ფოკა

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოკა (მრავალმნიშვნელოვანი).

ფოკა — სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა). მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1176 კაცი.[1] სოფელში არის საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფელი
ფოკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ფოკა
კოორდინატები 41°23′48″ ჩ. გ. 43°47′32″ ა. გ. / 41.39667° ჩ. გ. 43.79222° ა. გ. / 41.39667; 43.79222
ცენტრის სიმაღლე 2080
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1176[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,6 %
ქართველები 1,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ფოკა — საქართველო
ფოკა
ფოკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ფოკა
ფოკა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ფოკა

ფოკა პირველად იხსენიება XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები წარმოადგენდნენ.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2007[3]
2014 1176[1]  

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
წმინდა ნინოს ეკლესია

ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზედაც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში — ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბევრელი“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, სომხეთიდან საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელშიც წინა და ადრე შუა ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა.

ფოკის განძი

რედაქტირება

1979 წელს ფოკაში აღმოჩნდა XIV საუკუნის, ილხანების ვერცხლის მონეტების განძი, შეიცავს 155 ვერცხლის დირჰემს. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით, უგვიანესი 1316 წლით. ფოკის განძი დაფლული უნდა იყოს 1317 წლის შემდეგ. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, აგრეთვე მონასტრის მაღაზია. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ფარავნის ტბაში ტარდება ნათლისღება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ჟურნალი „მოგზაური“ N4 გვ. 311-316 — 1901 წ.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-08-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფოკა&oldid=4502438“-დან