თეთრა მღვიმე

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

თეთრა მღვიმე, წყალტუბოს მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალტუბოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ში. მდებარეობს წყალტუბოს მასივზე, ზღვის დონიდან 80 მ სიმაღლეზე.[1] გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ფორმირება მოხდა ფრეატიულ რეჟიმში წნევიანი წყლების აქტიური მოქმედებით. მოგვიანებით მის ფორმირებაში აქტიური როლი ითამაშა წყლის დროებითმა ნაკადებმა. ამჟამად მღვიმე იმყოფება განვითარების მშრალ-ტალანურ სტადიაში. თეთრა მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით.[2]

თეთრა მღვიმე
კოორდინატები: 42°19′46″ ჩ. გ. 42°37′02″ ა. გ. / 42.32944° ჩ. გ. 42.61722° ა. გ. / 42.32944; 42.61722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 80 მ
სიგრძე 100 მ
მოცულობა 0,009 მლნ. მ³
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
თეთრა მღვიმე — საქართველო
თეთრა მღვიმე
თეთრა მღვიმე — იმერეთის მხარე
თეთრა მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი 7 მ სიღრმის და 2 მ დიამეტრის შვეული ხვრელითაა წარმოდგენილი. მღვიმე აგრეთვე ხელოვნურად გაჭრილი ჰორიზონტალური გვირაბით უკავშირდება ვრცელ, ჰორიზონტალურფსკერიან დარბაზს, რომლის სიგრძე დაახლოებით 100 მ-ია, სიგანე 10–25 მ, ხოლო ჭერის სიმაღლე 6–10 მ დიაპაზონში იცვლება. ერთიანი სივრცე პირობითად იყოფა სამ სხვადასხვა ზომის დარბაზად. ფსკერის ფართობი დაახლოებით 2000 მ², მოცულობა 9000 მ³.[2]

მდიდარია მრავალფეროვანი ნაღვენთი წარმონაქმნებით, მათ შორის სტალაგმიტებით, სტალაქტიტებით, სვეტებით, „მცურავი კალციტებით“, „ბორდიურებითა“ და სხვა. არის გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. ზოგიერთ უბანზე თიხის ნაფენების სისქე 9–10 მ-ს აღწევს. დიზუნქტიური დისლოკაციებით წარმოქმნილი ნაპრალთა სისტემები სუსტადაა გამოხატული.[2]

თეთრა მღვიმე განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა XX საუკუნის 70–90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის. მღვიმეში წარმატებით ტარდებოდა ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვთა სისტემით და ჰიპერტონიით დაავადებული პაციენტების ინტენსიური სპელეოთერაპია.[3]

2008 წლის აპრილში ჩატარებული ექსპედიციის დროს აღმოჩნდა, რომ მღვიმის კარები იყო გატეხილი, ხოლო მღვიმეში დატოვებული იყო ადამიანების არასანქცირებული ყოფნის კვალი: ბოთლები, ნაგავი, საკვების, კოცონის ნარჩენები და სხვა. 2010 წლისათვის დამუშავდა წინადადებები თეთრა მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო პოტენციალის დასაბრუნებლად. სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებამ პრაქტიკულად მთლიანად აღადგინა მღვიმის უნიკალური მიკროკლიმატური და ბიოკლიმატური თვისებები. 2018 წლის 24 ივნისის საექსპედიციო გაზომვების შედეგებით, მღვიმის რადიოაქტიური და იონიზაციური მდგომარეობა იყო აღდგენილი და მაჩვენებლები დაუბრუნდა ადრინდელ სიდიდეებს.[2]

მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. არქეოლოგიურად შეისწავლეს 1954–55 (ხელმძღვანელი ალექსანდრე კალანდაძე) და 1956 წლიდან (ხელმძღვანელი კარლო კალანდაძე).[4] თეთრა მღვიმეს ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი. ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანის ძვლები, მათ მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და საბრძოლო იარაღები, მათ შორის, სპილენძის ისრის პირი, აგრეთვე მღვიმური დათვის, ირმის, ბიზონის, მგლის, მელას, კურდღლის ძვლები და კერამიკის ნაშთები.[1]

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში თეთრა მღვიმე კოსმონავტების მოსამზადებელ-სარეაბილიტაციო ადგილიც იყო. ვინაიდან მღვიმე ჭარბტენიანია და აქ მუდმივი ტემპერატურა 13–14 °C-ია, კარგი გარემო იქმნება ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ იმერეთში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მღვიმეში საცავი და დაძველებისთვის საჭირო სივრცეები შექმნა. მღვიმეს სპეციფიკური კლიმატი და მეტეოროლოგიური რეჟიმი გააჩნია.[5]

მღვიმე ელექტრონული აუქციონის შედეგად, 2019 წელს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „თეთრა ჯგუფს“. მეიჯარე კომპანიის მიერ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში, თეთრა მღვიმის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაში 400 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. მოხდა ჭერისა და კედლების ვანდალური კვალისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გასუფთავება, ვიზიტორთათვის მოეწყო ეკოტურისტული სივრცეები.[6] ბუნების ძეგლია.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 49–50
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ჟურნალი „ქართველი მეცნიერები“. ტ. 3. 2021, გვ. 1–15
  3. იორამ თარხან-მოურავი. სპელეოთერაპია : [მონოგრაფია]. თბ., 2000, გვ. 85
  4. კალანდაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 10.
  5. დაცული ტერიტორიების სააგენტო | თეთრა მღვიმე
  6. წყალტუბოში თეთრა მღვიმე მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს
  7. დაცული ტერიტორიების სააგენტო | თეთრა მღვიმე