პეტრის ბრძოლები
პეტრის ბრძოლები — ბრძოლები ქალაქ პეტრასთან ეგრისის დიდი ომის (542-562) დროს.
- ბრძოლა ბიზანტიისა და ირან-ეგრისის ჯარს შორის 542 წელს. ეგრისის მეფის გუბაზ II-ის მიწვევით ირანის ჯარი ეგრისში შევიდა. ირანისა და ეგრისის მხედრობა პეტრას მიადგა. ბიზანტიელთა სარდალმა იოანე ციბემ ხერხი იხმარა — პეტრის გარნიზონს უხმაუროდ ყოფნა უბრძანა. ირანის ჯარს, რომელსაც ანიაბედი სარდლობდა, ციხე მიტოვებული ეგონა და თამამად მიადგა ზღუდეს. ბიზანტიელები მოულოდნელად ეკვეთნენ მათ და დაამარცხეს. მარცხის შემდეგ ირანელებმა შაჰის სარდლობით ყოველი მხრიდან მიიტანეს იერიში ციხეზე. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, როდესაც სტრატეგოსი იოანე ციბე დაიღუპა, ხოლო ირანელებმა გვირაბი გაიყვანეს და ერთ-ერთი კოშკი ჩამოანგრიეს, ბიზანტიელთა გარნიზონი დანებდა. პეტრაში ირანელთა ჯარი ჩადგა.
- ბრძოლა ირანისა და ბიზანტია-ეგრისის ჯარს შორის 549 წელს. ირანელთა ბატონობა ბიზანტიელთა უღელზე მძიმე აღმოჩნდა. გუბაზ II-მ ახლა ბიზანტიის იმპერატორს სთხოვა დახმარება. იუსტინიანემ მის დასახმარებლად 8000 მეომარი გაგზავნა (აქედან 1000 ჭანი) დაგისთეს სარდლობით. გუბაზისა და დაგისთეს გაერთიანებულმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა პეტრას. ირანის გარნიზონს სურსათი და საომარი მოწყობილობა საკმაო ჰქონდა, თან დამხმარე ძალას ელოდა ირანიდან მერმეროეს სარდლობით. გუბაზმა ახალი გეგმა შეიმუშავა, გადაწყვიტა ალყა არ მოეხსნა, დაგისთეს ეგრისში შესასვლელი გზები დაეცვა, თვითონ კი ქართლიდან ეგრისში გადასასვლელები ჩაკეტა. დაგისთე პეტრას არ მოსცილდა, გზების დასაცავად კი მხოლოდ 100 კაცი გაგზავნა. მერმეროემ ადვილად გაფანტა მცირე რაზმი და პეტრისკენ დაიძრა. დაგისთემ ალყა მოხსნა და გაიქცა. მერმეროემ ციხე გაამაგრა და 3000 მეომარი ჩააყენა.
- ბრძოლა ბიზანტია-ეგრისისა და ირანის ჯარებს შორის 551 წელს. ბიზანტიის ჯარმა სარდალ ბესას მეთაურობით იერიში მიიტანა პეტრაზე. ქალაქს 2300 ირანელი იცავდა, ხოლო ბიზანტიელთა ჯარში 6000-მდე მეომარი იყო. გაიმართა სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი ბრძოლა. ბიზანტიელებმა უდიდესი მსხვერპლის ფასად შეძლეს ქალაქის აღება, მაგრამ ხუთასამდე ირანელი აკროპოლისში გამაგრდა და ბიზანტიელთა ტყვეობას ცეცხლში დაღუპვა ამჯობინა. ბიზანტიელებმა პეტრის ზღუდეები მიწასთან გაასწორეს, რათა მტერს ის მომავალში კვლავ არ დაეკავებინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967;
- ლომოური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 46-47.