განსაზღვრება
განსაზღვრება ჰქვია წინადადების არამთავარ წევრს, რომელიც ახლავს არსებით სახელს და საგანს რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს, განსაზღვრავს. იგი გადმოიცემა:
- არსებითი სახელით – მაგ: მეზობლის სახლი
- ზედსართავი სახელით – მაგ: კარგი ამხანაგი
- რიცხვითი სახელით – მაგ: მეოცე საუკუნე
- ნაცვალსახელით – მაგ: ჩვენი სამშობლო
- სახელზმნით – მაგ: დაბურული ტყე
განსაზღვრება და მისგან განსაზღვრული სახელი ერთმანეთის მსაზღვრელ-მსაზღვრულია.
გასაზღვრების კითხვები
რედაქტირებაგანსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? სადაური? როდინდელი? ვისი? რის? მაგალითები:
- როგორი? – ბუხარში ნელი ცეცხლი ენთო.
- რომელი? – აყვავდა ბაღში თეთრი ალუჩა.
- რამდენი? – ლოდზე ორი მწყემსი იჯდა.
- სადაური? – საიდანღაც მოიტანეს სვანური ჭიანური.
- როდინდელი? – მას გუშინდელი ამბავი ვუამბე.
- ვისი? – მამამ ისევ თავისი საქმე განაგრძო.
- რის? – მთის ფერდობზე აყვავდა ია.
განსაზღვრება ფორმის მიხედვით ორგვარია: შეთანხმებული და მართული.
შეთანხმებული განსაზღვრება
რედაქტირებაშეთანხმებულია განსაზღვრება, თუ მისი ბრუნვის (და რიცხვის) ფორმა დამოკიდებულია საზღვრული სახელის ბრუნვის რიცხვსა (და სახელის) ფორმაზე. მაგალითად ვამბობთ: ხმელი წიფელი, ხმელმა წიფელმა, ხმელო წიფელო.
განსაზღვრება, რომელიც აქ ზედსართავი სახელითაა გადმოცემული, ეთანხმება საზღვრულ არსებითს ბრუნვაში. განსაზღვრება საზღვრულ სახელს ზოგჯერ შეიძლება შეეთანხმოს მრავლობით რიცხვშიც. მაგ: დაღამდა, წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა.
მართული განსაზღვრება
რედაქტირებამართულია განსაზღვრება, რომელიც არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმით არის გადმოცემული (უთანდებულოდ) და აღნიშნავს კუთვნილებას, ან მასალას, ან კიდევ დანიშნულებას: მეგობრის (კუთვნილება) წიგნი, აგურის (მასალა) სახლი, სუფრის (დანიშნლება) კოვზი.
განსაზღვრება დღევანდელ ქართულში ჩვეულებრივ საზღვრული სახელის წინ დგას, მაგრამ ზოგჯერ (უფრო ლექსებში) ის საზღვრულის შემდეგ დგას.
განსაზღვრების საზღვრულთან შეწყობის წესები
რედაქტირებაგანსაზღვრების საზღვრულთან შეწყობის წესებია:
1. ბოლოხმოვნიანი სახელით გადმოცემული განსაზღვრება, რომელიც საზღვრულის წინ დგას, დღევანდელ ქართულში ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს:
- სახ. – მწვანე მინდორი
- მოთხ. – მწვანე მინდორმა
- მიც. – მწვანე მინდორს
- ნათ. – მწვანე მინდვრის
- მოქ. – მწვანე მინდვრით
- ვით. მწვანე მინდვრად
- წოდ. მწვანე მინდორო
2. ბოლოთანხმოვნიანი სახელით გადმოცემული წინ მდგომი განსაზღვრება ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს სახელობითში, მოთხრობითში და წოდებითში.
3. I და II პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელებით გადმოცემულ განსაზღვრებას უნდა დაერთოს „ს“ მიცემითსა და ვითარებითში: ჩემს მეგობრად, შენს მეგობარს და ა. შ.
4. საკუთარი სახელის განსაზღვრებისას გამოყენებული ბოლოთანხმოვნიანი არსებითი სახელი ბრუნვის ნიშნებს დაირთავს სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში, დანარჩენ ოთხ ბრუნვაში ფუძის სახით არის წარმოდგენილი. მაგ:
- მეგობარი ვახტანგი
- მეგობარმა ვახტანგმა
- მეგობარ ვახტანგს
- მეგობარ ვახტანგის
- მეგობარ ვახტანგით
- მეგობარ ვახტანგად
- მეგობარო ვახტანგ
5. ბოლოხმოვნიანი სახელით გადმოცემული განსაზღვრება, რომელიც საზღვრული სახელის შემდეგაა, დაირთავს ბრუნვის ნიშნებს.
6. გათიშული განსაზღვრება დაირთავს ბრუნვის ნიშნებს მაშინაც, როცა ის უსწრებს საზღვრულ სახელს.
7. მართულია განსაზღვრება, რომელიც საზღვრულის წინ დგას, არ იცვლება.