმისგან თავის შეკავებას. აზრის გამოთქმაში იგულისხმება შეფასებითი შეხედულებების გამოთქმა, რაც არაა აუცილებელი რომ დადებითი, კარგი შინაარსის იყოს. აზრის თავისუფლება უხეში, სხვებისთვის მიუღებელი აზრის გამოთქმასაც იცავს. აუცილებლობას არც ის წარმოადგენს, რომ ეს შეხედულება სწორი იყოს, რადგან იგი არაა ობიექტური კატეგორია და სრულიად პირის პირად წარმოდგენებზეა დამყარებული. “აზრის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ წინასწარ კარგად მოფიქრებული, არამედ აგრეთვე პოლემიკური, მწვავე, დაუფიქრებელი, სპონტანური, უხეში გამონათქვამები“.[3] აზრის თავისუფლებით ასევე დაცულია პირის დარწმუნება, მის აზრზე ზემოქმედება, როდესაც ერთი პირი მეორის დარწმუნებას ცდილობს თავისი არგუმენტებით, განმარტებებით; თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს პირის იძულებას, რომ აზრი შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ამ პირის უფლებები ირღვევა და შესაბამისად აზრის თავისუფლებით დაცულ სფეროში ვერ ექცევა.

აზრის თავისუფლება პირობითად შეგვიძლია დავყოთ შეხედულებებად და ფაქტებად, თუმცა მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან რთულია, რადგან აზრის გამოხატვისას პირი ერთმანეთში შეიძლება ურევდეს როგორც შეხედულებებს, ისე ფაქტებს. ““ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილად, რეალურად მომხდარი ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებოთ დადასტურებას“.[4] ფაქტები, შეხედულებებისგან განსხვავებით შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი. ფაქტის მცდარობის გამო აზრის თავისუფლებით დაცული სფეროდან იგი ნებისმიერ შემთხვევაში არ გამოდის, რადგან მაშინ საზოგადოებრივი ურთიერთობები, დისკუსია, მსჯელობა ძალიან შეიზღუდებოდა და ამ უფლების არსებობას აზრს დაუკარგავდა, რის გარეშედაც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია. “აზრის თავისუფლებით აშკარა ცრუ ფაქტების დაცვა გამორიცხულია, მაგრამ არ გამოირიცხება ჭორის ან ფაქტების გადმოცემა და დაცვა იმ შემთხვევაში, როცა აშკარად არ ჩანს სწორია ისინი თუ მცდარი“.[5]

უფლების შეზღუდვა

რედაქტირება

მოცემული უფლების შეზღუდვის საფუძვლები გაწერილია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე ნაწილში_კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულდასმით უნდა გამოიკვლიოს სახელმწიფომ დგას თუ არა საჭიროება ამ უფლების შეზღუდვის. შეზღუდვას შეიძლება დაექვემდებაროს არასწორი ან დამახინჯებული ფაქტების გავრცელება და ასევე რაიმე სუბიექტური შეხედულების ძალიან უხეშად გამოხატვა. შეზღუდვას არ ექვემდებარება ზოგადად რაიმე შეხედულების ქონა, მხოლოდ მისი გამოხატვა შეიძლება შეიზღუდოს, ისიც მხოლოდ იმ გამონაკლისი შემთხვევების არსებობისას, თუ სახეზე გვაქვს მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები. შეზღუდვა უნდა იყოს თანაზომიერი; თუ ეს უფლება სხვა უფლებასთან მოდის კოლიზიაში, უნდა მოხდეს ორივე სიკეთის აწონ-დაწონვა და გადაწყდეს რომელს მიენიჭოს უპირატესობა. უფლებაში არაპროპორციული ჩარევა დაუშვებელია.

