ბიბლია

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა წერილი)

ბიბლია (კოინეზე βιβλία — დან. მრ. რ. βιβλίον - „წიგნები“) — იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „წმინდა“ წიგნების კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას.

მათეს სახარების დასაწყისი ალავერდის ოთხთავიდან, 1054 წ.

ძველი აღთქმა

რედაქტირება
 
ებრაული ბიბლია, 1300 წ.

ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველი აღთქმა შედგენილობის მხრივ მეტად სხვადასხვაგვაროვანი კრებულია; შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, შეიცავს ადამიანთა ცხოვრების ამსახველ ფაქტებს სხვადასხვა ეპოქისა და სოციალურ ფენათა მსოფლმხედველობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტებს, განსხვავებულ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიისა და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს. ამ ნაირგვარი მასალის შეკრება, რედაქცია და კანონიზაცია მჭიდროდ უკავშირდება ძველ ებრაულ მონოთეისტური რელიგიურ კონცეფციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. საბოლოო სახე ებრაულმა ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო. მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ - ძვ. წ. V საუკუნისა და დამთავრდა დაახლოებით ახ. წ. II საუკუნეში.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის რედაქტორები ტექსტის გაერთიანებისას ცდილან მთლიანად მოეშალათ პირვანდელი სხვაობანი, წიგნს მაინც ახასიათებს შინაარსობრივი, ენობრივ-სტილისტური და ჟანრობრივი სიჭრელე. ხშირია როგორც შინაარსობრივი, ასევე ფაქტობრივი შეცდომები და წინააღმდეგობები. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არ აქვს, იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), მის შედგენას ტრადიცია მოსეს მიაწერს, შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი; მასში შედის წიგნები - ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა - ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასუ, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი. მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე). ქრონოლოგიური ზღვარი ძველი აღთქმის ცალკეულ ნაწილებს შორის მეტად დიდია.

ახალი აღთქმა

რედაქტირება

ქრისტიანებმა 27 წიგნი დაამატეს, რომელსაც ახალი აღთქმა ჰქვია. იგი ბერძნულად დაიწერა, გარდა მათეს სახარებისა რომელიც თავად მათე მახარებელმა დაწერა არამეულად, შემდეგ კი თვითონვე თარგმნა ბერძნულად. ქრისტიანულ სწავლებას, რომელიც თავმოყრილია ოთხ სახარებაში (ბერძნულად „ევანგელე“). მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“ შემდეგ ხუთი კათოლიკე ეპისტოლე და მოციქულ პავლესა და სხვათა წერილები (ეპისტოლეები), რომლებიც მოგვითხრობენ ეკლესიის დაარსების ისტორიას.

