დუალა (ფრანგ. Douala) — კამერუნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი, მისი ეკონომიკური დედაქალაქი, სანაპირო რეგიონის და ვურის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 1 907 479 ადამიანს[1][2]. აგლომერაციის მოსახლეობა — 2 მილიონ ადამიანზე მეტია.

ქალაქი
დუალა
ფრანგ. Douala
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
რეგიონი სანაპირო რეგიონი
კოორდინატები 4°03′00″ ჩ. გ. 9°42′00″ ა. გ. / 4.05000° ჩ. გ. 9.70000° ა. გ. / 4.05000; 9.70000
დაარსდა 1888
ადრეული სახელები კამერუნ სიტი, კამერუნშტადტი
ფართობი 210 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13
მოსახლეობა 1 907 479 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 9083,23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი douala-city.org
დუალა — კამერუნი
დუალა

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი დუალა მდებარეობს კამერუნის დასავლეთ ნაწილში, იაუნდედან დასავლეთით 250 კმ-ში, ატლანტის ოკეანიდან 24 კმ-ში, მდინარე ვურის ესტუარის სანაპიროებზე. ქალაქის სამხრეთი, დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარის მარცხენა სანაპიროზე. ჩრდილოეთის ანუ პორტის ნაწილი სამხრეთისას უკავშირდება ბონაბერის ხიდით. ქალაქი დუალა რკინიგზით დაკავშირებულია ქვეყნის დანარჩენ ქალაქებთან, როგორებიცაა: იაუნდე, ედეა, ნკონგსამბა, ნგაუნდერე და კუმბა.

 
ნალექების თვიური ნორმა

კლიმატი დუალაში — ტროპიკულია. დუალაში მკვეთრი ტემპერატურული რყევები არ ხდება, ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში დგას დაახლოებით +26 °C-ზე. დუალის რაიონი ხასიათდება ხშირი ნალექებით, განსაკუთრებით წვიმების სეზონის დროს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. წვიმიან სეზონში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 99 %-ს, ხოლო წლის სხვა პერიოდში 80 %-ს. ადრე თანამედროვე დუალის ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, ქალაქში ხშირად ცხელა, ჩახუთულია და მოღრუბლულია. ასეთი კლიმატი საკმაოდ ხელს უწყობს მალარიის გავრცელებას.

 
დუალის სანაპირო 1907 წელს

პირველი ევროპელები, რომლებიც გამოჩნდნენ დუალის თანამედროვე რაიონებში, 1472 წელს გახდნენ პორტუგალიელები. დაახლოებით 1650 წლიდან თანამედროვე დუალის ტერიტორიაზე გაჩნდა დუალის ხალხის დასახლება. XVIII საუკუნეში დასახლება გახდა ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობის ცენტრი. XIX საუკუნის შუა პერიოდში აქ ჩამოვიდნენ ბრიტანელი მისიონერები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამი აფრიკული სოფლის — აკვას, ბელის და დეიდოს ადგილას აღმოცენდა ქალაქი კამერუნ სიტი, რომელიც გახდა ევროპელების სავაჭრო ცენტრი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. 1881 წელს გერმანულმა ფირმა «Woerman Linie»-მ დუალას ბელადებთან შეთანხმებით დაიწყო პორტის მშენებლობა (პორტის მშენებლობამდე საზღვაო ვაჭრობა ხორციელდებოდა მდინარის შუაში დამაგრებული პონტონების დახმარებით). ამ პერიოდში ძირითადი საექსპორტო საქონელი იყო პალმის ზეთი. 1884 წელს ქალაქი გადავიდა გერმანიის ხელში და დაერქვა კამერუნშტადტი. კამერუნშტადტი გახდა გერმანიის კამერუნის დედაქალაქი.

XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო სანაპიროს მშენებლობა. სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელობას ახორციელებდა გუბერნატორი ფონ პუტკამერი, რომელმაც მომავალი დუალა ჩვეულებრივი აფრიკული სოფლიდან თანდათან გადააქცია იმ დროის თანამედროვე ქალაქად. გაყვანილი იქნა ფართე ქუჩები, აიგო კაშხალი, დაიშრო ჭაობი, აშენდა სარკინიგზო სადგური. იაუნდემდე რკინიგზის მშენებლობა, რომელიც დაიწყო გერმანიის პროტექტორატის დროს, დაამთავრეს ფრანგებმა. 1901 წელს დედაქალაქი გადაიტანეს უფრო კარგი კლიმატის მქონე ქალაქ ბუეაში, მაგრამ დუალა აგრძელებდა განვითარებას და რჩებოდა კოლონიის ეკონომიკურ ცენტრად. 1907 წელს ქალაქმა მიიღო თანამედროვე სახელი — დუალა. 1916 წელს ქალაქი გადავიდა ინგლისელების და ფრანგების ერთობლივ მმართველობაში, ხოლო 1919 წელს შევიდა საფრანგეთის კამერუნის შემადგენლობაში. 1940 წლიდან 1946 წლის ჩათვლით დუალა იყო კამერუნის დედაქალაქი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

გეოგრაფიული თვალსაზრისით დუალა დაყოფილია 4 მსხვილ რაიონად: აკვა, ბონანჯო, დეიდო და ბონაბერი. აკვა — მდინარესთან მხები ცენტრალური რაიონია, სადაც თავმოყრილია ღამის ცხოვრება. ბონანჯო — ასევე ცენტრალური რაიონია, ძველი ქალაქია, მისი კომერციული და ადმინისტრაციული ცენტრია. ბონაბერი — ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილია, სადაც მდებარეობს პორტი.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თვალსაზრისით დუალა დაყოფილია 6 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ 120 რაიონად იყოფა.

მოსახლეობა

რედაქტირება

დუალა — მრავალეროვანი ქალაქია. 1987 წელს ქალაქის მოსახლეობაში ყველაზე უფრო მეტ წილს შეადგენდნენ 4 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები: ბამილეკე (47 %), ბასა (21 %), დუალა (11 %) და ბეტი (9 %). დანარჩენი მოსახლეობის წილი შეადგენდა 13 %-ს[3].

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება კამერუნელების მასობრივი გადმოსახლების გამო სოფლებიდან ქალაქებში. 1987 წლის მონაცემებით დუალაში ყველაზე უფრო ხშირად ჩამოდიან სანაპირო რეგიონიდან (ყველა ჩამოსულის 60,8 %) და დასავლეთის რეგიონიდან (22,5 %)[3].

დუალაში ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რაც მათ ხელს არ უშლის იცხოვრონ ერთად მშვიდობიანად. დუალის მაცხოვრებლები გამოირჩევიან ტოლერანტობით და რელიგიური შემწყნარებლობით, ქალაქში არ არსებობს გამოყოფილი რელიგიური კვარტლები. ყველაზე უფრო დიდი წილი უკავიათ ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებს: კათოლიკები და პროტესტანტები. ქალაქში ასევე ცხოვრებენ მუსლიმი უმცირესობა. უკანასკნელ წლებში აღინიშნა ქრისტიანული სექტების რაოდენობის ზრდა.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ხიდი მდინარე ვურიზე

დუალა — ქვეყნის მთავარი სამრეწველო, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. დუალაში თავმოყრილია კამერუნის მსხვილი კომპანიები, ფუნქციონირებს დუალის საფონდო ბირჟა, მდებარეობს კამერუნის მთავარი ბაზარი — Eco Market. დუალის საშუალებით ხორციელდება კამერუნის საექსპორტო ოპერაციების უმრავლესობა, მათ შორის ნავთობის, მერქნის, ბანანის, კაკაოს და ყავის ექსპორტი.

მრეწველობის დარგებიდან დუალაში განვითარებულია მსუბუქი, კვების, ხისგადამამუშავებელი, ქიმიური, ალუმინის მრეწველობა, ასევე ველოსიპედების, მოტოციკლეტების, ტრანზისტორული მიმღებების გამოშვება. ქალაქში არსებობს გემების შემკეთებელი ვერფი.

დუალა — ყველაზე უფრო ძვირი ქალაქია აფრიკაში. 2007 წლის მონაცემებით ცხოვრების ღირებულების მიხედვით მსოფლიოს ყველა მსხვილ ქალაქებს შორის დუალა იმყოფება 24-ე ადგილზე[4]. მსოფლიოს 211 მსხვილ ქალაქს შორის ცხოვრების ხარისხის მიხედვით დუალას უკავია 186-ე ადგილი[5].

ქალაქის საბიუჯეტო ხარჯები შეადგენს 69 მილიარდ აფრიკულ ფრანკს წელიწადში (1999—2000 წლები). 1996—2001 წლებში დუალაში არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების გამო დაფინანსება იაუნდედან მკვეთრად შემცირდა. ამან გამოიწვია მთელ რიგ მიმართულებებზე დაფინანსების მნიშვნელოვანი კლება და მოიტანა ის, რომ ქალაქის ავტოგზები აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში და ზოგიერთ კვარტლებში წვიმების სეზონში ავტოგზები ავტომანქანებისთვის გაუვალი აღმოჩნდა. 2002 წელს ფინანსირების სიტუაცია კალაპოტში ჩაჯდა და დაიწყო ავტოგზების რეკონსტრუქცია.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც აფერხებს დუალის ეკონომიკურ განვითარებას, არის კორუფცია, რაც ზღუდავს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მეორე პრობლემაა — სწრაფად მზარდი ქალაქის საკვებით უზრუნველყოფა.

ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

დუალა კამერუნის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, მისი პორტის საშუალებით ხორციელდება კამერუნის მთლიანი საზღვაო გადაზიდვების 95 %[6]. ეს პორტი ასევე ემსახურება ჩადის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოთხოვნებს, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ.

დუალიდან 10 კმ-ში ფუნქციონირებს დუალის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც პირველი ადგილი უკავია ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის მხრივ. აეროპორტი ცნობილია ელექტროენერგიის გამორთვის და წვრილმანი ქურდობის შემთხვევებით.

ჯანდაცვა

რედაქტირება

სანიტარული მდგომარეობის მხრივ მსოფლიოს 215 ქალაქს შორის დუალას უკავია 179-ე პოზიცია, რომელსაც იყოფს კამერუნის დედაქალაქ იაუნდესთან[5]. 2004 წელს ქალაქში დაიწყო ქოლერის ეპიდემია.

ღირსშესანიშნაობები და კულტურა

რედაქტირება
 
სკულპტურა «მილენიუმი»
  • პირამიდალური ფორმის XIX საუკუნის სასახლე.
  • რესპუბლიკის ავენიუ (Avenue de la Republique) — დუალის მთავარი ქუჩა. მასში მდებარეობს 1951 წელს გახსნილი ოთხსართულიანი ოტელი «აკვა პალასი» (Aqua Palace).
  • ბონანჯოს რაიონის მთავარი ავტომაგისტრალი — გენერალ შარლ დე გოლის ავენიუ (Avenue du General-de-Gaulle).
  • დეიდოს კვარტალში (Deido) მდებარე რესპუბლიკის ბულვარი. ბულვარს ალამაზებს «მილენიუმის» ორიგინალური სკულპტურა — ფიგურა, რომელსაც თავზე დედამიწა უჭირავს. სკულპტურა გაკეთებულია თიხის ქოთნებისგან, მავთულებისგან და ავტომანქანების საბურავებისგან[6].
  • მერიის მეორე სართულზე მდებარე დუალას მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილია ბამუმის და ბამილეკეს ხალხის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
  • ხელნაკეთობათა ბაზარი ბონანჯოში[6].
  • 1930 წელს აშენებული და 1936 წელს საზეიმოდ გახსნილი წმინდა პეტრეს და წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი.
  • მთავრობის მოედანი (Place de Gouvernement), რომელზეც მდებარეობს XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ეგრეთ წოდებული «ჩინური პაგოდა» (La Pagode). პაგოდაში სხვადასხვა წლებში ცხოვრობდნენ კამერუნის ეროვნული გმირი მანგა ბელი, ფრანგი მწერალი ლუი ფერდინან სელინი[6].
  • მუნიციპალური პარკი, რომელშიც დგას პირველი მსოფლიო ომის წლებში დაღუპულებისადმი მიძღვნილი მონუმენტი. პარკის სიახლოვეს შენარჩუნებულია 1920-იანი-1930-იანი წლების ფრანგული კოლონიალური შენობების ნიმუშები[6].
  • მდინარე ვურის სანაპირო, რომლის გასწვრივ მდებარეობენ კომპანიების და სავაჭრო ფირმების მრავალსართულიანი შენობები.
  • ხიდი მდინარე ვურიზე (Pont de Wouri), რომელიც დუალის სამხრეთ ნაწილს უკავშირებს ჩრდილოეთისას, სადაც მდებარეობს ბონაბერის პორტი. ხიდი აშენდა 1954 წელს და მისი სიგრძეა 1800 მეტრი.
  • გერმანელების მიერ აშენებული რკინიგზის სადგური.
  • იუსტიციის სასახლე.
  • სპორტის სასახლე.
  • «კოკოტიეს», «ლიდოს» და «დომინოს» ოტელები.
  • დეიდოს, ნიუ-ბელის, ბალის მუშათა კვარტლები ვიწრო ქუჩებით, ერთსართულიანი ფარდულებით, თივით და პალმის ფოთლებით გადახურული ქოხებით.
  • განვითარების პანაფრიკული ინსტიტუტი.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

დუალა დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

ქალაქი რეგიონი ქვეყანა
სტრასბურგი   ელზასი   საფრანგეთი
ახისარი   მანისის პროვინცია   თურქეთი
დაკარი   დაკარის რეგიონი   სენეგალი
ნიუარკი   ნიუ-ჯერსი   აშშ
ფილადელფია   პენსილვანია   აშშ
ვინდჰუკი   კჰომასის რეგიონი   ნამიბია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
  2. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
  3. 3.0 3.1 L’approvisionnement et la distribution alimentaires a douala (cameroun): logiques sociales et pratiques spatiales des acteaurs დაარქივებული 2011-10-05 საიტზე Wayback Machine. // Institut d’Etudes de Développement Economique et Social
  4. Global/Worldwide Cost of Living Survey Rankings 2007, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-14. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  5. 5.0 5.1 Global Quality of Living City Rankings 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-11. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 გენში კ. ცენტრალური აფრიკა. — მ.: АСТ: აღმოსავლეთი-დასავლეთი, 2006. — 415 გვ. — ISBN 5-478-00187-2