დასავლეთ ციმბირის ვაკე
დასავლეთ ციმბირის ვაკე, დასავლეთ ციმბირის დაბლობი (რუს. Западно-Сибирская равнина) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აკუმულაციური ვაკე-დაბლობი რუსეთსა და ყაზახეთში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კილომეტრზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1000-იდან 1900 კილომეტრამდე.[1]
დასავლეთ ციმბირის ვაკე | |
---|---|
დასავლეთ ციმბირის ვაკე | |
კოორდინატები: 62° ჩ. გ. 76° ა. გ. / 62° ჩ. გ. 76° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი ყაზახეთი |
სიმაღლე | 150 მ |
ფართობი | დაახლ. 3 მლნ. კმ² |
სიგრძე | 2500 კმ |
სიგანე | 1900 კმ |
ფართობი დაახლოებით 3 მლნ. კმ². ზედაპირი სუსტად დანაწევრებული ვაკეა. დაბლობის ჩრდილოეთი და ცენტრალური რაიონების სიმაღლეები 50–150 მ-ის ფარგლებში მერყეობს, ვაკის განაპირა დასავლეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი რაიონები ამაღლებულია 200–300 მ-მდე. ცენტრალურ ნაწილში, ურალიდან მდინარე ენისეის ხეობამდე გადაჭიმულია მცირე მაღლობები — ციმბირის უვალები. დიდ მდინარეებს ვაკეზე გამომუშავებული აქვთ ღრმა (50–80 მ) ხეობები, რომელთა მარჯვენა ნაპირები ციცაბოა, მარცხენა — გაშლილი, ტერასებიანი. ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში არის მორენული სერები და მწკრივები.[1]
წარმოიქმნა ეპიჰერცინული დასავლეთ ციმბირის ფილის ფარგლებში, რომლის საფუძველი აგებულია ინტენსიურად დისლოცირებული პალეოზოური დანალექებით, რომლებიც დაფარულია ფხვიერი ზღვიური და კონტინენტური მეზო-კაინოზოური ქანებით, რომელთა საერთო სიმძლავრე 1000 მ-ზეა მეტია (საფუძველის ღრმულებში 3000–4000 მ).[1]
დასავლეთ ციმბირის ვაკის კლიმატი კონტინენტურია, მკაცრი. ტერიტორია დრენირებულია დაახლოებით 2000 მდინარით, რომელთა საერთო სიგრძე 250 ათას კილომეტრს აღემატება. ყველაზე დიდი მდინარეებია ობი, ენისეი და ირტიში. მდინარეები მეტწილად საზრდოობენ თოვლისა და წვიმის წყლით. ბევრია ტბა და ჭაობი. ტბებიდან აღსანიშნავია ჩანის ტბა, უბინსკოე და სხვა. დასავლეთ ციმბირის ვაკეზე კარგად არის გამოსახული ლანდშაფტების განედური ზონალურობა. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვუარები, ცხელი მიწისქვეშა წყლები. 1970–80-იან წლებში დასავლეთ ციმბირის ვაკის ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით იქნა ამოღებული ნავთობი და ბუნებრივი აირი.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Западно-Сибирская низменность. Очерк природы, М., 1963;
- Западная Сибирь, М., 1963;
- Почвенный покров и земельные ресурсы Российской Федерации. М., 2001.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Западно-Сибирская равнина | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-01. ციტირების თარიღი: 2020-07-05.