აისბერგი
აისბერგი (გერმ. Eisberg, ინგლ. iceberg, ნიდერლ. ijsberg, სკანდინავიური წარმოშობის სიტყვა — ყინულის მთა) — ხმელეთიდან ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთა, რომელიც ან ოკეანეში ან ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა დარჩენილი.
დიდი აისბერგები ჩნდება ანტარქტიკისა და არქტიკის კუნძულების ნაპირებთან. ზღვის დინებებს აისბერგები შორს, ზოგჯერ ჩრდილოეთი განედის 40-50°-მდე მიაქვს, სამხრეთით კი სამხრეთი განედის 45-60°-მდე, ზოგჯერ 26°-მდე. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აისბერგების სიმაღლე საშუალოდ 70, ზოგჯერ კი 100 მ-დეა. სამხრეთი ნახევარსფეროში საშუალო სიმაღლე 100, მაქსიმალური — 300—500 მ-მდეა. აისბერგების სიგრძე-სიგანე 100 კმ-საც აღწევს. ანტარქტიკული აისბერგი ბრტყელი და მაგიდისებრი ფორმისაა. აისბერგის მთელი მოცულობის 83-90% წყალქვეშაა. ოკეანის თბილ წყალში აისბერგი თანდათან დნება და ქრება.
2000 წელს როსის მყინვარს 10 000 კმ²-ზე მსხვილი ზომის აისბერგი მოსყდა; 2005 წელს მისი ნატეხი სიგრძეში 115 კილომეტრი, ხოლო ფართობით 2500 კმ²-ს აღემატებოდა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ აისბერგად რჩებოდა, რომელზეც კი დაკვირვება უწარმოებიათ.
თუკი აისბერგი ლურჯი ფერისაა, ე. ი. მისი ასაკი 1000 წელზე მეტია.
აისბერგები გემების მიმოსვლას უდიდეს საფრთხეს უქმნიან. აისბერგთან შეჯახების შედეგად გემის დაღუპვის ყველაზე ცნობილი ფაქტი ტიტანიკის დაღუპვაა 1912 წელს. ახლა გემებზე საგანგებო ხელსაწყოებით წინასწარ განსაზღვრავენ აისბერგის ადგილმდებარეობას.
აისბერგებში მტკნარი წყლის დიდი რაოდენობაა, ამიტომაც, ჩვენს დროში ხშირია გვალვიან რაიონებში აისბერგების ბუქსურით გადატანა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Iceberg Finder Service for east coast of Canada
- Icebergs of The Arctic and Antarctic დაარქივებული 2009-08-26 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 243-244.
- Геологический словарь, т1, А-Л., М. 1955.