ბაზალტი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაზალტები)

ბაზალტი — ფართოდ გავრცელებული საღი (კაინოტიპური) მუქი ფერის ფუძე ვულკანური ქანი. გაუჯერებელია კაჟმიწით, გამდიდრებულია Mg, Fe და Ca-ის ჟანგებით. შემადგენელი მინერალები: ფუძე პლაგიოკლაზი (ლაბრადორ-ბიტოვნიტი), პიროქსენი (უმთავრესად ავგიტი), ხშირად ოლივინი, იშვიათად რქატყუარა; მადნეულებიდან მაგნეტიტი ან ილმენიტი. ჩვეულებრივ ბაზალტში ამა თუ იმ რაოდენობით გვხვდება ვულკანური მინა. ბაზალტის მინით მდიდარ სახესხაობას ჰიალობაზალტი ეწოდება, ხოლო სრულკრისტალურს და რამდენადმე მსხვილმარცვლოვანს — დოლერიტი. ბაზალტი ადვილად ლღვება; ლღობილ ბაზალტს იყენებენ მჟავაგამძლე ქიმიური აპარატურის, მილების, ძლიერი დენის ელექტროიზოლატორების დამზადებისატვის და სხვ. ნორმალური რიგის ბაზალტში ორ ტიპს გამოყოფენ: ოლივიანიანს და უოლივინოს, ანუ ტოლეიტურს.

ბოძისებური ბაზალტი (უნგრეთი).
წყალვარდნილი, რომელიც ბაზალტს ჭრის

პირველი ტიპის ბაზალტებში ოლივინი უხვადაა, კაჟმიწის რაოდენობა კი მცირეა (45 %). ბაზალტების მეორე ტიპში კაჟმიწის რაოდენობა რამდენადმე მეტია (50 %), შეიცავს მცირე რაოდენობით მინას ან კვარცს. ოლივინიანი ბაზალტები დამახასიათებელია ოკეანური კუნძულებისა და ოროგენის განაპირა მხარეებისათვის, ხოლო ტოლეიტური ბაზალტები კონტინენტებს უკავშირდება. ამის გამო ოლივინიან ბაზალტებს ოკეანურ ტიპად გამოჰყოფენ, ტოლეიტუს კი — კონტინენტურად.

ბაზალტი კარგი საშენი მასალაა. იყენებენ ღორღისა და საცალო ქვის დასამზადებლად, ასევე ნაგეგობათა მოსაპირკეთებლად; მკვრივია, კარგად იხეხება, რის გამო მას ძველი დროიდან (ეგვიპტე, ასურეთი, გვიანდელი რომი, ბიზანტია და სხვ.) იყენებდნენ ქანდაკებებისათვის.

ბაზალტი საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში საშენ ქვად ბაზალტს ძველთაგანვე ხმარობდნენ (ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობანი). შუა საუკუნეების ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში ძირითადი საშენი ქვა ბაზალტი იყო. ბაზალტითაა აგებული სამშვილდისა და დმანისის ციხესიმაგრეები, მანგლისის ტაძარი, რუისის, წუნდის, აბელიის ეკლესიები, თირის მონასტერი, ნადარბაზევის კომპლექსი და სხვ. ბაზალტებისგანვე ამზადებდნენ ეკლესიათა და სხვა ნაგებობათა გადასახურავ ფილებს. ამჟამადაც საქართველოს ქალაქებში ბაზალტი ფართოდაა გამოყენებული საშენ მასალად.

ბაზალტური ქანები საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. შედარებით ძველი (იურული, ცარცული, პალეოგენური) ბაზალტები (ბაზალტური პორფირიტები) ცნობილია მთიან აფხაზეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმ-იმერეთსა და აჭარა-გურიაში. ახალგაზრდა ბაზალტები (ზედამესამეულ-მეოთხეული) გვხვდება სამხრეთ საქართველოში ასპინძა-ახალქალაქის, ნინოწმინდა-წალკის და დმანის-თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.

ბაზალტების იზოლირებულოი სხეულები ცნობილია საქართველოს სხვა მხარეებშიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სხირტლაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 142.
  • Левинсон-Лессинг Ф. Ю., Петрография, Избр. труды, т. 4, М., 1955;
  • Заварицкий А. Н., Изверженные горные породы, М., 1955;
  • Иодер Г. С. и Тилли К.-Э., Происхождение базальтовых магм, пер. с англ., М., 1965.