ეგრისის დიდი ომი

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ომიანობა ეგრისში)
ეგრისის დიდი ომი
ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის ომების ნაწილი

ეგრისის სამეფოს რუკა
თარიღი 542-562
მდებარეობა ეგრისი
მხარეები
ბიზანტიის იმპერია
ეგრისის სამეფო (548-562 წლებში)
სასანიანთა იმპერია
ეგრისის სამეფო (542-548 წლებში)
მეთაურები
იუსტინიანე I
დაგისთე
ბესა
იუსტინე
გუბაზ II (548-554 წლებში)
ხოსრო I
მერმეროე
ნახორაგანი
ხორიანე
ნაბედი
ფაბრიზი
გუბაზ II (542-548 წლებში)
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ეგრისის დიდი ომი, ლაზიკის ომი — ომი, რომელიც ბიზანტიასა და სასანიანთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.[1]

ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.

სპარსელი სასანიდები დათანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით, თუმცა ბიზანტიელთა უსამართლო მმართველობამ 541 წელს ეგრისელთა აჯანყება გამოიწვია. ეგრისის მეფე გუბაზ II-მ დასახმარებლად ირანის მეფეს — ხოსრო I ანუშირვანს მიმართა, რომელიც 542 წელს, ქართლის გავლით, დიდძალი ჯარით შეიჭრა ეგრისში. ვარდციხესთან სპარსელებს გუბაზ მეფე დახვდა ეგრისელთა ლაშქრით. სპარსელ-ეგრისელთა ჯარმა ეგრისში ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი — ქალაქი პეტრა აიღო და ბიზანტიელები განდევნა, თუმცა მალე გამომჟღავნდა შაჰის ფარული განზრახვა, რომელიც ქვეყნიდან ეგრისელთა აყრასა და მათ ადგილას სპარსელთა ჩასახლებას გულისხმობდა. 548 წელს ეგრისელები კვლავ აჯანყდნენ, ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ. გუბაზ მეფემ დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, რომელმაც ეგრისში 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს სარდლობით.[2]

მოკავშირეებმა უშედეგოდ სცადეს პეტრის აღება. ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით, რომელმაც პეტრის ციხეში 3 000 კაცი ჩააყენა, თავად კი პერსარმენიისაკენ გაემართა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი რაზმი გაანადგურა. სპარსელი სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან ბრძოლაში დამარცხდა.[3] ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა.[4] მას ეგრისში სპარსელთა სარდალი ნაბედი დახვდა, რომელიც ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებულმა აბაზგებმა მოიწვიეს. ბესამ ჯერ აბაზგები დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, 551 წელს, პეტრაც აიღო. პეტრის დასახმარებლად მიმავალმა მერმეროემ გეზი იცვალა და ციხეგოჯს (არქეოპოლისს) მიადგა, მაგრამ დამარცხდა და უკან დაიხია, თუმცა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხეთა აღება მაინც მოახერხა, რითაც ეგრისს ლეჩხუმისა და სვანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადაუკეტა.[3] 553 წლის ზაფხულში მერმეროე ახალი ჯარით შემოვიდა ეგრსში და ტელეფისის ბრძოლაში ეგრის-ბიზანტიის ლაშქარი დაამარცხა. ამ მარცხს გუბაზი ბიზანტიელ სარდლებს აბრალებდა და მისი დასმენით იუსტინიანემ ბესა დასაჯა. ამით უკმაყოფილო სარდლებმა რუსტიკემ და იოანემ 554 წელს გუბაზ მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარით აღშფოთებულმა ეგრისელებმა იმპერატორს მკვლელების დასჯა და გუბაზის ძმის, წათეს გამეფება მოსთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.

555 წელს ხოსრო I-მა ეგრისში სპარსელთა ჯარის მეთაურად გამოცდილი სარდალი ნახორაგონი გამოგზავნა, რომელიც ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა ციხეგოჯისა და ფოთის ბრძოლებში დაამარცხეს. ამ გამარჯვებების შემდეგ, ბიზანტიელებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს რუსტიკე და იოანე.

ბიზანტიელებს მოუწიათ მათი მოხელეთა თვითნებობის შედეგად აჯანყებული მისიმიელებისა და აფშილების დამორჩილება. 556 წელს სპარსელები კვლავ დამარცხდნენ ეგრისში. 562 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის თანახმადაც, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ ქვეყნად დარჩა.[3]

ომის წინაპირობები

რედაქტირება
 
ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს.

VI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიაში იუსტინიანე I-ის, ხოლო სასანიანთა სპარსეთში ხოსრო I-ის მმართველობის პერიოდში, ამ ორი მეზობელი იმპერიის ინტერესები კიდევ უფრო მწვავედ შეეჯახა ერთმანეთს. 528 წელს იუსტინიანემ სპარსეთთან ომი განაახლა. მოწინააღმდეგეთა შორის საომარი მოქმედებები ორ ფორნტზე წარიმართა — ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ეგრისში, სადაც წათე I-ის განდგომის საპასუხოდ სპარსელებმა დამსჯელი ჯარი გაგზავნეს. ეგრისის მეფემ, ბიზანტიელთა დახმარებით, მათი ქვეყნიდან განდევნა შეძლო.[5] მხარეებს დროის გაყვანა სჭირდებოდათ, ამიტომაც 532 წელს გააფორმეს ე. წ. „უვადო ზავი“. ამ ხელშეკრულებას ასეთი სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული არ იყო. ზავის პირობების თანახმად, აღდგა ძალთა ძველი წონასწორობა — დასავლეთი საქართველო ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩა, ხოლო აღმოსავლეთი — სპარსეთის ქვეშევრდომობაში. მხარეებს უნდა დაეცალათ ომის განმავლობაში ერთმანეთის ტერიტორიებზე დაკავებული ციხეები. სპარსელებმა პირობა შეასრულეს და სკანდისა და შორაპნის ციხეებიდან თავიანთი გარნიზონები გაიყვანეს.[5]

მას შემდეგ, რაც ბიზანტიელებმა ეგრისში პოზიციები განიმტკიცეს, ქვეყნის მთელი საგარეო ვაჭრობა ბიზანტიელი სტრატეგოსების ხელში აღმოჩნდა. ამ პერიოდში თავად ბიზანტია ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რის დასაძლევადაც მთელ მის ტერიტორიაზე მონოპოლიური ვაჭრობა დაწესდა. ამგვარი ვაჭრობა შემოიღო ეგრისში სტრატეგოსმა იოანე ციბემაც, რითაც ეგრისელ ვაჭრებს საერთოდ წაერთვათ თავისუფალი ვაჭრობის უფლება და დიდ გასაჭირშიც აღმოჩნდნენ. სტრატეგოსთა ნებართვის გარეშე ეგრისელებს აღარ შეეძლოთ ქვეყნიდან გაეტანათ საკუთარი ნაწარმი ან შემოეტანათ მარილი და სხვა საქონელი, რაც ქვეყანას სჭირდებოდა. ყველა სახის საქონელზე ფასს თავად სტრატეგოსები აწესებდნენ და მთელ მოგებასაც თავად იტოვებდნენ.[6] მათ სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ ჰქონდა. ეგრისელებს ისედაც დიდ ტვირთად აწვათ ბიზანტიელთა ჯარის შენახვა, თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვამ კი ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. ადგილობრივთა მიმართ სტრატეგოსების შეუბრალებელ დამოკიდებულებას თვით ბერძენი ავტორებიც კი აღიარებენ. სტრატეგოსთა მიერ მნიშვნელოვნად შეიკვეცა მეფის უფლებებიც, რადგანაც ისინი უხეშად ერეოდნენ სახელმწიფო საქმეებში.[6]

