შხამიანი მცენარეები

შხამიანი მცენარეებიმცენარეები, რომლებიც გამოიმუშავებენ და აგროვებენ შხამიან ნივთიერებებს (ძირითადად ალკალოიდებს, ეთერ-ზეთებს, ორგანულ მჟავებს და სხვა). შხამიანი მცენარეები ფართოდაა გავრცელებული მცენარეთა სამყაროში (სოკოებში, გვიმრანაირებში, შვიტებში, ლიკოპოდიუმებში, შიშველთესლოვანებში, ფარულთესლოვანებში).

ფუტკარას ყვავილი

დედამიწაზე შხამიანი მცენარეების 10 ათასამდე სახეობაა ცნობილი. შხამიანი ნივთიერებები, ჩვეულებრივ, მცენარის ყველა ნაწილშია, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით. ამიტომ მცენარის სხვადასხვა ნაწილი ერთნაირად შხამიანი არ არის. მაგალითად, კარტოფილში ყველაზე შხამიანია ყვავილი, სოფორასა და ჰელიოტროპშითესლები, ფუტკარაშიფოთლები და სხვა. ზოგჯერ შხამი გროვდება მცენარის ერთ რომელიმე ორგანოში (მაგალითად, გლიკოზიდი ამიგდალინიმწარე ნუშის, ალუბლის, ქლიავის თესლში). შხამიანი მცენარეების ზოგიერთი ნაწილი შეიძლება უშხამო და, ამდენად, სრულიად უვნებელი იყოს (მაგალითად, კარტოფილის ტუბერი). მცენარეში შხამის შემცველობა დამოკიდებულია საარსებო გარემოსა და მცენარის განვითარების ფაზებზე.

შხამის გამომუშავება და დაგროვება, ჩრდილოეთისგან განსხვავებით, სამხრეთში უფრო ინტენსიურია. ზოგი მცენარე უფრო შხამიანია ყვავილობამდე, ზოგი — ყვავილობისას, ზოგი — ნაყოფმსხმოიარობისას. ნედლი მცენარე უფრო შხამიანია. გაშრობისას, ხარშვისას, დასილოსებისას შხამის მოქმედება ქვეითდება ან სავსებით ქრება. ზოგი მცენარე ამგვარი გადამუშავების შემდეგაც ტოქსიკურია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სილოსის დამზადებისას. აბსოლუტურად შხამიანი მცენარეები ბუნებაში, როგორც ჩანს, არ არსებობს. მაგალითად, ადამიანისათვის შხამიანი ბელადონა და ლემა უვნებელია მღრღნელებისა და ქათმებისათვის, ზღვის ხახვი წამლავს მღრღნელებს, მაგრამ უვნებელია სხვა ცხოველებისთვის, მწერებისათვის შხამიანი გვირილა უვნებელია ხერხემლიანებისათვის და სხვა.

შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger)

მცენარეული შხამით მოწამვლა ხდება პირის ღრუთი, სასუნთქი გზებით ან კანზე შხამის მოხვედრისას. ხშირად იწამლებიან ბავშვები შხამიანი მცენარის მიმზიდველი ნაყოფებით. ამ დროს მოწამვლა შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე წუთში, დღეში ან კვირაში. ზოგი მცენარის შხამის მოქმედება ვლინდება ხანგრძლივი ხმარებისას, რადგან ორგანიზმში ეს შხამი კი არ იშლება და გამოიყოფა, არამედ გროვდება. შხამი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, რომელიმე ორგანო უფრო ზიანდება. მაგალითად, ლენცოფა, კონიო, ფრინტა, ციკუტა და სხვ. აზიანებს ცხოველის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ფუტკარა, ღვედკეცი და სხვა — გულს, ჰელიოტროპის, თავყვითელას, ხანჭკოლას ზოგიერთი სახეობა და სხვა — ღვიძლს, მინდვრის მდოგვი და სხვა - სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს.

მცენარეული შხამი მცირე დოზით ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა (მორფინი, სტრიქნინი, ატროპინი, ფიზოსტიგმინი და სხვა). ზოგი შხამიანი მცენარესგან იღებენ ინსექტიციდებს (მაგალითად, დალმაციური გვირილასაგან — პირეთრინს).

ლიტერატურა

რედაქტირება