თეთრკუდა ფსოვი,[1] ან ჩვეულებრივი ფსოვი[2] (ლათ. Haliaeetus albicilla) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ,[3] ფრთების შლილი 200–245 სმ,[4] მასა 3075–6920 გრამი.[5] ზრდასრულს აქვს დიდი და ძლიერი ყვითელი ნისკარტი, მოკლე, სოლისებრი, თეთრი ფერის კუდი და ფართო ფრთები. თავი და კისერი მუქი ყავისფერია. ახალგაზრდას აქვს მუქი ნისკარტი და მოყავისფრო-მოშავო დაწინწკლული შეფერილობა,[4] მკერდზე განივი ლაქები, კუდის ზედა მხარეს მარმარილოსებრი ნახატი,[6] გრძივი ფრთის ქვედა მხარეზე იღლიის ბუმბულები ღია ფერისაა; მუქი არშიები არტყია საჭისა და მომქნევ ბუმბულებს.[3] ხმა — ყრუ „კრა-კრა“.[7]

თეთრკუდა ფსოვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Haliaeetus albicilla (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695137
გავრცელება

  ბუდობის რაიონები
  მთელი წლის განმვალობაში გავრცელების რაიონები
  გამოზამთრების რაიონები
  მიგრაციის მარშრუტები
  რეინტროდუცირებული

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში, ასევე ისლანდიასა და გრენლანდიაზე; ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ფსოვი XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე გვხვდებოდა ახალციხეში, აწყურსა და ბორჯომში, მცხეთაში, თბილისის შემოგარენში, თეთრიწყაროს მიდამოებში, მდინარეებისქვაბლიანის, აჭარისწყლის სათავეებში, მდინარე ხრამის ხეობაში. ამჟამად შეინიშნება შირაქ-ელდარის ველზე, ერწოსა და პალიასტომის ტბების სიახლოვეს და ჯავახეთში.[8] აქ მისი ბუდობა არ ფიქსირდება, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გვხვდება.[4] ბინადრობს მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირებზე, ჭალებში, მეჩხერტყიან ჭაობებში.[3] 1982 წლისთვის საქართველოში 20-მდე ფსოვი ივარაუდებოდა.[8]

იკვებება უმთავრესად თევზით. საკვებად აგრეთვე იყენებს მსხვილი ძუძუმწოვრების ლეშს.[4]

ცხოვრობს მარტო ან წყვილებში.[7] სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ორი წლის ასაკში. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე (6–25 მეტრი). ზოგჯერ რამდენიმე ბუდეც აქვს და მორიგეობით იყენებს მათ. დიდი ზომისაა, დიამეტრში 1,5 მეტრს აღწევს, სიმაღლეშე — 1–1,5 მეტრს.[8] მარტ-აპრილში დებს 1–3 თეთრ კვერცხს მოწითურო ლაქებით.[7] ინკუბაცია ერთი თვე გრძელდება. ტყვეობაში ვერ მრავლდება.[8]

საბუდარი ტერიტორიების რიცხვმა მკვეთრად იკლო სწრაფი ანთროპოგენიზაციის გამო. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: წყალსატევების გაჭუჭყიანება შხამებით, სასოფლო-სამეურნეო მავნე მღრღნელების წინააღმდეგ შხამქიმიკატების გამოყენება, საბუდრების მოშლა. 1976 წლის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში ჰყავდათ ერთი ფსოვი.[8] შეტანილია საქართველოს წითელ „ნუსხაში“.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 182.
  2. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 417.
  3. 3.0 3.1 3.2 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 50, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 42, თბ., 2002.
  5. White-tailed Eagle (Haliaeetus albicilla). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2020.
  6. Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 116. 432 с.
  7. 7.0 7.1 7.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 33, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  9. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2020.