უკიდურესად შეჭირვებულმა ეგრისელებმა მეფე გუბაზ II-ს ისევ სპარსეთის ქვეშევრდომობის მიღება ურჩიეს. მანაც, ბიზანტიელთაგან ფარულად, შაჰთან ელჩები გაგზავნა და ეგრისში მოიწვია.[7] ელჩებმა სპარსეთის მბრძანებელს ეგრისელთა უკმაყოფილების მიზეზები აუწყეს:

 
„ჩვენი მეფეც მოსამსახურის ბედში იმყოფება და განმკარგულებელი სტრატეგოსის ეშინია. უამრავი ჯარიც ჩაგვიყენეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი ქვეყანა შემაწუხებელთაგან, არამედ, რათა დაგვამწყვდიონ, როგორც სადილეგოში და ჩვენს ქონებას დაეპატრონონ... ...ლაზებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ, შეიძინონ ის საგნები, რომლებიც მათთვის სრულიად ზედმეტია... ხოლო, როცა ლაზების საქონელი მოესურვებათ, ისინი მას ყიდულობენ ცარიელი სიტყვით, რადგან ფასი წესდება მხოლოდ მმართველთა აზრისდა მიხედვით. ამნაირად ისინი სავაჭრო საქონელთან ერთად გვართმევენ მთელ ოქროსაც და უწოდებენ ამას ვაჭრობის კეთილშობილ სახელს (პროკოპი კესარიელი).[7]

შემდეგ ელჩებმა სპარსეთის შაჰს ის სარგებელი შეახსენეს, რაც მას ეგრისში ელოდა:

 
„თუ ჩვენს თხოვნას შეიწყნარებთ, მეფეო, ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებით. აქ თუ ხომალდებს ააგებ, მეფევ, ბიზანტიონის პალატსაც ადვილად მიაღწევ. თქვენ, ალბათ, იცით, რომ ჩვენი ქვეყანა კავკასიის მთებში მცხოვრებ ბარბაროსთაგან ზღუდესავით იცავს რომაელებს. თუ მოისურვებ, მათი დახმარებით ყოველ წელიწადს შეძლებ რომაელთა მიწა-წყლის დარბევას. ვფიქრობთ, ჩვენი დახმარებით თქვენი ღირსება მხოლოდ განდიდებული იქნება (პროკოპი კესარიელი).[7]

ხოსრო I-მა სიამოვნებით მიიღო ეგრისის მეფის წინადადება და ელჩების პირით გუბაზ მეფეს ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა. ელჩებს მხოლოდ ასეთი რამ ჰკითხა: „შესაძლებელია კი დიდი ჯარით შესვლა თქვენს ქვეყანაში? მსმენია, რომ ეს ქვეყანა მსუბუქად ჩაცმულ კაცთათვისაც ძნელად სავალია, რადგან იგი ზომაზე მეტად დაქანებული და გაუვალი ტყეებით ყოფილა დაფარული“.[7] ელჩები დაჟინებით უმტკიცებდნენ შაჰანშაჰს, რომ სპარსელთა ჯარი გზას იოლად გაიკვლევდა, თუ ხეებს მოჭრიდნენ და ძნელად სავალ ხევებში ჩაყრიდნენ. აღუთქვეს, რომ ამ საქმეში მათ თავად ლაზები დაეხმარებოდნენ.[7]

ომის მსვლელობა

რედაქტირება

ომის დასაწყისი: სპარსეთეთ-ეგრისის ერთობლივი ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ

რედაქტირება

542 წელს ხოსრო ანუშირვანის პირადი სარდლობით ქართლში გალავნის სანგრევი მანქანებითა და საბრძოლო სპილოებით აღჭურვილი დიდი სპარსული არმია შემოვიდა და აქედან ეგრისელი ელჩების მეგზურობით, ეგრისის ტერიტორიაზე შეიჭრა. უღრანი ტყისა და ძლიერ დამრეცი ფერდობების გამო, გზა სრულიად გაუვალი იყო, მაგრამ ეგრისელთა რჩევით, სპარსელები გზადაგზა ტყეს კაფავდნენ, ძნელად სავალ დახრამულ ადგილებში დიდრონ მორებს ყრიდნენ და ამგვარად მიაღწიეს ვარდციხეს, სადაც მათ გუბაზ მეფე შეხვდათ ეგრისელთა ლაშქრით.[8]

ეგრის-სპარსეთის გაერთიანებული ჯარის სარდლობამ, უპირველესად, პეტრას ციხის აღება გადაწყვიტა, სადაც ბიზანტიელთა მთავარი სამხედრო ძალა იყო განლაგებული. სტრატეგოსმა იოანე ციბემ, როდესაც სპარსელთა მიახლოების შესახებ შეიტყო, მებრძოლებს უბრძანა, ციხის კედლებთან განლაგებულიყვნენ და სამარისებული სიჩუმე დაეცვათ, რათა მტერს ჰგონებოდა, რომ სიმაგრე ცარიელი იყო. სპარსელები სიჩუმემ მოატყუა. ისინი ციხის კედლებთან ძალიან ახლოს მივიდნენ და როდესაც კიბეების მიდგმას აპირებდნენ, უეცრად ციხის კარები გაიღო, მეციხოვნეები გამოცვივდნენ და მოულოდნელი თავდასხმით დაბნეულ მტერს მუსრი გაავლეს. სარდლებმა და ჯარის ნაწილმა თავს გაქცევით უშველეს.[9] ხოსრო I ამ ამბავს ახლომდებარე ბორცვიდან აკვირდებოდა. მარცხით განრისხებულმა შაჰმა სპარსელთა სარდალი სარზე წამოაცმევინა, თავად კი დანარჩენი ჯარით ალყაში მოაქცია ციხე-ქალაქი.[9] პირველ დღეს მოწინააღმდეგეები ისრის სეტყვას უშენდნენ ერთმანეთს, თუმცა შესამჩნევი უპირატესობის მოპოვება ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო. დაბინდებისას სპარსელთა მხრიდან ნასროლი ისარი იოანე ციბეს მოხვდა კისერში და ადგილზე მოკლა. ამ ამბავმა ბიზანტიელები შეაკრთო და დააბნია, მაგრამ ღამის სიბნელემ სპარსელებს ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.[9]

მეორე დღეს სპარსელებმა ხერხს მიმართეს: ერთ კედელს ძირი გამოუთხარეს, შიგ ბლომად შეშა შეაწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარმა კედლის სიმტკიცე შეარყია და ჩამოშალა. სპარსელებმა ქალაქი აიღეს, ხოლო აკროპოლისში გამაგრებულმა ბიზანტიელებმა მათთან მოლაპარაკება გამართეს და სიცოცხლისა და ქონების შენარჩუნების პირობით დანებდნენ ხოსროს. შაჰმა პირობა შეასრულა და ნადავლად მხოლოდ იოანე ციბეს ქონება წაიღო, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.[9] სპარსელებს სხვა არაფრისათვის ხელი არ უხლიათ და დატყვევებულ ბიზანტიელებსაც შეუნარჩუნეს სიცოცხლე.[10]

პეტრასთან მოპოვებული გამარჯვებისა და მაშასადამე, ეგრისის სამხრეთ-დასავლეთი კარიბჭის დაპყრობის შემდეგ, ხოსრომ ქვეყნის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიის დაპყრობაც განიზრახა, სადაც იგი სებასტოპოლისსა და პიტიუნტის ციხეებში მდგარი ბიზანტიური გარნიზონების განდევნასა და ამ ციხესიმაგრეთა თავის კონტროლის ქვეშ მოქცევას აპირებდა,[11] რითაც, ჯერ ერთი, უვნებელყოფდა ჩრდილო-დასავლეთ იმიერკავკასიელთა (ალანებისა და საბირების) შემოსევას, რამდენადაც ბიზანტიელთა მიერ ამ შესაძლებლობის გამოყენება სავსებით რეალური იყო; მეორე მხრივ, ეგრისს სამი მხრიდან (აღმოსავლეთიდან ანუ ქართლის მხრიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან) სპარსული სამხედრო ძალების რკალში მოაქცევდა; გამორიცხული არაა, რომ მას სვანების მომხრობის იმედიც ჰქონდა. ამგვარად, შაჰის წინაშე იშლებოდა პერსპექტივა, ბიზანტიელთა წინააღმდეგ არა მარტო სვანები, არამედ თვით ალანები და ჰუნებიც (საბირები) კი გამოეყენებინა, რადგანაც ამ უკანასკნელთა ფულით დაქირავება ჩვეულებრივი ამბავი იყო,[11] თუმცა სპარსეთის შაჰანშაჰმა ამ მიზნის განხორციელება ვერ შეძლო:

 
„როდესაც რომაელთა მხედრებმა წინდაწინ გაიგეს, დაასწრეს და გადასწვეს სახლები, ძირამდე დაანგრიეს კედლები, დაუყოვნებლივ ჩასხდნენ ხომალდებში, გასწიეს პირისპირ მდებარე ხმელეთისაკენ და მივიდნენ ქალაქ ტრაპეზუნტში და, ამრიგად, თუმცა ზარალი მიაყენეს რომაელთა ძალაუფლებას სიმაგრეების მოსპობით, მაგრამ მით დიდი სარგებლობაც მოუხვეჭეს იმ მხრივ, რომ მტრებმა ვერ დაიპყრეს ეს ქვეყანა: სპარსელები იქიდან ხომ უშედეგოდ გაბრუნდნენ პეტრაში.[11]

პეტრაში ყოფნისას ხოსრო ანუშირვანს აცნობეს, რომ ბიზანტიელთა მთავარსარდალმა ველისარიუსმა სპარსეთის დასავლეთი საზღვარი გაარღვია და მესოპოტამიაში შეიჭრა. შაჰმა „მაშინვე ჩააყენა მცველები პეტრაში და დანარჩენი ჯარითა და დატყვევებული რომაელებითურთ გაემართა სპარსთა ქვეყანაში“.[11]

ამის შემდეგ, სამხედრო შეტაკებები სამხრეთით, მესოპოტამიის ტერიტორიაზე გრძელდებოდა, სანამ 545 წელს, იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით, მეომარ მხარეებს შორის დროებითი ხუთწლიანი ზავი არ დაიდო.[12]

დროებითი მშვიდობა: ეგრისი სპარსელთა უღელქვეშ და შაჰის ფარული გეგმა

რედაქტირება
 
ხოსრო I ანუშირვანი

ბიზანტიელები ეგრისიდან წავიდნენ, თუმცა უკეთესნი არც ახალი დამპყრობლები აღმოჩნდნენ. სპარსთა ბატონობა კიდევ უფრო მიუღებელი გამოდგა, რადგანაც ეგრისელები ვერ ეგუებოდნენ სრულიად უცხო რჯულსა და რწმენას, ცხოვრების ახალ წესსა და უმკაცრეს კანონებს, რომლებსაც ისინი ახვევდნენ თავს. კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რადგანაც არსებობისათვის ასე აუცილებელი მარილი, ღვინო და ხორბალი ბიზანტიური პროვინციებიდან ზღვით შემოჰქონდათ, ახლა კი ეს ვაჭრობა სრულიად შეწყდა. მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდებოდა, ეგრისი მორიგი აჯანყებისათვის იყო მზად.[13][12]

თავისი მიზნები ჰქონდა ხოსრო I-ს, რომელიც დროებითი მშვიდობის წლების ეგრისის წინააღმდეგ ვერაგული განზრახვის განსახორციელებლად გამოყენებას აპირებდა. ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხარის დაპყრობით ხოსროს ახალი პერსპექტივები ესახებოდა: იგი შეძლებდა საბოლოოდ გაეტეხა წელში აჯანყებისათვის მუდამ მზადმყოფი ქართლი, ეგრისის სანაპიროთი კი სპარსეთს შავ ზღვაზე გასასვლელი ეძლეოდა, სადაც უკვე ხელთ ეპყრა პეტრა, იქიდან კი გზა ხსნილი იყო ბიზანტიის მდიდარი პროვინციებისაკენ; უფრო საიმედოდ დაიცავდა სპარსეთის საზღვრებს ჩრდილოელი ჰუნებისაგან და საჭიროების შემთხვევაში, მათ ბიზანტიის წინააღმდეგაც გამოიყენებდა.[14] ამ ამბიციური გეგმების განსახორციელებლად შაჰს ისეთი ხალხი სჭირდებოდა, რომლის ერთგულებაც საეჭვო არავისთვის იქნებოდა, ეგრისელებს კი ხოსრო არ ენდობოდა, ამიტომ გადაწყვიტა მათი აყრა და გადასახლება, ხოლო მათ ადგილას სპარსელთა ჩამოსახლება. ამ გეგმის განსახორციელებლად, უპირველესად, გუბაზ მეფის სიკვდილი იყო საჭირო, რათა ხალხი წინამძღოლის გარეშე დარჩენილიყო.[10][14]

ხოსრო I-ის გეგმის გამომჟღავნება და გუბაზის განდგომა სპარსელთაგან

რედაქტირება

548 წელს ხოსრომ ეგრისში ხომალდთა ასაგებად უამრავი ხე-ტყე გამოგზავნა. ამას გარდა, 300 მამაცი მებრძოლიც შეკრიბა და წინამძღოლად თავისი ერთგული მსახური, მთელ სპარსეთში ვერაგობით ცნობილი ფაბრიზი დაუნიშნა, რომელსაც გუბაზის მკვლელობის მოწყობა დაავალა.[15] ეგრისში ჩასვლისთანავე, ფაბრიზმა დავალების შესრულებაზე დაიწყო ფიქრი. ადგილობრივ მკვიდრთა შორის მან იპოვა კაცი, სახელად ფარსანსი, რომელიც გუბაზ მეფესთან „დიდს შუღლში“ იყო. მასთან ერთად ფაბრიზმა ასეთი გეგმა მოიფიქრა: ფაბრიზი თავისი მეომრებით ჩავიდოდა პეტრაში, სადაც მოიწვევდა გუბაზს ვითომ საქვეყნო საქმეებზე სათათბიროდ და აქ მოხდებოდა ის, რაც განზრახული ჰქონდა.[14] თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა: ფარსანსი ნამდვილი პატრიოტი აღმოჩნდა და მან შუღლის მიუხედავად, ყველაფერი გუბაზს აცნობა, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა სპარსელთგან განდგომა, ამის შესახებ იმპერატორ იუსტინიანეს აცნობა, შეცდომისათვის პატიება სთხოვა და აგრეთვე, დახმარება სპარსელთაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. ეს მოხდა იმავე, 548 წელს.[12]

