ჩრდილოეთის მიწა (რუს. Северная Земля) — არქიპელაგი კარისა და ლაპტევების ზღვების საზღვარზე. ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, რომლიდანაც გამოყოფილია ვილკიცკის სრუტით, შედის რუსეთის ფედერაციის კრასნოიარსკის მხარის შემადგენლობაში. შედგება 4 დიდი და მცირე კუნძულებისაგან. საერთო ფართობი დაახლ. 37 ათ. კმ2. ნაპირები ადგილ-ადგილ კლდოვანია და ციცაბო. ბევრია ფიორდისებრი ყურე. აგებულია დანალექი (ქვიშაქვები, მერგელები, კირქვები), მეტამორფული და ამონთხეული ქანებით. ჭარბობს პლატოსებრი და გორაკ-ბორცვიანი რელიეფი, არის ვაკეები, მყინვარის გუმბათები. ჰავა ტიპური არქტიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა -14°-ია. იცის ძლიერი ქარი. იანვარში საშუალო ტემპერატურა -28°-30°-ია, ივლისში -0,5°-1,6°-მდე. ზაფხულში ხშირია ნისლი. ნალექები 150-450 მმ წელიწადში. გამყინვარების საერთო ფართობი 17 472 კმ2. გაბატონებულია არქტიკული უდაბნოს ლანდშაფტი. ქვიშიან და ღორღიან არქტიკულ ნიადაგზე ხარობს ხავსები, ლიქენები და ზოგიერთი ყვავილოვანი მცენარე. ცხოველებიდან ბინადრობს: ლემინგი, ყარსაღი, თეთრი დათვი; სამხრეთ კუნძულებზე ჩრდილოეთის ირემი; ზღვებში - გრენლანდიის სელაპი, მორჟი, თეთრი დელფინი. ფრინველთა ბაზრები. ჩრდილოეთის მიწა 1913 წელს აღმოაჩინა რუსი ჰიდროგრაფის ბ. ვილკიცკის ექსპედიციამ. 1930-1932 გამოიკვლია გ. უშაკოვმა.

ჩრდილოეთის მიწის მდებარეობა

ლიტერატურა

რედაქტირება