თოვლი (გალაკტიონ ტაბიძე)

„თოვლი“გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში სიმბოლისტური ლიტერატურული პრინციპების გავლენით შექმნილი ერთ-ერთი ლექსი, რომელიც დათარიღებულია 1916 წლით. იგი რომანტიკული სიყვარულით შთაგონებული პოეტური ნაშრომია. ესაა სიყვარულის ძლიერი გრძნობით განათებული ლირიკული გმირის აღსარება სატრფოს წარმოსახვითი აჩრდილის წინაშე, დიდი სიტყვიერი ხელოვნებითა და ღრმა ფსიქოლოგიზმით წარმოჩენა იმ წმინდა გრძნობისა, რომელიც ლირიკული გმირისთვის ცხოვრების საზრისად და ამქვეყნიური არსებობის ყველაზე დიდ მიზანსწრაფად ქცეულა.

ლექსის შექმნის შესაძლო ბიძგი

რედაქტირება

გალაკტიონს ხშირად საყვედურობდნენ, რომ ბიძგს ლექსისთვის წიგნებიდანაც იღებდა. არც უამისობა იქნებოდა, რადგან ცხოვრება მას ახალ-ახალი უხვი შთაბეჭდილებებით არ ანებივრებდა. არსებობს ათიან წლების დასაწყისში გამოცემული ერთი რუსული პოეტური ანთოლოგია, „ჩტეც-დეკლამატორი“, რომელშიც იმ დროისთვის გამორჩეულად მიჩნეული ბევრი რუსი და დასავლელი პოეტის ნაშრომია შეტანილი. თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ახალგაზრდა გალაკტიონმა ბევრი რამ ისწავლა ამ წიგნიდან. იქ არის ერთი ბელგიელი ჟორჟ როდენბახის ლექსი, რომელიც ასე მთავრდება: „თოვლის ფიფქებით, როგორც ვარსკვლავებით, სავსეა სული ჩემი.“ ჩვეულებრივი პოეტიზირებული სტრიქონია, მაგრამ გამორიცხულიც არ ჩანს, რომ გალაკტიონის სულ სხვა პოეტური ღირებულებებისა და სულ სხვა სახის შეგრძნებები სწორედ ამ სტრიქონს გამოეღვიძებინოს:

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!

სავსებით არაა გამორიცხული, ბიძგი სწორედ როდენბახის სტრიქონს გაეჩინა. თუმცა, შეიძლებოდა, ამგვარი ბიძგი გალაკტიონს ქუჩაში ყურმოკრული სიტყვისგანაც მიეღო.

ასოციაციები

რედაქტირება

ალბათ, სიტყვებიც ისეთივე ტანჯვით იბადებოდნენ, რა ტანჯვაც ახლავს შობის პროცესს. ადამიანი რაღაც უცხო, ჯერაც არგანცდილი გრძნობითაა შეპყრობილი. ამ გრძნობის გარეთ გამოტანასა და გასაგნებას იგი მისთვის სახელის დარქმევით ცდილობს. მაგალითისთვის გამოდგება მწირის ტანჟვა ილიას „განდეგილიდან“: „ან რა უწოდოს, ან რა დაარქვას, ამ ჯერ არცნობილ ნეტარებასა“. დიდი ვნება იმ მაგიური ძალით, იმ პირველქმნილი მადლით ბადებს უკვე ნაცნობ სიტყვას, რა მადლითა და ტკივილითაც იგი პირველად წასცდა კაცთაგანს. ტანჯვით შობის მიუხედავად, თვით სიტყვა სრული ადეკვატურობით მაინც ვერასოდეს გადმოსცემს იმ გრძნობის, იმ მოვლენის, იმ საგნის არსს, რის სამოსელადაცაა განსაზღვრული. ამიტომ შემთხვევით არ წამოსცდება პოეტს: სხვას გათქმევინებს წყეული რითმაო. აქ „რითმას“ წარმატებით შეიძლება ჩავუნაცვლოთ „სიტყვა“, ვინაიდან სწორედ სიტყვამ ვერ შეძლო ვნების სრულად გამოხატვა, რასაც ბარათაშვილი სენტენციის სახეს აძლევს: „მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა“.

 
თოვლის კრისტალები, გადიდებული ელექტრონული მიკროსკოპით. მათ მართლაც მოლურჯო-მომწვანო-მოიისფრო ფერი აქვთ. თუმცა გალაკტიონს ეს ვერ ეცოდინებოდა ლექსის წერისას, 1916 წელს...

გამომდინარე ზემოთქულიდან, სიტყვის სემანტიკურ ფუნქციაზე მეტად პოეტები მის ასოციაციურ შესაძლებლობებს ენდობიან... აბა ვის უნახავს „იისფერი თოვლი“ ან „უდაბნო ლურჯად ნახავერდები“, მაგრამ ამ უცნაური სინტაგმებით პოეტი სწორედაც საგნობრივ ასოციაციებს აღძრავს საერთო კონტექსტში:

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ასე ერთბაშად და მოულოდნელად აღმოჩნდება მკითხველი უცნაური პოეტური წარმოსახვებისა და ხილვების აზრობრივად რთულ, მაგრამ მომხიბვლელ ასოციაციებში გახვეული ლექსის პირველივე სტროფით. რამდენ ასოციაციას აღძრავს თუნდაც მხოლოდ ეს სტრიქონი — „ქალწულებივით ხიდიდან ფენა“:

  1. სიწმინდის,
  2. სიწმინდის, ანუ ქალწულის, დაცემის (ხიდიდან ფენა),
  3. ლირიკული გმირის განწირულების: ხიდის ხსენება, თითქოს მასზე შემდგარი ცხოვრებაზე ხელჩაქნეული კაცის ხატებასაც წარმოგვიდგენს, რომლის სულიერი პორტრეტიც ვირტუოზულად იხატება ასოციაციური სტრიქონებით:

ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება,
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები.

რა არის იანვარი? — სიცივე, ყინვა, გაუსაძლისობა, რომელიც პოეტის სულში ჩაბუდებულა და რომელსაც მოძმედ არ ეძნელება.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ლიტერატურული გრძნეულების მადლს ალბათ ყოველი ჭეშმარიტი მკითხველი მისებურად, სუბიექტურად გაიგებს, გაიაზრებს და აღიქვამს. ასე რომ ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს თუნდაც „ქალწულებივით ხიდიდან ფენა“, ყოვლად შეუძლებელია არსებობდეს.

მთლიანი ლექსის ვიზუალური სურათიც ასოციაციური შეპირისპირების ხერხით გამოკვეთს სათქმელს. „ძვირფასო, სული მევსება თოვლით“, „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის“ — სიმბოლურად ნაჩვენები სურათია ეულად შთენილი სულისა, რომელსაც ახსენდება სულის გაზაფხულისიყვარული. ეს ყოფილი ბედნიერება სულისა, ეს მონატრება, ხაზგასმულია თოვლის ფონზე მინდვრის ფოთლების მოულოდნელი აელვარებით:

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

„თოვლი“ არ არის გამარჯვებული სიყვარულის აპოლოგია. იგი, უპირველეს ყოვლისა, ამ გრძნობის ტრაგიკული თვითგანცდის ნაყოფია, მარტოსულად დარჩენილი პოეტის ცრემლიანი აღსარებაა საყვარელი არსების წარმოსახვითი აჩრდილის წინაშე. პოეტი ტრაგიკული სიმძაფრით ხატავს „მწუხარე გრძნობით“ დამძიმებულ მის სულიერ განწყობილებას. იისფერი თოვლი და ზამთრის სიცივე სიმბოლურ-ალეგორიულად ასოცირდება იმ სევდა-ნაღველთან, რომელიც სატრფოსთან განშორების შედეგია. ზამთრის „ლურჯად ნახავერდებ უდაბნოში“, „მწუხარე გრძნობის“ პირისპირ „მარტო, სულ მარტო“ შთენილი პოეტი იმ დღეზე ოცნებობს, როდესაც ზამთრის სიცივეს გადაურჩება და ყოველივე ამას თავს დააღწევს:

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ასეთი სტრიქონები, როგორც წესი, ძალდაუტანებლად იკავებენ ადგილს მკითხველის მეხსიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლექსის საერთო მიზანსწრაფვა და სულისკვეთება მკითხველისთვის არც თუ ისე ძნელი შესაცნობია, მასში ნათელი ბუნდოვანებით მოცული ბევრი ისეთი პოეტური სახეც გვხვდება, რომელთა ბოლომდე შეცნობა და სწორხაზოვნად გააზრება მეტად ძნელია და ბევრ პირობითობასთან დაკავშირებული. პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ასოციაციურ უცნაურობებში და პოეტურ სახეთა აღქმით-წარმოსახვით თავისებურებებში უნდა დავინახოთ სიმბოლისტური ესთეტიკის გამოვლინებანი გალაკტიონის ამ ლექსში და მსგავსი ხასიათის სხვა ნაწარმოებებში. „აზრობრივი ბუნდოვანების“ მიუხედავად, დიდ პოეზიას ოდნავ მაინც ნაზიარები ყოველი მკითხველი ქვეცნობიერი გუმანით დაუეჭვებლად წვდება იმ გრძნეულების ხიბლს, რომელიც ამგვარ პოეტურ სახეებს ახლავს ხოლმე თან. ეს სახეები ზოგიერთმა შესაძლოა მხოლოდღა უაზრო რებუსებად ან სიტყვიერ აბდაუბდათაც კი მიიჩნიოს. მაგრამ მათი უმთავრესი ლიტერატურული ღირებულება პირველ ყოვლისა, ალბათ, სწორედ ასეთ „აზრობრივ აბსურდულობაში“ ვლინდება, იმ პარადოქსულ ასოციაციურ ხილვებსა და აღქმით-წარმოსახვით უცნაურობებში, რომელთა საფუძველზე ისინი არიან შექმნილნი.