ომის განახლება: ბიზანტია-ეგრისის ერთობლივი ბრძოლა სპარსელთა წინააღმდეგ

რედაქტირება
 
იუსტინიანე I

საქმის ამგვარად შემოტრიალებით ნასიამოვნებმა იუსტინიანემ ეგრისელთა დასახმარებლად 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს სარდლობით. გუბაზ მეფე ბიზანტიელთა სარდლობას შეეგება და მათთან ერთად საბრძოლო მოქმედების გეგმა შეიმუშავა. მოკავშირეთა ლაშქარმა პეტრას მიაშურა, სადაც სპარსელთა გარნიზონი იდგა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ამასობაში, ფაბრიზი სპარსეთში გაიქცა და მომხდარის შესახებ შაჰს შეატყობინა. ხოსრომაც არ დააყოვნა და ეგრისში მეციხოვნეთა დასახმარებლად, დამატებით, დიდძალი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს მეთაურობით.[2][12]

როდესაც გუბაზმა ამის შესახებ შეიტყო, დაგისთეს შეუთვალა პეტრასკენ მომავალი სამხრეთი გზის ვიწრობები საგანგებოდ დაეცვა, ხოლო ქალაქისათვის ალყა არავითარ შემთხვევაში არ მოეხსნა; თავად კი ეგრისელთა მთელი ჯარით ეგრის-ქართლის საზღვრისაკენ გაემართა, რათა იქ მერმეროესათვის ვიწრობებში გზა გადაეჭრა.[16]

მერმეროემ სწორედ სამხრეთის გზა აირჩია და გუბაზის ლაშქარს ასცდა. ბიზანტიელთა მეთაური, დაგისთე, ახალგაზრდა და გამოუცდელი სარდალი იყო.[2] სპარსული გარნიზონი, სიმცირის მიუხედავად, ქალაქს მედგრად იცავდა, დაგისთე კი არ ჩქარობდა და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებასაც ვერ ახერხებდა. ამასობაში სპარსელები იმ ვიწრობს მიუახლოვდნენ, სადაც ასიოდე ბიზანტიელი მეომარი იყო გამაგრებული. ბიზანტიელები თავგამოდებულნი იბრძოდნენ და მტერს დიდი ზარალიც მიაყენეს, თუმცა, საბოლოოდ, რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა. სპარსელებმა დაძლიეს ეს წინააღმდეგობა და პეტრასკენ გაემართნენ.[2][16] დაგისთემ, რომელიც დღე-დღეზე ელოდებოდა ალყაშემორტყმულთა დანებებას, ქალაქის აღებასა და იმპერატორისაგან ჯილდოს მიღებას, როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, მაშინვე მოხსნა ალყა და ლაშქრითურთ მდინარე ფაზისისაკენ გაემართა ისე სწრაფად, რომ მთელი ქონება ბანაკში დატოვა.[16] გამხნევებული სპარსელები გარეთ გამოცვივდნენ და ბიზანტიელთა ბანაკის რბევა დაიწყეს, მაგრამ, მოულოდნელად, მათ თავს დაესხნენ ჭანები, რომლებიც დაგისთეს არ გაჰყოლიან. მათ სპარსელები დაიფრინეს და ბანაკის ავლადიდებაც დაისაკუთრეს, რის შემდეგაც რიზე-ტრაპეზუნტის გზით შინ დაბრუნდნენ.[2][16]

 
ხოსრო I-ის გამოსახულება მონეტაზე

მერმეროე ლაშქრითურთ დაგისთეს გაქცევიდან მხოლოდ მეცხრე დღეს მოვიდა ქალაქში, სადაც მას 500 სპარსელიღა დახვდა, რომელთაგან მხოლოდ 150 იყო ბრძოლისუნარიანი. ამის მხილველმა სპარსთა სარდალმა თქვა: „რომაელთა სახელმწიფო ცრემლისა და ტირილის ღირსია, ისე დაუძლურებულან, რომ ას ორმოცდაათი გაუმაგრებელი სპარსელის დამორჩილებაც ვერ მოუხერხებიათ“.[2] მან სასწრაფოდ შეაკეთებინა ქალაქის ჩამონგრეული კედელი, პეტრას დასაცავად 3 000 მებრძოლი დატოვა და მთელი სურსათიც მათ დაუტოვა. თავად კი ჯარის დანარჩენი ნაწილით უკან გაბრუნდა. გზად კიდევ 5 000 მეომარი დატოვა სოფლების დასარბევად, თავად კი 25 000 მოლაშქრით პერსარმენიაში წავიდა და დვინის მახლობლად დაბანაკდა.[16]

მეფე გუბაზმა მწუხარებით შეიტყო პეტრასთან მომხდარის შესახებ, თუმცა არ შეშინდა და არც დაცვა მოშალა, რადგან ხალხის გადარჩენაზე ფიქრობდა. მან თავიდანვე გათვალა, რომ სპარსელები, თუნდაც პეტრასთან გაემარჯვათ, ლაზების მიწას დიდ ზიანს ვერ მიაყენებდნენ, რადგან მდინარე ფაზისის შესართავს ვერ გადალახავდნენ, ამიტომაც მტრის მოძრაობას ფხიზლად აკვირდებოდა.[4] პეტრადან მობრუნებული სპარსელთა ჯარი ფაზისის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა და აქედან დაიწყო სოფლებზე თავდასხმა. გუბაზი მარჯვენა ნაპირზე იყო გამაგრებული. მან მოძებნა ფონი, რომლზეც სპარსელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ჩუმად გადალახა მდინარე და სპარსელთა 1 000 კაციან მარბიელ რაზმს ზურგიდან მოუარა.[4] ლაზებმა მტრის ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს. ამ უკანასკნელთაგან მათ სპარსელთა მთავარი ბანაკის ადგილსამყოფელი და განლაგება შეიტყვეს. გამთენიისას, როდესაც სპარსელები ღრმა ძილში იყვნენ, ეგრისელთა ჯარი მეფის სარდლობით თავს დაესხა მათ. მტერი გაჟლიტეს, ხოლო დიდძალი ტყვე და ნადავლი ხელში ჩაიგდეს. ეს 549 წელს მოხდა.[16]

ამ მარცხის პასუხად, ხოსრო I-მა მთავარსარდალი ხორიანე გამოგზავნა ლაშქრით, რომელსაც თან დაქირავებულ ალანთა რაზმებიც ახლდა. სპარსელები შეიჭრნენ ლაზიკაში, მუხურისში და ცხენისწყლის პირას დაბანაკდნენ. ბიზანტიელთა და ლაზთა ლაშქარმა ეს ჯარიც სასტიკად დაამარცხა. თავად ხორიანეც დაიღუპა, რამაც გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი კვლავ ეგრისელთა მხედრობამ ითამაშა გუბაზ მეფის მეთაურობით.[4] ამ მარცხის შემდეგ სპარსელთა ჯარის ნარჩენები სამშობლოში დაბრუნდნენ, ამიტომ გუბაზი პეტრაზე დაუყოვნებლივ იერიშს მოითხოვდა, მაგრამ ბიზანტიელი სარდლების დაყოლიება ვერ შეძლო. ამ უკანასკნელთა უპასუხისმგებლო მოქმედებებმა ეგრისელები აიძულეს კონსტანტინოპოლში ჩასულიყვნენ და ყველაფერი იმპერატორისათვის მოეხსენებინათ.[4] იუსტინიანემ დაგისთე გაიწვია და საპყრობლეში ჩასვა, მის ნაცვლად კი იტალიის კამპანიიდან ახალი დაბრუნებული, 70 წლის, გამოცდილი სტრატეგოსი, ბესა გამოგზავნა, რომელსაც მოკავშირეთა ჯარების მეთაურობა გადააბარა.[4][17]

