ლუთერანობა

(გადამისამართდა გვერდიდან ევანგელურ ლუთერული ეკლესია)

ლუთერანიზმიქრისტიანული დენომინაცია, ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ეკლესია. სათავეს იღებს გერმანიაში XVI საუკუნეში მიმდინარე რეფორმაციიდან. ეფუძნება მარტინ ლუთერისა და მისი მიმდევრების მოძღვრებას. ლუთერანიზმში მოცემულია პროტესტანტიზმის ძირითადი დებულებანი. იგი უარყოფს კათოლიციზმის მიდგომას, რომ ეკლესია და სამღვდელოება შუამავალნი არიან ადამიანსა და ღმერთს შორის. რწმენის ერთადერთ ავტორიტეტად და წყაროდ აცხადებს საღვთო წერილს. ლუთერანიზმმა კათოლიციზმისაგან აიღო ყველაფერი ის, რაც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას. შეინარჩუნა საკურთხეველი, ჯვარი, ორგანი, რელიგიური ფერწერა (ხატების გარდა). 7 საიდუმლოდან დატოვა მხოლოდ 2 მთავარი - ნათლისღება და ზიარება. კათოლიკური დოგმა პურისა და ღვინის ქრისტეს სხეულად და სისხლად გარდაქმნის შესახებ შეცვალა ამ დოგმასთან ახლოს მდგომი დებულებით, რომლის თანახმად ქრისტეს სხეული და სისხლი ზიარებას საიდუმლოდ „ესწრება“.

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ლუთერანიზმი გერმანიაში ოფიციალურ სარწმუნოებად იქნა აღიარებული 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით. დღესდღეობით მსოფლიოში 220-ზე მეტი ლუთერანული ეკლესია არსებობს და 80 მილიონზე მეტი ლუერანია. ლუთერანები გერმანიის გარდა ცხოვრობენ შვედეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ესტონეთში, ლატვიასა და აშშ-ში. ტერმინ ლუთერანს თავდაპირველად იყენებდნენ კათოლიკეები, ამით ისინი მარტინ ლუთერს და მის მიმდევრებს აცხადებდნენ მწვალებლებად. მოგვიანებით თავად ლუთერანებმაც დაიწყეს ამ ტერმინით საკუთარი თავის აღნიშნვა. ისინი საკუთარ ეკლესიას ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას უწოდებენ.

ლუთერანობას დიდი გავლენა ჰქონდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებზე. ძლიერი იყო ლუთერანობის გავლენა მუსიკოსებზე, იოჰან სებასტიან ბახზე, მიხაილ პრეტორუსზე, ჰაინრიხ შიუცზე. ლუთერანობობას გავლენა ჰქონდა ფილოსოფიაზეც.

მარტინ ლუთერი

რედაქტირება

მარტინ ლუთერი კათოლიკე ბერი და ღვთისმმეტყველი იყო. ის დიდ დროს უთმობდა წმინდა წერილის შესწავლას. მას ჩამოუყალიბდა კრიტიკული დამოკიდებულება კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებული ზოგიერთი წესის მიმართ. თავდაპირველად მას კათოლიკური ეკლესიის რეფორმა სურდა და მიზნად არ ისახავდა ეკლესიის გაყოფას. მისი პირველი რეფორმატორული ნაბიჯი იყო ინდულგენციების წინააღმდეგ გალაშქრება. 1517 წლის 31 ოქტომბერს ლუთერმა 95 თეზისი გააკრა ვიტენბერგის ტაძრის კარზე. ის ხალხს მოუწოდებდა უარი ეტქვათ ინდულგენციებით ვაჭრობაზე და ეჭვ ქვეშ აყენებდა რომის პაპის ავტორიტეტს. ლუთერმა რწმენის ერთადერთ ავტორიტეტად ბიბლია გამოაცხადა. 517-1520 წლებში ლუთერი აქტიურად ქადაგებდა და აქვეყნებდა კრიტიკულ თხზულებებს. რომის პაპმა მას მოუწოდა უარი ეთქვა თავის იდეებზე. ლუთერმა დაწვა პაპის ბულა, რასაც 1521 წლის იანვარში მოჰყვა მისი და მისი მიმდევრების განდევნა ეკლესიიდან. 1521 წლის 16 აპრილს ლუთერი წარსდგა ვორმსის რაიხსტაგის წინაშე, სადაც დაადასტურა, რომ მხოლოდ წმინდა წერილს ეყრდნობოდა და არა პაპის ავტორიტეტს. რაიხსტაგმა გამოსცა ვომრსის ედიქტი, რომელიც ლუთერს და მის მიმდევრებს კანონგარეშედ აცხადებდა.

