ერუშეთის ეროვნული პარკი
ერუშეთის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკი) საქართველოში. მდებარეობს მცირე კავკასიონზე, ერუშეთის მაღლობზე. მოიცავს ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ნაწილს: ვალეს, ასპინძას, ახალციხეს, მდინარე ურავლის ხეობას და მიმდებარე ტერიტორიებს.
ერუშეთის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ერუშეთის მთიანეთი |
ფართობი | 11 407 ჰა |
დაარსდა | 2021 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
შეიქმნა 2021 წელს. საკუთრივ ერუშეთის ეროვნული პარკის გარდა, ერუშეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ასევე ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას (დამხმარე ზონას). პარკის საერთო ფართობია 11 407 ჰა (2023 წლის მონაცემებით), მოიცავს ორ უბანს: ურავლის (6277 ჰა) და წყალთბილას (5108 ჰა). ერუშეთის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი მიუყვება თურქეთთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. სასაზღვრო ზონაში გადასაადგილებლად საჭიროა სპეციალური საშვის მიღება.
ბიომრავალფეროვნება
რედაქტირებაერუშეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების გამორჩეულობას განპირობებულია მისი გარდამავალი ბიოგეოგრაფიული მდებარეობა კოლხეთის ტენიან მთებს, მცირე კავკასიონის ზომიერ ცენტრალური ნაწილსა და ჯავახეთის კონტინენტურ ზეგანს შორის. ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია უნიკალური სახეობათა შემადგენლობის მქონე ტყეები, ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები. პარკის ტერიტორიაზე გამოხატულია სამი ძირითადი სარტყელი:
- უროიანი სტეპების, მთის ქსეროფიტების (900-1300მ) და ფართოფოთლოვანი ტყის (1300-1900მ),
- სუბალპური სარტყელი (1850- 2400(2500 მ) არყნარებით (Betula litwinowii), ჭნავით (Sorbus caucasigena), მდგნალით (Salix caprea), მაღალმთის მუხნარებით (Quercus macranthera), ნაძვნარებითა (Picea orientalis) და სუბალპური მდელოებით,
- ალპური სარტყელი (2500-2950 მ) მაღალმთის მდელოების სხვადასხვა ვარიანტებით მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, მარმუჭიანი (Alchemilla erythropoda), ძიგვიანი (Nardus stricta) და ალპური ხალებით (Campanula aucheri, Carum caucasicum).
საქართველოს “წითელ ნუსხის” ხე-მცენარეებიდან, გარდა რელიქტური მაღალმთის მუხისა (Quercus macranthera), რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პარკის ტერიტორიაზე, მთის ზედა სარტყლებში, აღსანიშნავია, ასევე, უხრავი (Ostrya carpinifolia), რომლის ტყის ფრაგმენტები გვხვდება ურაველის ხეობაში. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ასევე, გვხვდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-მცენარეები — პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) და კაკალი (Juglans regia L.).
ერუშეთის მთიანეთზე დღეისთვის გვხვდება 16 სახეობის თევზი, 5 სახეობის ამფიბია, 15 სახეობის ქვეწარმავალი, 108 სახეობის ფრინველი და 45 სახეობის ძუძუმწოვარი. ერუშეთის ფლორიდან აღსანიშნავია „წითელ ნუსხის” შემდეგი სახეობები: ფოცხვერი (Lynx lynx), დათვი (Ursus arctos); კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), წავი (Lutra lutra), ბექობის არწივი (Aquila heliaca), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), წითელი იხვი (Tadorna ferruginea), კავკასიური როჭო (Lyrurus mlocosiewiczi), ნაკადულის კალმახი (Salmo trutta fario), დარევსკის გველგესლა (Vipera darevskii), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), ნერინგის ბრუცა (Nannospalax nehringi), ნაცრისფერი ზაზუნელა (Cricetulus migratorius), ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია — სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.
- ერუშეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება — სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.