აბაზგების აჯანყება

რედაქტირება

ბესას ეგრისში ჩამოსვლის პერიოდში, 550 წელს, აბაზგები აჯანყდნენ ბიზანტიელთა წინააღმდეგ და სპარსელებს მიემხრნენ. აჯანყების უშუალო მიზეზი იყო ბიზანტიელთა მიერ აბაზგიაში მმართველობის ახალი წესების დამკვიდრებისა და ქვეყნის საბოლოო დამორჩილების ცდა. აბაზგებმა კვლავ დაიყენეს საკუთარი მთავრები ბიზანტიელი მოხელის ნაცვლად და სპარსეთს დახმარება სთხოვეს.[17]

ხოსრო ანუშირვანს, რომელმაც 541 წელს ბიზანტიელთა მიერ სებასტოპოლისისა და პიტიუნტის ციხეების საგანგებო დანგრევის გამო აფშილეთსა და აფხაზეთში დამკვიდრება ვერ მოახერხა, კვლავ მიეცა შანსი, ამჯერად თავად აბაზგების დახმარებით, აქ თავისი ჯარი ჩაეყენებინა. მან სასწრაფოდ გამოგზავნა თავისი სახელგანთქმული სარდალი ნაბედე, რომელიც „ჯარით შეიჭრა ლაზიკეში და... ჯარითურთ ჩადგა რომაელებისა და ლაზებისაგან განდგომილ აბაზგთა ქვეყანაში და ხელთ იგდო მათგან მძევლებად სამოცი ბავშვი წარჩინებულთა გვარებიდან“.[17]

ბუნებრივია, ამას იუსტინიანეს სასწრაფო რეაქცია მოჰყვა, რომელმაც ბესას სათანადო ზომების მიღება უბრძანა. ამ უკანასკნელმა აბაზგიაში ლაშქარი გაგზავნა. ბრძოლა მოხდა ტრაქეის ციხესთან, რომელიც აუღებელ სიმაგრედ ითვლებოდა. აბაზგები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ბიზანტიელებმა ხერხი იხმარეს: ჯარის ნაწილი გემებით გადაიყვანეს და ტრაქეის ზურგში გადასხეს, მცირე ნაწილმა კი აღმოსავლეთიდან შეუტია. აბაზგებმა ორი მხრიდან შემოტევას ვერ გაუძლეს, მით უმეტეს, რომ ბიზანტიელებმა სახლებს ცეცხლი წაუკიდეს და დამარცხდნენ. ბიზანტიელი ისტორიკოსი სპარსელთა ჯარის შესახებ არაფერს ამბობს. სავარაუდოდ, ის ამ დროისათვის აბაზგიის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდა. ბიზანტიელებმა მრავალი ტყვე ჩაიგდეს ხელში და ციხის გალავანი მიწასთან გაასწორეს.[17]

ამავე დროს არეულობა მოხდა აფშილეთშიც, ეგრისის მეფის ერთ-ერთმა დიდმა მოხელემ, რომელიც გუბაზის უკმაყოფილო აზნაურების რიცხვს ეკუთვნოდა, ღალატით გადასცა სპარსელებს აფშილების მეტად მაგარი ციხე წიბილი (წებელდა), მაგარმ სპარსელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ციხისთავის ცოლს, ტომით აფშილს. ქალის ღირსების შეურაცხყოფის გამო აფშილებმა ციხეში შესული ყველა სპარსელი ამოწყვიტეს.

სპარსელებმა დასაყრდენი ვერც აფშილეთში ნახეს, მათ მხოლოდ პეტრა ჰქონდათ დაკავებული.

პეტრას აღება მოკავშირეთა მიერ

რედაქტირება

ბესას მთავარი მიზანი ეგრისში სპარსელთა საყრდენი პუნქტის, პეტრას აღება იყო, ამიტომაც 551 წლის დასაწყისში[18] სტრატეგოსმა ქალაქის ალყა განაახლა. ეს იყო სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის პეტრას დასაუფლებლად გამართული მესამე ბრძოლა, რომელიც, იმდროინდელი ავტორის თქმით, უმაგალითო იყო სამხედრო ხელოვნებითა და გმირობის მაგალითებით.[19] სპარსელებს ციხის დაზიანებული გალავანი კარგად ჰქონდათ გამაგრებული, ზღუდის შიგნითა მხარეს კი ახალი სქელკედლებიანი ნაგებობები მიეშენებინათ, რაც, გარე კედლების შენგრევის შემთხვევაშიც კი, ქალაქში შეღწევას შეუძლებელს ხდიდა, წყალსადენი მილები სამ წყებად ჩაემარხათ, რათა მოალყეებს წყლის გადაკეტვა ვერ მოეხერხებინათ და სურსათიც ბლომად ჰქონდათ მომარაგებული. ძნელად მისადგომ გალავანთან ვერც სანგრევ მანქანებს დგამდნენ, ამიტომაც ბიზანტიელთა ალყა დიდხანს და უშედეგოდ გრძელდებოდა.[19]

ბიზანტიელთა ჯარში რამდენიმე ხელმარჯვე ჰუნიც ერია, რომლებმაც მსუბუქი და მოსახერხებელი სანგრევი მანქანები ააწყვეს. მათი საშუალებით, მოალყეებმა, ბოლოსდაბოლოს, გალავნის შენგრევა შეძლეს. ციხის მცველები მოიერიშეებსა და მანქანებს აალებული კუპრით სავსე ქოთნებს უშენდნენ. ცეცხლი სწრაფად ედებოდა ყოველივეს, თუმცა ქვემოთ მყოფნი მის ჩაქრობას ახერხებდნენ. ამ ცხარე ბრძოლაში, სტრატეგოსმა ბესამ, რომელიც 70 წელს იყო მიღწეული, კიბეები მოატანინა და ზღუდის მორღვეულ ნაწილზე პირველმა თავად იწყო აცოცება.[19] სარდლის მაგალითით გამხნევებულმა ჯარისკაცებმაც მას მიჰბაძეს. სპარსელები თავგანწირვით იბრძოდნენ. ბრძოლის ბედი ზურგქარის ამოვარდნამ განსაზღვრა, რის გამოც სპარსელთა მიერ ნატყორცნი ცეცხლი მათსავე კოშკს მოედო. ციხის უკანასკნელმა დამცველებმა დანებებას ცეცხლში სიკვდილი ამჯობინეს. ბიზანტიელებმა ქალაქი აიღეს და როდესაც ნადავლის აღება დაიწყეს, გაოცებულნი დარჩნენ მტრის საომარი საჭურველის სიმრავლით. ბესას ბრძანებით, ციხე მიწასთან გაასწორეს, რათა მტერს მისი გამოყენება ვეღარ მოეხერხებინა.[19][18]

სპარსელები შეტევაზე გადადიან

რედაქტირება

ხოსრო I არ აპირებდა ეგრისი ბიზანტიელთათვის დაეთმო. პეტრა ჯერ კიდევ ალყაში იყო, როდესაც ქვეყანაში ახალი ჯარი შემოიჭრა მერმეროეს სარდლობით. პეტრას დაცემის ამბავი სპარსელებმა გზაში შეიტყვეს. მერმეროემ მიმართულება შეცვალა და ეგრისის დედაქალაქისაკენ წავიდა. სტრატეგოსმა ბესამ კი პეტრას აღების შემდეგ ბრძოლის გაგრძელება აღარ ისურვა, სომხეთში გადავიდა და ქონების მოხვეჭა დაიწყო. მისმა უმოქმედობამ სპარსელთა ლაშქარს ქვეყნის სიღრმეში შესვლის საშუალება მისცა.[20]

მერმეროემ, ლაზიკაში ჩასვლისთანავე, პირველ რიგში, სკანდის ციხესიმაგრე აღადგენინა, რომელიც ადრე შორაპნის ციხესთან ერთად, ეგრისელებმა მიწასთან გაასწორეს, რათა სპარსელებს ისინი მათ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ, თავად კი წინ გაემართა. როდოპოლისთან, რომლის გალავანიც ლაზებს იმავე მიზეზით მოენგრიათ, აღარ შეჩერებულა და პირდაპირ არქეოპოლისისაკენ წავიდა, რომელსაც ბიზანტიელთა 3 000 კაციანი გარნიზონი იცავდა. ამ უკანასკნელთა მთავარი ძალები მდინარე ფაზისის შესართავთან იყვნენ დაბანაკებულები. მათთან ერთად იყო ჭანების 800 კაციანი რაზმიც.[18]

როდესაც მერმეროემ ამის შესახებ შეიტყო, აღარც არქეოპოლისთან გაჩერებულა. მან გადაწყვიტა ჯერ მათზე მიეტანა იერიში და ქალაქისაკენ შემდეგ შემობრუნებულიყო, რათა ზურგი დაცული ჰქონოდა. ფაზისთან დაბანაკებულები, რომელთაც სპარსელების მოგერიების იმედი არ ჰქონდათ, წინასწარ გამზადებულ ნავებში ჩასხდნენ და მდინარის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ. სპარსელებს მხოლოდ დაცარიელებული ბანაკი დახვდათ და გაწბილებულები უკან, არქეოპოლისისაკენ შემობრუნდნენ.[21]

არქეოპოლისის ბრძოლა

რედაქტირება

მერმეროე ცხენოსანი ჯარითა და რვა საბრძოლო სპილოთი არქეოპოლისისაკენ გაემართა. ქალაქის კედლების დანახვისას სპარსელები მიხვდნენ, რომ აქ ჩვეულებრივ ლოდსატყორცნებს ვერ გამოიყენებდნენ, ამიტომ მერმეროემ ჯარში მყოფ ჰუნებს უბრძანა, ისეთი მსუბუქი ლოდსატყორცნები დაემზადებინათ, რომ ჯარისკაცებს მათი მხრებით ზიდვა შესძლებოდათ. მთავარსარდალმა ქვეით შუბოსანთა ერთი რაზმი ზედა ქალაქის გალავანთან აღმართულ კლდეზე გაგზავნა, რათა ქალაქელებისათვის შუბები ზემოდან დაეშინათ, თავად კი დანარჩენ ჯარს ქვემო კარიბჭისაკენ გაუძღვა, წინ ლოდსატყორცნებიანი მებრძოლები და სპილოები ჩაიყენა და ძლიერი შეტევა წამოიწყო.[22]

არქეოპოლისის ბრძოლის ბედის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი სპარსელთა ერთ-ერთმა საბრძოლო სპილომ ითამაშა. ქალაქიდან გამოსული ერთი ბიზანტიელი მეომარი გავეშებული სპილოს პირისპირ აღმოჩნდა. მეომარმა მოასწრო და სპილოს შუბლში შუბი აძგერა. ტკივილისაგან გაგიჟებულმა სპილომ მასზე ამხედრებული მოისრები ძირს გადმოყარა, ფეხებით გათელა და ხორთუმით ერთმანეთზე მიაწვინა სპარსელები. მისმა საზარელმა ხმამ ცხენებიც დააფრთხო, რომლებმაც მხედრები გადმოყარეს და თავადაც გაგიჟებულებმა დაიწყეს რბოლა. ამ არეულობაში სპარსელები დაბნეულები გარბოდნენ, ბიზანტიელები კი ხოცვა-ჟლეტით მისდევდნენ მათ.[23]

სპარსელები დამარცხდნენ. მათ ოთხი ათასი მებრძოლი დაკარგეს, რომელთა შორის სამი სარდალი იყო. ბიზანტიელებმა ხელში ჩაიგდეს სპარსელთა ოთხი დროშა, რომლებიც მაშინვე იმპერატორს გაუგზავნეს კონსტანტინოპოლში.[23]

სპარსელები პოზიციებს იმაგრებენ

რედაქტირება

მერმეროემ ქვეყნის შუაგულში, მუხურისისაკენ დაიხია. აქ მან ლაზთა მიერ დანგრეული ქუთაისის ციხესიმაგრე შეაკეთა და აქვე დარჩა გამოსაზამთრებლად. მუხურისიდან აღმოსავლეთით, ქართლის საზღვრამდე, ეგრისის მთელი ტერიტორია სპარსელთა ხელში მოექცა.[21] ამ სტრატეგიული ობიექტების დაკავებით სპარსელებმა დანარჩენ ლაზიკას და მაშასადამე, ბიზანტიელებს, მთელი სვანეთი და ლეჩხუმი მოსწყვიტეს, რამდენადაც ამ მხარეებში მიმავალი გზები რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში გადიოდა, რომლებსაც ქუთაისის ციხესიმაგრე აკონტროლებდა. მით უმეტეს, რომ ქუთაისთან ახლოს მდებარე უქიმერიონის ციხესიმაგრე, რომელიც ცხენისწყლის ხეობაში უნდა ყოფილიყო და ამ დროს ეგრისელებს ეკავათ, აგრეთვე, დიდ გაჭირვებას განიცდიდა, რადგანაც სპარსელები დაბრკოლებას უქმნიდნენ მის სურსათით მომარაგებას.[21]

551 წელს[21][24] ბიზანტიასა და სპარსეთს შორის ხელახლა დაიდო ხუთწლიანი ზავი, რომლის მიხედვითაც ბიზანტიას გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა, ხოლო სპარსელებს ლაზიკიდან ჯარი უნდა გამოეყვანათ, თუმცა ეს უკანასკნელნი პირობის შესრულებას არც აპირებდნენ. პირიქით, მათ ერთი წარჩინებული ლაზის, თეოფობის ღალატის წყალობით, უქიმერიონის ხელში ჩაგდებაც კი მოახერხეს „და ამრიგად, მუხურისიდან იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოეცალათ ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს“. მერმეროემ დაზამთრება ლაზიკაში გადაწყვიტა. ქუთაისის ციხეში 5 000 კაციანი გარნიზონი ჩააყენა. მცველები ჩააყენა, ასევე, უქიმერიონის ციხეშიც. „თვითონ კი ააშენა ლაზთა მეორე ციხე, რომელსაც სარაპანისს ეძახიან და რომელიც ზედ ლაზიკის საზღვრებთან მდებარეობს, და იქ დარჩა“. მეფე გუბაზი ოჯახთან ერთად მთებში გაიხიზნა. ბიზანტიელთაგან კი ზოგი არქეოპოლისს იყო თავშეფარებული, ზოგი კი სხვა სიმაგრეებს. მერმეროემ გუბაზს წერილი გაუგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა, რახედაც ამ უკანასკნელმა, ბიზანტიელთა დახმარების იმედით, პასუხიც არ გასცა.[21]

552 წელს მერმეროემ კიდევ ერთხელ სცადა ფაზისის შესართავთან დაბანაკებულ ბიზანტიელებსა და ლაზებთან შებრძოლება, თუმცა ეს ვერ შეძლო და აბაზგების წინააღმდეგ გაემართა. გზა აქაც შეკრული დახვდა, ამიტომაც მუხურისისაკენ გამობრუნდა და ქუთაისში დაბანაკდა.[21]

შემდეგ წელს მერმეროემ ტელეფისის ციხის ასაღებად გაილაშქრა, სადაც ბიზანტიელთა ჯარი იდგა მარტიანეს სარდლობით. ბიზანტიელები დამარცხდნენ და სამარცხვინოდ გაიქცნენ. სპარსელთა სარდალმა ციხესიმაგრის გარდა ბიაზნტიელთა მთელი სამხედრო ბანაკიც ჩაიგდო ხელში, მაგრამ ბიზანტიელთა დევნა შეწყვიტა, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა და მივიდა „ონოგურისის ციხეში, რომელიც მას წინათ გაეხადა არქეოპოლისის მიდამოებში რომაელთა წინააღმდეგ საჭირო სასიმაგრო საფარად“. მან აქ მდგომი სპარსელთა გარნიზონი გაამხნევა, იგი სხვა რაზმით შეავსო, თავად კი კვლავ ქუთაისისაკენ გაემართა. აქ იგი უეცრად ავად გახდა, ამიტომ სწრაფად მოაწესრიგა საქმეები და ქართლში გადავიდა, თუმცა ავადმყოფობამ დასძლია და 554 წელს ქალაქ მცხეთაში გარდაიცვალა.[25]

გუბაზ მეფის მკვლელობა

რედაქტირება

სპარსელთა ასეთმა წარმატებებმა და ბიზანტიელი სარდლების წინდაუხედავობამ და გულარხეინობამ ეგრისელ წარჩინებულთა ერთ ნაწილს კვლავ სპარსელებთან შერიგება აფიქრებინა, თუმცა თავად მეფე გუბაზი იმპერატორისათვის მიცემულ პირობას მტკიცედ იცავდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მეფემ იუსტინიანეს ელჩები გაუგზავნა, რომლებმაც მას ბიზანტიელ სარდალთა სილაჩრისა და მათი შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგების შესახებ აცნობეს. იმპერატორმა სტრატეგოსი ბესა გადააყენა, სხვა ორი სარდალი კი, მარტიანე და რუსტიკე, კვლავ თანამდებობებზე დატოვა. ამ გარემოებებით შეშფოთებულმა სარდლებმა გადაწყვიტეს გუბაზი მოღალატედ გამოეცხადებინათ და მოეკლათ, მით უმეტეს, რომ ამ სარდლებთან გუბაზს ურთიერთობა უკვე დიდი ხნის გაფუჭებული ჰქონდა.[26]

მარტიანემ და რუსტიკემ გუბაზის მოკვლა დაგეგმეს, თუმცა მანამდე ჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნეს. მათ კონსტანტინოპოლში რუსტიკეს ძმა, იოანე გაგზავნეს, რომელმაც იუსტინიანეს მოახსენა გუბაზი ფარულად სპარსელებს ეხმარება და თუ სასწრაფოდ არაფერი ვიღონეთ ქვეყანას მათ გადასცემსო. იმპერატორმა გუბაზის შეჩერება ბრძანა.[26] ამ პასუხმა შეთქმულებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მათ მეფე მდინარე ხობის პირას დაიბარეს, ვითომ ონოგურისის ციხის ასაღებად გალაშქრების თაობაზე მოსალაპარაკებლად და უიარაღოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანხლებით მოსული ლაზთა მეფე ვერაგულად მოკლეს.[25] მომხდარმა ეგრისელთა დიდი მღელვარება გამოიწვია. მათ მეფის დაკრძალვის შემდეგ ბიზანტიელებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა დააპირეს. მოღალატე სარდლებმა იუსტინიანესათვის თავის მოსაწონებლად, ონოგურისის ციხეზე მიიტანეს იერიში, თუმცა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უსუსურობა — ბიზანტიელთა 50 000 კაციანი არმია სპარსელ მეციხოვნეთა 3 000 კაციანმა ჯარმა სამარცხვინოდ დაამარცხა და ციხის მისადგომებიდანაც გააქცია.[26][27]

სახალხო კრება ეგრისში

რედაქტირება

554 წლის ზამთარში, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა, ხოლო ბიზანტიელთა მთელი ჯარი ქალაქებსა და ციხეებში იყო გადანაწილებული, ლაზმა დიდებულებმა „კავკასიის ერთ ხეობაში შეყარეს დიდძალი ხალხი ჩუმად, რომ რომაელებს არ შეეტყოთ, რასაც აქ მოაგვარებდნენ, და დასვეს საკითხი — სპარსელების მხარეზე გადავიდეთ, თუ ისევ რომაელებთან დავრჩეთო“.[27] როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ სახალხო კრებაზე სპარსოფილური და ელინოფილური ორიენტაციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა განსხვავებული პოზიციის მქონე ორი წარჩინებული ლაზის — აიეტისა და ფარტაზის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც, მისივე შეფასებით, მჭერმეტყველების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. დიდი კამათის შემდეგ, საბოლოოდ, შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ სჯობდა არ აჩქარებულიყვნენ, ბიზანტიელთა მხარეს დარჩენილიყვნენ და იმპერატორ იუსტინიანესათვის შეეტყობინებინათ მისი სტრატეგოსების მოღალატეობრივი და უსამართლო საქციელის შესახებ, რათა მას ყველა გარემოება მიუკერძოებლად გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა.[27] გარდა ამისა, ლაზები მოითხოვდნენ, რომ იმპერატორს მათთვის მეფედ გამოეგზავნა გუბაზის უმცროსი ძმა წათე, რომელიც იმჟამად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.[28]

იუსტინიანესათვის ცხადი გახდა, რომ ეგრისს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის გარეშე ვერ შეინარჩუნებდა, ამიტომაც მათი ყველა თხოვნა შეასრულა. ეგრისში გაგზავნა იმპერატორის კარზე დაწინაურებული პიროვნება — ათანასე, რათა მას ზედმიწევნით ზუსტად გამოეკვლია მომხდარი ამბავი და საქმე რომაული კანონების შესაბამისად გაერჩია.[28] ეგრისში ჩასვლისთანავე ათანასემ სარდალი რუსტიკე მაშინვე აფსაროსის ციხეში გამოამწყვდევინა, მისი ძმა, იოანე კი, რომელიც დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო, გაქცეულიყო. ის მალევე იპოვეს და დააპატიმრეს.