მუსიკა და მხატვრობა ლექსში

რედაქტირება

გალაკტიონის ამ ლექსში თანაბრად ძლიერია პოეზია, მუსიკა და მხატვრობა, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ლექსს. „იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა“, „უდაბნო ლურჯად ნახავერდები“, „თოვლთა დაფნა“ და კიდევ სხვები ისეთ ცოცხალ სურათს ქმნის, თითქოს დიდი მხატვრის ნამუშევარი გაცოცხლებულიყოს. პოეზიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მუსიკა ამ ლექსში დომინანტობს კიდეც:

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!

ამ სტრიქონების მუსიკის აღქმას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. არათუ თანხმოვნები, ხმოვნებიც ისეა გადანაწილებული, რომ მათი მუსიკალობის ჩვენებისას მხოლოდ ალიტერაციულობაზე ხაზგასმა არაფერს მოგვცემს. აქ მუსიკას აჩენს არა მხოლოდ ალიტერაცია, არამედ შეგრძნებათა გადმოცემის ემოციური სიზუსტეც. თოვლით სულის ავსება დროშია განფენილი, გახანგრძლივებულია, სიტყვა „ძვირფასო“ ინტიმურ ელფერს აძლევს ფრაზას, თითქმის ჩურჩულამდე დაჰყავს და ამ კონტექსტში „სიბერის“ შემოტანა მოულოდნელად იდუმალ მუსიკალურ აკორდად კრავს მკითხველის შეგრძნებას.

გალაკტიონი ერთგან ამბობს: მუსიკა აკეთილშობილებს ადამიანებსო. ფაქტია, რომ იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ლექსის მუსიკალურ მხარეს, მის „მუსიკალობას“. ეს დასტურდება როგორც მისი ამ და სხვა მრავალი ლექსით, ასევე მისი წერილით, რომელიც ქართულ ლექსს ეხება. გალაკტიონის აზრით, რომ თუ ლექსმა მუსიკალობა დაკარგა, საჭიროა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ხსნის გზას კი იგი ხალხურ პოეზიაში ხედავს, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალურობით. ხალხური პოეზია შეგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივი, იგი კრისტალურად წმინდაა.“

ია ეკალაძე ერთგან წერს: „გალაკტიონის პოეზია ტკბილია, ვით რძე დედისა“. სწორედ ეს მუსიკალობა ანიჭებს მას ამ სიტკბოს. სწორედ ამის გამოა, რომ გალაკტიონის ლექსები ხშირად იქცევიან ხოლმე სიმღერის ტექსტებად. ბოლომდე გამოურკვეველი კანონზომიერებით იქმნება მუსიკა, რომელიც თანამდევია არა მხოლოდ ამ ლექსისთვის, არამედ საერთოდ გალაკტიონის პოეზიისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით წერედიანი (2009). „მუსიკა უპირველეს ყოვლისა“, რედ. ნონა ლეიაშვილი, გულავრ ჭარელიშვილი: ქართული ენა და ლიტერატურა: XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ტომი V, მასწავლებლის ბიბლიოთეკა. თბილისი: გამოცდების ეროვნული ცენტრი. 
  • ნოდარ გრიგალაშვილი (2004). რედ. ამირან გომართელი: სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, მეოთხე გამოცემა, თბილისი: "უნივერსალი". ISBN 99940-32-02-X. 
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი (2004). ქართული ლიტერატურა, XI კლასი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ISBN 99928-79-37-8. 
  • ია ეკალაძე (1989). „მკითხველებს (ძღვნად გალაკტიონ ტაბიძეს)“, რედ. ნ. სუხიტაშვილი: გალაკტიონ ტაბიძე: რჩეული. თბილისი: "განათლება". ISBN 5-505-00156-4. 
  • გალაკტიონი (PDF), DLF.GE. ციტირების თარიღი: 2011-01-17. 
  • ვახტანგ ჯავახაძე (1991). უცნობი. თბილისი: „ნაკადული“. ISBN 5-525-00540-90 Invalid ISBN. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: