ბეგობის არწივი
ბეგობის არწივი[1][2] (ლათ. Aquila heliaca) — მტაცებელი ფრინველი ქორისნაირთა რიგისა.[3] სხეულის საერთო სიგრძე 72–84 სმ აღწევს,[1] ფრთების შლილი 180–215 სმ,[4] მამლის მასა 2,4–4,0 კგ, დედლისა — 2,8–4,5 კგ;[5] დედალი მამალზე დიდია.[1] საერთო შეფერილობა მოყავისფრო-შავია. მოყავისფრო თხემი და კეფა კონტრასტულად ჩანს მუქ ყელთან[4] და მკვეთრად ემიჯნება მუქ შუბლს.[6] შედარებით მოკლე კუდი ბოლოვდება ფართო შავი არშიით, გასდევს მუქი ფერის მრავალი ვიწრო ზოლი,[4] ზედა მხარე ღია ნაცრისფერია.[6] მხრებზე აყრია პატარა თეთრი ლაქები. ახალგაზრდა ფრინველი უფრო ღია ფერისაა[4] — საერთო შეფერილობით მოყვითალო-ჟანგისფერი, ზურგზე მურა, მუცელზე — წითურ-ყავისფერი,[7] გასდევს მუქი ღერძულა ზოლები. მეორე ხარისხის მომქნევი ბუმბულების მოსაზღვრე პირველი ხარისხის მომქნევები ღია ფერისაა.[6] სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება.[1] ფრენის დროს ფრთებს ღრმად და მძიმედ იქნევს;[4] ბოლოებზე განლაგებული ბუმბულები თითისებურად ჩანს, კუდი — ძალიან მოკლედ. ხმა — ძლიერი „კიავ-კიავ“.[7]
ბეგობის არწივი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aquila heliaca (Savigny, 1809) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22696048 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა
მთელი წლის განმავლობაში
მიგრაციის მარშრუტები
მიგრაციის რაიონები | |||||||||||||||
|
გავრცელებულია სამხრეთ სლოვაკეთიდან და ბალკანეთიდან (მ. შ. უკრაინისა და რუსეთის სამხრეთში)[8] წინა აზიისა და სამხრეთ ციმბირის გავლით მონღოლეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. ბინადრობს სტეპებში, ტყესტეპსა და უდაბნოებში.[5] იზამთრებს სამხრეთით, ნილოსის ხეობიდან აღმოსავლეთ ჩინეთამდე, მკვიდრი პოპულაციებია წინა აზიასა და ბალკანეთზე,[5] ზოგჯერ მომთაბარეობს.[7] ცხოვრობს მარტო ან წყვილებში. უპირატესობას ანიჭებს ადგილებს კუნძულოვანი ტყეებით ან ფრაგმენტული ხის და ბუჩქნარის მცენარეულობით,[5] მეჩხერ, ფოთლოვან და შერეულ ტყეებს; მთებში ბუდობს ზღვის დონიდან 1400 მეტრამდე.[5] საქართველოში გვხვდება ერთეული წყვილების სახით ორბეთის მიდამოებში, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ვაშლოვანის ნაკრძალის შემოგარენში;[8] შეინიშნება გადაფრენისასაც.[6] ვერტიკალურად აღწევს 2000 მეტრამდე.[1][8] აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრე ფრინველია, დასავლეთ საქართველოში — მიმომფრენი.[1] ჩვენში მეტად მცირერიცხოვანია. 1976 წლის მონაცემებით, ერთი ეგზემპლარი ფიქსირდებოდა თბილისის ზოოპარკში, ერთიც — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე.[8]
ქმნის მუდმივ წყვილს (ერთ-ერთი პარტნიორის სიკვდილამდე). ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე (1–25 მეტრ სიმაღლეზე), იშვიათად კლდეზე ან მიწაზე,[5] მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებზეც.[4][9] მასალად იყენებს ტოტებს. აპრილში დებს 1–4 (ჩვეულებრივ 2–3) თეთრ კვერცხს.[7] დედალ-მამალი კრუხობს 43 დღის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ, ჩვეულებრივ, ხმარობენ 2 ბუდეს.[8] 60–77 დღეში მართვეები ბუდეს ტოვებენ.[5]
უმთავრესად იკვებება 5 კგ-მდე (ჩვეულებრივ 25–1500 გ) მასის ძუძუმწოვრებით, უპირატესად მღრღნელებით,[5] ზოგჯერ თავს ესხმის კურდღლს;[1] იშვიათად მის რაციონში შედის ფრინველები, ქვეწარმავლები და მძორი, ზოგჯერ თევზი და დიდი ზომის მწერები.[5] სპობს სოფლის მეურნეობის მავნებლებს — თრიებს, ზაზუნებს, მემინდვრიებსა და სხვებს.[1] ნადირობს ღია ადგილებში. მსხვერპლს იჭერს მიწაზე ან წყალში, ჩვეულებრივ უთვალთვალებს მას ჰაერიდან; უწინ ამ არწივებს ხშირად ხედავდნენ ყორღანებზე და სხვა ტიპის სამარხებზე შემომჯდარს,[5] ძირითადად ცუდი ამინდის დროს, როდესაც ჰაერში ლივლივის საშუალება არ ჰქონდათ.[9]
რაოდენობა შემცირებულია მთელი არეალის ფარგლებში. მისი მიზეზებია: სწრაფი ანთროპოგენიზაცია, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდა, საკვები ბაზის შემცირება.[8] შეტანილია IUCN-ისა[10] და საქართველოს „წითელ ნუსხებში“.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 264.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 59, 100, 203.
- ↑ Aquila heliaca Savigny, 1809 — IRMNG
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 46, თბ., 2002.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 Лоскот В. М. МОГИЛЬНИК // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 568.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 68, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 34–35, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
- ↑ 9.0 9.1 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 108. 432 с.
- ↑ BirdLife International (2017). „Aquila heliaca“. IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2017: e.T22696048A117070289. doi:10.2305/IUCN.UK.2017-3.RLTS.T22696048A117070289.en.
- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2020.