ამერიკის პრაქტიკა

რედაქტირება

აშშ-ს გამოხატვის თავისუფლება ფაქტობრივად აბსოლუტურ უფლებად აქვს აღიარებული. ამაზე მეტყველებს მისი სასამართლო პრაქტიკა. გამოხატვის თავისუფლებისა და ღირსების უფლების კოლიზიის დროს იგი ძირითად შემთხვევებში არჩევანს აკეთებეს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. “საზოგადოებრივი კამათის დროს შეფასებითი გამონათქვამები ყოველთვის დასაშვებია, მიუხედავად იმისა, როგორი შეურაცხმყოფელი თუ უფლებათა შემლახველი უნდა იყოს ისინი. ასევე დასაშვებია ფაქტები, მიუხედავად მათი სისწორისა თუ მცდარობისა. გამონაკლისია შემთხვევები, როცა ფაქტები გადმოცემულია შეგნებულად, მათი მცდარობის ცოდნის მიუხედავად ან სიმართლესთან აშკარად დაუდევარი მოპყრობის შედეგად“.[6]

გერმანიის პრაქტიკა

რედაქტირება

გერმანია უმეტესს შემთხვევაში ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლების დაპირისპირებისას უპირატესობას ანიჭებს ღირსების უფლებას. გერმანია თითქმის აბსოლუტურად იცავს ნადვილი ფაქტების გავრცელებას, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ იგი უხეშად არღვევს მესამე პირთა უფლებებს, მაგალითად ერევა მის ინტიმურ სფეროში ან ნდობის დარღვევითაა მოპოვებული მასზე ინფორმაცია. იგი ზღუდავს მედიასაც გარკვეულ შემთხვევებში, ამერიკისთვის კი მედიის შეზღუდვა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. გერმანია ღირსების უფლებას ანიჭებს უპირატესობას, თუ სახეზეა უხამსი კრიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოახდინოს კონკრეტული პირის შეურაცხყოფა; თუ კრიტიკა მიმართულია მაგალითად სასამართლო სისტემისადმი ზოგადად და არა კონკრეტული პირის მიმართ, ეს უხამს კრიტიკად არ ჩაითვლება. “უხამსი კრიტიკა სახეზე გვაქვს მაშინ, როცა გამონათქვამის შინაარსის მიხედვით წინა პლანზე დგას არა კონკრეტულ საკითხზე არსებითი კამათი, არამედ პიროვნების დიფამირება“.[7] საქართველო არის კონტინენტური სამართლის ქვეყანა და უფრო მეტად იზიარებს გერმანულ პრაქტიკას, ვიდრე ამერიკულს, თუმცა ამერიკული პრაქტიკის ელემენტებიც გავრცელებულია საქართველოში.

მედიისა და ინფორმაციის თავისუფლება

რედაქტირება

“მედია პლურალიზმი პლურალისტული საზოგადოების აუცილებელი ელემენტია. ამა თუ იმ საზოგადოებაში დემოკრატიის ხარისხი შეიძლება პრესისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის დონის მიხედვით შეფასდეს“.[8] შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე, მასობრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის გარეშე მისი უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება, რადგან იგი ადამიანთა დიდ მასას აწვდის ინფორმაციას ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და აძლევს მათ შესაძლებლობას ეს ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების მიხედვით გამოიყენონ, განსაზღვრონ რა თქვან და როგორ მოიქცნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუბლაშვილი, კონსტანტინე. რედ. თამარ ბერიძე. 2008. „ძირითადი უფლებები“. თბილისი: ჯისიაი.
  • ნარინდოშვილი, მალხაზი. რედ. გიორგი მელაძე. 2005. “ადამიანის უფლებები“ თბილისი: თავისუფლების ინსტიტუტი.
  • “საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. მეორე თავი. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“, 2013. რედ-ავთანდილ დემეტრაშვილი. თბილისი: პეტიტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუბლაშვილი 2008, 213
  2. კუბლაშვილი 2008, 211-12
  3. კუბლაშვილი 2008, 215
  4. კუბლაშვილი 2008, 216
  5. კუბლაშვილი 2008, 218
  6. კუბლაშვილი 2008, 225
  7. კუბლაშვილი 2008, 230
  8. ნარინდოშვილი 2005, 106