ფრანც-იოსების მიწა
ფრანც-იოსების მიწა (რუს. Земля Франца-Иосифа) — არქიპელაგი ბარენცის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის არხანგელსკის ოლქში. მოიცავს 191 კუნძულს. ფართობი 16 134 კმ². იყოფა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებად. დიდი კუნძულებია: ვილჩეკის მიწა, გრეემ-ბელი, გეორგის მიწა, ალექსანდრეს მიწა, ჰეისის, რუდოლფისა და სხვა. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. კუნძულების დიდი ნაწილი აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და კირქვებით, რომლებზეც გადაფარებულია ბაზალტური საფარი. კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია მყინვარით, რომლის ფართობია 13 735 კმ². ფრანც-იოსების მიწაზე გვხვდება მყინვარების შემდეგი ტიპები: კუნძულა ყინულები, ყინულქუდები, ყინულსაფრები, გამყვანი მყინვარები, რომლებიც გაედინებიან ყინულის გუმბათებს შორის, მთისწინეთის მყინვარები და ნამქერის მყინვარები. გამყინვარების განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულის ძალზე დაბალი ტემპერატურები და შედარებით უხვი ნალექები. ყინულის სისქე 100-300 მ აღწევს. სიმაღლე 620 მ-მდეა. ნაპირებთან წარმოიქმნება აისბერგები. ჰავა არქტიკულია. იცის ძლიერი ქარები. ნალექები 200-300-იდან 500-550 მმ-მდე წელიწადში. კუნძულებზე 1000-მდე ტბა და რამდენიმე მოკლე მდინარეა. ლანდშაფტი არქტიკული უდაბნოსია. ხარობს ხავსები და მღიერები. ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს თეთრი დათვი და ყარსაღი, ზღვაში — ზღვის კურდღელი, სელაპი, გრენლანდიური ვეშაპი, მორჟი, თეთრი დელფინი; ბევრია ფრინველი.[1]
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | არხანგელსკის ოლქი |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 191 |
ფართობი | 16 134 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 620 მ |
1870-იანი წლების დამლევს და 80-იანი წლების დასაწყისში გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი პეტრე კროპოტკინი წერდა:
„ახალი მიწიდან ჩრდილოეთით შეიძლება აღმოვაჩინოთ დღემდე უცნობი მიწა...“
|
კროპოტკინის წინასწარმეტყველება გამართლდა; ავსტრია-უნგრეთის ექსპედიციამ იულიუს პაიერისა და კარლ ვაიპრეხტის ხელმძღვანელობით 1873 წლის 31 აგვისტოს აღმოაჩინა ფრანც-იოსების მიწა.[2] სახელი უწოდეს ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოზეფ I-ის პატივსაცემად.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრანც-იოსების მიწა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ფრანც-იოსების მიწა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 394.
- ↑ დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ.,, სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. — გვ. 227-231.