ომის განახლება: მისიმიელთა აჯანყება

რედაქტირება

555 წელს იბერიის გავლით ეგრისში ხოსროს მიერ სპარსული ლაშქრის მთავარსარდლად დანიშნული ნახორაგონი შემოიჭრა, რომელის მუხურისში ჯარების შეკრებასა და ომისთვის მზადებას შეუდგა. ბუნებრივია, შექმნილ გარემოებაში სასამართლოს გამართვა ვეღარ მოხერხდა.[27]

ამასობაში, წათე კონსტანტინოპოლიდან ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიელმა სტრატეგოსებმა, ჯარმა და მოსახლეობამ ის დიდი პატივით მიიღეს. წათეს თან ჩამოჰყვა სტრატეგოსი სოტერიქე, რომელსაც იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა დასავლეთ იმიერკავკასიაში მცხოვრები მოკავშირე ტომებისათვის ფული დაერიგებინა. სოტერიქე თავისი ორი შვილითურთ მისიმიელთა ქვეყანაში გაემართა და ბუქლოოსის ციხეში გაჩერდა. მისიმიელები ბიზანტიელებს არ ენდობოდნენ და იფიქრეს, რომ ისინი მათი ციხესიმაგრის ალანებისათვის გადაცემას აპირებდნენ და ამიტომაც, სტრატეგოსთან ორი წარჩინებული კაცი გაგზავნეს და შეუთვალეს, ჩვენი ქონების წართმევა არ გაივლო გულშიო. სოტერიქემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და თავის მხლებლებს ელჩები ჯოხებით აცემინა.[29][30] ღამით მისიმიელები თავს დაესხნენ სტრატეგოსს, მოკლეს ის, მისი შვილები და მხლებლებიც და იმპერატორის გამოგზავნილი ფულიც გაიტაცეს. მოგვიანებით, მისიმიელები მიხვდნენ, რომ ბიზანტიელები ჩადენილს არ აპატიებდნენ, ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ელჩები გაუგზავნეს სპარსელებს, რათა მიეღოთ ისინი, როგორც ქვეშევრდომები.[29][30]

ბიზანტიელებმა მხოლოდ 556 წლის გაზაფხულისათვის მოიცალეს მისიმიელებისთვის და მათ დასასჯელად 4 000 კაციანი რაზმი გაგზავნეს, მაგრამ მათ იქ ქართლიდან და მუხურისიდან წამოსული სპარსული ლაშქარი დახვდათ, ამიტომაც მათ იქ შეჭრა ვერ მოახერხეს და კოდორის ქვემო წელზე გაჩერდნენ. მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში შეტაკება არ მომხდარა. ზამთრის დადგომისთანავე, სპარსელები ქუთაისსა და ქართლში გაბრუნდნენ, რათა იქ გამოეზამთრებინათ. ამით ისარგებლეს ბიზანტიელებმა, შეიჭრნენ მისიმინიაში და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მათ.[29]

ფოთის ბრძოლა

რედაქტირება

555 წელს ნახორაგონის მიერ ეგრისში განახლებული ომი, ფაქტობრივად, ქალაქ ფაზისის (ფოთი) ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ რათა ზღვაზე გასასვლელი ნავსადგური მოეპოვებინათ, მაგრამ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწიეს და სასტიკად დამარცხდნენ ფოთთან გამართულ ბრძოლაში, სადაც 60 000 კაციანმა სპარსულმა არმიამ 10 000 მებრძოლი დაკარგა, ხოლო დანარჩენები სამარცხვინოდ გაიქცნენ მთავარსარდალთან ერთად და მუხურისში დაბანაკდნენ. ამის შემდეგ, ზამთრის დასაწყისში, ნახორაგონი ქართლში დაბრუნდა. საომარი მოქმედებები შეწყდა. დამარცხებით განრისხებულმა ხოსრო ანუშირვანმა ნახორაგონი ქართლიდან გამოიწვია და ცოცხლად გაატყავებინა.[31]

დამნაშავეთა გასამართლება და დასჯა

რედაქტირება

ბიზანტიელთა გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდა, კვლავ დღის წესრიგში დადგა გუბაზ მეფის მკვლელობის საკითხი. არქეოპოლისში გამართული სასამართლო, რომელსაც თავად ათანასე ხელმძღვანელობდა, ბერძნული სამართლის ყველა წესის დაცვით წარიმართა: გაიმართა პაექრობა ბრალმდებლებსა და ბრალდებულებს შორის. სასამართლომ ორივე მხარეს მოუსმინა და საბოლოოდ, სარდალ რუსტიკესა და მის ძმას, იოანეს, სიკვდილი მიუსაჯა. ისინი ჯერ საჯაროდ ჩამოატარეს ჯორებზე შემსხდრები, შემდეგ კი განაჩენი შეასრულეს.[28]

ომის დასასრული

რედაქტირება

მრავალწლიანი ომის შედეგად, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, ხოსრო I მიხვდა, რომ ეგრისში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ეგრისისათვის ბრძოლამ შეიწირა მისი საუკეთესო მეომრები, გაჭინაურებული ომი მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფო ხაზინას. სპარსთა ჯარები ეგრისში თანდათანობით მცირდებოდა. საბოლოოდ, 562 წელს დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის მიხევითაც ეგრისი თავისუფლდებოდა სპარსელთა ჯარისგან და ბიზანტიელებს უბრუნდებოდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელთ დიდძალი ფული უნდა გადაეხადათ. სპარსელებმა ეგრისი დატოვეს, მაგრამ სვანეთი კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეს. ცალკეული შეტაკებები კი ორ იმპერიას შორის დასავლეთ საქართველოში VI საუკუნის დასასრულამდე გრძელდებოდა.[32][31]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ლომოური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 25.
  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. 
  • დ. მუსხელიშვილი, მ. სამსონაძე, ა. დაუშვილი (2012). საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე. თბილისი: გამომცემლობა გუმბათი. ISBN 978-9941-0-4195-2. 
  • მზია სურგულაძე (2016). საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 17 — დიდი ომიანობა ეგრისში. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-21-766-1. 
  • ივანე ჯავახიშვილი (2012). ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად, ტ. I. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-787-1. 
  • ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი საქართველოს ისტორია, წ. 2, თბ., გვ. 65-78. გამომცემლობა „მეცნიერება“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 7
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 30
  3. 3.0 3.1 3.2 ქსე, ტ. 4, გვ. 25
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 31
  5. 5.0 5.1 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 23
  6. 6.0 6.1 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 24
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 25
  8. მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 26
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 27
  10. 10.0 10.1 ქართველი ერის ისტორია, ტ. I, 2012, გვ. 232
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 101
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 102
  13. მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 28
  14. 14.0 14.1 14.2 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 29
  15. ქართველი ერის ისტორია, ტ. I, 2012, გვ. 233
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 103
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 104
  18. 18.0 18.1 18.2 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 105
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 32
  20. მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 33
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 106
  22. მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 34
  23. 23.0 23.1 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 35
  24. საქართველოს ისტორია, 2012, გვ. 126
  25. 25.0 25.1 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 107
  26. 26.0 26.1 26.2 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 38
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 108
  28. 28.0 28.1 28.2 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 40
  29. 29.0 29.1 29.2 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 109
  30. 30.0 30.1 მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 44
  31. 31.0 31.1 საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 110
  32. მზია სურგულაძე — დიდი ომიანობა ეგრისში, 2016, გვ. 41