ფოკის მამათა მონასტერი

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი — მონასტერი საქართველოში[1]. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

ფოკის მამათა მონასტერი
მონასტრის ხედი
ფოტო ჟურნალიდან "კარიბჭე"

ფოკის მამათა მონასტერი — საქართველო
ფოკის მამათა მონასტერი
Shown within საქართველო
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ფოკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს.

მონასტრის დამკვიდრება მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა (აქ ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდე აღწევს და თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მონასტერი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს), აქ სხვა სირთულეებიც იყო. ისტორიული ძნელბედობის გამო ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე შეწყვეტილი იყო მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.

შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრისა და მისი მრევლის ძალისხმევით, 1999 წელს მამათა მონასტერში დასრულდა წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობა. თავდაპირველად ამ ადგილას ღია საკურთხეველი იყო მოწყობილი.

ფოკას დედათა და მამათა მონასტრებს 25 ჰექტარი მიწა ეკუთვნით, სადაც მოჰყავთ მარცვლეული. ყოველ ზაფხულს ფოკაში ერთი თვით ჩადიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ფიზიკური შრომით შეეწევიან მონასტერს. აქ ისინი მონასტრის სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, ესწრებიან წირვა-ლოცვებს, ტარდება სხვადასხვა შეხვედრები, კონფერენციები, გასვლები ამ მხარის წმინდა ადგილების მოსალოცად.

 

XVII საუკუნემდე ჯავახეთი, ისევე როგორც სრულიად საქართველო ქრისტიანული იყო, მაგრამ 1625 წელს იგი ოსმალეთმა დაიპყრო და 200 წელი იბატონა. ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონის ქართველები გამაჰმადიანდნენ. 1828 წელს ჯავახეთი საქართველომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაიბრუნა, მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს.

ტრადიციულად ისინი გრიგორიანული მრწამსის მიმდევრები არიან.ფოკაში მხოლოდ XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

დღესასწაული

რედაქტირება

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის დღესასწაული არის ახალი სტილით 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება