თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი — ზოოლოგიური პარკი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა.

თბილისის ზოოპარკის ბეჰემოთი

ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ პროფესორი პ. მანტეიფელი – მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო–კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ლენინგრადის (პეტერბურგის) ზოოპარკის არქიტექტორი ვ. სტეპანოვი, ქართველი მეცნიერები: ი. ჩხიკვიშვილი, არჩილ ჯანაშვილი, ზ. როსტომბეკოვი და სხვ. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით, ზოოპარკში, შეძლებისდაგვარად, ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები).

თბილისის ზოოპარკის აკვარიუმი

თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვ. წლების განმავლობაში ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი არჩილ ჯანაშვილი. გასული საუკუნის 30–ან წლებში თბილისის ზოოპარკში მიღებულ იქნა ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდი — ჯიხვთხა, ასევე, ზებრისა და თუშური ჯიშის ცხენის ნაჯვარი – ზებროიდი (რომელიც თავის მშობლებთან შედარებით უფრო გამძლეა); შესწავლილ იქნა სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა და ა. შ.) ბიოლოგია.

თბილისის ზოოპარკის აკვარიუმი

თბილისის ზოოლოგიურ პარკში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდნენ ასევე: ი. ჯანდიერი, მ. რჩეულიშვილი, დ. აგლაძე, ნ. ბადრიაშვილი, ს. ერქომაიშვილი, ც. ჭელიძე და სხვები. მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდნენ ივანე ბერიტაშვილი, ნ. ძიძიშვილი. 1931 ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. ამავე დროს შეიქმნა ზოოლოგიური მუზეუმიც. ბევრი რამ ზოოპარკში გაკეთდა დირექტორ გ. განსონის დროს (1934–1944 წწ.), რომელიც ძალიან განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება იყო. ეს იყო თბილისის ზოოპარკის აღმშენებლობის პერიოდი. ამ წლებში აქ მრავალი სამეცნიერო ცდა ტარდებოდა. ათვისებულ იქნა გამოყოფილი მიწის დიდი ფართობი, აშენდა ახალი ნაგებობები და ვოლიერები, მოეწყო გაზონები და ყვავილნარები, ბოსტანი (აქ მოყვანილი მწვანილი და ბოსტნეული გამოიყენებოდა ცხოველთა საკვებად), გაიხსნა რადიოკვანძი, ბავშვების გასასეირნებლად ზოოპარკის ტერიტორიაზე მოძრაობდა პონის ეტლი და ა. შ.

თბილისის ზოოპარკის აკვარიუმი

1935 წელს ილია ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ-ს გადაეცა. დიდი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით ბეწვიანი ნადირების მოშენებას. 1936 წელს არჩილ ჯანაშვილის რედაქციით გამოიცა თბილისის ზოოპარკის პირველი გზამკვლევი. 1938 წელს თბილისის ზოოპარკში მოსკოვიდან ჩამოყვანილ იქნა პირველი სპილო – 3 წლის სპლიყვი სახელად მალკა, ასევე, შიმპანზე, ბეჰემოთი, ავსტრალიური და ამერიკული სირაქლემები, თუთიყუშები, ავსტრალიური შავი გედები და ა. შ. ეს დიდი მოვლენა იყო იმდროინდელი ზოოპარკის ცხოვრებაში: მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით, რომლებიც თბილისელებს ახალი მობინადრეების შესახებ ამცნობდა. თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერ-მუშაკები მუდმივად აწარმოებდნენ დაკვირვებას ფრინველებსა და ცხოველებზე, რის შედეგადაც აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს („თბილისის ზოოპარკის შრომები“, 1948–1949 წწ.).

თბილისის ზოოპარკის აკვარიუმი

თბილისის ზოოპარკი 1993–1994 წლებში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო ზოოპარკს ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ დროს მრავალი ცხოველი შიმშილისგან დაიხოცა – ამურის ვეფხვები, თეთრი დათვი, აზიური ჯიქის ოჯახი, ბენგალური ვეფხვები, ზებრების ოჯახი, აფრიკული კამეჩის წყვილი, ოცელოტის წყვილი. ზოოპარკის თანამშრომელბი იძულებულები იყვნენ ერთი მკვდარი ცხოველით მეორე გამოეკვებათ.[1]

თბილისის ზოოპარკის აკვარიუმი

2009 წელს გმირთა მოედანზე დაწყებულმა თბილისის ესტაკადის შენებლობამ ზოოპარკის სხვაგან გადატანის აუცილებლობა წარმოშვა. თუმცა, სად გადაინაცვლებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.[2]

თბილისის ზოოპარკის აკვარიუმი

2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოლოგიური პარკის ქვემო ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, გარდაიცვალა რამდენიმე თანამშრომელი.[3] ზოოლოგიურმა პარკმა მუშაობა სტიქიიდან 3 თვეში, 13 სექტემბრიდან განაახლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშვილი, არჩილ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 606.
  • ჯანაშვილი, არჩილ; სირბილაძე, შ. (1960) თბილისის ზოოპარკი. თბილისი. 
  • ჯანაშვილი, არჩილ (1948-1949). თბილისის ზოოპარკის შრომები (2 ნაწილად) (ქართული, რუსული). თბილისი. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვლადიმერ ნიბლიაშვილი, ცოცხლად დამარხული ზოოპარკი, ჩვენი მწერლობა, №3, 2011, გვ. 56
  2. ვლადიმერ ნიბლიაშვილი, ცოცხლად დამარხული ზოოპარკი, გვ. 57
  3. შსს მოსახლეობას აფრთხილებს, ქალაქში გაადგილებისგან თავი შეიკავონ. 1 არხი