ბიბლიის ქართული თარგმანები

რედაქტირება

ოშკის ბიბლია

რედაქტირება

უძველესი ბიბლიიდან დღესდღეობით ჩვენამდე ქართული ბიბლიის რამდენიმე მეტ-ნაკლები სისრულის კრებულმა მოაღწია. მათგან ყველაზე ადრეულია 978 წელს ოშკში ათონის მთის მოღვაწის, წარსულში სახელგანთქმული სარდლის იოანე (თორნიკეს) დაკვეთით გადაწერილი ნუსხა, რომელიც ოშკის ანუ ათონის ბიბლიის სახელითაა ცნობილი და ამჟამად ათონის მთაზე ინახება. ეს ხელნაწერი დაუმზადებიათ მიქაელ ვარაზ ვაჩეს ძეს, სტეფანე მწერალსა და გიორგი გელასის ძეს. ყველაფერ ამას ვიტყობთ ხელნაწერზე დართული ანდერძიდან. ოშკის ბიბლია ძალზედ დაზიანებული და ნაკლულია. ივარაუდება, რომ მისი საწყისი წყაროც არ უნდა ყოფილიყო სრულყოფილი. ხელნაწერი სამი დიდი ტომისაგან შედგებოდა. ტექსტი არ ყოფილა თავებად და მუხლებად დაყოფილი. ნაწერი იყო ნუსხური. შეიცავდა წიგნებს შემდეგი თანმიმდევრობით: I. ხუთწიგნეული, ისუ ნავეს წიგნები, მსაჯულთა წიგნები, რუთი, იობი, ფსალმუნი; II. მეფეთა წიგნები. სოლომონის იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა ქება, სოლომონის სიბრძნე, წიგნი იესოსი, ზირაქის ძის, მცირე წინასწარმეტყველები; III. ესაიას წიგნები, იერემიას წიგნები, ბარუქის, იერემიას გოდება, იერემიას ლოცვა, იერემიას ეპისტოლე, იეზეკიელი, დანიელი, I ეზრა, II ეზრა, ნეემია, IV ეზრა, ესთერი, ივდითი, ტობი (ის შეიძლება უფრო გვიან იყოს ჩამატებული). მას შემდეგ რაც წიგნები დაზიანდა და ფურცლების საერთო რაოდენობის თითქმის მეოთხედი დაიკარგა, დარჩენილი ნაწილი ორ ტომად აიკინძა, დაირღვა თავდაპირველი თანმიმდევრობა, ხოლო მთლიანად დაიკარგა შემდეგი წიგნები: რიცხვთა, მეორე სჯულთა ისუ ნავესი, ფსალმუნი, ნაწილობრივ-დაბადება, (1-12თ); მსაჯულთა (1-18თ); იობი (30-26-ის შემდეგ); ესაია (1-7თ). ოშკის ბიბლია 1849 წელს პლატონ იოსელიანმა ჩამოიტანა ათონიდან საქართველოში და მისგან გადაიწერა ორი პირი: ერთი – სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანისთვის, მეორე – სიონის ტაძრისთვის. გადაწერის შემდეგ ოშკის ბიბლია დააბრუნეს ათონის მთაზე. საუბარი იმაზე თუ მთლიანობაში საიდან არის თარგმნილი ოშკის ბიბლია ჭირს. ნაწილი მიიჩნევს რომ სომხური არქეტიპიდან მომდინარეობდა მთელი ტექსტი, ხოლო ნაწილი თვლის, რომ მას ბერძნული საწყისი უნდა ჰქონდეს.

გელათის ბიბლია

რედაქტირება

გელათის ბიბლია განსხვავებულია ოშკის ბიბლიისაგან იმით, რომ მასში წიგნები განმარტებებითურთაა წარმოდგენილი. ეს თარგმანი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ განზრახული ყოფილა ყველა ბიბლიური წიგნის (ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა) თარგმნა ბიზანტიელ ავტორთა განმარტებითურთ და სრული ბიბლიური ეგზეგეტიკური კრებულის შედგენა. ჩვენამდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია. გელათური ბიბლია განეკუთვნება XI საუკუნის ბოლო წლებს, წარმოდგენილი ორი ხელნაწერით, რომელიც ენობრივი თვალსაზრისით პეტრიწონულ სკოლას განეკუთვნება. ზოგიერთი მკვლევარი მის მთარგმნელად იოანე პეტრიწს მიიჩნევს. ზოგი მხოლოდ რედაქტორად თვლის მას. რაც შეეხება მასში არსებული თარგმანის წყაროს, არსებობს რამდენიმე მოსაზრება, ნაწილნი – აღმოსავლურ ვერსიას ვარაუდობენ, ნაწილნი ბერძნულ წყაროს. ბოლო დროს გამოითქვა ვარაუდი, რომ იგი მართლაც ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს. გელათური ბიბლია, მნიშვნელოვანია თან დართული განმარტებებით და ამის გამო უწოდებენ მას „კატენებიან ბიბლიას“. იგი შესრულებული უნდა იყოს მთარგმნელთა ჯგუფის მიერ, ერთი მთავარი რედაქტორ – მთარგმნელის შესაძლოა, არსენ იყალთოელის საერთო ხელმძღვანელობით.

ქართული ბიბლიის იერუსალიმური და ჯანაშვილისეული ხელნაწერები

რედაქტირება

XI საუკუნის II ნახევრის ხელნაწერი გადაწერილია პალესტინაში, ჯვრის მონასტერში. მასში დაცულია დიდი და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები სრულად. აგრეთვე ეზრას სამივე წიგნი და ნეემია. ამ ხელნაწერებში გვაქვს არაუგვიანეს მეშვიდე საუკუნის თარგმანი, შესაძლოა უფრო ადრინდელიც. XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება მეორე ხელნაწერი იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკიდან. ის შეიცავს მეფეთა წიგნებს, რომელთაც ბოლოში მოსდევს ეკლესიასტეს ტექსტი. მეფეთა წიგნების ტექსტი უძველესი რედაქციისაა, იგი იმით განსხვავდება ოშკის ბიბლიისგან, რომ არის შემოკლებული, ლაკონიური ვერსია. ჯანაშვილისეული ხელნაწერებიც მოკლე რედაქციითაა წარმოდგენილი. ტექსტის შემმოკლებელი ცდილობს ტექსტი ლაკონიურად წარმოადგინოს, რაც ხორციელდება ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების ხარჯზე. ჯანაშვილისეულ ხელნაწერს აკლია მეფეთა წიგნები, მაგრამ დამატებული აქვს: II სჯულის, ისუ ნავესი, მსაჯულნი, რუთი და იობი. მეორე ხელნაწერი (ჯანაშვილისეული) XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ის განსხვავებით ყველა სხვა ხელნაწერისაგან მხედრული ასოებით არის ნაწერი და მასში მოცემულია ბიბლიის შემდეგი წიგნები: ოთხივე მეფეთა, ნეშტთას ორივე წიგნი, ესთერი, ივდითი, ეზრა, ზორობაბელის ორივე წიგნი და ნეემია. ბიბლიის ეს ხელნაწერი გამორჩეულია იმით რომ ჯერერთი მასში ბიბლიური ტექსტები უფრო ძველი ვერსიიდან გადმოწერილად მიაჩნიათ, ვიდრე ათონის ბიბლიაში დაცული ვერსია, მეორეც, ხელნაწერს მიწერილი აქვს კიდეებზე ძველი აღთქმის აკვილა – სვიმაქოსის ავტორობით ცნობილი რედაქციის ვარიანტები.

მცხეთის ბიბლია

რედაქტირება

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მცხეთის ბიბლია შეიცავს ახალი აღთქმის გარკვეულ ნაწილს. ყველა დანარჩენში არის მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნები. მცხეთის ბიბლიას სხვაგვარად საბას ბიბლიასაც უწოდებენ. იგი შეადგინა დიდმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ სულხან-საბა ორბელიანმა. მცხეთის ბიბლია გადაწერილია რამდენიმე პირის მიერ. ერთ-ერთი გადამწერი თვითონ სულხან-საბაცაა (იგულისხმება მხედრული ხელით ნაწერი, ნუსხურად ნაწერ რამდენიმე სხვა ადგილთან ერთად). კრებულში შეტანილია ძველი აღთქმის 44 დასახელების წიგნი. ტექსტი დაყოფილია მუხლებად და თავებად. აღჭურვილია სამი სახის საძიებლით: 1) „საძიებელნი მოწმობა“ - ეს არის ძველი აღთქმიდან მომდინარე ახალ აღთქმის ადგილების აღნუსხვა, ანუ მითითებები ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის ადგილების ციტირებისა; 2) „ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელთა თარგმანები“ - ეს არის ბიბლიაში წარმოდენილ საკუთარ სახელთაკომენტირება. 3) „საძიებელნი მატიანეთანი“ - ეს არის ფაქტობრივად ბიბლიაში დამოწმებული საკუთარი სახელების სიმფონია. მცხეთური ბიბლიის რედაქციულ მრავალფეროვნებას განაპირობებს ის რომ სულხან-საბა თავისი ბიბლიის კრებულისათვის რამდენიმე წყაროს იყენებდა. კრებულის უდიდეს ნაწილში გამოყენებულია უძველესი, ოშკის ბიბლიის მიმყოლი რედაქციის ტექსტები. ფსალმუნთა წიგნისათვის მას უსარგებლია გიორგი ათონელისეული რედაქციის ტექსტით (მცხეთური ბიბლია ბიბლიის პირველი კრებულია, რომელშიც ფსალმუნთა წიგნია შეტანილი). სამი წიგნის – იგავნი სოლომონისანი, ისუ ზირაქი, სოლომონის სიბრძნე – ტექსტი საწინასწარმეტყველო – სადღესასწაულო კრებულიდანაა ამოღებული, რის გამოც ეს წიგნები სხვადასხვა ზომის ფრაგმენტების სახით არის შესული ბიბლიის ამ კრებულში. წინასწარმეტყველთა წიგნებისათვის საბას გამოუყენებია გელათური რედაქციის ტექსტი. კრებულში პირდაპირ არის ჩაკრული ვახტანგ VI-ის სტამბაში 1710-1711 წლებში თვითონ სულხან-საბას რედაქტორობით დაბეჭდილი ამ წიგნის ფურცლები.

სახარების ძველი ქართული თარგმანები

რედაქტირება

1. I პერიოდის (V-Xსს.) თარგმანების შემცველი ხელნაწერები ძველი ქართული მწერლობის I პერიოდიდან (V-Xსს.) ჩვენამდე მოღწეულია ორი სტილისტური რედაქცია: ხანმეტი და საბაწმინდური. ბიბლიის წიგნთაგან ყველაზე ადრე უნდა ეთარგმნათ სახარება. ადრეული პერიოდის თარგმანებმა ჩვენამდე IX-X სს-ის შემდეგი ხელნაწერებით მოაღწია:

  • შატბერდის ანუ ადიშის სახარება 897წ.
  • ურბნისის 906წ.
  • ოპიზის 913წ.
  • ჯრუჭის ანუ შატბერდის 936წ.
  • სინის მთის ოთხი ხელნაწერი X ს-ის ბოლო მეოთხედი.
  • წყაროსთავის Xს.
  • ქსნის Xს.
  • პარხლის 973წ.
  • ცენტრარქივის Xს.
  • მესტიის 1033წ.
  • შატბერდის 936წ.

დასახელებულ ოთხთავთა ძირითადი ნაწილი გადაწერილი არის სამხრეთ საქართველოში, კერძოდ ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში.

ქართული ოთხთავის გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია

რედაქტირება

გიორგი მთაწმინდელის რედაქციის შემცველ ოთხთავთა შორის „ვანის ოთხთავი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი. სახარების გიორგი მთაწმინდელისეულმა რედაქციამ დღემდე ხელნაწერთა საკმაო დიდი რაოდენობით მოაღწია (რუისის-Xს; ბერთის XI-XIIსს; ლაბსყალდის XIIIს..) ჩვენ დაწვრილებით შევეხებით მხოლოდ სამ საუკეთესო და უძველეს ხელნაწერს. „ვანის ოთხთავი“ შედგება 274 ფურცლისაგან, ნაწერია საუკეთესო ხარისხის ეტრატზე, ხელნაწერის ზომა არის 29 სმ 21 სმზე. ნაწერია ერთ სვეტად, დასაწყისები შესრულებულია ასომთავრულით, გადამწერია იოანე უღირსი საპყარი, გადაწერის ადგილი რომანა, ქართველთა ცნობილი საგანმანათლებლო კერა კონსტანტინოპოლის მახლობლად. ამის შესახებ თავად ხელნაწერში დართული გადამწერის ანდერძში ვკითხულობთ: „წმინდანო მახარებელნო, განმაძლიერეთ ცოდვილი იოვანე, რომელმან ფრიადსა უძლურებასა შინა მყოფმან, ხელ-ვყავ წერით მოსაქმებად წმიდისა ამის სახარებისა“. აქვე ვიგებთ, რომ ცნობილ მოღვაწეს ზაქარია ბერს დიდი შრომით მიუგნია მთაწმინდაზე თვით გიორგის ხელით გადაწერილი ცალისთვის. იგი ხელუხლებელი და უშეცდომო ყოფილა, აქედან გადაუწერინებია პირი შატბერდელი ხუცესის, სტეფანესათვის, ხოლო ამ გადმონაწერიდან გადმოუღია ვანის ოთხთავის გადამწერს იოვანეს. ამიტომაც ითვლება ვანის ოთხთავი ორიგინალთან ყველაზე ახლოს და ყველაზე დაუმახინჯებელ სახარებად. გადამწერი იოვანე თამარ დედოფლის მლოცველად იხსენიებს თავს. ჩანს, ამ დიდებული ხელნაწერის შექმნა თამარს თუ მასთან დაახლოებულ პირებს ბიზანტიაში მოღვაწე ქართველებისათვის დაუვალებიათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რელიგიების ისტორია.თეიმურაზ თათარაშვილი.თბილისი.2011.
  • საქართველო და მსოფლიო რელიგიები ნ. პაპუაშვილი. - თბ., 2004.
  • Gale Encyclopedia of Religion 2nd Ed Vol.2.2005.