კარის ზღვა
კარის ზღვა (რუს. Карское море) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. გაწოლილია კუნძულ ახალ მიწასა და ჩრდილოეთ მიწას შორის. სამხრეთით ესაზღვრება დასავლეთ ციმბირის დაბლობი. ჩდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან გამოყოფილია ახალი მიწის, ფრანც-იოსების მიწისა და ჩრდილოეთის მიწის კუნძულებით. ფართობი — 893 400 კმ², საშუალო სიღრმე 127 მ, მაქსიმალური სიღრმე 620 მ. წყლის მოცულობა 112 ათ. კმ³. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 1500 კმ-ზე, სიგანე ჩრდილოეთ ნაწილში 800 კმ. კარის ზღვაში ბევრია კუნძული, რომელთა საერთო ფართობია 10 ათ. კმ². მთავარი ნავსადგურია დიქსონი.
მორფოლოგია
რედაქტირებაკარის ზღვის აკვატორია ჩამოყალიბდა პლეისტოცენური გამყინვარების უკანდახევის შედეგად. ზღვის ფსკერი დაფარულია ლამით, ქვიშიანი ლამითა და ქვიშით.
კონტინენტის სანაპიროების გასწვრივ ფართო წყალმარჩხი ზოლია გადაჭიმული, რომელიც ჩრდილოეთით ცენტრალურ კარის მაღლობში გადადის. მაღლობი აღმოსავლეთიდან ვორონინის ღარით ისაზღვრება, დასავლეთიდან კი წმინდა ანას ღარით. ახალი მიწის ნაპირებთან ვიწრო და ღრმა ახალი მიწის ღრმულია გადაჭიმული. ცენტრალურ კარის მაღლობზე და განსაკუთრებით სანაპირო წყალმარჩხზე მრავალრიცხოვანი კუნძულებია. ნაპირები დაბალია, ფხვიერი ქანებით აგებული და ხმელეთში ღრმადშეჭრილი უბეებით ძლიერ დანაწევრებული; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ბაიდარაცკის, ობის, გიდანისა და ენისეის უბეები.
სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 4,5-ჯერ მეტია, ვიდრე მანძილი კარის ჭიშკარსა და ვილკიცკის სრუტეს შორის.
წითელი არმიის, შოკალსკის და ვილკიცკის სრუტეებით კარის ზღვა ლაპტევების ზღვას უკავშირდება. ბარენცის ზღვასთან კავშირი კი უფრი იოლად მყარდება, რადგან იგი ხორციელდება არა მარტო სრუტეეებით, არამედ დიდ სივრცეებზეც — ახალი მიწიდან ფრანც იოსების მიწამდე. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან წყალი დაუბრკოლებლად გადადის კარის ზღვაში.
ჰიდროლოგიური რეჟიმი და მარილიანობა
რედაქტირებაციმბირის მდინარეებს წლის განმავლობაში ზღვაში 1580³ კმ მტკნარი წყალი ჩააქვს. მდინარის შესართავებთან ზღვის წყლის მარილიანობა 3-10‰ -მდე ეცემა, მდინარის შესართავებიდან დაშორებით მარილიანობა იზრდება და ზედაპირზე მაქსიმუმ 34‰ აღწევს. ღრმა წყლის მარილიანობა ყველგან 35‰-მდეა. მდინარის წყლების გარდა კარის ზღვაში დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან შემოდის შედარებით უფრო თბილი და მარილიანი ატლანტის წყლები, ჩრდილოეთიდან კი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ცენტრალური ნაწილის ცივი წყლები.
კარის ზღვაში ჩაიედინება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარეები ობი და ენისეი.
ზამთარში ზღვის ზედაპირზე ტემპერატურა უტოლდება შესატყვისი მარილიანობის მქონე წყლის გაყინვის ტემპერატურას. სექტემბერში ზღვა იყენება: ნაპირებთან წარმოიქმნება 25 კმ სიგანის უძრავი ნაპირის ყინული, იქ კი, სადაც ზღვის სიღრმე მეტია, მცურავი ყინული ჩნდება. ქარის ზემოქმედებით და წყლის მოქცევა-უკუქცევითი მოძრაობით ყინული აქ სკდება და ყინულღრუებს წარმოქმნის.
ივნისში ყინული დნობას იწყებს, მაგრამ მისი ნაწილი ყოველწლიურად რჩება შემდეგი ზამთრის სეზონამდე. მოძრავი ყინული ძალიან აბრკოლებს კარის ზღვაში ნაოსნობას. კარის ზღვის დინებები წრიულ სისტემებს წარმოქმნის; წყალი საათის ისრის საწინაამღდეგო მიმართულებით მოძრაობს. მაქსიმალურ სიმაღლეს, 1 მ, იგი ტოლის უბეში აღწევს.
კლიმატი
რედაქტირებაკარის ზღვის ჰავა არქტიკულია. კლიმატური პირობები ძალიან მკაცრია ზღვის მთელ სივრცეზე. სიმკაცრე მატულობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. 3-4 თვე პოლარული ღამეა, 2-3 თვე პოლარული დღე.
სამხრეთით, კონტინენტის მიმართულებით, ჰავა უფრო კონტინენტური ხდება. ზაფხული ხანმოკლეა და ნისლიანი. თოვლი ზაფხულის თვეებშიც კი მოდის. თბილი პერიოდის საშუალო ტემპერატურა აღმოსავლეთით - 1°, დასავლეთით +5°. ცივი პერიოდის საშუალო ტემპერატურა აღმოსავლეთით -26°, დასავლეთით - 15°. ზაფხულში ქარები უმთავრესად ჩრდილო აღმოსავლეთისაა 5-6 მ/სეკ. სიჩქარით, ზამთარში კი სამხრეთ-აღმოსავლეთის 8-9 მ/სეკ. სიჩქარით მოძრაობს. კარის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა 159-200 მმ აღწევს წელიწადში, ჩრდილო-აღმოსავლეთში 120-150 მმ.
ფაუნა
რედაქტირებაკარის ზღვის ფაუნა ბარენცის ზღვის ფაუნაზე მნიშვნელოვნად ღარიბია, რაც ზღვის წყლის დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზღვაში ბინადრობენ ზღვისა და მლაშე წყლის ცხოველური ფორმები. სარეწაო მნიშვნელობით ყველაზე პროდუქტიულია ზღვის დასავლეთი ნაწილი, კონტინენტის სანაპირო უბეები და მდინარის შესართავები. კარის ზღვაში მოიპოვება: ომული, მუქსუნი, ნავაგა, პეჩორის ქაშაყი, ნელმა, გოჭალა, კამბალა, ჭაფალა, ციმბირის ზუთხი.
ძუძუმწოვრებიდან ხშირად გვხვდება თეთრი დელფინი, იშვიათად მორჟი, თეთრი დათვი, სელაპი, ზღვის კურდღელი. ყველაზე მეტად განვითარებულია თეთრი დელფინის რეწვა. კუნძულებზე ბევრია ფრინველი (ჭარბობს „ფრინველთა ბაზარი“).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 406-407.
- Визе В. Ю., Моря Советской Арктики, [3 изд.], М. — Л., 1948;
- Шамраев Ю. И., Шишкина Л. А. Океанология. Л.: Гидрометеоиздат, 1980.