ლუთერის იდეები სწრაფად გავრცელდა. უთერი თარგმნიდა ბიბლიას გერმანულად, ურთავდა განმარტებებს, აქვეყნებდა ქადაგებებს. საჰერცოგოების ნაწილმა გაიზიარა მისი ქადაგებები და როდესაც 1529 წელს მისი ნაწერების გავრცელება აიკრძალა, მათ ეს გააპროტესტეს. ლუთერნაული მიმდინარეობა ცალკე ეკლესიად ჩამოყალიბდა 1530 წელს აუგსბურგში რაიხსტაგის შეკრების შემდეგ. ამ კრებაზე ფილიპ მელანხტონმა წარადგინა ლუთერანობის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ეყრდნობიან ლუთერანული ეკლესიები დღესაც.

რეფორმაცია სწრაფად გავღცელდა. რეოფმირებული ეკლესიები აღიარებდნენ მარტინ ლუთერის დიდ და მცირე კატეხიზისს (1529), აუგსბურგის აღმსარებლობას (1530), აუგსბურგის აღმსარებლობის აპოლოგიას (1531), ლუთერის პარაგრაფებს (1537), მელანხტონის ტრაქტატს (1537). დავა ამ ნაწერების ინტერპრეტაციაზე XVI საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა. 1577 წელს შემუშავდა თანხმობის ფორმულა, ოლო 1580 წელს გამოცა თანხმობის წიგნი.

მოძღვრება

რედაქტირება

ლუთერანულ მოძღვრებაში ძირითადია გამართლების დოქტრინა. ლუთერისთვის სულის ხსნა წმინდა წერილის ცენტრალური ნაწილია. ლუთერანებს სწამს, რომ ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლით და რწმენით. წმინდა წერილი შეიცავს ამ ჭეშმარიტებას და თითოეული ადამიანის უფლებაა თავად მივიდეს ღმრეთთან საღვთო სიტყვის დახმარებით. წმინდა წერილი ერთადერთი ავტორიტეტია.მას არ სჭირდება განმარტება. ადამიანის ხსნა ხდება ღვთის მადლის გამო და არა ადამიანის ქმედებების გამო. ღმერთი პატიობს ადამიანს ყველა ცოდვას ქრისტეს გამო. რწმენა არის ღვთის წყალობის მიღების ერთადრეთი გზა.

ორგანიზაცია

რედაქტირება

ლუთერანული ეკლესიის ორგანიზაცია ნაკლებად იერარქიულია. არ არის განსხვავება საერო და სასულიერო პირს შორის. მღვდლის დასახლება ხდება მრევლის მიერ. სამრევლოს ხელმძღვანელია პასტორი. ის აუცილებლად უნდა იყოს თეოლოგი. რეგიონული ნიშნით გაერთიანებულ სამრევლოებს ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი ინიშნება სინოდის მიერ. სინოდი ლუთერანული ეკლესიების სათათბირო და კანონმდებელი ორგანოა. ეპისკოპოსი არ ითვლება პასტორზე მაღალ სასულიერო პირად, მას მხოლოდ საორგანიზაციო ფუნქციები აქვს. ეპისკოპოსიცა და პასტორიც შესაძლოა იყოს როგორც კაცი, ასევე ქალი.

რიტუალები

რედაქტირება

მარტინ ლუთერმა შეიმუშავა ღვთისმსახურების გარკვეული თანმიმდევრობა, თუმცა არ არსებობს ყველა ლუთერანული ეკლესიისთვის სავალდებულო ერთი განაწესი. ეკლესიებს აქვთ საკუთარი ტიპიკონი, სადაც განსაზღვრულია ღვთისმსახურების თანმიმდევრობა, საკითხავები, ლოცვები, საგალობლები. წირვის ცენტრალური ელემენტებია ქადაგება და საიდუმლო. საიდუმლოებად ითვლება ნათლობა და ზიარება.

ლუთერანულ ეკლესიაში გავრცელებულია კონფირმაციის რიტუალი. კონფირმაცია ნათლობის დადასტურებაა და მას მოზარდობის ასაკში გადიან. მას წინ უძღვის კონფირმაციის გაკვეთილები. ზოგ ლუთერანულ ეკლსიაში მხოლოდ კონფირმაციის შემდეგ არის დასაშვები ზიარება. ზიარებისას პური და ღვინო ურიგდება ღვთისმსახურების ყველა მონაწილეს. საიდომლოდ არ მიიჩნევა ქორწინება. ჯვრისწერას მხოლოდ რიტუალური დანიშNულება აქვს.

ღვთისმსახურებისას განსაკუთრებულ როლს ასრულებს მუსიკა და საგალობლები. თავად ლუთერი 40-მდე საგალობლის ავტორია. ლუთერანული ეკლესიისთვის ქმნიდა მუსიკას იოჰან სებასტიან ბახი. საეკლესიო წელიწადი იყოფა სამ მთავარ პერიოდად: შობის, აღდგომის და სამების პერიოდები. საეკლესიო წლის უმთავრესი დღესასწაულებია შობა, რომელსაც წინ უძღვის ადვენტი (შობის მოლოდინი) და მოსდევს ეპიფანია (ქრისტეს გამოცხადება), აღდგომა, რომელსაც წინ უძღვის ვნების კვირა და მოსდევს ამაღლება და სულთმოფენობა. სამების პერიოდის დღსასწაულებია მოსავლის დღე და რეფორმაციის დღე.

ლუთერანული ეკლესიები გამოირჩევა სადა არქიტექტურით. ცენტრში დგას კათედრა, საიდანაც ქადაგებს პასტორი. აუცილებელი ატრიბუტებია ემბაზი და საკურთხეველი. XVI საუკუნეში ლუთერანები კათოლიკურ ეკლესიებს იყენებდნენ. პირველი ლუთერანული ეკლესია აშენდა ტორგაუში (გერმანია).

ლუთერანობა საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში ლუთერანული ეკლესიის გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში კავკასიაში გერმანელების დასახლებას.1817-1818 წლებში ვიურტემბერგიდან და შვაბიიდან მრავალი გერმანელი დაიძრა აღმოსავლეთისკენ. ამის მიზეზი იყო როგორც მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე რწმენა იოჰან ალბრეხტ ბრენგელის წინასწარმეტყველებისა, რომ 1836 წელს მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო. მეორედ მოსვლის შესახვედრად მორწმუნეები დაიძრნენ არარატის მთისკენ. ამას დაემატა ალექსანდრე I–ის მიერ 1809 წელს შვაბების მიპატიჟება რუსეთის იმპერიაში. 1818 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი შვაბური კოლონია დაარსდა: ალექსანდერდორფი, ელიზაბეტალი, პეტერსდორფი, ანანფელდი, ჰელენენდორფი და ბოლნისი. მეშვიდე კოლონია მარიენფელდი 1817 წელს შვაიკჰაიმიდან ჩამოსახლებულმა კოლონისტებმა დააარსეს. ამ კოლონიებს მოგვიანებით კიდევ რამდენიმე დასახლება დაემატა, მათ შორის ნოი-ტიფლისი.

კავკასიაში დასახლებული გერმანელები მტკიცედ იცავდნენ ლუთერანულ ტრადიციებს. მარიენფელდის გარდა ყველა დასახლებაში გახსნეს სამლოცველოები. 1823 წელს ბაზელიდან ჩამოვიდნენ მისიონერები, მოიწვიეს სინოდი და სამრევლოებს დაუწესეს შინაგანაწესი. 1824 წელს ბაზელიდანვე ჩამოვიდა პირველი პასტორი იოჰან ბერნჰარდ სალტეტი. საბჭოთა ოკუპაციამდე პასტორები იყვნენ ძირითადად ვიურტემბერგიდან გამოგზავნილი თეოლოგები. 1834 წელს აშენდა ეკლესია თბილისში, 1854 წელს კატერინენფელდში, 1856 წელს ჰელენენდორფში, 1871 წელს კი ელიზაბეტალში. 1894-1897 წლებში აშენდა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მოხდა ლუთერანების ეკლესიების კონფისკაცია, აიკრძალა რელიგიის გაკვეთილები, ღვთისმსახურება, კონფირმაცია. 1931 წელს დააპატიმრეს პასტორი რიხარდ მაიერი, რომელიც 1933 წელს მოკლეს. ლუთერანული ეკლესიები გადაკეთდა საწყობებად, თეატრებად, ან დაანგრიეს. 1941 წლის 8 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება კავკასიაში მცხოვრები გერმანელების გასახლების შესახებ. 1941 წლის შემოდგომაზე საქართველოდან 23 580 გერმანელი გაასახლეს. 1945 წელს გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია.

საქართველოში მცხოვრებ ლუთერანებს თავისუფლად შეკრების უფლება 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მიეცათ. ჩამოყალიბდა საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, რომელიც რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს, მათ შორისაა თბილისის, რუსთავის, გარდაბვნის, ბოლნისის, ბორჯომის, სოხუმის, ასურეთის და ბაქოს სამრევლოები. ეკლესია დაახლოებით 1000-მდე წევრს ითვლის. ეკლესიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი. 1995-1997 წლებში აშენდა ლუთერანული ეკლესია თბილისში.

ლიტერატურა

რედაქტირება

 

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია