პირის ღრუ (ლათ. cavum oris) — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილი, სადაც მიმდინარეობს საკვების პირველადი ქიმიური და მექანიკური დამუშავება. პირის ღრუ შემოსაზღვრულია წინიდან და გვერდებიდან - ტუჩებითა და ლოყებით, ზემოდან - მაგარი და რბილი სასით, ქვემოდან - პირის ღრუს ფსკერით. იგი წარმოადგენს ორგანოთა ერთობლიობას (ენა, ტუჩები, კბილები, სანერწყვე ჯირკვლები, პაროდონტი, ყბები), რომელთა კოორდინირებულ მოქმედებას ახორციელებს ცენტრალური ნერვული სისტემა.

პირის ღრუ იყოფა ორ ნაწილად: პირის კარიბჭე (ლათ. vesibulim oris) და საკუთრივ პირის ღრუ (ლათ. cavitas oris propria). პირის კარიბჭე წინიდან და გვერდებიდან შემოსაზღვრულია ტუჩებითა და ლოყებით, ხოლო უკნიდან და შიგნიდან - კბილებითა და ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური მორჩებით. ზედა და ქვედა ყბის შეთნასოვნების დროს, პირის ღრუ იძენს ნაპრალის ფორმას, ხოლო პირის გაღებისას მას აქვს ოვალის ფორმა. იგი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.

პირის ღრუს ემბრიოგენეზი

რედაქტირება

პირის ღრუს ფორმირება, რომელიც მიმდინარეობს მუცლადყოფნის პერიოდის მეორე თვის ბოლოს, მჭიდროდ არის დაკავშირებული სახის განვითარებასთან. ჩანასახის პერიოდში ბავშვის სახე ვითარდება 5 მორჩისაგან. მათ შორის ორი დაწყვილებულია, ხოლო ერთი - არა. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს შუბლის მორჩს; ხოლო დანარჩენი ორი ზედა და ქვედა ყბის მორჩებს. ყველა მორჩი ერთად შემოსაზღვრავენ პირის ღრმულს, ანუ ფოსოს. ადამიანის ემბრიონის სახე განვითარების ამ სტადიაში, მუცლადყოფნის პერიოდის პირველი თვის ბოლოს და მეორე თვის დასაწყისში აღინიშნება. შემდგომში ქვედა ყბის მორჩები უახლოვდება, შეხორცდება ერთმანეთთან შუა ხაზზე და წარმოქმნის ქვედა ყბას და ქვედა ტუჩს, ასევე ერთმანეთს ეზრდება ზედა ყბის მორჩებიც, თუმცა ისინი ერთმანეთს ვერ აღწევენ და მათ შორის სივრცეს ავსებს შუბლის მორჩი, რომლის შუა ნაწილი ქმნის ცხვირის ძგიდეს; მომავალში -ცხვირის თხემს და ზედა ტუჩის ცენტრალურ ნაწილს. სახის ფორმირება და მისი მორჩების შეზრდა ემბრიოგენეზის მე-7 თვეს მთავრდება.

პირის ღრუს ლორწოვანი

რედაქტირება

პირის ღრუს ლორწოვანი შედგება სამი შრისგან : ეპითელური, საკუთრივ ლორწოვანი გარსი და ლორწოსქვეშა ჩანაფენი.

ეპითელიუმი

რედაქტირება

პირის ღრუს ეპითელიუმი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს და შედგება ბაზალური და წვეტიანი შრეებისაგან. პირის ღრუს ნორმალური ლორწოვანი გარსი გარქოვანებას არ განიცდის. თუმცა არის უბნები, სადაც იგი განიცდის სრულ ან ნაწილობრივ გარქოვანებას. ძირითადად ეს არის ის ადგილები, რომლებიც განიცდიან ყველაზე მეტ მექანიკურ, ქიმიურ ან ფიზიკურ დატვირთვას. გარქოვანების ადგილებში წარმოიქმნება მარცვლოვანი შრე, რომელიც შეიცავს კერატოჰიალინურ მარცვლებს. ეპითელიუმის გარქოვანების გარეშე აღნიშნული შრე არ წარმოიქმნება. ეპითელიუმის ბაზალური შრის უჯრედებს შორის არის ლეიკოციტები, რომლებიც პირის ღრუში ხვდებიან ღრძილის ღარისა და ეპითელიუმის გავლით.

საკუთრივ ლორწოვანი გარსი

რედაქტირება

საკუთრივ ლორწოვანი გარსი წარმოდგენილია მკვრივი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც შედგება ძირითადი ნივთიერებისგან (გლიკოპროტეიდები და მუკოპოლისაქარიდები), ბოჭკოვანი სტრუქტურებისა(კოლაგენი , არგიროფილური) და უჯრედებისაგან (ფიბრობლასტი, მაკროფაგი, პოხიერი უჯრედები).

ლორწოსქვეშა ჩანაფენი

რედაქტირება

ლორწოსქვეშა ჩანაფენი წარმოდგენილია შედარებით ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან.

ინერვაცია და სისხლმომარაგება

რედაქტირება

სასის, ტუჩების, ლოყების ლორწოვანი გარსის, აგრეთვე, კბილებისა და ენის წინა 2/3 -ის მგრძნობიარე ინერვაციას ახორციელებს სამწვერა ნერვი. ენის უკანა მესამედის მგრძნობიარე ნერვია ენა-ხახის ნერვი (IX წყვილი), რომელიც გარდა ამისა აღიქვამს ამ ნაწილის გემოვნებით გაღიზიანებასაც. პირის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას ახორციელებს გარეთა საძილე არტერიის აუზი.

 

ტუჩები შედგება კუნთოვანი შრისაგან, რომელიც გარედან დაფარულია კანით, ხოლო პირის ღრუს კარიბჭის მხრიდან - გაურქოვანებელი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. ლორწოსქვეშა შრე არ არის, მაგრამ ლორწოვანი გარსისა და კუნთოვანი შრის საზღვარზე დიდი რაოდენობითაა განლაგებულიმცირე სანერწყვე ჯირკვლები, რაც ტუჩებს ანიჭებს სირბილეს. ტუჩების წითელი ყაეთანი დაფარულია მრავალშრიანი გარქოვანებული ეპითელიუმით. ამ ზონაში არის ცხიმის ჯირკვლებიც.

ლოყების ლორწოვან გარსს აქვს კარგად გამოხატული ლორწქვეშა შრე, რის გამოც ლოყის ლორწოვანი გარსი მოძრავია. პირის გაღებისას იგი გლუვია, ხოლო დახურვის დროს ხდება ნაოჭიანი. ხშირად, განსაკუთრებით თუ ლოყის სისქეში ჭარბადაა ცხიმოვანი ქსოვილი, ლორწოვან გარსზე მოჩანს კბილების ანაბეჭდები. ლოყის ლორწოვან გარსზე, ზედა მეორე მოლარის დონეზე პირის ღრუში იხსნება ყბა-ყურა ჯირკვალის სადინარი. ლოყის ლორწოვან გარსში, უშუალოდ ეპითელიუმის ქვეშ, განლაგებულია ცხიმოვანი ჯირკვლები (ფორდაისის ჯირკვლები), რომლებიც ზოგჯერ წარმოქმნიან მოყვითალო კონგლომერატებს.

მაგარი სასა

რედაქტირება

აქ წარმოდგენილ ლორწოვან გარსს აქვს სხვადასხვაგვარი აგებულება. სასის ნაკერის მიდამოში და კბილებთან მიმდებარე უბნებში არ არის ლორწოსქვეშა შრე. ამის გამო ლორწოვანი გარსი მჭიდროდ არის შეხორცებული პერიოსტეუმს. მაგარი სასის წინა ნაწილში ლორწოსქვეშა შრე შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს, ხოლო უკანა ნაწილი - ლორწოვან ჯირკვლებს, რაც ამ უბნის ლორწოვანს ანიჭებს დამყოლისუნარიანობას. ზედა ყბის საჭრელების მახლობლად სასაზე არის საჭრელი დვრილი, რომელიც შეესაბამება ძვლოვან სასაზე არსებულ საჭრელ არხს. მაგარი სასის წინა მესამედში, სასის ნაკერიდან სხვადასხვა მხარეს მიემართება 3-4 ნაოჭი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „თერაპიული სტომატოლოგია“ ე.ბოროვსკი, ვ.ივანოვი, ი.მაქსიმოვსკი, ლ.მაქსიმოვსკაია. გამომცემლობა ,,მთაწმინდელი". თბილისი 2001