სილოსი
სილოსი (ესპ. silos (მრ. რ.) < silo (მხ.რ.) — მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად) — წვნიანი საკვები, რომელსაც ამზადებენ უჰაეროდ დაკონსერვებით (დასილოსება). ნედლეულის მიხედვით განასხვავებენ სიმინდის, კარტოფილის, მზესუმზირას, ცერცველა-შვრიისა და სხვა სილოსს. ახლოსაა დასასილოსებელ მასასთან. მასში შენარჩუნებულია კაროტინი და C ვიტამინი, რამდენადმე ნაკლები რაოდენობით შეიცავს წყალში ხსნად შაქრებს, მის შედგენილობაშია აგრეთვე ორგანული მჟავები — რძემჟავა (2%-მდე), ძმარმჟავა (0,6%-მდე). ზოგიერთი სახის სილოსში არის პროპიონმჟავა, ვალერიანმჟავა და სხვა. დასილოსების ტექნოლოგიის დარღვევისა და არასწორი შენახვის შემთხვევაში სილოსში შეიძლება აღმოჩნდეს ერბომჟავა. სილოსის საკვები ღირებულება დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, გათიბვის მომენტში მცენარის განვითარების ფაზაზე, დამზადების ტექნოლოგიასა და შენახვის პირობებზე. კარგი სილოსი ღია მწვანე ან მოყვითალოა; ძლიერ ჩახურებული — მუქი ყავისფერია, დამჟავებული კომბოსტოს სუნი აქვს. სტრუქრტურულად სილოსი ფაშარი უნდა იყოს, თუ იგლისება — გაფუჭებულია. სილოსით კვება აუმჯობესებს საკვების მონელებას, ხელს უწყობს სხვა საკვების (განსაკუთრებით უხეში საკვების) უკეთ შეთვისებას. სილოსით კვებავენ ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველს, განსაკუთრებით ზამთარში, ხოლო ზოგიერთ გვალვიან რაიონში — ზაფხულშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 343.