გრიგოლ თალაკვაძე
გრიგოლ (გიგოლა) ანდრიას ძე თალაკვაძე (დ. 24 მარტი, 1914, ოზურგეთი — გ. 16 დეკემბერი, 2001, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1981).
სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1942 წლიდან ოზურგეთის (1942–1943, 1946–1949), ზესტაფონის (1943–1945), თბილისის მოზარდ მაყურებელთა (1949–1952) და სანკულტურის (1952–1963) თეატრებში, ხოლო 1963 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ასრულებდა უპირატესად სახასიათო როლებს. მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს ახასიათებს მკაფიო ინდივიდუალობა და ბუნებრიობა. კინოროლებიდან აღსანიშნავია სრულიად განსხვავებული ხასიათის სახეები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1999).
თალაკვაძის როლებიდან აღსანიშნავია: პეტუა (ა. ცაგარელის „ციმბირელი“), იერემია წარბა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ფაშა ეფენდი (ვ. გუნიას „და-ძმა“), ონისე (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“), თავადი კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი“), იოველი (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“), მწყემსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სპირიდონი (ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“), ნოე (ნ. წულეისკირის და გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო“), ბერდია (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“). კინოროლებიდან აღსანიშნავია: ილო („რაც მოგივა დავითაო“, 1959), სოლომან მორბელაძე („კარდაკარ“, 1960, დ. კლდიაშვილის მიხედვით), ზოსიმე („ბურთი და მოედანი“, 1961), თეოფილე („ჭიაკოკონა“, 1961), კოწია („მე ვხედავ მზეს“, 1965), ილარიონი („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ილიკო პერტია („დათა თუთაშხია“, 1978), კოწია („გამოაღეთ ფანჯრები“, 1981), მიტო („დღეს ღამე უთენებია“, 1983), გოკიელი („ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“, 1984) და სხვ.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 489, ISBN 99928-20-32-2.